თბილისმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის კავშირის პრეზიდენტ ლასლო ტოთთან ერთად კონტინენტის პირველობის დასკვნით საშეჯიბრო დღეს დაესწრო.
ჩემპიონატის მეოთხე დღეს ჩემპიონობა იზეიმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ), ბრინჯაოს მედალი კი ილია სულამანიძემ (-100 კგ) მოიპოვა.
საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ შვიდი – ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს – მედალი მოიპოვა; შედეგად გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტებმა პირველად მოიპოვეს ოთხი ოქროს მედალი და ისტორიაში პირველად საქართველოს ოთხი ევროპის ჩემპიონი ჰყავს. ჩემპიონობა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ), ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100) იზეიმეს. ვერცხლის მედლები გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს პრიზიორი კი ილია სულამანიძე (-100 კგ) გახდა.
კონტინენტის პირველობა 16 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში 46 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველომ ევროპის ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლა, ასპარეზობა პირველად 2009 წელს ჩატარდა.

