შაბათი, ოქტომბერი 31, 2026

სუს-ი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ განაგრძო ურყევი ძალისხმევა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველომ განაგრძო ურყევი ძალისხმევა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით.

„ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული ვითარება კვლავ მშვიდი და სტაბილური იყო და ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა. დოკუმენტში მითითებულია, რომ 2023 წელს საქართველოს არცერთი მოქალაქე არ ყოფილა იდენტიფიცირებული ტერორისტული აქტივობებისთვის სირიაში ან ერაყში გამგზავრების კუთხით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში პოზიტიურად აფასებს საქართველოს შესაძლებლობებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ კონტექსტში ხაზგასმულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის მთავარი უწყების, მნიშვნელოვანი წვლილი:

„საქართველოს, ზოგადად, შესწევს უნარი, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორისტულ ინციდენტებზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია უფლებამოსილება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებებზე და კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა უწყებებთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებსა და საქართველოს პროკურატურასთან, აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზოგადად, კარგად არის აღჭურვილი და მომზადებული და მისი კონტრტერორისტული დანაყოფი აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებისგან რეგულარული ტრენინგებისა და აღჭურვილობის მიღებას და ახორციელებს შიდა წვრთნებს“.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2023 წელს საქართველომ განაგრძო თავისი მეორე, 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა სათანადოდ ახდენს ტერორიზმისა და ტერორიზმის ხელშემწყობი აქტების, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსების, კიბერტერორიზმის, წვრთნის, ტერორიზმისკენ საჯაროდ მოწოდების, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისთვის გადაბირების, აგრეთვე, უცხოელი ტერორისტი მებრძოლების კრიმინალიზაციას.

ანგარიშში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყურადღება გაამახვილა, რომ ევროკომისიის მიერ ნოემბერში გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოს ანტიტერორისტული კანონმდებლობა ფართოდ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას და შესაბამის საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.

ანგარიშში ასახულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საანგარიშო პერიოდში გატარებული კონტრტერორისტული ღონისძიებები, მათ შორის, აპრილში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა ერთი მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია „დაეშში“ გაწევრებისა და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით. მაისში, ივლისსა და ნოემბერში სამსახურმა ჩაატარა სპეციალური ოპერაციები საქართველოს 8 და უცხო ქვეყნის 3 მოქალაქის დაკავების მიზნით ტერორისტულ ორგანიზაცია „დაეშში“ გაწევრების, ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობისა და ფეთქებადი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ბრალდებით.

ანგარიშში დადებითაა შეფასებული სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და საზღვაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების შესაძლებლობები, ქვეყნის სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე პირველადი რეაგირების განხორციელების კუთხით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ქვეყანამ გააგრძელა მუშაობა სახმელეთო, საავიაციო საზღვრისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, საერთაშორისო წვრთნებსა და აშშ-ის მიერ განხორციელებულ ტრენინგებში მონაწილეობის გზით. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დასრულდა 2023-27 წლების საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

დოკუმენტში პოზიტიურადაა ასახული ის გარემოება, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით სასაზღვრო პოლიციამ შეიმუშავა ახალი მობილური დაკვირვების სისტემა და გააძლიერა მწვანე საზღვარზე დაკვირვებისა და გამოვლენის შესაძლებლობები. 2023 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მნიშვნელოვანი სეგმენტები აღიჭურვა 24/7-ზე სამეთვალყურეო ვიდეოსისტემით.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველო შეუერთდა გაერო-ს ტერორისტთა გადაადგილების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამას, რომლის მიზანია ტერორისტული დანაშაულებისა და მათთან დაკავშირებული გადაადგილების თავიდან აცილება, გამოვლენა და გამოძიება მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის სისტემის მონაცემების გამოყენებით.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, უწყებებმა გაზარდეს უსაფრთხოების ზომები და გააძლიერეს საზღვრის დაცვა. ამასთანავე, ანგარიშში საუბარია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფმა, ოპერატიული პარტნიორის რანგში, კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) ხელმძღვანელობით ჩატარებულ საზღვაო ანტიტერორისტულ ოპერაციაში – „ზღვის მცველი“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო რეგულარულად მონაწილეობს ინტერპოლის ფარგლებში დოკუმენტებისა და მგზავრთა შესახებ ინფორმაციის გაზიარებაში, საანგარიშო წელს კი დამატებით ამოქმედდა სახის ელექტრონული ამოცნობის სპეციალური პროგრამა.

დოკუმენტში საუბარია, რომ საქართველო არის ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) წევრი, ხოლო საქართველოს ფინანსური დაზვერვის დანაყოფი – ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის ეგმონტ ჯგუფის (Egmont Group) წევრი. დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს (ევროპოლი) ტერორიზმის დაფინანსების მიდევნების პროგრამაში, რომელსაც 2022 წლის ბოლოს შეუერთდა.

ანგარიშში ასევე ხაზი აქვს გასმული, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველომ დაამტკიცა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ 2023-2026 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა. გარდა ამისა, პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ტერორიზმთან, ტერორიზმის დაფინანსებასა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებული მიზნობრივი ფინანსური სანქციების სამართლებრივი ჩარჩოს გასაძლიერებლად.

ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველომ გააგრძელა ძალისხმევა, მათ შორის, ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც ორიენტირებული იყო უმცირესობების ინტეგრაციაზე, განათლებაზე, მედიის ხელმისაწვდომობაზე, ახალგაზრდებსა და კულტურულ მრავალფეროვნებაზე.

დაბოლოს, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, საქართველო აქტიურად არის ჩართული კონტრტერორისტულ საკითხებზე საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით. ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სთან, გაერო-სთან, ევროპის საბჭოსთან, ევროპის კავშირთან, ეუთო-სთან, ინტერპოლთან და სხვა ორგანიზაციებთან. ქვეყანა არის „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის წევრი და მონაწილეობს კოალიციის სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

23 წუთი, 69 დაღუპული და უამრავი კითხვა: ხარვეზები, რომლებმაც ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახება გამოიწვია

ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს, დილის 7:54 საათზე, კომპანია „ირიოს“ მატარებელი 6076 ატოჩას (მადრიდი) სარკინიგზო სადგურიდან სევილიის მიმართულებით გაემგზავრა. მატარებლის 8 ვაგონში 147 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. ზუსტად ათი წუთის შემდეგ, 08:04 საათზე, იმავე მარშრუტზე გავიდა AVE (Alta Velocidad Española – „ესპანეთის ჩქაროსნული რკინიგზა“) 02080, რომელსაც ეკიპაჟის 7 წევრი მართავდა და 379 მგზავრი გადაჰყავდა. ქვემოთ მიმოვიხილავთ, რა მოხდა იმ 23 წუთში, რომელიც უსაფრთხოების ძირითადი სისტემის მწყობრიდან გამოსვლიდან ორი მატარებლის შეჯახებამდე გავიდა. გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადია – ესპანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სარკინიგზო კატასტროფა ერთმანეთის მიყოლებით დაშვებულმა შეცდომებმა და ხარვეზებმა გამოიწვია.ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს რომ შეჯახებოდა, რამდენიმე ხარვეზს ერთდროულად უნდა ეჩინა თავი. ასეთი დასკვნა ესპანეთის ტრანსპორტისა და მდგრადი მობილობის მინისტრის, ოსკარ პუენტეს თავდაპირველი განმარტებებიდან გამომდინარეობს.პირველი ხარვეზი მოძრაობის მარეგულირებელი LZB-ი სისტემის გათიშვა იყო. მეორე ის, რომ კომპანია Adif-ის მართვის ცენტრმა AVE-ს მემანქანეს „ჩვეულებრივი სიჩქარით“ მოძრაობის გაგრძელების ნება დართო.მესამე ხარვეზი კი ის იყო , რომ მაშინ, როდესაც „ირიოს“ მატარებელი ვეღარ გადაადგილდებოდა, ვერავინ გააცნობიერა, რომ AVE მისკენ სრული სიჩქარით მიემართებოდა.ხუთშაბათს გამოქვეყნებულ პირველ საინფორმაციო ბარათში, უბედური შემთხვევების ტექნიკური გამოძიების დამოუკიდებელი ორგანო (AITAT) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ავარიის მიზეზებთან დაკავშირებით „ყველა ვერსია განიხილება“. როგორ მუშაობს უსაფრთხოების პროტოკოლი როგორ მუშაობს ავტომატური უსაფრთხოების სისტემები მადრიდისა და სევილიის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ხაზზე? ამ მონაკვეთზე მოძრაობის უსაფრთხოების ძირითად სისტემას LZB (Railway Traffic Control System – „მატარებლების მოძრაობის უწყვეტი კონტროლის სისტემა“) წარმოადგენს, რომელიც თითოეულ მატარებელსა და ლიანდაგის გასწვრივ დამონტაჟებულ კაბელებს შორის მუდმივ კავშირს უზრუნველყოფს. ამ გზით, ის ნებისმიერ დროს აკონტროლებს სიჩქარეს, რათა დაშვებულზე სწრაფად მოძრაობისა და შეჯახების რისკის შემთხვევაში, მატარებელი გააჩეროს.LZB-ის ხარვეზის შემთხვევაში, მოძრაობაში მყოფი მატარებლები ჩერდებიან და გადადიან LSB პროტოკოლზე (Lateral Signal Blocking), რომლის დროსაც მათი მოძრაობა ლიანდაგის გასწვრივ განთავსებული შუქნიშნების მიხედვით რეგულირდება. სათადარიგო უსაფრთხოების მექანიზმის როლს ASFA („სიგნალების ამოცნობისა და ავტომატური დამუხრუჭების სისტემა“) ასრულებს. როდესაც მატარებელი ლიანდაგის გარკვეულ მონაკვეთებზე დამონტაჟებულ მოწყობილობებს გაივლის, ის იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, არის თუ არა მომდევნო რამდენიმე კილომეტრზე წითელი სიგნალი, რომელიც გაჩერებას მოითხოვს. თუმცა, ეს სიგნალები არ იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, დგას თუ არა წინ სხვა მატარებელი.წითელ შუქნიშანთან მიახლოებისას, ASFA-ს სისტემას შეუძლია ავტომატურად აამოქმედოს საგანგებო დამუხრუჭება. თუმცა „რეგლამენტის თანახმად, მემანქანეს შეუძლია წითელ შუქნიშანს გასცდეს, თუ ამის ოფიციალური ნებართვა აქვს. „სწორედ ასეთი ნებართვა მიიღო AVE-ს მატარებელმა ატოჩას სადგურიდან“, – ამბობს სამოქალაქო ინჟინერი და სასამართლო ექსპერტი, ფერნანდო მინაია. კითხვები, რომლებზეც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი ეს კატასტროფა არაერთ კითხვას აჩენს გარემოებათა იმ ჯაჭვის შესახებ, რომელმაც ტრაგედიამდე მიგვიყვანა, ასევე – ესპანეთის ჩქაროსნული მატარებლების უსაფრთხოების სისტემების გამართულად მუშაობის თაობაზე.პირველი კითხვა ის არის, თუ რატომ გამოვიდა მწყობრიდან ავტომატური LZB სისტემა ურდას სადგურთან. ტრანსპორტის მინისტრმა ოსკარ პუენტემ ამის მიზეზად „კომპიუტერული კომუნიკაციის შეფერხება“ დაასახელა. პუენტეს თქმით, ამგვარი შეფერხებები „ყოველდღე არა, მაგრამ ხანდახან მაინც ხდება“.ასევე გასარკვევია, რატომ უბრძანა ატოჩას სადგურის მართვის ცენტრმა AVE 2080-ის მემანქანეს მოძრაობის „ჩვეულებრივი სიჩქარით“ გაგრძელება – რაც ამ მონაკვეთზე საათში 100 კილომეტრზე მეტ სიჩქარეს გულისხმობდა, – მაშინ, როდესაც „ირიოს“ მატარებელი დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით იყო გაჩერებული. რატომ არ მისცეს მას მითითება, ემოძრავა „ხილვადობის ფარგლებში“, ანუ ისეთი სიჩქარით, რომელიც წინ გზის დანახვისა და საჭიროების შემთხვევაში, დროულად გაჩერების საშუალებას მისცემდა? „ეს უმნიშვნელოვანესი შეცდომაა. აშკარაა, რომ აქ ადამიანურმა ფაქტორმა ითამაშა როლი, თუმცა მთავარი კონკრეტული ადამიანის დადანაშაულება კი არა, არამედ იმის გააზრებაა, რომ არსებობს პროტოკოლები და სისტემები, რომლებიც ადამიანური შეცდომების თავიდან აცილებას ემსახურება. სარკინიგზო ხაზის უსაფრთხოება ერთი ადამიანის მდგომარეობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“, – ამბობს მადრიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი, ხოსე მარია გოიკოლეა. გასარკვევია ისიც, რატომ ვერ გააჩერა ASFA-ს სისტემამ AVE-ს მატარებელი: ეს მემანქანის მოქმედების შედეგი იყო, რომელმაც მოძრაობის გაგრძელების ნებართვის მიღების შემდეგ, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, თუ მიზეზი კიდევ ერთი ტექნიკური გაუმართაობაა? ასევე, რატომ ვერ შეძლო „ირიოს“ მატარებელმა მოძრაობის განახლება და რატომ იყო ურდას სადგურთან გაჩერებული? იცოდნენ თუ არა მართვის ცენტრში, რომ მატარებელი არ მოძრაობდა და ლიანდაგზე უძრავად იდგა? რა მოხდა იმ წუთებში, როდესაც „ირიომ“ საფრთხის შესახებ სიგნალი გაგზავნა და AVE მას შეეჯახა?ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ კითხვებიდან, რომლებსაც მიმდინარე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

მედია – პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო არსებული კრიზისი გამწვავდა

პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო არსებული კრიზისი გამწვავდა, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.პარასკევს საღამოს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან შეტაკებები მოხდა. ერთმანეთს სამართალდამცავები და შენობასთან მისული დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ.ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის ვებგვერდზე მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკას ბრძანება გამოქვეყნდა, რომლითაც ტრიბუნალის თავმჯდომარეს, ბოგდან შვეჩკოვსკისა და მის მოადგილეს, ბარტოშ შოჩანსკის უფლებამოსილება შეუჩერდათ.მოგვიანებით, პლატფორმა X-ზე საკონსტიტუციო ტრიბუნალის გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომ ტრიბუნალის ვებგვერდი მიიტაცეს, ხოლო თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი მოვალეობის შესრულებას განაგრძობდა.ასევე, პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა ვალდემარ ჟურეკმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალს მოსამართლეებისთვის, მათ შორის ტრიბუნალის თავმჯდომარის, ბოგდან შვეჩკოვსკისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით ხუთი შუამდგომლობა წარუდგინა.განვითარებული მოვლენების ფონზე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შექმნილი ვითარება ყოფილი მმართველი პარტიის „კანონისა და სამართლიანობის“ მიერ არის გამოწვეული.„კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა. „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის მმართველობის პერიოდში არსებული უკანონობის შემდეგ, ეს რთული, ზოგჯერ მტკივნეული პროცესია, რომელიც გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. სხვა გზა არ არსებობს“, - დაწერა ტუსკმა X-ზე.ამასთან, პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ, დონალდ ტუსკის მთავრობა ძალის გამოყენებით საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცებაში დაადანაშაულა.ცნობისთვის, პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო კონფლიქტი ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. დაპირისპირება პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ მაშინდელ მთავრობასა და წინა საპარლამენტო უმრავლესობას შორის მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე წარმოიშვა.კერძოდ, 2015 წლის ოქტომბერში, მაშინდელმა საპარლამენტო უმრავლესობამ ტირბუნალის 5 მოსამართლე აირჩია. ცოტა ხნის შემდეგ ხელისუფლებაში „კანონისა და სამართლიანობის“ პარტია მოვიდა, რომელმაც დანიშვნები გააუქმა და ახალი კანდიდატები აირჩია. პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ოთხი ახალი მოსამართლე დანიშნა, რასაც ხანგრძლივი ინსტიტუციური კრიზისი მოჰყვა.პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 2023 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კანონის უზენაესობის აღდგენისა და სასამართლო სისტემის რეფორმირების პირობა დადო.კრიზისი მიმდინარე წლის დასაწყისში გამწვავდა, როდესაც პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პარლამენტის მიერ წარდგენილი ექვსი მოსამართლიდან სამის დანიშვნაზე უარი თქვა, ხოლო ტრიბუნალის თავმჯდომარე შვეჩკოვსკიმ განაცხადა, რომ მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეულ მოსამართლეებს უფლებამოსილებას არ მიანიჭებდა.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სგპ ,,თბილისის აეროპორტში“ და უცხო ქვეყნიდან გამოგზავნილ ამანათში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - ,,თბილისის აეროპორტის“ და ,,თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული მედიკამენტები აღმოაჩინეს.სგპ - ,,თბილისის აეროპორტში“ უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული მედიკამენტი. ასევე, სამართალდარღვევის ფაქტი იქნა გამოვლენილი უცხო ქვეყნიდან გამოგზავილ საფოსტო ამანათში, სადაც „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი 200-მდე კაფსულა ნარკოტიკული საშუალება იყო განთავსებული.გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი საპატრიარქოს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.„დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი და ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატი, დოქტორი ჰანს კლუგე, რომელიც თბილისს ოფიციალური ვიზიტით, საკუთარი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეწვია.შეხვედრას ესწრებოდნენ: წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე).შეხვედრაზე დოქტორმა ჰანს კლუგემ სასულიერო პირებს სამომავლო ხედვა და ის გეგმები გააცნო, რომლებიც მის საარჩევნო პლატფორმასა და გლობალური ჯანდაცვის სისტემის განვითარებას უკავშირდება.მასპინძლებმა სტუმარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალ საარჩევნო მარათონში წარმატებები უსურვეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიისა, საინჟინრო-გეოლოგიის ინსტიტუტისა და სტუ-ის ორგანიზებით, მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“ - გაიხსნა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ორდღიანი კონფერენციის მიზანია სამთო საქმისა და გეოლოგიის სფეროში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა, სამეცნიერო კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, დარგის განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა და მინერალური რესურსების ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობის წარმოჩენა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების პროცესში.კონფერენცია, რომელიც ქართველი და უცხოელი მეცნიერების, მკვლევრებისა და დარგის სპეციალისტების წარმომადგენლებს აერთიანებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ (პრეზიდენტმა), გახსნა. როგორც პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ განაცხადა, სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისთვის. მისი თქმით, მსგავსი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები ხელს უწყობს დარგში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე სამეცნიერო მიდგომების გაცნობას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.„სამთო საქმე და გეოლოგია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი მინერალურ-რესურსული პოტენციალი, რომლის ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი გამოყენება თანამედროვე სამეცნიერო ცოდნას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოითხოვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების ათვისების პროცესში გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. დარწმუნებული ვარ, კონფერენცია ხელს შეუწყობს პროფესიულ დიალოგს, ახალი სამეცნიერო იდეების წარმოჩენასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და მხარდამჭერებს და წარმატებულ მუშაობას ვუსურვებ კონფერენციას“, - განაცხადა პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ.კონფერენციას ესწრებოდა მხარდამჭერი კომპანია RMG-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე. მისი განცხადებით, სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ხოლო დარგის მდგრადი განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობასა და პროფესიონალთა გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს. მისივე თქმით, RMG, როგორც სამთო სექტორში მოქმედი კომპანია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დარგის განვითარებასა და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობას. ამასთან, კომპანია მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებას, წარმატებულ სტუდენტებს კი სტიპენდიებს უნიშნავს, რითაც მათ სწავლისა და პროფესიული წინსვლის მოტივაციას უძლიერებს. RMG-ისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს სამთო საქმისა და გეოლოგიის სამეცნიერო და პრაქტიკული პოტენციალის გაძლიერებას და დარგისთვის კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების მომზადებას.სტუ-ის ინფორმაქციით, კონფერენციის ძირითადი თემატიკა მოიცავს სამთო საქმისა და გეოლოგიის აქტუალურ პრობლემებს, მინერალური რესურსების როლს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში, ბუნებრივ საფრთხეებსა და გარემოს დაცვას, თანამედროვე სამთო ტექნოლოგიებს, გეოლოგიასა და გეოფიზიკას.ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ კვლევის შედეგები და განიხილონ დარგის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები. მასალები გამოქვეყნდება თეზისების სახით, მონაწილეებს კი გადაეცემათ სერტიფიკატები. კონფერენციის მხარდამჭერია კომპანია RMG.

ბოლო სიახლეები