„როგორ შეიძლება, რომ რეგიონში, სადაც ხალხები საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, ვაჭრობდნენ და მეზობლობდნენ, ჩვენი ქვეყნების მარცვლეული ათასობით კილომეტრის დაშორებით, ლათინური ამერიკიდან შემოდიოდეს, ხოლო ხორცი — ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან, მაშინ როდესაც რეგიონული ბაზრები ერთმანეთთან სულ მცირე მანძილით არიან დაშორებული?“ — წერს ელჩი.
,,ბოლო დღეებში, საქართველოს ერთ-ერთ გავლენიან ოფიციალურ პირთან საუბრისას შევეხე საკითხს, რომელიც დღემდე მაფიქრებს.
ვთქვი, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ჩემი, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩისა საქართველოში, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო გზის გახსნა საქართველოს მარცვლეულის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის, რათა ისინი გასულიყო ირანის 95-მილიონიან ბაზარზე, ასევე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე. მჯეროდა, რომ ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართველი ფერმერებისთვის, ასევე მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩაითვლებოდა სასურსათო უსაფრთხოებისა და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.
თუმცა ადმინისტრაციულმა სირთულეებმა, დოკუმენტაციის მოთხოვნებმა და გარკვეულმა მარეგულირებელმა ბარიერებმა არ მოგვცა საშუალება, რომ ეს მნიშვნელოვანი პოტენციალი იმ შედეგამდე მიგვეყვანა, რასაც ველოდით.
დღეს, როდესაც საინფორმაციო საშუალებებით წავიკითხე, რომ გასულ წელს აღებული მარცვლეულის დაახლოებით 15% კვლავ საწყობებშია დარჩენილი და ახალი მოსავლის აღების დაწყებასთან ერთად თავისი ეკონომიკური და სასურსათო ღირებულების ნაწილს კარგავს, საკუთარ თავს ვკითხე: ნუთუ ეს მართლაც გარდაუვალი რეალობაა?
როგორ შეიძლება, რომ რეგიონში, სადაც ხალხები საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, ვაჭრობდნენ და მეზობლობდნენ, ჩვენი ქვეყნების მარცვლეული ათასობით კილომეტრის დაშორებით, ლათინური ამერიკიდან შემოდიოდეს, ხოლო ხორცი — ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან, მაშინ როდესაც რეგიონული ბაზრები ერთმანეთთან სულ მცირე მანძილით არიან დაშორებული?
შესაძლოა, დადგა დრო, გულწრფელად დავსვათ კითხვა: რეგიონული ვაჭრობის ყველაზე დიდი დაბრკოლება ნამდვილად შესაძლებლობების ნაკლებობაა, თუ უფრო მეტად — რეგულაციების სირთულე და ეფექტიანი მექანიზმების არარსებობა?
მე კვლავ მჯერა, რომ კავკასიისა და დასავლეთ აზიის მომავალი, პირველ რიგში, ეკონომიკურ თანამშრომლობაში, ბაზრების ურთიერთდაკავშირებასა და ურთიერთნდობაშია. თუ შევძლებთ ზედმეტი ბარიერების შემცირებას, ამით სარგებელს მიიღებენ არა მხოლოდ ქართველი ფერმერები, არამედ მწარმოებლები, მომხმარებლები და მთელი რეგიონის ეკონომიკები.
იმედი მაქვს, ეს საკითხი გახდება კონსტრუქციული დიალოგის დასაწყისი ხელისუფლების წარმომადგენლებს, კერძო სექტორს, ექსპერტებსა და მოქალაქეებს შორის. შესაძლოა, ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ საქართველოსა და ირანისთვის არ იყოს მნიშვნელოვანი — ის შეიძლება იქცეს მთელი რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის მომავლის მოდელად”-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში.

