ხუთშაბათი, თებერვალი 5, 2026

სუს-ი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ განაგრძო ურყევი ძალისხმევა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველომ განაგრძო ურყევი ძალისხმევა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით.

„ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული ვითარება კვლავ მშვიდი და სტაბილური იყო და ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა. დოკუმენტში მითითებულია, რომ 2023 წელს საქართველოს არცერთი მოქალაქე არ ყოფილა იდენტიფიცირებული ტერორისტული აქტივობებისთვის სირიაში ან ერაყში გამგზავრების კუთხით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში პოზიტიურად აფასებს საქართველოს შესაძლებლობებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ კონტექსტში ხაზგასმულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის მთავარი უწყების, მნიშვნელოვანი წვლილი:

„საქართველოს, ზოგადად, შესწევს უნარი, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორისტულ ინციდენტებზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია უფლებამოსილება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებებზე და კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა უწყებებთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებსა და საქართველოს პროკურატურასთან, აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზოგადად, კარგად არის აღჭურვილი და მომზადებული და მისი კონტრტერორისტული დანაყოფი აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებისგან რეგულარული ტრენინგებისა და აღჭურვილობის მიღებას და ახორციელებს შიდა წვრთნებს“.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2023 წელს საქართველომ განაგრძო თავისი მეორე, 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა სათანადოდ ახდენს ტერორიზმისა და ტერორიზმის ხელშემწყობი აქტების, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსების, კიბერტერორიზმის, წვრთნის, ტერორიზმისკენ საჯაროდ მოწოდების, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისთვის გადაბირების, აგრეთვე, უცხოელი ტერორისტი მებრძოლების კრიმინალიზაციას.

ანგარიშში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყურადღება გაამახვილა, რომ ევროკომისიის მიერ ნოემბერში გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოს ანტიტერორისტული კანონმდებლობა ფართოდ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას და შესაბამის საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.

ანგარიშში ასახულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საანგარიშო პერიოდში გატარებული კონტრტერორისტული ღონისძიებები, მათ შორის, აპრილში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა ერთი მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია „დაეშში“ გაწევრებისა და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით. მაისში, ივლისსა და ნოემბერში სამსახურმა ჩაატარა სპეციალური ოპერაციები საქართველოს 8 და უცხო ქვეყნის 3 მოქალაქის დაკავების მიზნით ტერორისტულ ორგანიზაცია „დაეშში“ გაწევრების, ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობისა და ფეთქებადი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ბრალდებით.

ანგარიშში დადებითაა შეფასებული სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და საზღვაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების შესაძლებლობები, ქვეყნის სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე პირველადი რეაგირების განხორციელების კუთხით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ქვეყანამ გააგრძელა მუშაობა სახმელეთო, საავიაციო საზღვრისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, საერთაშორისო წვრთნებსა და აშშ-ის მიერ განხორციელებულ ტრენინგებში მონაწილეობის გზით. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დასრულდა 2023-27 წლების საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

დოკუმენტში პოზიტიურადაა ასახული ის გარემოება, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით სასაზღვრო პოლიციამ შეიმუშავა ახალი მობილური დაკვირვების სისტემა და გააძლიერა მწვანე საზღვარზე დაკვირვებისა და გამოვლენის შესაძლებლობები. 2023 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მნიშვნელოვანი სეგმენტები აღიჭურვა 24/7-ზე სამეთვალყურეო ვიდეოსისტემით.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველო შეუერთდა გაერო-ს ტერორისტთა გადაადგილების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამას, რომლის მიზანია ტერორისტული დანაშაულებისა და მათთან დაკავშირებული გადაადგილების თავიდან აცილება, გამოვლენა და გამოძიება მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის სისტემის მონაცემების გამოყენებით.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, უწყებებმა გაზარდეს უსაფრთხოების ზომები და გააძლიერეს საზღვრის დაცვა. ამასთანავე, ანგარიშში საუბარია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფმა, ოპერატიული პარტნიორის რანგში, კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) ხელმძღვანელობით ჩატარებულ საზღვაო ანტიტერორისტულ ოპერაციაში – „ზღვის მცველი“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო რეგულარულად მონაწილეობს ინტერპოლის ფარგლებში დოკუმენტებისა და მგზავრთა შესახებ ინფორმაციის გაზიარებაში, საანგარიშო წელს კი დამატებით ამოქმედდა სახის ელექტრონული ამოცნობის სპეციალური პროგრამა.

დოკუმენტში საუბარია, რომ საქართველო არის ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) წევრი, ხოლო საქართველოს ფინანსური დაზვერვის დანაყოფი – ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის ეგმონტ ჯგუფის (Egmont Group) წევრი. დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს (ევროპოლი) ტერორიზმის დაფინანსების მიდევნების პროგრამაში, რომელსაც 2022 წლის ბოლოს შეუერთდა.

ანგარიშში ასევე ხაზი აქვს გასმული, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველომ დაამტკიცა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ 2023-2026 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა. გარდა ამისა, პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ტერორიზმთან, ტერორიზმის დაფინანსებასა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებული მიზნობრივი ფინანსური სანქციების სამართლებრივი ჩარჩოს გასაძლიერებლად.

ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველომ გააგრძელა ძალისხმევა, მათ შორის, ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც ორიენტირებული იყო უმცირესობების ინტეგრაციაზე, განათლებაზე, მედიის ხელმისაწვდომობაზე, ახალგაზრდებსა და კულტურულ მრავალფეროვნებაზე.

დაბოლოს, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, საქართველო აქტიურად არის ჩართული კონტრტერორისტულ საკითხებზე საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით. ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სთან, გაერო-სთან, ევროპის საბჭოსთან, ევროპის კავშირთან, ეუთო-სთან, ინტერპოლთან და სხვა ორგანიზაციებთან. ქვეყანა არის „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის წევრი და მონაწილეობს კოალიციის სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

 1-5 თებერვალს, საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 258 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 75, 186 ლარი შეადგინა.ორი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ერთი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,  საერთო ჯამში  7763 ლარით დაჯარიმდა.

„ბიბისი“ – სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ აშშ-მა წინდახედულება უნდა გამოიჩინოს ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებისას

სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ აშშ-მა წინდახედულება უნდა გამოიჩინოს ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებისას, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ჩინეთის ლიდერმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ტაივანი დაასახელა.სი ძინპინმა მოუწოდა აშშ-ს, წინდახედულება გამოიჩინოს ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებისას. მისივე თქმით, პეკინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვაშინგტონთან კავშირებს და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები განსხვავებების გადასაჭრელად გზებს გამონახავენ.სი ძინპინმა ტაივანს „ჩინეთის ტერიტორია“ უწოდა და თქვა, რომ „ჩინეთმა უნდა დაიცვას სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“.ჩინეთის ლიდერის თქმით, ტაივანის დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მცდელობები „დააჩქარებდა ტაივანის სრუტეში სახიფათო და ძალადობრივი სიტუაციის ზრდას“.ცნობისთვის, დეკემბერში ტრამპის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის დაახლოებით 11 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვის შესახებ განაცხადა, რაც მოიცავს რაკეტების გამშვებ დანადგარებს, თვითმავალ ჰაუბიცებს და სხვადასხვა სახის რაკეტებს.დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან სატელეფონო საუბარს „შესანიშნავი“, „ხანგრძლივი“ და „სიღრმისეული“ უწოდა.ტრამპის ინფორმაციით, აშშ-ის და ჩინეთის ლიდერებმა საუბრისას ასევე განიხილეს რუსეთის ომი უკრაინაში, არსებული სიტუაცია ირანში, ჩინეთის მიერ ნავთობისა და ბუნებრივი აირის აშშ-ისგან შესყიდვის საკითხები. „ბიბისის“ ცნობით, დონალდ ტრამპი ჩინეთში ვიზიტს აპრილში გეგმავს.

პაატა სალია – მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო როგორც ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების, ისე ახალი პარტნიორების შესაძენად

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო როგორც ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების, ისე ახალი პარტნიორების შესაძენად.მისი თქმით, სამიტის სესიებში მონაწილეობა, სადაც სახელმწიფოები სხვადასხვა სფეროში საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ, განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო შუა დერეფნის ქვეყნებისთვის.„მსოფლიოს მთავრობათა სამიტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ხდება ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, საუბარი საერთაშორისო გამოწვევებსა და იმ საერთო ინტერესებზე, რომლებიც შესაძლოა, ამა თუ იმ ქვეყანას ჰქონდეს. გარდა ამისა, ეს არის მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ხდება ურთიერთობის გაღრმავება არსებულ პარტნიორებთან და ახალი პარტნიორების შეძენა. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ არაერთ სესიაში, რომლებიც ეძღვნებოდა გლობალურ სამხრეთს, ეძღვნებოდა შუა კორიდორის ქვეყნების ინტერესებს; ასევე, საუბარი იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა სესიაში, სადაც განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო მმართველობაში. ჩვენ დამსწრე საზოგადოებას გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, მოვისმინეთ საინტერესო იდეები ისეთი მოწინავე ქვეყნებისგან, როგორიცაა სამხრეთ კორეის რესპუბლიკა“, – განაცხადა პაატა სალიამ.

კირილ დმიტრიევი – უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხში პროგრესია, წინსვლა პოზიტიური მიმართულებით მიდის, ევროპიდან და ბრიტანეთიდან ომის მომხრეები ცდილობენ ამ პროცესში ჩარევას

უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხში პროგრესია, წინსვლა კარგი და პოზიტიური მიმართულებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.დმიტრიევის თქმით, „ევროპიდან და ბრიტანეთიდან ომის მომხრეები გამუდმებით ცდილობენ ამ პროცესში ჩარევას“.„რაც უფრო მეტი ასეთი მცდელობა ხდება, მით უფრო მეტად ვხედავთ, რომ, რა თქმა უნდა, პროგრესი არსებობს“, – აღნიშნა კირილ დმიტრიევმა.

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები ხვალ იხსნება. საქართველოს ნაკრები თამაშებზე 8 სპორტსმენით არის წარმოდგენილი - 6 მოციგურავე და 2 მოთხილამურე.პირველები ასპარეზში მოციგურავეები ჩაერთვებიან. ხვალ მილანში ფიგურულ ციგურაობაში გუნდური შეჯიბრი დაიწყება. მოკლე პროგრამას მოცეკვავეები, ქალები და წყვილები შეასრულებენ. ტურნირი თბილისის დროით 12:55 საათზე დაიწყება.გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება კი საღამოს, მილანის სან სიროს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, სადაც საქართველოს მედროშეები იქნებიან მოციგურავეები: ლუკა ბერულავა და დიანა დევისი. კორტინაში კი მოთხილამურეები: ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური.

ბოლო სიახლეები