„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანმიმდევრულად უჭერს მხარს კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვის, მწვანე ტექნოლოგიების, ენერგეტიკული ტრანზიციისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით სამეცნიერო კვლევების გაძლიერებას. ჩვენთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაცია, ევროპულ სამეცნიერო პროგრამებში აქტიური მონაწილეობა და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა”, – ამის სესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ (პრეზიდენტი) პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე – „შავი ზღვის უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები კლიმატის ცვლილების კონტექსტში“, განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ევროკავშირის Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის (2021-2027) ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო საგრანტო პროექტის – „წყალმცენარეების პოტენციალის გამოყენება დაბინძურების შემცირებისა და ლურჯი ზრდისთვის – ALGAEREVIVE“ – ეგიდით, ბათუმში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა და პროექტის კოორდინატორმა საქართველოდან, პროფესორმა გივი გავარდაშვილმა გახსნა.
„კონფერენცია განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ის ეძღვნება არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებას, არამედ იმ ფუნდამენტური გამოწვევების გააზრებას, რომელთა წინაშეც თანამედროვე ცივილიზაცია დგას. კლიმატის ცვლილება XXI საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი გლობალური გამოწვევაა, რომლის შედეგები უკვე მკაფიოდ აისახება როგორც ბუნებრივ გარემოზე, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებზე. შავი ზღვა წარმოადგენს უნიკალურ ბუნებრივ სისტემას, რომლის მდგრადობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს რეგიონის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კლიმატურმა ცვლილებებმა, ანთროპოგენულმა ზეწოლამ და მზარდმა გარემოსდაცვითმა რისკებმა ახალი გამოწვევები შექმნა ზღვის ეკოსისტემებისთვის. სწორედ ამიტომ, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის როლი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში გივი გავარდაშვილმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებას გარემოსდაცვითი მიმართულებით. როგორც პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ აღნიშნა, თანამედროვე გამოწვევების ეფექტიანი მართვა შეუძლებელია საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე. კლიმატის ცვლილებას არ გააჩნია სახელმწიფო საზღვრები. შესაბამისად, არც მის წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება იყოს ლოკალური. მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, სამეცნიერო ცოდნის ინტეგრირებითა და საერთო პასუხისმგებლობით შევძლებთ შევინარჩუნოთ შავი ზღვის ეკოსისტემა მომავალი თაობებისთვის.
„კონფერენცია ტარდება ევროკავშირის Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი საერთაშორისო პროექტის – „წყალმცენარეების პოტენციალის გამოყენება დაბინძურების შემცირებისა და ლურჯი ზრდისთვის – ALGAEREVIVE“ – ეგიდით. ეს პროექტი ნათლად ასახავს თანამედროვე ევროპული სამეცნიერო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრას ინოვაციებზე, კვლევებსა და ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყალმცენარეების, როგორც ეკოლოგიური და ეკონომიკური რესურსის, კვლევა. თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურა მათ განიხილავს არა მხოლოდ როგორც ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვან კომპონენტს, არამედ როგორც ეფექტიან მექანიზმს წყლის ეკოსისტემების აღდგენის, ნახშირბადის სეკვესტრაციის, ბიოპროდუქტების წარმოებისა და მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარებისათვის. სწორედ ასეთი ინტერდისციპლინური მიდგომები ქმნის საფუძველს იმ ტრანსფორმაციული ცვლილებებისთვის, რომლებიც აუცილებელია კლიმატის ცვლილების პირობებში მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. საქართველო, როგორც შავი ზღვის აუზის მნიშვნელოვანი ქვეყანა, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს რეგიონში ეკოლოგიური უსაფრთხოების, მდგრადი განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუცია – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – აქტიურადაა ჩართული ამ პროცესებში და დიდი წვლილი შეაქვს საერთო მიზნების განხორციელებაში. დარწმუნებული ვარ, რომ კონფერენციის ფარგლებში განხილული მოხსენებები, დისკუსიები და სამეცნიერო შედეგები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კლიმატის ცვლილების პირობებში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, ეკოლოგიური მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების საკითხების უკეთ გააზრებასა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავებაში“, – აღნიშნა ზურაბ გუდავაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 40-მა წამყვანმა დელეგატმა. საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება წარმოდგენილი იყო უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთისა და მოლდოვის რესპუბლიკის წამყვანი ინსტიტუციებით. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შავი ზღვის აკადემიისა და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მეცნიერები, აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს (NEA) ექსპერტები.

