ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი აკადემიური საბჭოსა და სენატის წინაშე 2023 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშით წარსდგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის აკადემიური საბჭოს, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, სტუ-ის სენატის და ფაკულტეტების წარმომადგენლების წინაშე მოხსენებით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, კანცლერმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო გასული 2023 წლის განმავლობაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები და ასევე, სამომავლო გეგმები.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ უნივერსიტეტს, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გახდეს ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტი ინოვაციების მიმართულებით. შესაბამისად, მისთვის უმნიშვნელოვანესია იმ ძირითადი პრინციპების განხორციელება, რომელსაც ევროპის ინოვატორი უნივერსიტეტები ნერგავენ. მათ შორის უმთავრესია: სწავლა- სწავლებისა და კვლევის ერთიანობა; შედეგებზე და შესაძლებლობებზე ორიენტირებული რესურსების განაწილება, რომელიც კვლევებს დამატებით მოტივაციას და შესაძლებლობებს შეუქმნის დაფინანსებისათვის, როგორც შიდა, ისე საერთაშორისოდ აღიარებული დონორების მხრიდან და მმართველობის დაბალანსებული სტრუქტურის შექმნა.

„სწრაფვა ხარისხისაკენ და მუდმივი ძიება მართვის პროცესების გაუმჯობესებისათვის, სიახლეს არ წარმოადგენს. უნივერსიტეტისათვის, როგორც თავისუფალი აკადემიური სივრცისათვის, აუცილებელი კომპონენტია სწავლის, სწავლებისა და კვლევის ერთიანობა, რაც გულისხმობს სწავლისა და სწავლების პროცესში უახლესი კვლევის შედეგების გათვალისწინებას, სტუდენტის ჩართულობას კვლევის პროცესების გაანალიზებაში. აღნიშნული თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევის შედეგების ნაყოფიერ გამოყენებას საზოგადოებრივი დანიშნულებით და მათ ადაპტაციას სასწავლო პროგრამაში დასანერგად. სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა 2023 წლის ბიუჯეტი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2022-2028 წწ. განვითარების სტრატეგია შვიდი მიმართულებით ხორციელდება, რომელიც ასახულია უნივერსიტეტის 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის სხვადასხვა პროგრამებში. იგი ითვალისწინებს სტრატეგიული გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობას და მოიცავს ძირითადი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებს. უნივერსიტეტის განვითარების 2022-2028 წწ. სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას უკავია, რაშიც დიდ მხარდაჭერას გვიცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. უნივერსიტეტი დიდ სამუშაოს ეწევა საბაკალავრო STEM პროგრამების საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი 5 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამიდან ერთს „ბიოსამედიცინო ინჟინერია Biomedical Engineering” ABET ორგანიზაციის მიერ მიენიჭა აკრედიტაცია. დანარჩენი პროგრამების აკრედიტაციისათვის პროექტი გაგარძელდა 2024 წელს”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში კანცლერმა.

როგორც კანცლერმა განაცხადა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ზრუნავს თანამშრომელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზეც და ამ მიზნით ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა კორპორაციული დაზღვევის ხარჯები. უნივერსიტეტის მიზანია მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის გზით უზრუნველყოს სტუდენტების კონკურენტუნარიან, მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბება და მათი ჩართულობის გაზრდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. სტუდენტთა ხელშეწყობა გამოიხატება წარჩინებული სტუდენტებისათვის სახელმწიფო, თუ საფაკულტეტო სტიპენდიებით უზრუნველყოფაში, სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული შეღავათების დაწესებაში. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი. მისი თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი კურიკულუმს გარე აქტივობების ორგანიზებასა და დაფინანსებაში, მუდმივად ზრუნავენ სპორტისა და კულტურის პოპულარიზაციაზე, სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, უზრუნველყოფენ ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენას და მათ მონაწილეობას მსოფლიო და ეროვნულ უნივერსიადებში. პროგრამა მოიცავს ქვეპროგრამებს და ითვალისწინებს აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეთა ხელშეწყობას.

„2023 წლის განმავლობაში, აკრედიტაცია გაიარა 23 ახალმა პროგრამამ, რეკომენდაციების შესრულების ანგარიში-8 პროგრამამ, ხოლო აკრედიტაციის პირობების შემოწმება-4 პროგრამამ. პროცესი მოიცავს, როგორც პროგრამის მდგრადობის, ასევე ფინანსური მხარდაჭერის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და საბიბლიოთეკო ფონდის განახლების მონიტორინგს, რასაც უნივერსიტეტმა წარმატებით გაართვა თავი. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი-ს წევრი, რომელიც თავის მხრივ არის საერთაშორისო ორგანიზაციის (ბიბლიოთეკების ეროვნული კონსორციუმების კონსორციუმის) eIFL.net-ის წევრი. კონსორციუმი საშუალებას აძლევს ბიბლიოთეკებს შეღავათიან ფასად ინტერნეტის საშუალებით ისარგებლონ მსოფლიოს მრავალი ცნობილი გამომცემლობების ჟურნალებით, ელექტრონული წიგნებითა და სხვა მრავალი მონაცემთა ბაზებით. 2023 წლის განმავლობაში, უნივერსიტეტი აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში, ასევე მონაწილებდა ეროვნული ფედერაციების მიერ მოწყობილ ჩემპიონატებზე, კერძოდ, 2023 წლის საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ჩემპიონატში უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრებმა I საპრიზო ადგილი დაიკავა, ხოლო ქვიშის ფრენბურთში უნივერსიტეტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდების მიერ პირველი და მესამე ადგილები მოიპოვეს. უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი დაუმარცხებლად ატარებდა შეხვედრებს სტუდენტური A ლიგაში, ასევე, მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში (კალათბურთი U 22), უნივერსიტეტის ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები გუნდი წარმატებით ასპარეზობდა საქართველოს ხელბურთის 34-ე ეროვნულ ჩემპიონატში. მთელი წლის განმავლობაში ფაკულტეტებს შორის მიმდინარეობდა სპორტული ოლიმპიადა სხვადასხვა სპორტის სახეობებში. საქართველოს კუთხეების უკეთ გაცნობის მიზნით, ეწყობა ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისათვის, რაც ხელს უწყობს მათ დაახლოებას და შესაბამისად, ინტერნაციონალიზაციის გაღრმავებას. სტუდენტების მიერ ეწყობა ბევრი საინტერესო შეხვედრა, დისკუსია, პერსონალური გამოფენები უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში „გალერი“ და ასე შემდეგ”, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს კარლო კოპალიანმა აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრების კითხვებს გასცა პასუხები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ევრონიუსი“ – ირანის დაზვერვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით

ირანის დაზვერვის სამინისტროს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით. ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ შეთავაზება ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოს მეშვეობით გაკეთდა.არც თეთრ სახლს და არც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს განცხადება არ გაუვრცელებია.მანამდე, ირანის ელჩმა გაერო-ში ვაშინგტონთან მოლაპარაკებები გამორიცხა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი დარტყმები განახორციელეს.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანს საუბარი სურდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

Reuters – შრი-ლანკას სანაპიროსთან ირანულ სამხედრო გემზე დარტყმა აშშ-ის სამხედრო წყალქვეშა ნავიდან განხორციელდა

შრი-ლანკას სანაპიროსთან ირანული სამხედრო გემი აშშ-ის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად ჩაიძირა , - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის წყაროების ცნობით, ირანულ სამხედრო გემზე დარტყმა აშშ-ის სამხედრო წყალქვეშა ნავიდან განხორციელდა.მანამდე, შრი-ლანკის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ გემის ეკიპაჟის 32 წევრის გადარჩენა შეძლეს.ბოლო ინფორმაციით, ეკიპაჟის 148 წევრი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ტრამპმა უღალატა დიპლომატიას და ამერიკელებს, რომლებმაც ის აირჩიეს

ბატონმა ტრამპმა უღალატა დიპლომატიას და ამერიკელებს, რომლებმაც ის აირჩიეს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა.„რთულ ბირთვულ მოლაპარაკებებს უძრავი ქონების გარიგებად როცა აღიქვამენ და როდესაც დიდი ტყუილები რეალობას ფარავს, არარეალური მოლოდინები ვერასდროს შესრულდება. შედეგი? მოლაპარაკების მაგიდის აფეთქება ზიზღის გამო“, – დაწერა აბას არაღჩიმ. 

სახალხო დამცველი მიესალმება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2026-2027 სასწავლო წელს, საგამონაკლისო წესით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ იმ ბავშვებსაც, რომელთაც 6 წელი მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომართეს მშობლებმა, რომელთაც მიაჩნდათ, რომ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ირღვეოდა მათი შვილების უფლებები, ვინაიდან მათ უკვე გავლილი ჰქონდათ სასკოლო მზაობის ეტაპი და შეეძლოთ აღნიშნულის დადასტურებაც.„მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს მშობლების მიერ წამოჭრილ პრობლემებს და უზრუნველყოფს მითითებულ პერიოდში დაბადებული ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებას.სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ განათლების პოლიტიკის შემდგომი დაგეგმვის პროცესში ერთ-ერთ ძირითად პრინციპად გათვალისწინებული იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მსგავსი საკითხები განიხილება შესაბამისი დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელგანთქმულმა ჯაზ-ორკესტრმა საიუბილეო კონცერტი გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იოსებ ტუღუშის სახელობის ორკესტრს დაარსებიდან 88 წელი, ხოლო სახელგანთქმულ „გეპეის ჯაზს“ 78 წელი შეუსრულდა. საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრმა საიუბილეო თარიღებს გაზაფხულის პირველი კონცერტი მიუძღვნა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, კონცერტი, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯაზ-ორკესტრის ძველი და ახალი თაობის მუსიკოსები, ჯაზის და ბლუზის მომღერლები მონაწილეობდნენ, სტუ-ის მეორე სასწავლო კორპუსში, საუნივერსიტეტო სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სივრცეში, სრული ანშლაგით წარიმართა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ლეგენდარულმა ჯაზ-ორკესტრმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქვეყანას საერთაშორისო აღიარება არაერთგზის მოუტანა. რექტორის თქმით, ჯაზ-ორკესტრის ისტორია არა მხოლოდ მუსიკალური მემკვიდრეობის ქრონიკაა, არამედ უნივერსიტეტის კულტურული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველი უმაღლესი საინჟინრო სკოლა საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, ცნობილია თავისი მეცნიერებითა და ინჟინერიით, თუმცა მისი სული და ხასიათი სწორედ ისეთ შემოქმედებით კოლექტივებში იკვეთება, როგორიც ჩვენი სახელოვანი ჯაზ-ორკესტრია. მაესტრო იოსებ ტუღუშის ორკესტრმა და მის ბაზაზე გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩამოყალიბებულმა ლეგენდარულმა ჯაზ-ბენდმა ათწლეულების განმავლობაში შექმნა მაღალი პროფესიონალიზმის, შემოქმედებითი თავისუფლებისა და ტრადიციებისადმი ერთგულების უნიკალური სინთეზი.განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს, თითოეულ მუსიკოსს - როგორც ვეტერანს, ისე ახალგაზრდას - იმ თავდადებისა და ნიჭიერებისთვის, რითაც ეს საღამო დაუვიწყარ მოვლენად იქცა. მსმენელის ემოცია, სავსე დარბაზი და ხანგრძლივი ოვაციები ნათლად ადასტურებს, რომ საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრი ცოცხალი ლეგენდაა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თაობებს მომავალშიც გააერთიანებს და არაერთ წარმატებას მოუტანს ჩვენს ალმა-მატერს“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრის ტრადიციებსა და მის შემოქმედებით განწყობებზე ყურადღება გაამახვილა მუსიკალურმა ხელმძღვანელმა და დირიჟოორმა, მაესტრო ირაკლი კალმახელიძემ.„ჩემი ცხოვრება “გეპეის ჯაზ-ორკესტრს” 1968 წლიდან დავუკავშირე, მას შემდეგ, რაც პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი. ამ ჟანრს დიდმა მაესტრო სოსო ტუღუშმა მაზიარა და ვთვლი, რომ დღემდე მისი საქმის ერთგული გამგრძელებელი ვარ. 2018 წელს საუნივერსიტეტო ორკესტრმა 80 წლის იუბილე აღნიშნა და ფილარმონიასთან მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა. სწორედ მაშინ მიენიჭა ორკესტრს მაესტროს სახელი. ჩვენი ორკესტრის ისტორია 30-იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყება, სასულე ორკესტრს ნიკოლოზ თევზაძე ხელმძღვანელობდა, შემდეგ წლებში კი კოტე კარგარეთელი. მოგვიანებით, დორიან კიტიას მოსვლით ოქროს ხანა დაიწყო - 1957 წელს ჩვენი ორკესტრი მხოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის ლაურეატი გახდა. ორკესტრთან თანამშრომლობდნენ ცნობილი კომპოზიტორები: სანდრო მირიანაშვილი, კონსტანტინე პევზნერი, გოგი ცაბაძე, შოთა მილორავა, გია ყანჩელი, გურამ ბზვანელი და სხვები. ჩვენი ბიგ-ბენდი ერთგვარი სამჭედლო იყო ქართული ესტრადისა. აქ, ამ ორკესტრის წიაღში შეიქმნა ცნობილი მუსიკალური დუეტები, ტრიოები, მათ შორის ჯემალ სუხიშვილის ტრიო, გეპეის ცნობილი კვარტეტი - გურამ ბზვანელის ხელმძღვანელობით, ჯანსუღ კახიძის „შვიდკაცა“, ანსამბლი „რერო“. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ “გეპეის ჯაზ-ორკესტრთან“ შეიქმნა იმ დროისთვის სრულიად ახალი - კონფერანსიეს ჟანრი, რომლის ცნობილი წარმომადგენლებიც იყვნენ ბაჯული გელოვანი, პაატა კახნიაშვილი, აბესალომ ლორია, ირაკლი მამაცაშვილი, ქართლოს კასრაძე, გია ჭირაქაძე. ამ სცენაზე აიდგა ფეხი ჩვენი ესტრადის თითქმის ყველა ვარსკვლავმა, მათ შორისაა ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე, დემურ ცქიტიშვილი, სერგო გოცირიძე, ნიკო ჯადუგიშვილი, გიული ჩოხელი, ჯილდა დათუაშვილი, ჯანო ბაგრატიონი, ეთერ კაკულია, დები ჩაფიჩაძეები, ზურა კობეშავიძე, ეკა კვალიაშვილი, გია მაჭარაშვილი, თემურ თათარაშვილი, თეკლა კალმახელიძე, თემო საჯაია, ქეთი ორჯონიკიძე და მრავალი სხვა.ჩვენი ჯაზ-ორკესტრი დღეს უკვე ბრენდია, რომელიც ერთგულად აგრძელებს ძველ ტრადიციას და ქმნის ხარისხიან, მაღალი დონის პროდუქტს, რისი მიღწევაც შეუძლებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე. ჯაზ-ორკესტრის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს - აკადემიკოს დავით გურგენიძეს, კანცლერს - პროფესორ კარლო კოპალიანს, ვიცე-რექტორებს - თამარ წერეთელსა და თამარ ლომინაძეს, მთელ საუნივერსიტეტო საზოგადოებას - დიდი სიყვარულისთვის, ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის“, -ამბობს მაესტრო ირაკლი კალმახელიძე. სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელის, ბადრი ლებანიძის თქმით, საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრი ერთგულად აგრძელებს ტრადიციას და ახალ თაობას, ახალ რეპერტუართან ერთად, იმ პოპულარულ ქართულ თუ უცხოურ ჯაზურ კომპოზიციებს გადასცემს, რომლებსაც წინა თაობის ვარსკვლავები წარმატებით ასრულებდნენ. “თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯაზ-ორკესტრში ძველი და ახალი თაობის გასაოცარი, ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები უკრავენ: ირაკლი კვანჭიანი, თემურ მაისაშვილი, ცნობილი მეცნიერი - პროფესორი ამირან ცქიტიშვილი, კაკო ვაშალომიძე, რომელიც სახელგანთქმულ „გეპეის ჯაზს“ 1974 წლიდან შეუერთდა, ირაკლი კალმახელიძე, ზურაბ ცაგარელი, ბიჭიკო ქადაგიშვილი, გიორგი გვალია, დიმიტრი ლეკვეიშვილი, ვახტანგ კალმახელიძე, რომან პოღოსოვი, ვალერი პილტაკიანი, ამირან მარტიაშვილი, გრიგოლ მელაძე, ბარბარე წითლაური, გიორგი ზანაძე, აკაკი მამალაძე, მერაბ სანოძე, ლევან კვირიკაშვილი, თამო ჩომახიძე. გვყავს შესანიშნავი ახალგაზრდა სოლო მომღერლები, რომლებიც უბადლოდ ასრულებენ ქართულ და უცხოურ ჯაზს და ბლუზს: ბარბარა სამხარაძე, გიორგი ტატიშვილი, სოფო სიხარულიძე, ნუციკო მერაბიშვილი, საბა ღურწკაია, გიორგი ტატიშვილი და სხვები. სწორედ ჯაზ-ორკესტრის სხვადასხვა თაობის შემსრულებლები ქმნიან ერთად იმ განუმეორებელ აურას, რომელიც აღაფრთოვანებს აჯადოებს მსმენელს. უდიდესი სიყვარულით ვულოცავთ იოსებ ტუღუშის სახელობის ორკესტრსა და „გეპეის ჯაზს“ ღირსშესანიშნაც თარიღებს”, - აღნიშნავს ბადრი ლებანიძე.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოში, გასული საუკუნის 40-50-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, საესტრადო მუსიკისა და ჯაზის განვითარებაში უდიდესი წვლილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იოსებ ტუღუშის სახელობის ორკესტრმა შეიტანა. ათეულობით წლების განმავლობაში, სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრთან თანამშრომლობით, აქტიური საესტრადო კარიერა დაიწყო და საქვეყნო აღიარება მოიპოვა ძველი და ახალი თაობის თითქმის ყველა ცნობილმა მომღერალმა, კომპოზიტორმა და ინსტრუმენტალისტმა.

ბოლო სიახლეები