კვირა, ივლისი 5, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის ვიცე-რექტორს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA)
ვიცე-რექტორს, პროფესორ ვაფა კაზდალს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, მხარეებს შორის საუბარი შეეხო სტუ-სა და ADA-ს შორის
აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის განვითარებას, სამეცნიერო წრეებისა და
ახალგაზრდა თაობების დაახლოებას ერთობლივი პროექტებისა და საგანმანათლებლო
პროგრამების განხორციელების გზით. მხარეებმა, ასევე, განიხილეს საუნივერსიტეტო
სივრცეში ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტების მაქსიმალური ინტეგრაციის
შესაძლებლობები.
შეხვედრას აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის მასწავლებელთა სემინარიის პროექტის
მენეჯერი, პროფესორი სამირა აღაევა და სტუდენტების მიღების სპეციალისტი მაჰნურ
აბასოვა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო
კოპალიანი, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული
პროფესორი თამარ წერეთელი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის
დეკანი, პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მრჩევლები – ზურაბ გუდავაძე და
კონსტანტინე ბასილაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების საუნივერსიტეტო ოფისის
ხელმძღვანელი, პროფესორი დევი ხვედელიანი, სტუ-ის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-
აკადემიური წრეებისა და საქართველოში აზერბაიჯანის სალჩოს წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა სამომავლოდ
აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან პარტნიორობით შესამუშავებელ
საგანმანათლებლო, კვლევით თუ კულტურულ-შემოქმედებით პროექტებსა და ერთობლივ
საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა გაცვლით
პროგრამებზე, რაც ორ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელედება.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიას შორის
არსებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელსაც ADA-ს რექტორის, პროფესორ ჰაფიზ
ფაშაევის ჩვენს უნივერსიტეტში ვიზიტისას, მიმდინარე წლის მაისში მოეწერა ხელი,
უპირველეს ყოვლისა, ვგეგმავთ ერთობლივი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო
პროგრამების შემუშავებას რამდენიმე მიმართულებით. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ
აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან კოლაბორაციით, შეიქმნება ერთობლივი სამუშაო
ჯგუფი, რომელიც, ასევე, აქტიურად იმუშავებს პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა
გაცვლითი პროგრამებისა და კვლევითი პროექტების მიმართულებითაც. ჯგუფი ორგანიზებას
გაუწევს პროფესიული ტრენინგების, ვორქშოფებისა და სამეცნიერო კონფერენციების
ჩატარებას, კულტურული და სპორტული ღონისძიებების დაგეგმვას, რაშიც აქტიურად
ჩაერთვებიან ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, რადგან ორივე მხარე
დაინტერესებული ვართ აზერბაიჯანელი სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში
სრულფასოვნად ინტეგრირების საკითხებით. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 500-
ზე მეტი ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტი იღებს განათლებას. მათ შორის ბევრია
მოტივირებული და მაღალრეიტინგული ახალგაზრდა, რომლებსაც სურვილი აქვთ,
მაქსიმალურად განვითარდნენ და პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. უნივერსიტეტისგან

მათ მუდამ ექნებათ მხარდაჭერა. ვფიქრობთ, რომ სწორედ ეთნიკურად აზერბაიჯანელი
სტუდენტები და კურსდამთავრებულები იქნებიან საქართველო-აზერბაიჯანს შორის
პარტნიორობის გაღრმავებისა და გაფართოების გარანტები. რაც მთავარია, ერთობლივი
მუშაობით ხელს შევუწყობთ ჩვენი ქვეყნების სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეებს შორის
თანამშრომლობის განვითარებას“, – განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.
როგორც აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ვაფა
კაზდალმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ADA-ს წარმომადგენლთა
ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია ახალი პროექტების, ერთობლივი საგანმანათლებლო
პროგრამების შემუშავებისა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განვითარების
მიმართულებით. მისი თქმით, ქმედითი პარტნიორობა მეტად გააღრმავებს ურთიერთობებს
ორი უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური პერსონალსა და სტუდენტებს შორის და
მოამზადებს მყარ ნიადაგს ახალი კვლევებისა და პროექტებისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის
დიპლომატიური აკადემიის წარმომადგენლებმა ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო
ბიბლიოთეკის რარიტეტული კოლექციები და სტუ-ის მე-9 სასწავლო კამპუსში
განთავსებული ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას
სახელობის უნიკალური სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიული
კომპლექსი დაათვალიერეს; შედგა ონლაინ შეხვედრა ბირთვული კვლევების ევროპულ
ორგანიზაციაში (CERN) სამუშაო ვიზიტით მყოფ სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და
საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ ზვიად
წამალაიძესთან, რომელმაც სტუმრებს CERN-ში, დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე
CMS ექსპერიმენტში სტუ-ის მეცნიერ-ფიზიკოსთა მიერ შესრულებული სამუშაოები
გააცნო და გლობალურ ექსპერიმენტებში უნივერსიტეტის მკვლევართა ჩართულობის
შესახებ ესაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, ADA-ს წარმომადგენლები სტუ-ის ინფორმატიკისა
და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო პროექტებს გაეცნენ და
უნივერსიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
21.11.2023

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველომ ერთა თასზე ურუგვაი დაამარცხა

მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის პირველი მატჩი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მონტევიდეოში ურუგვაის ნაკრებთან გამართა და მეტოქე ბონუსქულით 41:34 დაამარცხა.

„რაც შეეხება საქართველოში UFC-ის ჩატარებას… როგორც ვიცი, ეს იქნება შემდეგ წელს – 2027 წელს…“ – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა.დვალიშვილი ამბობს, რომ   2027 წელს საქართველოში UFC-ის ჩატარება იგეგმება.„რაც შეეხება საქართველოში UFC-ის ჩატარებას - ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. როგორც ვიცი, ეს იქნება შემდეგ წელს - 2027 წელს, გაზაფხულზე. ვნახოთ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება ღმერთის წყალობით.ჩვენი ქართველი მებრძოლები და იმედია მეც ვიბრძოლებ აქ და იმედია სხვა ქართველი მებრძოლებიც შემოგვიერთდებიან.UFC-ის მოთხოვნა იყო, რომ 15 000 კაციანი დარბაზი სჭირდებოდათ, მაგრამ ჩვენ ეგეთი არ გვაქვს - ყველაზე მაქსიმუმი 10 000 კაციანი დარბაზი გვაქვს, ახალი სპორტის სასახლე და ეგ არის მე მგონი ლოკაცია“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი ჟურნალისტებთან.

ფილარმონიიდან პარლამენტამდე ლოზუნგით ,,ერთად სინდისის პატიმარი ქალების თავისუფლებისთვის”, მარში გაიმართა – რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს შეუერთდნენ შაბათის ტრადიციული მარშის მონაწილეები, ლოზუნგით ,,ერთად სინდისის პატიმარი ქალების თავისუფლებისთვის”. მოქალაქეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები სხვადასხვა შინაარსის წარწერით: ,,რეჟიმი, რომელსაც ქალების ეშინია, უკვე დამარცხებულია”, ,,თავისუფლება სინდისის პატიმარ ქალებს”. აქციის მონაწილეების თქმით, ქალი პოლიტიკოსების და ასევე, ჟურნალისტი მზია ამაღლობელის პატიმრობით ,,ქართულ ოცნებას” სურს, საზოგადეობას დაანახოს, რომ “ბრძოლაში ქალების ადგილი არ არის”. პარლამენტთან მოქალაქეები ყოველდღიურად უკვე ერთ წელზე მეტია, იკრიბებიან. ისინი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

5 ივლისიდან 2026 წლის საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.„საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებისათვის საგამოცდო პროცესი 5 ივლისს დაიწყება და 29 ივლისს დასრულდება.5 ივლისს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩატარდება, რომლისთვისაც 3600-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.მნიშვნელოვანია, რომ გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, მასზე მითითებულ დროსა და ადგილას.საგამოცდო ცენტრებში სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, ალი მოჯანი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, სადაც საქართველო-ირანის ეკონომიკური თანამშრომლობისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის პერსპექტივებზე საუბრობს

„როგორ შეიძლება, რომ რეგიონში, სადაც ხალხები საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, ვაჭრობდნენ და მეზობლობდნენ, ჩვენი ქვეყნების მარცვლეული ათასობით კილომეტრის დაშორებით, ლათინური ამერიკიდან შემოდიოდეს, ხოლო ხორცი — ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან, მაშინ როდესაც რეგიონული ბაზრები ერთმანეთთან სულ მცირე მანძილით არიან დაშორებული?“ — წერს ელჩი.,,ბოლო დღეებში, საქართველოს ერთ-ერთ გავლენიან ოფიციალურ პირთან საუბრისას შევეხე საკითხს, რომელიც დღემდე მაფიქრებს. ვთქვი, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ჩემი, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩისა საქართველოში, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო გზის გახსნა საქართველოს მარცვლეულის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის, რათა ისინი გასულიყო ირანის 95-მილიონიან ბაზარზე, ასევე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე. მჯეროდა, რომ ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართველი ფერმერებისთვის, ასევე მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩაითვლებოდა სასურსათო უსაფრთხოებისა და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. თუმცა ადმინისტრაციულმა სირთულეებმა, დოკუმენტაციის მოთხოვნებმა და გარკვეულმა მარეგულირებელმა ბარიერებმა არ მოგვცა საშუალება, რომ ეს მნიშვნელოვანი პოტენციალი იმ შედეგამდე მიგვეყვანა, რასაც ველოდით. დღეს, როდესაც საინფორმაციო საშუალებებით წავიკითხე, რომ გასულ წელს აღებული მარცვლეულის დაახლოებით 15% კვლავ საწყობებშია დარჩენილი და ახალი მოსავლის აღების დაწყებასთან ერთად თავისი ეკონომიკური და სასურსათო ღირებულების ნაწილს კარგავს, საკუთარ თავს ვკითხე: ნუთუ ეს მართლაც გარდაუვალი რეალობაა? როგორ შეიძლება, რომ რეგიონში, სადაც ხალხები საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, ვაჭრობდნენ და მეზობლობდნენ, ჩვენი ქვეყნების მარცვლეული ათასობით კილომეტრის დაშორებით, ლათინური ამერიკიდან შემოდიოდეს, ხოლო ხორცი — ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან, მაშინ როდესაც რეგიონული ბაზრები ერთმანეთთან სულ მცირე მანძილით არიან დაშორებული? შესაძლოა, დადგა დრო, გულწრფელად დავსვათ კითხვა: რეგიონული ვაჭრობის ყველაზე დიდი დაბრკოლება ნამდვილად შესაძლებლობების ნაკლებობაა, თუ უფრო მეტად — რეგულაციების სირთულე და ეფექტიანი მექანიზმების არარსებობა? მე კვლავ მჯერა, რომ კავკასიისა და დასავლეთ აზიის მომავალი, პირველ რიგში, ეკონომიკურ თანამშრომლობაში, ბაზრების ურთიერთდაკავშირებასა და ურთიერთნდობაშია. თუ შევძლებთ ზედმეტი ბარიერების შემცირებას, ამით სარგებელს მიიღებენ არა მხოლოდ ქართველი ფერმერები, არამედ მწარმოებლები, მომხმარებლები და მთელი რეგიონის ეკონომიკები. იმედი მაქვს, ეს საკითხი გახდება კონსტრუქციული დიალოგის დასაწყისი ხელისუფლების წარმომადგენლებს, კერძო სექტორს, ექსპერტებსა და მოქალაქეებს შორის. შესაძლოა, ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ საქართველოსა და ირანისთვის არ იყოს მნიშვნელოვანი — ის შეიძლება იქცეს მთელი რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის მომავლის მოდელად''-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები