ოთხშაბათი, ივნისი 24, 2026

სიკვდილით დასჯამ მსოფლიოში, ბოლო 44 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

„ამნესტი ინტერნეშენალის“ ინფორმაციით, ჩინეთი კვლავ რჩება ქვეყნად, სადაც სიკვდილით ყველაზე მეტ ადამიანს სჯიან, თუმცა სასჯელის ამ უმკაცრესი ზომის გამოყენების რეალური მასშტაბები უცნობია.

2025 წელს, მსოფლიოს 17 ქვეყანაში, 2707 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, რაც 2024 წელთან შედარებით, 77 პროცენტით მეტია. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც „ამნესტი ინტერნეშენალმა“ 1981 წლის შემდეგ დააფიქსირა, როდესაც სიკვდილით დასჯის 3191 შემთხვევა აღირიცხა.

საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში – „სიკვდილით დასჯა და აღსრულებები 2025“ – დაფიქსირებული მკვეთრი ზრდა გამოწვეულია როგორც ცალკეული მთავრობების პოლიტიკური კურსით, ასევე სიკვდილით დასჯის ხელახლა შემოღებით ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა იაპონია, სამხრეთ სუდანი, ტაივანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

„სიკვდილით დასჯის გამოყენების ზრდის ეს საგანგაშო მაჩვენებელი განპირობებულია სახელმწიფოთა მცირე, იზოლირებული ჯგუფის ქმედებებით, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფასად აღასრულონ სიკვდილით დასჯა, მიუხედავად მისი გაუქმებისკენ მიმართული გლობალური ტენდენციისა“, – ანგარიშში შესული დასკვნის ციტირებას ახდენს „ამნესტი ინტერნეშენალის“ გენერალური მდივანი, ანიეს კალამარი.

„ეს არაკეთილსინდისიერი უმცირესობა – ჩინეთით, ირანით, ჩრდილოეთ კორეით და საუდის არაბეთით დაწყებული და იემენით, ქუვეითით, სინგაპურითა და აშშ-ით დამთავრებული, – სიკვდილით დასჯას იყენებს როგორც იარაღს შიშის დასანერგად, განსხვავებული აზრის ჩასახშობად და იმ ძალაუფლების საილუსტრაციოდ, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს გააჩნიათ დაუცველ ადამიანებთან და მარგინალიზებულ ჯგუფებთან მიმართებაში“, – დასძინა მან.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთი კვლავ რჩება ქვეყნად, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტ ადამიანს სჯიან სიკვდილით, თუმცა დასჯის ამ უმკაცრესი ზომის გამოყენების რეალური მასშტაბები უცნობია, რადგან ეს მონაცემები დღესაც სახელმწიფო საიდუმლოებად არის მიჩნეული.

ამ მიზეზით, „ამნესტი ინტერნეშენალის“ მიერ აღრიცხული სიკვდილით დასჯის საერთო რაოდენობაში არ არის შესული ათასობით აღსრულება, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩინეთში განხორციელდა, ისევე როგორც ვიეტნამსა და ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით დასჯის შემთხვევები, სადაც, ორგანიზაციის ვარაუდით, ეს პრაქტიკა ასევე ფართოდ გამოიყენება.

თუმცა, ამ ნახტომისებრ ზრდაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ირანის ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც 2025 წელს, სულ მცირე, 2159 ადამიანი დასაჯა სიკვდილით, რაც წინა წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

გასულ წელს, სიკვდილით დასჯა, მთლიანობაში, 17 ქვეყანაში დაფიქსირდა, რაც ორით მეტია 2024 წელს დაფიქსირებულ ისტორიულად ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე (15 ქვეყანა).

მსოფლიოში აღრიცხული სიკვდილით დასჯის შემთხვევების თითქმის ნახევარი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებებს შეეხება, რაც „ნარკოტიკების წინააღმდეგ ომში“ მკაცრი სადამსჯელო მიდგომების გამოყენების განახლებას მოჰყვა.

2025 წელს ასევე დაფიქსირდა, სულ მცირე, 2334 ახალი სასიკვდილო განაჩენი 48 ქვეყანაში, მაშინ როცა 2024 წელს რეგისტრირებული იყო, სულ მცირე, 2087 სასიკვდილო განაჩენი 46 ქვეყანაში.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის აშშ გამოირჩევა

ზედიზედ მე-17 წელია, აშშ ერთადერთი ქვეყანაა ამერიკის კონტინენტზე, სადაც ადამიანებს სიკვდილით სჯიან. გასულ წელს, აშშ-ის 11 შტატში განხორციელა სიკვდილით დასჯა, რაც 2 შტატით მეტია, 2024 წელთან შედარებით.

აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი კვლავ რჩება მსოფლიოში სიკვდილით დასჯის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე რეგიონად – 2025 წელს, სიკვდილის დასჯის აღსრულება განხორციელდა შვიდ ქვეყანაში (ავღანეთი, ჩინეთი, იაპონია, ჩრდილოეთ კორეა, სინგაპური, ტაივანი და ვიეტნამი), რაც ორით მეტია, 2024 წელთან შედარებით.

პაუზის შემდეგ, სიკვდილით დასჯა განახლდა იაპონიასა და ტაივანში, ხოლო სინგაპურის მთავრობამ სიკვდილით დასჯის ყოველწლიური საერთო რაოდენობა, 2024 წელთან შედარებით, თითქმის გააორმაგა.

ახლო აღმოსავლეთში სიკვდილით დასჯის შემთხვევების რაოდენობა „საგანგაშოდ გაიზარდა“ – 2024 წლის, სულ მცირე, 1442 შემთხვევიდან, 2025 წელს, სულ მცირე, 2611 შემთხვევამდე ავიდა. ირანში სიკვდილით დასჯის 2159 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც, 1981 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯის შემთხვევები რეკორდულად მაღალია და 2024 წლის, სულ მცირე, 345 შემთხვევიდან 2025 წელს, სულ მცირე, 356 შემთხვევამდე გაიზარდა.

ამის საპირისპიროდ, სუბსაჰარულ აფრიკაში სიკვდილით დასჯის შემთხვევები 47 პროცენტით შემცირდა – 34-დან (2024 წელი) 18-მდე (2025 წელი). ამ რეგიონში სიკვდილით დასჯის აღსრულებები მხოლოდ სომალით და სამხრეთ სუდანით შემოიფარგლება.

გასულ წელს, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სიკვდილით დასჯის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილით დასჯის შემთხვევები გაიზარდა, ქვეყნები, რომლებიც მას ახორციელებენ, მაინც უმცირესობაში არიან. „მსოფლიოს სხვა ნაწილებში პროგრესი მიღწეულია, რაც ამტკიცებს, რომ იმედი შიშზე ძლიერია“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„დროა, ქვეყნებმა, რომლებიც სიკვდილით დასჯას იყენებენ, დანარჩენ მსოფლიოს ფეხი აუწყონ და ეს საშინელი პრაქტიკა წარსულს ჩააბარონ. სიკვდილით დასჯა უფრო უსაფრთხოდ არავის აქცევს. პირიქით, ეს არის კაცობრიობის შეურაცხყოფა, რომელიც შიშით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სრული უგულებელყოფით არის გამოწვეული“, – მიიჩნევს ანიეს კალამარი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკოლოზ სამხარაძე – ალან ბერსე ყველაფერს აკეთებს, რომ საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, საპარლამენტო ასამბლეაში არ დავბრუნდებით, ვიდრე უპირობოდ არ იქნება აღიარებული ჩვენი დელეგაციის მანდატები

ალან ბერსე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენეს. მას არ სურს საქართველოს იზოლაცია. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს, რათა საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, თუმცა ამ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გვაქვს, – ამის შესახებ  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.სამხარაძის თქმით, ეს პოზიცია ყველამ იცის.„როგორც საჯაროდ, ასევე დახურულ კარს მიღმა განგვიცხადებია. ზუსტად იმას ვეუბნებით მათ, რასაც თქვენ – ჩვენ არ დავბრუნდებით იქამდე, ვიდრე უპირობოდ არ იქნება აღიარებული საქართველოს დელეგაციის მანდატები. ამ მანდატების აღიარება სწორედ 2025 წლის იანვრის რეზოლუციის გაუქმებით უნდა მოხდეს“, – განაცხადა სამხარაძემ.ცნიბისთვის, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ განაცხადა: „საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნამ არ გააუმჯობესა ვითარება, შეკითხვაა, როგორ შეგვიძლია ამის მოგვარება შესაძლო მაქსიმალური შედეგისთვის, იზოლაცია გადაწყვეტა არ არის“.

ისრაელ კაცი – აშშ-ის მოთხოვნის შემთხვევაშიც კი ისრაელი სამხრეთ ლიბანიდან ჯარს არ გაიყვანს

აშშ-ის მოთხოვნის შემთხვევაშიც კი ისრაელი სამხრეთ ლიბანიდან ჯარს არ გაიყვანს – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.მისივე თქმით, სამხრეთ ლიბანის უსაფრთხოების ზონებში იყო გზისპირა ბომბები და თავდასხმები ისრაელის ჯარისკაცებზე.„200 000 (ლიბანელი) მცხოვრები არ დაბრუნდება (სახლებში, რომლებიც ევაკუირებულებმა დატოვეს), რადგან წარსულში უსაფრთხოების ზონებში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფებოდა, იყო გზისპირა ბომბები და თავდასხმები ისრაელის ჯარისკაცებზე. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ არ გავდივართ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი აშშ-ირანის ომამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი აშშ-ირანის ომამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა. გლობალური ნავთობის ფასი ბარელზე 76 დოლარს ჩამოცდა. ინვესტორები სულ უფრო მეტად იმედოვნებენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების მოძრაობა მალე ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება. ბრენტის ფასი 2 პროცენტითით დაეცა და 75.50 დოლარს მიაღწია. ეს 27 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია.აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე დარტყმები 28 თებერვალს დაიწყო. აშშ-ის ნავთობის საორიენტაციო ფასი, West Texas Intermediate-ის (WTI), 72.03 დოლარამდე დაეცა, რაც 3 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ასობით ნავთობტანკერი და 11 000-ზე მეტი მეზღვაური ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივად დაკეტვის შემდეგ სპარსეთის ყურეში ჩაკეტილი აღმოჩნდა.ომამდე, მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი, დღეში 20 მილიონი ბარელი, გადიოდა სრუტეში. საზღვაო მოძრაობა ამ კვირაში მნიშვნელოვნად გაიზარდა აშშ-სა და ირანს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ, რომელიც ითვალისწინებს კომერციული მიმოსვლის დაშვებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზაზე.

პირველ სამშობიაროში, ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაცვლილი 35 წლის ქალის ახლობელი – ექიმს, რომელმაც ოპერაცია გააკეთა, ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და „ლევად“ იღებდა პაციენტებს საღამოს...

პირველ სამშობიარო კლინიკაში, ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაცვლილი 35 წლის ნინო მუჯირის ოჯახის წევრები მედიკოსების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.კერძოდ, როგორც ნინო მუჯირის ოჯახის წევრი აღნიშნავს, ექიმს, რომელმაც გარდაცვლილს “სამედიცინო მანიპულაცია გაუკეთა, ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და „ლევად“ იღებდა პაციენტებს საღამოს საათებში”.მისივე ინფორმაციით, ოჯახის წევრებს აქვთ ახალგაზრდა ქალსა და ექიმს შორის მიმოწერაც, სადაც პაციენტი აღნიშნავდა, რომ მას ვირუსი და ცხელება ჰქონდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, “ნარკოზით გაუკეთდა ოპერაცია”.გარდაცვლილის ოჯახის წევრები ასევე ამბობენ, რომ პროცედურის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, კომაში ჩავარდა და 6 თვის განმავლობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა.„აქ არ არის შეცდომა. აქ საუბარია სამედიცინო, განზრახ დანაშაულზე! ეს სამედიცინო მანიპულაცია, რომელსაც იკეთებს ქალების 90%, 15 წუთში სრულდება, ერთ საათში სახლში მიდის ადამიანი. ეს მანიპულაცია კი გააკეთა ექიმმა, რომელსაც ჩამორთმეული აქვს ლიცენზია, არ აქვს საერთოდ ნემსის გაკეთების უფლებაც, ის ამ კლინიკაში მუშაობს მენეჯერად. გადაიმალა, ორი დღეა არ არის კაბინეტში.ჩუმად და „ლევად“ იღებდა საღამოს საათებში პაციენტებს. ლიცენზიაც წართმეული აქვს დროებით, ასევე პირობითი აქვს. ეს ერთი დანაშაული. ჩვენ გვაქვს გარდაცვლილის ტელეფონი, სადაც ყველაფერი წერია.ჩვენ უშუალოდ ნინოს და ეკატერინე გაგუას შორის მიმოწერა გვაქვს, სადაც ის კონსულტაციას უტარებს. ნინო ეუბნება, რომ ცხელება ჰქონდა, ის კი დანიშნულებას აძლევს, ანტიბიოტიკს უნიშნავს.12 იანვარს, როდესაც მოვიდა ნინო კონსულტაციაზე, ექიმმა სასწორზე დადო 35 წლის გოგოს სიცოცხლე და ფული. ყველამ ვიცით, რომ ვირუსი როდესაც აქვს ადამიანს, ნარკოზის გაკეთება არ შეიძლება.ჩანაწერი გვაქვს, სადაც ნინო ამბობს, რომ ვირუსი ჰქონდა, ექიმს უთხრა, რომ ცხელება ჰქონდა და მაინც გაუკეთა . ნინო ასევე წერს: „ალბათ, ნარკოზმა რეაქცია მომცა და ცუდად ვარ, რეანიმაციაში უნდა გადამიყვანონ“, - აღნიშნავს გარდაცვლილის ოჯახის წევრი “ფორმულასთან” საუბარში.გარდა ამისა, გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ექიმი, რომელმაც ოპერაცია გააკეთა, ამტკიცებს, რომ ოპერაცია მას არ გაუკეთებია და ის სხვამ ჩაატარა.„ლურჯი თითები და ლაქები ჰქონდა, პულსი არ ჰქონდა, გაყინული იყო თვალები და აპარატზე ჰყავდათ შეერთებული. სხეული გაშეშებული ჰქონდა, მიცვალებული იყო უკვე.6 თვე იწვა გოგო რეანიმაციაში. შედეგს ვერ მივაღწიეთ. პირიქით დაღუპეს, მოკლეს, დაჩეხეს. ექიმი, რომელმაც ოპერაცია გააკეთა დღემდე იძახის, ოპერაცია მე არ გამიკეთებიაო. ვის მოვთხოვო პასუხი? - კლინიკის დირექტორს? კი ბატონო, აქ ვზივარ კაბინეტში, მაგრამ გაიპარა და წავიდა იმის გამო, რომ ექიმს ვითხოვ, რომ პასუხი მოვთხოვო”, - თავის მხრივ, აღნიშნეს გარდაცვლილი ქალის ახლობლებმა „ტვ პირველთან“.

მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ძებნაში მყოფი ანტონ უპერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.მისი განაჩენით, მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი მარიამ მეყანწიშვილი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, ის სასამართლოს ეზოში იმყოფება.აღნიშნულ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავდა, მათგან 8 პირს - ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს და ვახტანგ ფიცხელაურს, მათ ბრალი აღიარეს და 3-წლიანი პირობითი მსჯავრით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.რაც შეეხებათ, მარიამ მეყანწიშვილს, ნანა სანდერს, აბო ნავერიანსა და ანტონ უპერს, მათ ბრალი არ აღიარეს.მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე განმარტება გააკეთა. მოსამართლის თქმით, ის მოწმეთა ჩვენებებს მისი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში შეაფასებს."ჩემს გადაწყვეტილებაში ყურადღება ვიდეოჩანაწერებზე იქნება გამახვილებული. აღბეჭდილ კადრებს უფრო ნეიტრალური და სანდო მტკიცებულების სახე აქვს"... - განაცხადა მჭედლიშვილმა.ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.აბო ნავერიანს და ანტონ უპერს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები