ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025

სიახლე- მოქალაქეებს სპეციალური აპლიკაციით საშუალება ექნებათ ინტერნეტის სიჩქარე აკონტროლონ

ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მიზნით კომპანიებმა აბონენტებთან ახალი ხელშეკრულებები ოთხ თვეში უნდა გააფორმონ. შესაბამისი დადგენილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო.

“კომისიის მიერ მიღებული დადგენილება, რომლის შემუშავებაში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული, ძალაში 15 აგვისტოდან შევა. მანამდე კი ყველა ინტერნეტ პროვაიდერს ოთხთვიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებები დადგენილებასთან  შესაბამისობაში მოიყვანონ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს კომისია ინტერნეტის ხარისხის კონტროლს და 24-საათიან რეჟიმში შეამოწმებს, რამდენად იცავენ კომპანიები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და რამდენად ხარისხიან ინტერნეტს აწვდიან აბონენტებს“, – აღნიშნულია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციაში.

ხარისხის კონტროლის დაწყების შემდეგ, აბონენტებს ექნებათ მექანიზმი, რომლის საშუალებითაც რეგულარულად გაზომავენ ინტერნეტის სიჩქარეს და ნახავენ რამდენად აკმაყოფილებს მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტის სიჩქარე რეალურ სიჩქარეს. ამის საშუალებას ის აპლიკაცია იძლევა, რომელიც კომისიის ვებგვერდზე ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

სისტემის ამუშავების შემდეგ, კომისია მომხმარებლის მომართვის გარეშე თავად დააკვირდება პროცესს და სადაც დარღვევას აღმოაჩენს, ოპერატორის მიმართ კანონით განსაზღვრულ სანქციებს გამოიყენებს. მათ შორის, გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

AI უსინათლოებს ვიზუალურ ინფორმაციას მიაწვდის

კითხვა კაცობრიობისთვის ფუნდამენტურ აქტივობად რჩება, თუმცა ჯერ კიდევ აწყდებიან გარკვეულ დაბრკოლებებს მხედველობადაქვეითებული ადამიანები. მართალია, არსებობს აუდიო წიგნები, რომლებიც ტექსტს იდეალურად გადმოსცემს, მაგრამ ამას თან არ ახლავს ვიზუალური გამოცდილება, სურათები, დიაგრამები თუ სხვა ელემენტები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. ელექტრონული წასაკითხი მოწყობილობები და ეკრანები ბრაილის შრიფტით საკმაოდ ძვირია, შეზღუდულიც კი, რადგან მდიდრული ვიზუალური კონტენტის გადმოცემას ვერ ახერხებს. არადა, მხოლოდ ამ უკანასკნელითაა შესაძლებელი სრულყოფილი გამოცდილების მიღება.Feel Book-ის კონცეფცია კი ხელოვნურ ინტელექტსა და ტაქტილურ ტექნოლოგიას მიმართავს ამის გამოსასწორებლად. ამგვარად, ჭკვიანი ამოცნობის სისტემების, აუდიოუკუკავშირით და რევოლუციური ტაქტილური ტექნოლოგიით ტექსტები და სურათები თანაბრად ხელმისაწვდომი ხდება მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის.დიზაინის ფილოსოფია სიმარტივეს ეფუძნება და შეუფერხებლად ინტეგრირდება ყოველდღიურობაში. პორტატიულია, შეხებით მარტივად აღიქმება და მთელ სამყაროს მომხმარებელთა თითებს ქვეშ აქცევს.AI კამერის სისტემა კი კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის მას — მოწყობილობა ფიზიკური წიგნის გვერდებს ასკანერებს, ხელოვნურ ინტელექტს იყენებს ტექსტისა და სურათების რეალურ დროში ამოსაცნობად. ტექსტს მეტყველებად გარდაქმნის და მომხმარებელს მკაფიო აუდიონარატივს სთავაზობს, გადაფურცვლისას კი ყველაფერს ავტომატურად აკეთებს და შეუფერხებელ გამოცდილებას ჰპირდება მფლობელს.რევოლუციური ასპექტი ტაქტილურ სურათების ეკრანში შეგიძლიათ, იპოვოთ. როცა AI კამერა ილუსტრაციებს, ფოტოებსა და დიაგრამებს ადგენს, კონცეფციის მიხედვით, ისინი შეხებად გრაფიკებად გადაიქცევა მოწყობილობის ზედაპირზე. მომხმარებლებს ამ პერსონაჟების კონტურების შეგრძნება, დიაგრამების ფორმებზე დაკვირვება და კომპოზიციის გააზრება შეეძლებათ საკუთარი თითებით. ასე კი ნამდვილი მრავალსენსორული გამოცდილებაც შეიქმნება.თუმცა აღნიშნული ცოტა სადაო მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს, გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამინდელი ტექნოლოგია დინამიკურად ვერ ქმნის დეტალურ ტაქტილურ გრაფიკას რეალურ დროში იმ რეზოლუციითა და სიჩქარით, რომელსაც ეს კონცეფცია მოითხოვს… ოღონდ ამას კონცეფციის ნაკლად მაინც ნუ ჩათვლით, რადგან მისი არსებობა ერთ მთავარ რაიმეს ემსახურება, გვთავაზობს გადაწყვეტას, რომელიც აქამდე ინკლუზიური დიზაინის ავტორებს შეუძლებლად მიაჩნდათ.

ირაკლი ლექვინაძე: წელიწადში, დაახლოებით, 1 მლნ ლარამდეა ის თანხა, რასაც პირდაპირი გზით იბრუნებს მომხმარებელი სააგენტოსადმი მომართვის შედეგად, ჩვენთან შემოსული საკითხების 90 % წყდება მომხმარებლის...

55-%-ით არის გაზრდილი მომხმარებლების მომართვიანობა სააგენტოსადმი, თუ შევადარებთ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერს გასული წლის ამავე პერიოდს, - განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ „რადიო იმედის“ ეთერში.მისივე თქმით, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იცის საკუთარი უფლებების შესახებ.ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ GCCA-ში შესული განცხადებების 90 % მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება.„წელიწადში, დაახლოებით, 1 მლნ ლარამდეა ის თანხა, რასაც მომხმარებელი პირდაპირი გზით იბრუნებს სააგენტოსადმი მომართვის შედეგად. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ნივთს უკან არ იბრუნებენ მოვაჭრეები, ან არ ცვლიან.სექტორულ ნაწილს თუ დავაკვირდებით, ონლაინ ვაჭრობას უჭირავს 70 %, ძირითადად არის საბითუმო და საცალო ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სექტორი, ყიდულობენ ტანსაცმელს, ტექნიკას და ა.შ. საუბარია ქართულ კომპანიებზე და ასევე უცხოეთიდან გამოწერილ ნივთებზე, რომლის ტრანსპორტირებასაც ახდენს ქართული კომპანიები,“- განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ბოლო წლებში გაზრდილია დარღვევები იმ მცირე და საშუალო კომპანიების ნაწილში, რომლებიც სოციალურ ქსელებში ოპერირებენ. „ბოლო წლებს თუ შევხედავთ, გაზრდილია დარღვევების მაჩვენებელი. თუ ადრე პირობითი შეთანხმების ვალდებულებები ჭარბობდა, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი, მოვაჭრე და ჩვენ ვთანხმდებით, რომ დაბრუნდება თანხა, ან აღდგება მომხმარებლის დარღვეული უფლება და გასწორდება სავაჭრო პოლიტიკა, წელს გაზრდილია დარღვევების წილი მცირე და საშუალო კომპანიების ხარჯზე, რომლებიც სოციალურ ქსელებში არიან წარმოდგენილები. რაც შეეხება მსხვილ კომპანიებს, აქ პრაქტიკულად პრობლემა არ გვაქვს, პრობლემის შემთხვევაში ვთანამშრომლობთ და მომხმარებლის სასარგებლოდ ხდება, ძირითადად, საკითხის გადაწყვეტა, ვინაიდან კმაყოფილი მომხმარებელი მსხვილი კომპანიების მარკეტინგულ სტრატეგიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი,“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

თამარ ჩიბურდანიძე: დაველოდებით, ამერიკული FARA თუ შეუქმნის საფრთხეს კანონის უზენაესობას ამერიკაში, ბრიტანეთსა თუ სხვა ქვეყნებში და მერე ვიმსჯელებთ საზოგადოება ამაზე. აბა ჩვენზე „დემოკრატიულ“ ქვეყნებს...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ გააუქმოს ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონი, რადგან მათი შეფასებით, ამ კანონის მოქმედება კანონის უზენაესობას საფრთხეს უქმნის სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ასახული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საფრთხე შეუქმნა უკვე მოქმედ ქვეყნებში კანონის უზენაესობას FARA-მ.„გასაგებია ვენეციის კომისიის „კეთილი“ რჩევა, მაგრამ სახელმწიფო ფაქტებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს. ამ დასკვნას აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა რამდენიმე ქეისი მაინც იმ ქვეყნებიდან, სადაც დაიბადა ეს კანონი და წლებია წარმატებით ფუნქციონირებს. შეუქმნა თუ არა საფრთხე კანონის უზენაესობას FARA -მ წარმოშობის ქვეყანაში ან სხვაგან?როდესაც ამ კითხვას ვსვამთ, მაგალითისთვის მოჰყავთ რუსეთი, არადა, რუსეთი ამ შემთხვევაში მაგალითად არ გამოადგებათ, რადგან იქ ამერიკული FARA არ მოქმედებს. იქ მოქმედებს ამ კანონის იდეაზე შექმნილი საკუთარი კანონი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ამერიკულისგან. რუსული კანონის დედანი არ არის ამერიკული კანონი.საქართველოში კი ძალაში შესულია ამერიკული FARA -ს დედნის მიხედვით შექმნილი კი არა, არამედ, კალკირებული პროექტი. საქართველოს მსგავსად, სრული კალკირება არ გაუკეთებიათ არც ბრიტანეთს, არც საფრანგეთს, არც კანადას, ავსტრალიას და ა.შ. თუმცა, იქ ვენეციის კომისიას არ გაუგზავნია მოთხოვნა ამ კანონის აკრძალვასთან დაკავშირებით. მაშინ რა ხდება? ჩვენ „სხვა რანგის“ ქვეყანა ვართ, ვისაც შეიძლება ასე ხელაღებით ბრძანებები უგზავნო? არა ბატონო, ასე აღარ არის. პატივისცემა და თანამშრომლობა გვესმის მხოლოდ ორმხრივი.ჯერ დაველოდებით, ამერიკული FARA თუ შეუქმნის საფრთხეს კანონის უზენაესობას ამერიკაში, ბრიტანეთსა თუ სხვა ქვეყნებში და მერე ვიმსჯელებთ საზოგადოება ამაზე. აბა ჩვენზე „დემოკრატიულ“ ქვეყნებს ხომ არ დავასწრებთ? უხერხულია, ზედმეტ ამბიციაში ჩაგვითვლიან,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა

ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა.სახლ-მუზეუმი დღეს საზეიმოდ გახსნეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, კულტურის მინისტრმა, თიკა რუხაძემ და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.„შენობა იყო ავარიული და მძიმე მდგომარეობაში, ეზო კი მოუწესრიგებელი. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული სივრცე სრულად განვაახლეთ და მოვაწესრიგეთ. გასულ წელს შენობის რეაბილიტაცია-გამაგრების სამუშაოები დავასრულეთ. გარდა ამისა, მომიჯნავედ არსებული ფართები კერძო მესაკუთრეებისგან გამოვისყიდეთ. ამის შემდეგ დაიწყო კეთილმოწყობის სამუშაოები. დღეიდან დამთვალიერებელს სახლ-მუზეუმში სტუმრობა შეუძლია. ძალიან მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის თანამონაწილე ვარ. ზოგადად ჩვენ მუზეუმებს, მედიათეკებს, ბიბლიოთეკებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. ასევე, მულტიფუნქციური კომპლექსების აშენება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან  მსგავსი სივრცეები ქალაქში რაც შეიძლება მეტი უნდა არსებობდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერიის ინფორმაციით, მუზეუმის არსებობის განმავლობაში, პირველად ჩატარდა მისი სარემონტო და ინფრასტრუქტურული განახლება, რადგან შენობა და ექსპოზიციური სივრცეები თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ პასუხობდა.რეაბილიტაციის შედეგად, მუზეუმის ფართობი საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო ინტენსიური მუშაობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექსპოზიციის მოსაწყობად. მუზეუმი აღიჭურვა უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას იძლევა, უკეთ წარმოჩნდეს მერაბ კოსტავას ცხოვრება, მოღვაწეობა და მისი როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ასევე შეიქმნა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე და ფონდსაცავი, რაც მუზეუმში დაცული 20 000-ზე მეტი ექსპონატის სათანადო შენახვას უზრუნველყოფს.გარდა ამისა, რეაბილიტაციის ფარგლებში კეთილმოეწყო მუზეუმის ეზო, რომელიც გაფართოვდა და დამთვალიერებლისთვის კომფორტულ სივრცედ გადაიქცა. მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ 1 740 000 ლარი შეადგინა.თბილისის მერთან ერთად, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი მერის მოადგილეებმა ანდრია ბასილაიამ და კახა აბულაძემ, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიგა დაიაურმა, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წევრებმა დაათვალიერეს“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

გიორგი შარაშიძე: არაფერი გვაქვს საერთო იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პასუხისმგებლობას არ იღებენ, ახალ სცენარებს ალაგებენ, მათთან არანაირი კავშირი არ გვექნება, დიდი ხანია, ხაზი გადავუსვით

ჩვენი პარტია პირველივე წუთიდან გაემიჯნა ამ იდიოტობას და მავნებლობას, არამხოლოდ მშვიდობიანი დამხობის სცენარს, არამედ ბოიკოტს და ამისთვის 4 ოქტომბრის არჩევნებზე საკმარისი მსხვერპლი გავიღეთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაძემ განაცხადა.მისი თქმით, მომხდარმა პარტია გააძლიერა და მისი წევრები დაარწმუნა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება სწორი იყო.„გარკვეული დარტყმა საკუთარ თავზე მივიღეთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სწორი იყო და ასეც გავაგრძელებთ. არაფერი გვაქვს საერთო იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან იმ ადამიანებს, ვინც გააუბედურეს საკუთარი უპასუხისმგებლობის გამო. მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ. ჩვენს პოლიტიკურ ძალას მათთან არასდროს, არანაირი კავშირი არ ექნება, ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, დიდი ხანია, მათ ხაზი გადავუსვით. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ამ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა და გვესმის, რომ ამისთვის კიდევ ბევრი მსხვერპლის გაღება მოგვიწევს, მაგრამ მზად ვართ, ეს გამოწვევა მივიღოთ ამომრჩეველთან ერთად, რომელიც ხედავს, რომ ბოიკოტის კამპანია შეცდომა და მავნებლობა იყო, აღარაფერს ვამბობ მშვიდობიან დამხობაზე. მიხვდებიან, რომ არჩევანი უნდა გააკეთონ არა ისეთ უპასუხისმგებლო პარტიებზე, რომელთა გამოც მოხდა ყველაფერი, არამედ ჩვენი პოლიტიკური ძალის მსგავს გონიერ, ზომიერ, პასუხისმგებლიან, პრაგმატულ, რაციონალურ პოლიტიკურ ძალაზე“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ბოლო სიახლეები