სამშაბათი, ნოემბერი 3, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ცნობილ მეცნიერს, ინჟინერსა და საზოგადო მოღვაწეს, აკადემიკოს რამაზ ხუროძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, ცნობილ მეცნიერს, ინჟინერსა და საზოგადო მოღვაწეს, 1993-2006 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, საქართველოს პრეზიდენტის ოქროს მედლისა და ღირსების ორდენის კავალერს, სტუ-ის გიორგი ნიკოლაძის მედლის მფლობელს, ღრმა ერუდიციითა და პიროვნული თვისებებით გამორჩეულ მკვლევარსა და შესანიშნავ პედაგოგს, აკადემიკოს რამაზ ხუროძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წიაღიდან გამოსულ გამოჩენილ მეცნიერს, ინჟინერს, საზოგადო მოღვაწეს, ჩვენს ერთ-ერთ ყოფილ სახელოვან რექტორს, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიკოს რამაზ ხუროძეს – გამორჩეულს სამეცნიერო ნაშრომებით, მონოგრაფიებითა და გამოგონებებით, საუკეთესო პიროვნული თვისებებით დაჯილდოებულ კოლეგასა და უფროს მეგობარს, შესანიშნავ პედაგოგს, რომელიც ქვეყანას პროფესიონალთა და ცნობილ მკვლევართა თაობებს უზრდის – 80 წელი შეუსრულდა.

აკადემიკოსი რამაზ ხუროძე ქართველ მოაზროვნეთა თაობის ის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც თავდადებით იღვწის მეცნიერების განვითარებისთვის და მრავალი ათეული წელია მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო თემებზე, როგორიცაა: მართვის მრავალელემენტიანი დარეზერვებული აღდგენადი სისტემების საიმედოობრივი დაგეგმვა, მათემატიკური მოდელირება, ხელოვნური ინტელექტის ამოცანები, სახეთა ამოცნობის პროცესისთვის ნეირონული ქსელების გამოყენება და სხვა. მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია მრავალ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებში, ბელგიასა და უკრაინაში.

ცხოვრების მისეული გზა, საერთაშორისო ავტორიტეტი და საყოველთაო აღიარება სამშობლოსთვის გაწეული დიდი ღვაწლის ჭეშმარიტი დადასტურებაა. მისი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, სხვადასხვა დროს, არაერთი ჯილდოთი, ღირსების ორდენით, საქართველოს პრეზიდენტის ოქროს მედლით, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემიითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის მედლით აღინიშნა. ის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისა და ორგანიზაციის ნამდვილი წევრია, მათ შორისაა Sigma Xi და the Scientific Research Society-ი.

შესაშური და ცალკე აღნიშვნის ღირსია ის განუზომელი ენთუზიაზმი და სიყვარული, რომლითაც აკადემიკოსი რამაზ ხუროძე მეცნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან მუშაობს, უთმობს უდიდეს დროს, უღვივებს მათ შემეცნებისა და ახლის ქმნადობის სურვილს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გულითადად ვულოცავთ ბატონ რამაზს ღირსშესანიშნავ თარიღს, ვუსურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, ოჯახის კეთილდღეობასა და წარმატებას სამეცნიერო მოღვაწეობაში, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სოფელ ლიხაურში მცხოვრებ ლევან გობრონიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრებ ლევან გობრონიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.ლევან გობრონიძეს დაუდგინდა მეოთხე სტადიის პაპილარული ადენოკარცინომა, დაავადება ორგანიზმში რამდენიმე ადგილას არის გავრცელებული და აქვს მეტასტაზები. იმუნოთერაპიის კურსის გაგრძელება ძვირი ჯდება, თითო დოზა დაახლოებით 5 000 დოლარი, რისი ფინანსური შესაძლებლობაც ოჯახს აღარ აქვს.დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშებზე:საქართველოს ბანკი – GE29BG0000000783944200თიბისი ბანკი – GE52TB7769445064300016მიმღები ლევან გობრონიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი მეცნიერის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილის გარდაცვალების გამო.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„თამაზ ნატრიაშვილის გარდაცვალებით ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ დაკარგა გამორჩეული მეცნიერი, მკვლევარი და ინოვატორი, რომლის მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა მნიშვნელოვანი წვლილია ქართული საინჟინრო მეცნიერებისა და ტექნოლოგიური დარგების განვითარებაში.მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა საავტომობილო ძრავების სიმძლავრის, ეკონომიური და ეკოლოგიური მაჩვენებლების კვლევასა და გაუმჯობესებას, ძრავებში ალტერნატიული საწვავის გამოყენებას, ახალი ტექნოლოგიური მანქანების შექმნას, სამანქანო სისტემების დინამიკური პროცესებისა და მყარი სხეულების დარტყმითი პროცესების შესწავლას, რობოტიზებული სისტემების დამუშავებასა და ენერგიის არატრადიციული წყაროების გამოყენებას.2006 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა პრიორიტეტულ სამეცნიერო პროგრამას - „ინოვაციური ტექნოლოგიების დამუშავება მანქანათმშენებლობასა და სატრანსპორტო საშუალებებში“, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი კვლევები განხორციელდა დისტანციურად მართვადი მობილური მანქანების, ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების ჩარხების შექმნისა და სამანქანო სისტემების დინამიკური პროცესების მიმართულებით.თამაზ ნატრიაშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 4 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო. მიღებული აქვს 11 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე და პატენტი. მისი ცოდნა, გამოცდილება, სამეცნიერო მიღწევები და ინოვაციური ხედვა მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული მეცნიერებისთვის.თამაზ ნატრიაშვილის სახელი და ღვაწლი მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართული სამეცნიერო საზოგადოების ისტორიაში.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მოწაფეებს და უსამძიმრებს მათ ამ მძიმე დანაკარგს.შვილის გარდაცვალებით გამოწვეული აუნაზღაურებელი ტკივილის მიუხედავად, მან ღირსებითა და თავდადებით განაგრძო ცხოვრება და მოღვაწეობა. დღეს კი მისი წასვლით კიდევ ერთი მძიმე დანაკლისი განიცადა ოჯახმა, მეგობრებმა და სრულიად ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ.ვუსამძიმრებთ ოჯახს, კოლეგებსა და სრულიად სამეცნიერო საზოგადოებას“, - აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტი – „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ დაიწყო

„სწავლა ადამიანის განვითარების საფუძველია, სპორტი ამ განვითარების მნიშვნელოვანი თანამგზავრი. განათლება გვაძლევს ცოდნას, გვივითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, გვასწავლის მოვლენების გააზრებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. სპორტი კი გვასწავლის მიზნის დასახვას, დისციპლინას, მოთმინებას, საკუთარი შესაძლებლობების რწმენასა და სირთულეების დაძლევას. ორივე მიმართულება მოითხოვს შრომას, თანმიმდევრულობასა და მუდმივ განვითარებას. ამ თვალსაზრისით, აკადემიური საქმიანობა და სპორტული აქტივობა ერთმანეთის შემავსებელია და ახალგაზრდას წარმატებისთვის აუცილებელი უნარების ჩამოყალიბებაში ეხმარება“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“-ის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, შიდასაუნივერსიტეტო პროექტი - „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ დაიწყო. პროექტის გახსნის ღონისძიება „ლისი ლემანსის“ ტერიტორიაზე გაიმართა და სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მიეძღვნა.სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნას, რათა მათ გამოავლინონ საკუთარი სპორტული, ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარები, ჩაერთონ სხვადასხვა სახის შეჯიბრებაში და წარმოაჩინონ როგორც ინდივიდუალური შესაძლებლობები, ისე გუნდური მუშაობის უნარი. ლევან ფიფიას თქმით, ფაკულტეტებს შორის ორგანიზებული აქტივობები ხელს შეუწყობს ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტუდენტებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.„სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“-ში მონაწილეობის უფლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს აქვთ. პროექტი სტუდენტებს საერთო სივრცეში აერთიანებს და საშუალებას აძლევს, საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ. სტუდენტური თამაშები ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდება და სპორტულ, ინტელექტუალურ და კულტურულ-შემოქმედებით აქტივობებს გააერთიანებს. პროგრამის მრავალფეროვნება მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებასა და ღონისძიებაში, გამოსცადონ საკუთარი ძალები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და ფაკულტეტებს შორის გუნდური თანამშრომლობის კულტურის განვითარებაში შეიტანონ წვლილი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტურნირის ციფრული მართვა სრულად Gamo-ს პლატფორმაზე განხორციელდება. Gamo ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც სამოყვარულო სპორტის ციფრულ ეკოსისტემას ქმნის - აერთიანებს მოთამაშეებს, სპორტულ სივრცეებსა და შეჯიბრებებს ერთ პლატფორმაზე. მონაწილეები და გულშემატკივრები თამაშების განრიგს, შედეგებსა და სატურნირო ცხრილებს gamo.ge-ზე გაეცნობიან. დაგროვილი შედეგები კი გუნდების სპორტულ ისტორიას შექმნის და მათი პროგრესის ანალიზის საფუძველი გახდება“, - აცხადებს ლევან ფიფია.სტუ-ის რექტორის თქმით, სასწავლო პროცესის მიღმა ორგანიზებული სპორტული, ინტელექტუალური და შემოქმედებითი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდებში პასუხისმგებლობის, დისციპლინის, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას. როგორ აკდემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, დაამყარონ ახალი ურთიერთობები და გააძლიერონ საკუთარი კავშირი საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან.„სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ თქვენი შესაძლებლობების გამოვლენის, ახალი გამოცდილების შეძენისა და ერთმანეთის უკეთ გაცნობის მნიშვნელოვანი ასპარეზია. ეს პროექტი აერთიანებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტისა და საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს და ქმნის სივრცეს, სადაც თითოეულ თქვენგანს შეუძლია საკუთარი მონაცემების წარმოჩენა.მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ფაკულტეტებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა. ჩვენ ერთი დიდი საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრები ვართ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ფაკულტეტზე ვსწავლობთ ან რომელ პროფესიულ მიმართულებას ვირჩევთ. საერთო მიზნები, ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის მხარდაჭერა აძლიერებს ჩვენს უნივერსიტეტს და ქმნის იმ გარემოს, რომელშიც თითოეულ სტუდენტს საკუთარი თავის რეალიზების მეტი შესაძლებლობა ეძლევა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტების მრავალმხრივ განვითარებას, ახალგაზრდული პოტენციალის გამოვლენასა და ჯანსაღი საუნივერსიტეტო გარემოს განმტკიცებას.დასასრულს, მინდა თითოეულ თქვენგანს წარმატება გისურვოთ სწავლაში, სპორტში, შემოქმედებით საქმიანობასა და ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში!“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ ორ თვეს გასტანს და მასში მონაწილეობას 2000-ზე მეტი სტუდენტი მიიღებს.

ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები

ციხისჯვრის პატარა მონასტერი და დიდი ისტორია - ამ ადგილას, ხილული სასწაულები ხდება, აქ მოსულებს ასე სჯერათ... ციხისჯვრის პატარა მონასტერი, საქართველოში, პირველი ტაძარია, რომელიც ღირსი მამა გაბრიელის სახელზე აშენდა.აქ მოსულები რწმენას, მამა გაბრიელის სარტყელთან მიჰყავს. მორწმუნენი ამბობენ, რომ, როცა ქამარს წელზე იკეთებ, კითხულობ ლოცვას და გულით სთხოვ შემწეობას მამა გაბრიელს, სარტყელი სასწაულებს ახდენს... არაერთი ისტორია დაწერილა და მოყოლილა ამ მონასტრის შესახებ. როგორც ამბობენ, სასწაულები სწორედ მაშინ ხდება, როცა მამა გაბრიელს წრფელი გულით შესთხოვ...„სატყელს სასწაულები მოუხდენია. აქ გვიდევს ხის ჯვარი, რომელიც გააკეთა კაცმა, რომელსაც შვიდი წელი შვილი არ ჰყავდა. სარტყლის გაკეთების შემდეგ მიეცა შვილი, ეს ჯვარი კი ტაძარს შემოსწირა.ბევრს უჩნდება შვილი. ვისაც გოგო უნდა და მამა გაბრიელს შესთხოვს უჩნდება გოგო, ვისაც ბიჭი უნდა, ვაჟის მშობელი ხდება“,- ამბობს დედა ნატალია.ასე რომ, თუ ბორჯომ-ბაკურიანის გზას დაადგებით, ციხისჯვრის ამ პატარა მონასტრის მონახულება, ნამდვილად ღირს.

გიგა ავალიანის დედა – ჩემ შვილს, ნიკას მალანიას ოჯახი ფსიქოლოგიურად ატერორებს

ჩემ შვილს, ნიკას, მალანიას ოჯახი ფსიქოლოგიურად ატერორებს , - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.კუპატაძის თქმით, მისი მეორე ვაჟის მიმართ მიდის სიტყვიერი და ემოციური ზეწოლა, რის გამოც ნიკა ავალიანი სასამართლო სხდომებზე აღარ დადის.“ჩემმა შვილმა, ნიკამ სასამართლოს შენობასთან რომ მიმიყვანა, დამტოვა, წავიდა და პარკინგზე იყო, მანქანაში მთელი ორი საათის განმავლობაში. ნიკას მალანიას ოჯახი ფსიქოლოგიურად ატერორებს, ესვრიან რეპლიკებს, გამომწვევად იქცევიან. თუ კი მოსამართლეს მალანიას მიმართ ემოციურ ზეწოლაზე ესაუბრებიან, მაშინ ამ ყველაფერს მოსამართლე ხომ უსმენს და უყურებს?! არ მინდა, მალანიების დონემდე დავიდე, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, რაც მეც გამაგონეს, ასეთი იყო - ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი მოვიდა, სასამართლო დარბაზის სარკმელში შეიხედა და ამბობს, ჩვენი ბიჭო უნდა დავინახოო… მე ვუთხარი, წამობრძანდით სასაფლაოზე და ჩემს ბიჭსაც გაჩვენებთ-მეთქი.მას შემდეგ, რაც ანი ნასყიდაშვილის დედამ და ადვოკატებმა დაინახეს, რომ ნიკაზე ფსიქოლოგიური დარტყმა კარგად გამოუვიდათ , ჩვენზე ამ რეპლიკებს, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს და არ არის მარტივი მოსასმენი, ნიკა უკვე აღარ დადის სასამართლო პროცესებზე”, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ბოლო სიახლეები