ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026

სტუ ბიძინა ივანიშვილს – თქვენი მხარდამჭერები – მოგმართავთ თხოვნით: თქვენი ავტორიტეტითა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით გვიშუამდგომლოთ, რათა მოგვეწოდოს სრული ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმის შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, იშუამდგომლოს განათლების რეფორმის შემმუშავებელ კომისიასთან, რათა აკადემიურ საზოგადოებას მიეწოდოს „სრული და ამომწურავი ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმის შინაარსის, მიზნების, განხორციელების მექანიზმებისა და ვადების შესახებ”.

როგორც სტუ-ის წერილშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების მოთხოვნაა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხის საპარლამენტო მოსმენამდე, პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და მოხდეს საჯარო განხილვა საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივისცემით ეკიდება უმაღლესი განათლების სისტემაში რეფორმების განხორციელების აუცილებლობას და მიესალმება იმ პრინციპებს, რომლებიც დეკლარირებულია „უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული კონცეფციით“. მაგრამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანება არ გამომდინარეობს აღნიშნული კონცეფციის არსიდან, მიზნებიდან და ლოგიკიდან, შესაბამისად, ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რაც რეფორმითაა განსაზღვრული.

დღემდე აკადემიური საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგადი ფორმულირებები, რომელთა მიხედვითაც დაგეგმილი გაერთიანება — რაც არსობრივად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ინსტიტუციური სტატუსის გაუქმებას ნიშნავს — წარმოდგენილია როგორც უმაღლესი განათლების სისტემის ოპტიმიზაციისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების საშუალება. აღნიშნული განცხადებები, დეტალური შინაარსობრივი, სტრუქტურული და სამეცნიერო ანალიზის გარეშე, არ იძლევა საფუძველს კონსტრუქციული და პროფესიული დისკუსიის გასაშლელად.

სამწუხაროდ, დღემდე აკადემიურ საზოგადოებას არ გასცნობია რეფორმის კონცეპტუალური დოკუმენტები, მისი განხორციელების მოდელი, ვადები, ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიები (მექანიზმები) სამეცნიერო კომპონენტი ან რეფორმის შემმუშავებელთა პროფესიული შემადგენლობა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება დაკომპლექტებულია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში აღიარებული მეცნიერებითა და მკვლევრებით, თუმცა მათ არ ჰქონიათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნული რეფორმის განხილვასა და ფორმირებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ვერ განიხილება როგორც რომელიმე სხვა ინსტიტუციის სტრუქტურული დანაყოფი ან „სკოლა“. ჩვენი თითოეული საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი წარმოადგენს დამოუკიდებელ სამეცნიერო-აკადემიურ სკოლას, რომელმაც ჩამოაყალიბა და განავითარა საინჟინრო აზროვნება და პრაქტიკა საქართველოში. ჩვენი ქვეყნის განვითარება იყო, არის და, რწმენა გვაქვს, იქნება დაფუძნებული ქართველი ინჟინრების ცოდნასა პროფესიულ პასუხისმგებლობაზე. ეს არ არის მხოლოდ ემოციური სიტყვები, ეს არის ტრადიცია, წარსულის მემკვიდრეობა და მომავლის განვითარების საფუძველი.

ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე იგი უნივერსალურ სასწავლო-კვლევით დაწესებულებად ჩამოყალიბდა. უნივერსიტეტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის ინდუსტრიული, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული სექტორების განვითარებაში. ასწლოვანი ისტორიის გათვალისწინებით, ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ერთადერთი საინჟინრო-ტექნოლოგიური ცოდნის ტაძარია საქართველოში. დიდი ილია თავის დროზე ამბობდა – „თუ ქვეყანას 12 განათლებული ინჟინერი ეყოლება, ის უფრო სწრაფად და მყარად განვითარდება, ვიდრე მხოლოდ სიტყვით მოაზროვნე ადამიანებით”. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არათუ 12, მისი არსებობის 104 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ნახევარ მილიონზე მეტი პროფესიონალი ინჟინერი გაუზარდა საქართველოს, რომელმაც შექმნა და ფეხზე დააყენა ეს ქვეყანა და ასეთ დამოკიდებულებას არც ჩვენი ისტორია, არც აწმყო და არც მომავალი არ იმსახურებს. ჩვენ ვერ ვიქნებით თაობა, რომელმაც დაუშვა ცოდნის ტაძრის დანგრევა და ქვეყნის დაბრუნება 100 წლით უკან, უფესვებო, უმომავლო საქართველოში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ავტორიტეტითა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით გვიშუამდგომლოთ რეფორმის შემმუშავებელ კომისიასთან, რათა მიმდინარე ეტაპზე აკადემიურ საზოგადოებას მიეწოდოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმის შინაარსის, მიზნების, განხორციელების მექანიზმებისა და ვადების შესახებ. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ღია, გამჭვირვალე და პროფესიულ დიალოგზე დაფუძნებული პროცესი უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სისტემის რეალურ განვითარებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების მოთხოვნაა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხის საპარლამენტო მოსმენამდე, პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და მოხდეს საჯარო განხილვა ჩვენს საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან. ან, მოხდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლების დასწრება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საპარლამენტო განხილვაზე.

პატივისცემით, თქვენი მხარდამჭერები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება“,- ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ნატო ჩვენ გვერდით არ იყო და არც მომავალში იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი არასდროს იყვნენ აშშ-ის გვერდით და არც მომავალში იქნებიან.„ნატო ჩვენ გვერდით არ იყო და არც მომავალში იქნება!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

თინა ბოკუჩავა – სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს, არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ

პეტერ მადიარმა გააკეთა ის, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე ვერ შევძელით, უნგრელ ხალხს დაანახა, რომ სინამდვილეში ის კი არ იყო ანტიქრისტე და ურწმუნო, ტრადიციულ ღირებულელბებთან მებრძოლი, არამედ, პირიქით, ორბანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნება“ საუბრობს, თითქოს იცავს ენას, მამულს, სარწმუნოებას, სინამდვილეში კი იშლება ჩვენი ეროვნული იდენტობა ყველა თვალსაზრისით.თინა ბოკუჩავას შეფასებით, ოპოზიციაში, შესაძლოა, არის ერთობლივი მესიჯის პრობლემა, ოპოზიცია არ ცდილობს, შევიდეს ამ მოედანზე და საქართველოს მოქალაქეებს აჩვენოს, რომ არ არიან უღმერთოები და ურწმუნოები.„მადიარმა ძალიან სწორი კამპანია და პოზიციონირება აირჩია. ის ძალიან ხშირად დადიოდა, მაგალითად, უნგრულ, ეროვნულ სამოსში. პრაქტიკულად მუდმივად, ყველა გამოსვლაზე, მათ შორის საპროტესტო აქციებზე, და არა მხოლოდ, კლიპებში, აბსოლუტურად ყველგან ფიგურირებდა დროშით. რისი თქმა მინდა, იცით? ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ საკმარისად არ ვაკეთებთ. ეს ეროვნული თემები და ეროვნული ღირებულებითი იდენტობა თითქოსდა რაღაცნაირად მიიტაცა რუსულმა ოცნებამ, რაც მართლა წარმოუდგენელია. ამას ცდილობდა ორბანი, ოღონდ მადიარმა გააკეთა ის, რაც ჩვენ დღემდე, სამწუხაროდ, ვერ შევძელით – და, ჩემი აზრით, გაცილებით მეტი ინვესტიცია უნდა მოვახდინოთ ამაში – მან უნგრელ ხალხს დაანახა, რომ სინამდვილეში ის კი არ იყო ანტიქრისტე და ურწმუნო, ტრადიციულ ღირებულელებთან მებრძოლი, არამედ, პირიქით, ორბანი, რომლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი იყო ბავშვებზე, არასრულწლოვნებზე ძალადობის სკანდალი. ამან შეიწირა, მათ შორის, მისი ყოფილი მეუღლე, რომელიც იუსტიციის მინისტრი იყო მანამდე. ანუ, საკუთარ მეუღლესაც კი საჯაროდ დაუპირისპირდა და გზავნილი იყო უნგრელებისთვის, რომ ამაზეც კი მზად არის ეს ადამიანი. უკომპრომისობას ავლენდა, მათ შორის ამ მოედანზე, რომლის მონოპოლიზებაც მანამდე შეძლო ორბანმა და იმავეს აკეთებს რუსული ოცნება. გამოვიდა კობახიძე და სრული პარაზიტირება, თითქოს  ისინი იცავენ ენას, მამულს და სარწმუნოებას. ოღონდ აქ არიან წარმოუდგენლად ფარისევლები, აბსოლუტურად ყველგან, რასაც არ უნდა გავყვეთ. მართლა იშლება ჩვენი ეროვნული იდენტობა, ყველა თვალსაზრისით, ენა, მამული, სარწმუნოების თვალსაზრისითაც, მათ შორის, და უმეტესწილად, რაც საუკუნეების მანძილზე ჩვენთვის ყველაზე წმინდა ღირებულებები იყო, რისთვისაც ამდენი თაობა იბრძოდა. სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, აქაც რაღაცნაირად ერთობლივი მესიჯის პრობლემაც შეიძლება არის ხოლმე, რომ ჩვენ არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, არა, მე არ ვარ უღმერთო და ურწმუნო, ნამდვილად, ეკლესიაშიც დავდივარ, აღსარებასაც ამბობ, მამაოც შეიძლება გყავდეს, კონკრეტული ეკლესიის მრევლიც იყო და არანაირად არ უნდა მისცე საშუალება მართლა უღმერთო, ყოველგვარი სულიერებისგან და ღმერთისგან დაცლილ, ჩემი აზრით, კერპთაყვანისმცელობისკენ მიდრეკილ ივანიშვილს, რომელიც ხეებში, ქვებში და ათასგვარ ურჯულობაში პოულობს შვებას, მოახდინოს ისეთი რაღაცების მონოპოლიზება, რაც ჩვენთვის მართლა ძვირფასია. შეიძლება, ძალიან პირადია და ჩვენ ამის აფიშირება არ გვინდა, მაგრამ მაშინ, როდესაც ასეთ მონსტრს ებრძვი და ის ცდილობს, ასეთი თემების მანიპულირებით, ამაზე პარაზიტირებით გაიძლიეროს, გაიმაგროს ხელისუფლება, რათა შემდეგ დაიმონოს მთელი ქვეყანა, შენც გიწევს, ახლა თუ პოლიტიკოსი ხარ და საჯარო სივრცეში გიწევს ოპერირება, კი, ჩვენც უნდა შევიდეთ, ოღონდ სიმართლე ვთქვათ მათგან განსხვავებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მარკო რუბიო – ყველა სირთულე მომდევნო ექვს საათში ვერ გადაწყდება, მაგრამ შეგვიძლია, შევქმნათ ჩარჩო, რათა ლიბანის ხალხს ჰქონდეს მომავალი, რასაც იმსახურებს და ისრაელის ხალხმა...

საკითხის ყველა სირთულე მომდევნო ექვს საათში ვერ გადაწყდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ ჩარჩო, სადაც შეიძლება, რაღაც ძალიან პოზიტიური მოხდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებების დაწყებისას განაცხადა.რუბიო იმედოვნებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის დაწყებული პირდაპირი მოლაპარაკებები ძალიან პოზიტიურ შედეგს გამოიღებს.„ამ საკითხის ყველა სირთულე მომდევნო ექვს საათში ვერ გადაწყდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, დავიწყოთ წინსვლა და შევქმნათ ისეთი ჩარჩო, სადაც შეიძლება რაღაც მოხდეს – რაღაც ძალიან პოზიტიური, ძალიან მუდმივი, რათა ლიბანის ხალხს ჰქონდეს ის მომავალი, რომელსაც იმსახურებს და ისრაელის ხალხმა შეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება. ეს არის პროცესი და არა ერთდღიანი მოვლენა. ეს ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ერთი დღე“, – აღნიშნა რუბიომ.ამასთან, ლიბანის პრეზიდენტმა, ჯოზეფ აუნმა, რომელიც მოლაპარაკებებში უშუალოდ არ მონაწილეობს, გამოთქვა იმედი, რომ ვაშინგტონში ისრაელსა და ლიბანის ელჩებს შორის შეხვედრები ლიბანის ტანჯვის „დასრულების დასაწყისი“ გახდება.მისივე თქმით, სამხრეთ ლიბანში, სტაბილურობა არ დაბრუნდება, თუ ისრაელი „ოკუპაციას გააგრძელებს“.ცნობისთვის, ვაშინგტონში ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ქართული ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ჩვენი იდენტობის საფუძველი, ჩვენი ისტორიისა და მომავლის დამაკავშირებელი ხიდია, ამიტომ, მისი დაცვა და პატივისცემა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა...

დღეს 14 აპრილია, ჩვენი ეროვნული თვითშეგნების, კულტურული მემკვიდრეობისა და სულიერიერთობის სიმბოლო. ქართული ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ჩვენი იდენტობის საფუძველი, ჩვენი ისტორიისა და მომავლის დამაკავშირებელი ხიდია, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქართული ენის დაცვისა და განვითარების კუთხით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და ხაზი გაუსვა ბოლო წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. გარდა ამისა, ლაშხმა გამოყო ეთნიკურ უმცირესობებთან და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ინიციატივები.“სწორედ ამიტომ, მისი დაცვა, განვითარება და პატივისცემა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.ჩვენ ყველას გვახსოვს 1978 წლის 14 აპრილისმოვლენები, როცა საბჭოთა რეჟიმმა მიზნად დაისახა ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი წაერთმია, რასაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც იცავდნენ ენას, ეროვნულ იდენტობას, წინააღმდეგობა მოჰყვა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და ქართულ ენას შეუნარჩუდა სახელმწიფო ენისსტატუსი.მნიშვნელოვანია აღინიშნოს 2015 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღება, რომელიც საქართვლოს კონსტიტუციასთან ერთად, ემსახურება ქართული ენისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აგრეთვე, აფზახურიენის, საქართველოს მოქალაქეების ენობრივიუფლებების დაცვის საკითხს.2024 წლის 12 ივნისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი“, ერთგვარი კონსტიტუცია ჩვენი განათლების რეფორმაში, რომელიც მიზნად ისახავს ზოგადი განათლების საფეხურზე პატრიოტი, ეროვნული სულისკვეთებისა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქის აღზრდას, რომლისთვისაც სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ცოდნა მთავარი ღირებულებები იქნება, რომელთა დაცვასა და განვითარებასაც მოახმარს თავის ცოდნასა და უნარებს მომავალში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წინა ხელისუფლების დროს, 2005 წელს ქართული ენის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში შეწყდა და საუნივერსიტეტო საგანი „ ქართული ენა“ გაუქმდა. 21 წლის წინ მიღებული ეს უსამართლო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ, სიმბოლურად, სწორედ 2025 წლის 14 აპრილს, კომიტეტის სხდომაზე განხილული საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერის შემდეგ შეიცვალა, როდესაც კომიტეტის სხდომაზე ნანა მაჭავარიანისა და გიორგი გოგოლაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება განიხილეს, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობდა. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება მხარდაჭერილ იქნა და საკანონმდებლო ცვლილებად დაინიცირების შემდეგ, 2025 წლის 10 ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.ამ საკანონმდებლო ინიციატივის შემდეგ, უკვე აღდგა სწავლება და უკვე ბაკალავრიატის დონეზე მოხდება ქართული ენის სწავლება და ეს კიდევ ერთი პასუხისმგებლობაა, რომელიც სახელმწიფომ ქართული ენის წინაშე აიღო. ჩვენი სადელმწიფო პოლოტიკა და ის განათლების რეფორმა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს. ამასთან ერთად, გვახსოვს ის გამოწვევები, რაც არის ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და გლობალიზაციის პირობებში ტექნოლოგიური ინსტრუმენტი, რომელიც მცირე ენებს საფრთხეს უქმნის და ეწ გამოწვევა გაცნობიერებული, პასუხისმგებლობა კი აღებულია სახელმწიფოს მხრიდან.ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვეხმარებით ეთნიკურ უმცირესობებს საკუთარი ენის შენარჩუნებაში და ამასთან ერთად, ვასწავლით ქართულ ენას. ამ გამოწვევის წინაშე არაერთი პროცრსები იყო, თუმცა, მნიშველოვანია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მოხდა ინიციატივების დანერგვა და დღეს უკვე არაერთ სკოლაში მიმდინარეობს ბილინგვური სწავლება.ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ჩვენს მემამულეებს დიასპორაში მივაწვდინოთ ის განვითარება და ის გეგმები რაც ჩვენ გვაქვს და ქართული ენა იყოს მათთვის ხელმისაწვდომი. ამისათვის დისტანციური სწავლების პლატფორმა შეიქმნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და ქართულ ენას აწვდის ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს იმისათვის, რომ მათ ქვეყანაში დაბრუნებამდე მოახდინონ ქართული ენის სწორად და კარგად დაუფლება.დღევანდელი დღე აღსანიშნავია იმითაც, რომ წელს ჩვენ ვზეიმობთ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წლისთავს. „დედა ენა“ არ არის მხოლოდ წიგნი, ის ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. უკვე საუკუნეზე მეტია, რაც იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ თაობებს აზიარებს ქართული ენის სილამაზესა და აცნობს მის ბუნებას, ეს წიგნი აერთიანებს არაერთ თაობას საერთო სიტყვით და აზრით, რომელიც ქართული ენის სიდიადესა და სრულყოფილებას გამოხატავს.ქართული ანბანური დამწერლობა ერთ-ერთი უძველესი და სრულყოფილი დამწერლობაა მსოფლიოში და ქართული ენის ყოველ ბგერას ანბანში საკუთარი ნიშანი აქვს.ბრძენ პატრიარქ ილია მეორეს სიტყვებით დავასრულებ:„ქართული ენა არის მუსიკა — ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა. იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი. მასშია მთელი საქართველო”ჩვენი ვალია, რომ ეს მუსიკა არ გაჩუმდეს. არც სკოლაში, არც ოჯახში, და არც ციფრულ სივრცეში.” - განაცხადა ლაშხმა.

ირანის ელჩი:ქართული ენა, ეს უძველესი და ცოცხალი ენა, არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, არამედ იმ ერის წინააღმდეგობის, იდენტობისა და მდგრადობის სიმბოლოა, რომელმაც იგი საუკუნეთა მანძილზე...

,,დღეს, ქართული ენის დღე, შესანიშნავი შესაძლებლობაა, გავიხსენოთ მემკვიდრეობა, რომელიც არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ ჩვენი რეგიონის კულტურულ მეხსიერებასაც ეკუთვნის. ქართული ენა, ეს უძველესი და ცოცხალი ენა, არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, არამედ იმ ერის წინააღმდეგობის, იდენტობისა და მდგრადობის სიმბოლოა, რომელმაც იგი საუკუნეთა მანძილზე რუდუნებით მოიტანა და სიყვარულით შეინარჩუნა. სამყაროში, სადაც მრავალ ენას საფრთხე ემუქრება, ეს სიმტკიცე ღრმა პატივისცემას იმსახურებს. ჩვენთვის, ირანელებისთვის, ქართული ენა ნაცნობი, მიმზიდველი და პატივსაცემია. ათასობით სიტყვის არსებობა სპარსული ძირებით, ეს იქნება „ფანჯრა“ თუ „მინანქარი“, ორ ხალხს შორის უძველეს კულტურულ კავშირებზე მიუთითებს. თითქოს ქართულმა ენამ ყველაზე ლამაზი სპარსულ სიტყვები გაითავისა და განსაკუთრებული ხიბლით წარმოაჩინა, რაც ჩვენთვის საამაყოა. ამ კავშირებს ჩვენი ისტორიული სიმბოლოებიც ასახავს. ისპაჰანში, ალავერდი ხან უნდილაძის მიერ აგებული „სი ო სე ფოლ“ (ოცდაცამეტთაღიანი ხიდი) არქიტექტურის შედევრი და კულტურათა შერწყმის სიმბოლოცაა. ვინ იცის, 33 რიცხვის ეს დამთხვევა, ხიდის თაღებისა და ქართული ანბანის ასოთა რაოდენობებისა, ენასა და ორი ხალხის ისტორიას შორის უფრო ღრმა კავშირების შეხსენებაა. როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, მსურს, მკაფიოდ და პატივისცემით განვაცხადო: ჩვენ დიდად ვაფასებთ ქართულ ენას, როგორც მემკვიდრეობას - შენარჩუნებულს ძალისხმევით, შეგნებითა და სიყვარულით. ეს ენა ეკუთვნის საქართველოს, და ასევე ჩვენი რეგიონის საერთო კულტურულ მემკვიდრეობას. გილოცავთ ქართული ენის დღეს ''-წერს ირანის ელჩი საქართველოჩი  ალი მოჯანი.

ბოლო სიახლეები