აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია, პარტნიორებთან ერთად, თბილისში ახალ ცათამბჯენს ააშენებს.
„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია საქართველოს დედაქალაქში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, 70-სართულიანი ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის – Trump Tower Tbilisi-ის აშენებას გეგმავს.
„კავკასიაში ტრამპის ბრენდის ახალი ცათამბჯენის აშენება იგეგმება, რაც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეცვალა ტრამპის ოჯახის კომპანიამ საზღვარგარეთული ბიზნესისადმი მიდგომა ტრამპის მეორე ადმინისტრაციის დროს“, – წერს გამოცემა.
„უოლ სთრით ჯორნალის“ სტატიაში წერია, რომ დასრულების შემდეგ, ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა თბილისში.
როგორც ცნობილია, პროექტში ასევე მონაწილეობს ნიუ იორკში დაფუძნებული დეველოპერი და ტრამპის ყოფილი პარტნიორი – Sapir Organization-ი.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ტრამპს საქართველოში წლების წინაც სურდა ცათამბჯენის აშენება, თუმცა, სხვა ქვეყნებში დაგეგმილი არაერთი პროექტის მსგავსად, „ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის წარმოშობის გამო მასზე უარი თქვა“.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ახალი პროექტი ასევე აცოცხლებს ტრამპის ბრენდსა და საქართველოს შორის უცვლელ ისტორიას.
„2012 წელს ტრამპის ორგანიზაციამ გამოაცხადა უძრავი ქონების პროექტის გეგმები შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში, თუმცა, კომპანიამ უკან დაიხია ამ პროექტიდან და სხვა მრავალი საგარეო გარიგებიდან, რადგან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურდა, თავიდან აეცილებინა ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის წარმოშობა”, – წერს გამოცემა.
„უოლ სთრით ჯორნალი“ სტატიაში საქართველოს ახასიათებს ქვეყნად, რომელიც ცდილობს ურთიერთობების დაბალანსებას და ხელსაყრელი პირობების შექმნით კაპიტალის მოზიდვას.
„თავად საქართველო გეოპოლიტიკურად მგრძნობიარე პოზიციას იკავებს, აბალანსებს რა ურთიერთობებს დასავლეთთან და ამავდროულად თავს ართმევს დაძაბულობას რუსეთთან. ბოლო წლებში ის ასევე ცდილობდა უცხოური კაპიტალის მოზიდვას ბიზნესისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის, შედარებით დაბალი გადასახადების და მზარდი ტურიზმის სექტორის პოპულარიზაციით“, – წერს გამოცემა.
როგორც ცნობილია, პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართული იქნებიან ქართული კომპანიები – Archi Group-ი და Biograpi Living-ი.

