შაბათი, მაისი 16, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, CERN/IPPOG და ATLAS კოლაბორაციის მონაწილეობით, ვორკშოფი – „PMBC-2023“ დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „PMBC-2023“ გაიხსნა. ვორკშოფში სტუ-ის
ბირთვული ინჟინერიის ცენტრისა და მსოფლიოს ორი უმსხვილესი კოლაბორაციის –
CERN/IPPOG და ATLAS ექსპერიმენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ამის შესახებ
ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, საინჟინრო
განხრით, წარმატებული კოლაბორაცია აკავშირებს ბირთვული კვლევების ევროპულ
ორგანიზაციასთან (CERN). ამჟამად, ამ მიმართულებით ორი მსხვილი კოლაბორაცია –
CERN-IPPOG (International Particle Physics Outreach Group) და TAI (Technical Associate Institute)
ATLAS ექსპერიმენტთან ერთად მიმდინარეობს. IPPOG აერთიანებს – 39, ხოლო ATLAS – 42
ქვეყნის უნივერსიტეტებს. კოლაბორაცია ასეთ მსხვილ სამეცნიერო პარტნიორებთან
გულისხმობს მათთან გაერთიანებულ საუნივერსიტეტო ჯგუფებთან ერთად საერთო
სამუშაო პაკეტების შესრულებას. PMBC ვორკშოფის მიზანია, პროექტებში მონაწილე
საუნივერსიტეტო ჯგუფების სამუშაო შეხვედრაზე წარიმართოს დისკუსიები საერთო
სამუშაო პაკეტების ირგვლივ, შეფასდეს მათი სამუშაო სტატუსი, განხილულ იქნას
პრობლემური საკითხების გადაჭრის გზები და დაიგეგმოს სამომავლო აქტივობები.
„PMBC-2023“-ის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ატლასის კომპიუტინგის
კოორდინატორი, პროფესორი დარიო ბარბერისი და სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის
ცენტრის დირექტორი, პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი. საქართველოს
ტექნიკურ უნივერსიტეტს „PMBC-2023“-ის ფარგლებში ეწვივნენ: ეირიკ გრამსტადი –
ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების მთავარი
ექსპერტი, CERN-ATLAS ფიზიკოსი; შონ რო – დოქტორი, ცერნის სინიორ-ფიზიკოსი, CERN-
ATLAS კომპიუტინგის და პროგრამული უზრუნველყოფის კოორდინატორი; დარენ
პრაისი – მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი, სადოქტორო მომზადების ცენტრის
დირექტორი, CERN-ATLAS Outreach სპოკსპერსონი; დილია მარია პორტილო ქუინტერო –
ანტიოქიის უნივერსიტეტის პროფესორი, CERN-ATLAS Outreach სპოკსპერსონი; ოლეგ
სოლოვიანოვი – CERN-ATLAS სინიორ-ფიზიკოსი, პროფესორი, ATLAS-ის კალორიმეტრების
სპოკსპერსონი. ჰანს-პიტერ ბექი – ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი, შვეიცარიის
ფიზიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი, CERN-ATLAS კოლაბორაციის ფიზიკოსი, CERN-IPPOG
კოლაბორაციის დამფუძნებელი; პედრო აბრუ – ლისაბონის უნივერსიტეტის
პროფესორი, CERN-IPPOG კოლაბორაციის სპოკსპერსონი, პორტუგალიის ფიზიკოსთა
ასოციაციის პრეზიდენტი, CERN-ის ფიზიკოსი.

სტუ-ის ინფორმაციით, ვორკშოფის ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ
გასიტაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პროექტებში
მონაწილეობს ბირთვული ინჟინერიის ცენტრი. თუმცა, ვორკშოფის მიზანია, ასევე
მოხდეს სხვა ჯგუფების იდენტიფიცირება როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ასევე მის
გარეთ და განხორციელდეს მათი პოტენციური ჩართულობა ამ მაღალი პრესტიჟის მქონე
სამეცნიერო კოლაბორაციაში.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს ორ
უმსხვილეს კოლაბორაციასთან. რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტმა დაიწყო
კოგნიტურ პროგრამული აპლიკაციების უახლესი ტექნოლოგიებით დაამუშავება,
რომლის ბაზაზე ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN)
მასტერკლასების ჩატარების ახალი მეთოდოლოგია შეიქმნა. ეს არის საქართველოს
მხრიდან მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში და საუნივერსიტეტო განათლების
სისტემაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია.  აღსანიშნავია, რომ ორმხრივი
გადაწყვეტილება  2021 წელს მემორანდუმით განმტკიცდა, რომელსაც საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და CERN-ის
IPPOG კოლაბორაციის თავმჯდომარეებმა, პროფესორებმა სტივენ გოლდფარბმა და
პედრო აბრუმ მოაწერეს ხელი. კოგნიტური პროგრამული აპლიკაციები საქართველოს
ტექნიკური უნივერისტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრში მუშავდება, ხოლო მათ
ბაზაზე შექმნილი პროგრამულ-მეთოდური რესურსი, მსოფლიო მასშტაბით, CERN-თან
დაკავშირებულ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ქსელებში ვრცელდება. ეს არის
ჩვენი მეცნიერებისა და მკვლევრების დიდი წარმატება. ვორკშოფი მეცნიერული
დატვირთვის გარდა, შემაჯამებელ ხასიათს ატარებს. კოლაბორაციულ პროექტებში
მონაწილე ცერნის პარტნიორები, ჩამოსული არიან იმისათვის, რომ შეაფასონ სტატუსი
როგორ მიმდინარეობს პროექტები. შეხვდნენ უშუალო შემსრულებლებს, ბირთვული
ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლებს. გარდა ამისა, გვექნება შემაჯამებელი შეხვედრა,
სადაც პარტნიორები შეაფსებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაწეულ
სამუშაოს. წარმატებები მინდა ვუსურვო მონაწილეებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში
ზურაბ გასიტაშვილმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების
ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, „PMBC-2023“
მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სადაც სტუ-ის აკადემიური პერსონალის გარდა
ჩართულნი არიან დოქტორანტურის სტუდენტები.
„კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
პარტნიორები ჩამოსული არიან იმისათვის, რომ შეაფასონ პროექტების მიმდინარეობა.
ჩვენი სტუდენტები,
ორი კოლაბორაციის პირველი პირებიდან გაიგებენ რა სახის სამეცნიერო-კვლევითი
სამუშაოები მიმდინარეობს CERN-ში, რა არის ყველაზე თანამედროვე საინფორმაციო

ტექნოლოგიების კუთხით, ეს მათ მისცემს საშუალებას დაფიქრდნენ კარიერაზე,
რომელი მიმართულებით შეიძლება განვითარდნენ, სად შეიძლება ყველაზე კარგად
გამოიყენონ ცოდნა, რომელიც მიიღეს სტუ-ში. ისინი პირისპირ შეხვდებიან იმ
ადამიანებს, რომლებიც მომავალში შეიძლება გახდნენ მათი სამეცნიერო
ხელმძღვანელები, ან მათთან ერთად იმუშაონ, იმ კვლევით თემატიკებზე, რასაც დღეს
ამუშავებენ. ამდენად, ღონისძიებას დიდი დატვირთვა აქვს, წარმატებებს ვუსურვებ
მონაწილეებს“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, ვორკშოფი „PMBC-2023“ ოთხ დღეს გასტანს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – არ მინდა, რომ ვინმე დამოუკიდებელი გახდეს, მინდა, რომ ჩინეთი დამშვიდდეს

არ მინდა, რომ ვინმე დამოუკიდებელი გახდეს, მინდა, რომ ჩინეთი დამშვიდდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.კერძოდ, ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა შეუძლია თუ არა ტაივანელ ხალხს თავი მეტ-ნაკლებად დაცულად იგრძნოს სი ძინპინთან მისი შეხვედრის შემდეგ.„არაფერი შეცვლილა. ამას ვიტყვი: არ მინდა, რომ ვინმე დამოუკიდებელი გახდეს. და, იცით, 9,500 მილი უნდა გავიაროთ ომში საბრძოლველად. არ მინდა ეს. მინდა, რომ დამშვიდდნენ. მინდა, რომ ჩინეთი დამშვიდდეს“, - განაცხადა ტრამპმა.ტრამპმა მკაფიო პასუხი არ გასცა კითხვას, მოაწერს თუ არა ხელს ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღის პაკეტს, რომელიც დიდი ხნის წინ გადაიდო.„შემიძლია ეს გავაკეთო. შემიძლია არ გავაკეთო. ომებს არ დავეძებთ. თუ ასე დარჩება, ვფიქრობ, ჩინეთი ამას დაეთანხმება. მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმემ თქვას: „მოდით, დამოუკიდებლები გავხდეთ, რადგან შეერთებული შტატები გვიჭერს მხარს“, - განაცხადა ტრამპმა.

გია ხუხაშვილი – პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომისკენ ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს – თუ პარტიებს უნდათ, აიძულონ ხელისუფლება, პირობები კი არ უნდა წამოაყენონ ტელევიზორში, ხალხის მხარდაჭერა...

პოლიტიკური ლოგიკით, რა თქმა უნდა, 2026 წელს, შემოდგომისკენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს, - „ოცნებას“ სჭირდება არჩევნები, არა კეთილი ნების გამო, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.გია ხუხაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ არცერთ დათმობაზე არ წავა, თუ ვიღაცამ არ აიძულა.„ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ძალის პოლიტიკა ესმის. „ქართული ოცნება“ არცერთ დათმობაზე არ წავა, თუ ვიღაცამ არ აიძულა. ეს ინსტრუმენტი აქვს მხოლოდ ხალხს, პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ. თუ პოლიტიკურ პარტიებს უნდათ, რომ აიძულონ ხელისუფლება, პირობები კი არ უნდა წამოაყენონ ტელევიზორში და ფეხები კი არ უნდა აბაკუნონ, ხალხის მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ და ხალხის ზეწოლით უნდა აიძულონ ხელისუფლება, რომ უკან დაიხიოს. მარტო პირობებს რომ აყენებენ ტელევიზორში, მეც დავჯდები და ჩამოვწერ ათ პირობას და დავაყენებ, მაგრამ პირობას რომ აყენებენ, შენ უნდა გქონდეს ინსტრუმენტები იმისა, რომ ხელისუფლებას უკან დაახევინო, თორემ აყენონ ეს პირობები და იყვნენ, მეორე მხარე დასცინებს, რასაც კობახიძე აკეთებს, მეტი არაფერი არ მოხდება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.რაც შეეხება აქციების დროს დაკავებულების შეწყალების საკითხს, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ „ილუზია და ყალბი იმედია“, რომ წმინდა სინოდის ან ახალი პატრიარქის თხოვნის საფუძველზე „ქართული ოცნება“ პატიმრებს შეიწყალებს.„როგორი ილუზია გვაქვს ხოლმე, მუდმივ ყალბ იმედებში ვცხოვრობთ. სინოდის წევრების განცხადებები არავის არ აინტერესებს. სინოდის წევრები არ განსაზღვრავენ, ვის გამოუშვან და ვინ არა. ვიღაც რაღაცას იტყვის ქულების დასაწერად ან სახის შესანარჩუნებლად, მაგრამ ამით პროცესი წინ ვერ წავა, მეტი არაფერი არ იქნება. დღევანდელი პატრიარქის და ილია მეორის წონა შეადარეთ, ასჯერ უფრო ნაკლები წონა აქვს და ძალიან გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისათვის, რომ იმის მეათედი წონა შეიძინოს, რაც ილია მეორეს ჰქონდა. თუ ილია მეორის დროს ვერ მოხერხდა, ახლა რა ლოგიკით ვსაუბრობთ, ეს უფრო მოახერხებს ვიდრე ილია მეორე?თუ მოინანიებენ, გამოუშვებენ, ამას არაფერი შუამდგომლობა არ უნდა, არც საპატრიარქო და არაფერი. ვინც მოინანიებს ისედაც ამოკრავენ წიხლს და გამოაგდებენ გარეთ, რად უნდათ ციხეში ეგეთი ადამიანი. ვინც მოინანიებს, ესე იგი გატყდა, უარი თქვა ბრძოლაზე, საშიში აღარ არის და გამოუშვებენ გარეთ. არ უნდა ამას არც საპატრიარქო და არც სინოდი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ილჰამ ალიევი – არსებულ გლობალურ გეოპოლიტიკურ პირობებში, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება

არსებულ გლობალურ გეოპოლიტიკურ პირობებში, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ სახელმწიფო მეთაურების არაფორმალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„ზანგეზურის დერეფანი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, „შუა დერეფნის“ ერთ-ერთ მთავარ სეგმენტად იქცევა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „შუა დერეფნის“ გასწვრივ საბაჟო პროცედურები მარტივდება.„თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ ფარგლებში შემუშავებული e-Permit სისტემა ელექტრონული ნებართვების სწრაფ გაცემას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ბუდუ ზივზივაძე – საქართველოში ფეხბურთელები შთაგონებული ვართ კვარაცხელიათი, რომ ქართველ ბიჭს შეუძლია ასეთ მაღალ დონეზე თამაში

„იმედია, რომ ბოლო ტურში ჩვენი გუნდი „ჰაიდენჰაიმი“ „მაინცს“ დაამარცხებს და მთავარ გერმანულ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მისმა წარმატებებმა ქართველებზე დადებითი გავლენა მოახდინა“, – ამის შესახებ ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში განაცხადა.„ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, დავრჩეთ ბუნდესლიგაში, რადგან „ჰაიდენჰაიმი“ იმსახურებს მთავარ დივიზიონში ყოფნას. გადამწყვეტ მატჩში „მაინცთან“, როგორც ბოლო რამდენიმე ტურში, ვიმოქმედებთ როგორც ერთიანი გუნდი, კონცენტრირებული და ყოველი წამს მებრძოლი. ვამაყობ, რომ ასეთი თანაგუნდელები მყავს, რომლებიც ყოველთვის იბრძვიან და დარწმუნებული ვარ, რომ „მაინცის“ წინააღმდეგაც იგივეს გავაკეთებთ.მიუნხენში „ბაიერნთან“ დუბლი? ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაშზე, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ მათ წინააღმდეგ ორ გოლს გავიტანდი ისეთ სტადიონზე, როგორიც „ალიანს არენაა“. ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღე იყო, რადგან მთელი ჩემი ოჯახი სტადიონზე იყო.არის თუ არა ეს ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი? საქართველოს ნაკრებში ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩი ვითამაშე და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა. რადგან შენი ქვეყნისთვის თამაში განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს მატჩი არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ის გადამწყვეტია კლუბისთვის, ქალაქისთვის.ხვიჩა კვარაცხელია? ის ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალში საუკეთესო იყო და ფინალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ძალიან ვამაყობთ მისით. საქართველოში ბევრი ფეხბურთელი, მათ შორის მეც, შთაგონებული ვართ იმ იდეით, რომ ქართველ ბიჭს შეეძლო ასეთ მაღალ დონეზე თამაში და ვფიქრობთ: თავადაც იგივეს რატომ არ უნდა შევეცადოთ?“

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე – გულდასაწყვეტია, რომ 17 მაისს პირველად ვხვდებით ილია მეორის გარეშე, მთელი ეკლესია დარწმუნებულია, რომ ახალი პატრიარქი იმავე მნიშვნელობით აღნიშნავს ამ დღეს

ოჯახის სიწმინდის დღეს ახალი პატრიარქი, შიო მესამე გაუძღვება მსახურებას, აღავლენს სადღესასწაულო წირვას, – ამის შესახებ  საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისივე თქმით, ეკლესიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიკვეთება, რამდენად მნიშვნელოვანია მთელი ერისთვის, ეკლესიისთვის სულიერი ფასეულობებისა და ოჯახის სიწმინდის დაცვა.„17 მაისი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაფუძნებული დღეა, რასაც მთელი ერისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ოჯახის სიწმინდის დაცვა საეკლესიო აზროვნებას და წმინდა სახარებას ეფუძნება. გულდასაწყვეტია, რომ ილია მეორის მიერ დაფუძნებულ დღეს წელს მის გარეშე პირველად ვხვდებით. ღვთის მადლით ისე მოხდა, რომ ახალი პატრიარქი აღსაყდრებულია. მთელი ეკლესია დარწმუნებულია, რომ ახლად აღსაყდრებული პატრიარქი იმავე მნიშვნელობით, განსაკუთრებულობით აღნიშნავს ამ დღეს, რომელიც მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. 17 მაისს სადღესასწაულო წირვა იგეგმება. პირველი შემთხვევა იქნება, როცა უწმინდესის, პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქო წირვა ჩატარდება. მთელი მსოფლიოდან მოწვეული არიან ადგილობრივი მართმადიდებლური ეკლესიის მაღალი რანგის მღვდელმთავრები, სასულიერო პირები. ყველა ეკლესიიდან იქნება დელეგაცია. ოჯახის სიწმინდის დღეს, რომელიც ილია მეორის სახელს უკავშირდება, ახალი პატრიარქი, შიო მესამე გაუძღვება მსახურებას, აღავლენს სადღესასწაულო წირვას. როგორც მისი, ასევე მთელი ეკლესიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიკვეთება, რამდენად მნიშვნელოვანია მთელი ერისთვის, ეკლესიისთვის, ყველასთვის სულიერი ფასეულობებისა და ოჯახის სიწმინდის დაცვა, განმსაზღვრელი ჩვენი აზროვნებისა და იდენტობის“, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

ბოლო სიახლეები