კვირა, ნოემბერი 29, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ

„უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით ფასეულია ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული სტუდენტების მხარდაჭერა, მათი მოტივაციის გაძლიერება, მათი შემეცნების სურვილისა და პროფესიონალიზმისკენ სწრაფვის ხელშეწყობა. ეს ამხნევებს სხვა ახალგაზრდებსაც და აძლევს რწმენას, რომ მათი შრომაც აუცილებლად დაფასდება. მსგავსი მიდგომა კი საქართველოს მდგრადი მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის საიუბილეო ღონისძიებაზე განაცხადა, რომელზეც ფონდის პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალრეიტინგულ სტუდენტებს სტიპენდიები გადაეცათ.

როგორც სტუ-ის მერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი ფაკულტეტის აკადემიური მოსწრების მხრივ უმაღლესი რეიტინგის მქონე ოთხი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტი გახდა. ოთხივე მათგანს მიმდინარე აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ფონდის სტიპენდია მოიპოვეს მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრის უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებმა: მარიამ ჯანიაშვილმა – სამშენებლო ფაკულტეტიდან; გურამ ნაცვლიშვილმა – არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან; ნანა ლაბაძემ – აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან; ლიზი ბაგაშვილმა – სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტიდან;

პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შერჩეულ 20 სტიპენდიანტს ფონდის დამფუძნებელი, ბიზნესმენი და მეცენატი თამაზ ბექაია, საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი ლევან ბექაია და ფონდის პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შეხვდნენ, ფონდის მიმდინარე და სამომავლო ინიციატივები გააცნეს, სტიპენდიის მოპოვება მიულოცეს და წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. როგორც მათ აღნიშნეს, თითოეული წარჩინებული ახალგაზრდა სემესტრის მანძილზე, ფონდისგან ყოველთვიურ სტიპენდიას 300 ლარის ოდენობით მიიღებს.

სტიპენდიანტებთან ერთად საგანმანათლებლო ფონდის დაარსებიდან 5 წლის საიუბილეო ღონისძიებაში ფონდის პარტნიორი ექვსი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები, ვიცე-რექტორები, წარმომადგენლები, ასევე, საჯარო სკოლების ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი, ასევე, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე – ასოცირებული პროფესორი თამარ ჭანტურია, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გია ჭიჭინაძე და სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ნინო მაისურაძე.

დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტიპენდიანტმა სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადეს. მათი თქმით, სტიპენდიის მოპოვება ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც არის, ამასთან ერთად, ახალგაზრდებს ცოდნის მეტად გაღრმავებისკენ უბიძგებს და ახალი აკადემიური წარმატებებისკენ გზას უხსნის. როგორც მათ აღნიშნეს, სახელმწიფო სტიპენდიასთან ერთად ფონდის სტიპენდია მათ აძლევს შესაძლებლობას, სრულად კონცენტრირდნენ სწავლაზე, აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და მომავალში საკუთარი ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოახმარონ.

 

სტუ-ის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს საიუბილეო თარიღი მიულოცა, სწავლის წახალისებისა და ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებისთვის, მადლობა გადაუხადა, სტიპენდიანტებს კი წარმატებები უსურვა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით ვულოცავთ თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს, მის დამფუძნებელს საიუბილეო თარიღს. განსაკუთრებით დასაფასებელია ფონდის თანმიმდევრული მხარდაჭერა ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდების მიმართ, რითაც ეს მეცენატი ორგანიზაცია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც ახალგაზრდების აკადემიური პოტენციალის სრულ გამოვლენას, ისე ქვეყნის ინტელექტუალური რესურსის გაძლიერებას. ჩვენთვის, როგორც უმაღლესი საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლისთვის, უმნიშვნელოვანესია ისეთი ინიციატივები, რომლებიც ზრდის აკადემიურ მოტივაციას, ახალგაზრდებს უქმნის შესაძლებლობას, სრულად კონცენტრირდნენ პროფესიულ და სამეცნიერო განვითარებაზე. მადლობას ვუხდით ფონდს ამ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის და გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მასშტაბური და შედეგიანი პროექტებით გაგრძელდება. სტიპენდიანტებს ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და ახალ წარმატებას და რაც მთავარია პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას საქართველოს საკეთილდღეოდ“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.

ცნობისათვის, დაარსებიდან 5 წლის მანძილზე თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს 185 სტიპენდიანტი და 30 პრემიის მფლობელი ჰყავს, მათ შორის 33 ახალგაზრდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებულია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და 6 პარტნიორ უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, ყოველსემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველაზე მაღალრეიტინგულ აბიტურიენტებს, ყოველწლიურად, ერთჯერადი პრემიით აჯილდოებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით ონი-საკაოს ცენტრალურ გზაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია

ონი-საკაოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ქვის ლოდების ინტენსიური ცვენის გამო, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია.ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.მათივე ცნობით, მეწყრის შედეგად, სავარაუდოდ, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი ბოძი, რის გამოც შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.„სტიქიის ზონაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. მათ ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს და ალტერნატიული შემოვლითი გზის შესაძლო მარშრუტი დაათვალიერეს.გეოლოგების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე უსაფრთხოებას პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილთან სატრანსპორტო კავშირი შეზღუდული აქვს ოთხ სოფელს: საკაოს, მაჟიეთს, ბორცოსა და ხიდეშლებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ კავშირზე არიან მოსახლეობასთან და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას უზრუნველყოფენ“, – აღნიშნულია ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თაკო ჩარკვიანი – გააძევეთ და ჩამოაგდეთ ტრიბუნიდან ეს „გაზპრომის ვირთხა“ ჩერგოლეიშვილი, როგორც ლენინი და კრუპსკაია, უკვე ასეა ეს ცოლ-ქმარი

პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ გუშინდელ აქციაზე თამარ ჩერგოლეიშვილის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ჩერგოლეიშვილს „გაზპრომის ფედერალისტს“ და „გაზპრომის ვირთხას“ უწოდებს.ამასთან, როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, ყველას ახსოვს, რომ ჩერგოლეიშვილი ყოფილი ხელისუფლების დროს „გადასარევად გრძნობდა თავს“.„გააძევეთ და ჩამოაგდეთ ტრიბუნიდან ეს „გაზპრომის ვირთხა“ ჩერგოლეიშვილი. როგორც ლენინი და კრუპსკაია, უკვე ასეა ეს ცოლ-ქმარი. ვაი იმ უტვინოს ან ამ „თაღლითისნაირს“, ვინც ვერ ხვდება, ეს დუპლეტი ვინ არის და ვის დავალებას ასრულებს, ქმართან – ბოკერიასთან ერთად, ეს „გაზპრომის“ ვირთხა. უშიშროების საბჭოს მდივანი რომ ჰყავდა ქმარი და პასუხი რომ არასოდეს მოსთხოვეს „ჩადენილზე“ ამ საბოტაჟის მომწყობს, ახლა რომ გაჰკივის ეს ქალი, ავტოკრატია იყოო ყოფილი ხელისუფლების დროსო. ანუ, მე და ჩემი ქმარი ვიყავით ავტოკრატებიო. ყველას ახსოვს, რომ ეს ჩერგო გადასარევად გრძნობდა თავს. იმ ყოფილი ხელისუფლების დროს ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა ჰქონდა მის ქმარს და თუ ვინმე ეზიზღებოდა ხალხს, ეს სწორედ ბოკერიაა. ადამიანები ხელს სწორედ ბოკერიას ადებდნენ ციხის ბუნტის თუ სხვა პატიმრების საქმეებში (დევს სასამართლო ჩვენებები ღიად). საბოტაჟში დებდნენ ბრალს ადამიანები, ხოლო ამ თაღლითი ჩერგოლეიშვილის პროტესტი კი არ მახსენდება. იმ ყოფილი ხელისუფლების დროს ავტოკრატია იყოო, ახლა რომ გაჰკივის, „გრიალი“ და მის მიერ „გაზპრომიდან“ აღებული „მაყუთი“ კი გვახსოვს. არავის უხდის პუტინის „გაზპრომი“ ფულს ისე, ტყუილ-უბრალოდ არავის ამდიდრებს ოკუპანტი. ფაქტობრივად გუშინ აქციაზე ამ ქალმა თქვა, ავტოკრატი ვარო, ჰოდა, წაეთრიონ უნდა პოლიტიკიდან ავტოკრატები, რომ იყვნენ ეს და მისი ქმარი ბოკერია. ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მისცა ქალმა აქციაზე – ავტოკრატები ვიყავით მე და ჩემი ქმარიო, აი, ეს თქვა ამ „გაზპრომის ფედერალისტმა““, – დაწერა თაკო ჩარკვიანმა.„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში თაკო ჩარკვიანი ასევე წერს: „ისე, ერთი სიკეთე კია, ამ ჩერგო-ბოკერიამ გუშინ (ვფიქრობ, საბოლოოდ ) ამ მავნებლური ბანერით – რუსეთის საამებელი ბანერით დაასრულეს თავიანთი ბინძური, მრავალწლიანი პოლიტ „მოღვაწეობა“ (თან უტვინოც აღმოჩნდა და ვერ გათვალა) და ყველა ის „მოლიდერო“ პოლიტიკანი მათთან ერთად დასრულდება, ვინც ამ „გაზპრომის ვირთხებთან“ ერთად გააგრძელებს პოლიტიკურ წუმპეში გორაობას. სრულიად საქართველო, „იმისტი და ამისტი“ თანხმდება, რომ ეს ცოლ-ქმარი ნადეჟდა კრუპსკაია და ლენინივითაა. ზოგი ჭირი მარგებელიაო“.ცნობისთვის, 28 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტყვით არ გამოსულა. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. აქციის მონაწილეს, რომელსაც ბანერი ეჭირა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მიმართა: „პროვოკატორი ხარ?!“ როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე პროვოკაცია მოხდა. 

სიონის ტაძარში მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს – მას 1-ელ დეკემბერს ამავე ტაძრის ეზოში დაკრძალავენ

სიონის ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.მიტროპოლიტს 1-ელ დეკემბერს, სამშაბათს, დაკრძალავენ.მიტროპოლიტი აბრაამი თბილისში 28 ნოემბერს ჩამოასვენეს და სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენეს.საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ახლად შესვენებულ მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში 29 და 30 ნოემბერს აღევლინება. იგი 1-ელ დეკემბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ამავე ტაძრის ეზოში დაიკრძალება.ცნობისთვის, მიტროპოლიტი აბრაამი 25 ნოემბერს გარდაიცვალა. მანამდე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.

მიანმარში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამხედრო-საჰაერო და საარტილერიო დარტყმების შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა

მიანმარის დასავლეთ რაკჰაინისა და აღმოსავლეთ კაიაჰის შტატში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიანმარის სამხედრო საჰაერო და საარტილერიო დარტყმების შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მაცხოვრებლები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ავრცელებენ.ადგილობრივი ჰუმანიტარული მუშაკისა და ამბოხებული დაჯგუფების „არაკანის არმიის“ ინფორმაციით, სამხედრო გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ორი ცალკეული თავდასხმა ქალაქ მრაუკ-უზე, დასავლეთ რაკაინის შტატში განახორციელა. გამანადგურებელმა პირველი ბომბი დაახლოებით 16:00 საათზე ჩამოაგდო, მეორე კი –  19:50 საათზე.„როიტერის“ ცნობით, მიანმარი არეულობაშია მას შემდეგ, რაც სამხედროებმა 2021 წელს გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდნენ. სამოქალაქო ომის გაჩაღებამ დაახლოებით 100 000 ადამიანი იმსხვერპლა და 3.5 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი გახადა.

გენო პეტრიაშვილმა კუბელი მეტოქე 6:0 დაამარცხა და RAF-ის საჩემპიონო ბრძოლაში იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია Real American Freestyle-ის (RAF) მე-15 ტურნირზე კუბელი მეტოქე იონგერ ბასტიდა 6:0 დაამარცხა.ქართველმა მძიმეწონოსანმა შეხვედრა სრული კონტროლით წარმართა - მეტოქეს ხალიჩის საზღვრები ოთხჯერ დაატოვებინა, დამატებით ორი ქულა კი კონტრშეტევისას აიღო. ჩიკაგოში გამართულ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებით პეტრიაშვილმა მძიმე წონის საჩემპიონო ქამრის პრეტენდენტის სტატუსი მიიღო. ტიტულისთვის იგი ამერიკელ უაიატ ჰენდრიქსონს შეხვდება - საჩემპიონო ბრძოლა 19 დეკემბერს ნიუ-იორკში, RAF 16-ზე გაიმართება. ეს პეტრიაშვილის მეორე წარმატებაა აღნიშნულ ორგანიზაციაში.სადებიუტო შეხვედრა მან ივლისში, საქართველოში გამართა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. RAF-ში ჩატარებულ ორ ორთაბრძოლაში ქართველ მოჭიდავეს ჯამში 16 ქულა აქვს დაგროვებული, საკუთარი ქულა კი ჯერჯერობით არცერთ მეტოქეს არ აუღია.

ბოლო სიახლეები