სამშაბათი, ივლისი 21, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტების გაცილების ღონისძიება გაიმართა

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გულითადად გილოცავთ სამხრეთ კავკასიაში ერთადერთ ასწლოვან უმაღლესი საინჟინრო სკოლაში – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულებას. თქვენ ღირსეულად გაიარეთ პროფესიული განვითარების გზა, რომელიც მომავალი წარმატებების საფუძველია. დარწმუნებული ვარ, ჩვენს უნივერსიტეტში მიღებული განათლება დაგეხმარებათ გახდეთ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები და საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩინოთ როგორც თქვენი ქვეყანა, ისე ჩვენი უნივერსიტეტი. თქვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ოჯახის წევრები ხართ. სასწავლო პროცესში გაიცანით ახალი კულტურა, შეიძინეთ მეგობრები, მიიღეთ ცოდნა და დააგროვეთ გამოცდილება, რომელიც დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გამოგადგებათ. მადლობას გახდით, რომ არჩევანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე შეაჩერეთ. გისურვებთ წარმატებას, პროფესიულ წინსვლასა და მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევას“, – ამის შესახებ სტუ-ის ვიცე-რექტომა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ 2025/2026 აკადემიური წლის კურსდამთავრებულ საერთაშორისო სტუდენტთა გაცილების ღონისძიებაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, კურდამთავრებულ საერთაშორისო სტუდენტთა გაცილების ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ, ვიცე-რექტორმა თამარ ლომინაძემ გახსნა.

მისასალმებელ სიტყვაში ვიცე-რექტორმა, უნივერსიტეტის სახელით, მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სტუდენტებს აქტიური ჩართულობისა და წარმატებული აკადემიური საქმიანობისთვის. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტუდენტებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში და მრავალფეროვან, საერთაშორისო აკადემიურ გარემოს ქმნიან.

 

თამარ ლომინაძემ ახალგაზრდებს სამომავლო წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ხოლო უნივერსიტეტთან მათი კავშირი მომავალშიც გაგრძელდება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დღეს უკვე მყარად არის დამკვიდრებული საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, რასაც უცხოელი ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ადასტურებს. განსაკუთრებით მოთხოვნადია ისეთი მიმართულებები, როგორიცაა არქიტექტურა, მშენებლობა, ბიზნესტექნოლოგიები, ინფორმატიკა, მთის მდგრადი განვითარება, დიზაინი. ეს ის სფეროებია, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს და ახალგაზრდებს კონკურენტუნარიანი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები სწორედ ამ პროგრამებს ირჩევენ, ნათლად მიუთითებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალ ხარისხზე, მათ შესაბამისობაზე საერთაშორისო სტანდარტებსა და გლობალური შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი უცხოელი სტუდენტებისთვის მხოლოდ განათლების მიღების ადგილი არ იყოს, არამედ სივრცე, სადაც ისინი პროფესიულ ცოდნასთან ერთად მრავალფეროვან კულტურულ გამოცდილებას, საერთაშორისო კონტაქტებსა და მეგობრულ გარემოსაც იძენენ“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ლელა ჩიქოვანის განცხადებით, 2024/25 სასწავლო წელს, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიღებაზე გამოცხადებული ადგილების 89% შეავსო, 2025/2026 სასწავლო წელს კი ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ საერთაშორისო სტუდენტების ინტერესი ყოველწლიურად მზარდია, რაც ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარებასა და საგანმანათლებლო პროგრამების მაღალ ხარისხზე მეტყველებს. 2024/2025 სასწავლო წელს უცხოელი სტუდენტებისთვის გამოცხადებული ადგილების 89% შეივსო, ხოლო 2025/2026 სასწავლო წლისთვის ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაუმჯობესდა – ეს კი მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს. ამ შედეგს საფუძვლად უდევს უნივერსიტეტის თანმიმდევრული მუშაობა რამდენიმე მიმართულებით: საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, უცხოელი აპლიკანტებისთვის ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე მიღების პროცესის უზრუნველყოფა და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება. დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიმზიდველი საგანმანათლებლო სივრცეა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებისთვის. განსაკუთრებით მაღალი ინტერესია არქიტექტურის, მშენებლობის, ბიზნესტექნოლოგიების, ინფორმატიკისა და დიზაინის მიმართულებებზე, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი პროგრამები პასუხობს როგორც საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებს, ისე თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა, არამედ მათთვის ისეთი აკადემიური და კულტურული გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ ხარისხიანი განათლების მიღებას, პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილების შეძენას. სწორედ ამიტომ, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერებას“, – განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, 2025/2026 სასწავლო წლის საერთაშორისო კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიებას ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი შაკიაშვილი უძღვებოდა. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს საქართველოში სწავლისა და ცხოვრების გამოცდილება, ისაუბრეს კულტურულ მრავალფეროვნებაზე, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობასა და უნივერსიტეტში გატარებულ წლებზე. შეხვედრა თბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა და სიმბოლური სიგელების, სამახსოვრო საჩუქრების გადაცემითა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სტუ-მ გლობალური DUNE კოლაბორაციის ერთ-ერთ ლიდერს, პროფესორ რობერტო პეტის უმასპინძლა: რექტორთან შეხვედრა, საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება, სამეთვალყურეო საბჭოში არჩევა და საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური კვლევის - აშშ-ის ფერმის ამაჩქარებლების ეროვნული ლაბორატორიის (Fermilab) კოორდინაციით მიმდინარე DUNE ექსპერიმენტის („ღრმა მიწისქვეშა ნეიტრინოების ექსპერიმენტი“ - Deep Underground Neutrino Experiment) ერთ-ერთ ლიდერს, STT (Straw Tube Tracker) ტრეკული სუბდეტექტორის მენეჯერს, აშშ-ის სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორს, რობერტო პეტის (Roberto Petti) შეხვდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფის მიერ საერთაშორისო DUNE კოლაბორაციის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები, STT ტრეკული სუბდეტექტორისთვის განკუთვნილი სტროუ მილების წარმოების პროცესი, მათი ტესტირების შედეგები და სუპერმოდულების აწყობის მიმდინარეობა; ასევე, იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე Fermilab-თან, სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტთან და DUNE კოლაბორაციის წევრ წამყვან კვლევით ცენტრებთან.როგორც შეხვედრისას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა უნივერსიტეტის სამეცნიერო განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ჩვენი მეცნიერები და ინჟინრები მონაწილეობენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო ექსპერიმენტში. DUNE-ი არის ექსპერიმენტი, რომელიც აერთიანებს მაღალი ენერგიებისა და ნაწილაკების ფიზიკას, თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიებს და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილებას. ამ პროექტში ჩვენი უნივერსიტეტის მონაწილეობა ქართველი მეცნიერების პროფესიონალიზმისა და ქართული სამეცნიერო პოტენციალის აღიარებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეცნიერები და ინჟინრები ქმნიან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამოიყენება გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანია, კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებთან, განავითაროს ახალი ტექნოლოგიური მიმართულებები და შექმნას მეტი შესაძლებლობა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა მათ აძლევს უნიკალურ გამოცდილებას და საშუალებას, თავიანთი ცოდნა საერთაშორისო სამეცნიერო პროგრესს მოახმარონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეფექტიანად იყოს ჩართული იმ საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში, სადაც მომავლის ტექნოლოგიები იქმნება. ასეთი თანამშრომლობა ხელს უწყობს არა მხოლოდ კონკრეტული პროექტების წარმატებას, არამედ მთლიანად ქართული მეცნიერების საერთაშორისო ინტეგრაციას“, – განაცხადა დავით გურგენიძემ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა რობერტო პეტიმ, საჯარო ლექცია - „(ანტი)ნეიტრინოების ფუნდამენტური ურთიერთქმედებების კვლევა“ გამართა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.საჯარო ლექციის დაწყებამდე პროფესორმა რობერტო პეტიმ აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ, რაც უნივერსიტეტის მკვლევრებს შეაქვთ თანამედროვე დეტექტორული ტექნოლოგიების განვითარებაში. მისი შეფასებით, სტუ-ის სამეცნიერო ჯგუფის გამოცდილება და საინჟინრო შესაძლებლობები მნიშვნელოვანი რესურსია DUNE ექსპერიმენტის წარმატებით განხორციელებისთვის და იმ ფაქტის გათვალისწინებით, სტუ-ის მონაწილეობა DUNE ექსპერიმენტში ეფუძნება უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა მრავალწლიან გამოცდილებას მაღალი ენერგიების ფიზიკისა და დეტექტორული ტექნოლოგიების სფეროში. ქართველმა მკვლევრებმა წლების განმავლობაში იმუშავეს საერთაშორისო ექსპერიმენტებში, მათ შორისაა COMET ექსპერიმენტი, სადაც მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა ახალი თაობის სტროუ ტექნოლოგიების განვითარებისთვის. როგორც აღინიშნა, DUNE-ის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაევალა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიმართულება - სტროუ მილების წარმოების პროცესის განვითარება, მათი ხარისხის კონტროლი, ტესტირება და სუპერმოდულების აწყობა. ამ მიზნით უნივერსიტეტში შეიქმნა სპეციალიზებული ინფრასტრუქტურა, რომელიც აერთიანებს როგორც კვლევით, ისე საწარმოო შესაძლებლობებს. სტროუ მილების წარმოება მოითხოვს განსაკუთრებულ ტექნოლოგიურ სიზუსტეს, რადგან აღნიშნული დეტექტორული ელემენტები უნდა აკმაყოფილებდეს მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა და ინჟინრებმა შეიმუშავეს და დანერგეს შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესები, რომლებიც უზრუნველყოფს კომპონენტების მაღალ ხარისხს, საიმედოობასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას. მეცნიერის განცხადებით, DUNE-ი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გლობალური ექსპერიმენტია ნეიტრინოების ფიზიკის მიმართულებით, რომელშიც Fermilab-ის კოორდინაციით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტები და კვლევითი ცენტრები მონაწილეობენ. მისი მიზანია ნეიტრინოების თვისებების სიღრმისეული შესწავლა, მატერია-ანტიმატერიის ასიმეტრიის მიზეზების კვლევა, ფიზიკის სტანდარტულ მოდელს მიღმა არსებული მოვლენებისა და სამყაროს ფუნდამენტური კანონების შესახებ ახალი ცოდნის მიღება.პროფესორი რობერტო პეტი შეეხო იმ ტექნოლოგიურ და სამეცნიერო მიღწევებს, რომლებიც თანამედროვე დეტექტორული სისტემების განვითარებას უკავშირდება; ისაუბრა DUNE ექსპერიმენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე - SAND (System for on-Axis Neutrino Detection) დეტექტორულ სისტემაზე, რომლის შემადგენელი ნაწილია STT (Straw Tube Tracker) ტრეკული სუბდეტექტორი. მისი თქმით, სწორედ ამ მიმართულებით წარმატებით მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფი. STT სისტემის დანიშნულებაა ნეიტრინოების ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი დამუხტული ნაწილაკების ტრაექტორიების მაღალი სიზუსტით აღდგენა, რაც უმნიშვნელოვანესია ექსპერიმენტის სამეცნიერო შედეგების სანდოობისთვის.ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მეცნიერისთვის დაესვათ კითხვები ნეიტრინოების ფიზიკის, საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების, თანამედროვე დეტექტორული ტექნოლოგიებისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის განვითარების პერსპექტივების შესახებ.სტუ-ის ინფორმაციით, ექსპერიმენტული ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, DUNE (Deep Underground Neutrino Experiment) საერთაშორისო კოლაბორაციაში გამორჩეული ლიდერული როლისა და აშშ-ის სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებისადმი განსაკუთრებული ერთგულებისთვის, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, აშშ-ის სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორს - რობერტო პეტის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა და ამასთან ერთად, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად იქნა არჩეული.

პატრიარქი ილია მეორე-უნდა იცოდეთ ისიც, რომ უფალი ხედავს ჩვენს ყოველ ნაბიჯს, აზრის ყოველ მოძრაობას, იცის ჩვენი შესაძლებლობები და თუ ძალიან გაგვიჭირდება, ჩვენს ჯვარს იტვირთებს...

„უნდა იცოდეთ ისიც, რომ უფალი ხედავს ჩვენს ყოველ ნაბიჯს, აზრის ყოველ მოძრაობას, იცის ჩვენი შესაძლებლობები და თუ ძალიან გაგვიჭირდება, ჩვენს ჯვარს იტვირთებს და შეგვიმსუბუქებს სიმძიმეს მისას. ქრისტეს გზა ვიწროა და ეკლიანი, მაგრამ ერთადერთია და გადამრჩენელი. იგი ჯვარცმაა, მაგრამ იგი არის აღდგომაც.ყველაზე მძიმე ბრძოლა საკუთარ თავთან მოგვიწევს. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იცოდნენ ამ ჭეშმარიტების შესახებ. დანანებით ამბობს ალექსანდრე მაკედონელზე მისი ბიოგრაფი კვინტუს კურელი: „ის, ვინც ვერ გატეხა სპარსთა ურიცხვმა ლაშქარმა, დამარცხდა ვნებათაგან.“ადამიანი შესაქმის ყველაზე დიდი და გამოუცნობი საიდუმლოა. თითოეული პიროვნების სულიერ სამყაროში ორი მიმართულება უპირისპირდება ერთმანეთს; მასშია მსგავსება ღვთისა და ცოდვით დაცემული ბუნება კაცისა, მასშია სიმაღლე და სიმდაბლე, თავისუფლება და მონობა, ძალა დიდი სიყვარულისა, თავდადებისა და ასევე მდაბალი გრძნობა უნაპირო ეგოიზმისა და დიდი სისასტიკისა; მასშია აღდგომისა და ამაღლების უნარი და დაცემისა და ყოველივეს განადგურების შესაძლებლობა. არჩევანის უფლება ღმერთმა ჩვენ მოგვანიჭა. ჩვენზეა დამოკიდებული, რომელ გზას გავყვებით.“პატრიარქი ილია მეორე

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.კონკრეტულად, მიწისძვრა, დღეს თბილისის დროით 20:40-ზე დაბა ახალგორიდან ჩრდილოეთით 23კმ, სოფელი უკანამხარიდან 1კმ-ში მოხდა,მიწისძვრის სიმძლავრე 3.3(Ml) მაგნიტუდას შეადგენდა.

„ფაინენშალ თაიმსი“ – ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების მხარდაჭერა სუსტდება

ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების მხარდაჭერა სუსტდება, რადგან წევრი ქვეყნების მთავრობები არ თანხმდებიან ისეთი ზომების მიღებაზე, რომლებმაც შესაძლოა, მათი წამყვანი კომპანიები დააზარალოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ხუთ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ცნობით, ტენდენციამ, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას უკრაინის მხარდაჭერის ოთხწლიან სტრატეგიას, მთელ რიგ ქვეყნებს – მათ შორის, საბერძნეთს, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, ავსტრიასა და პორტუგალიას – უბიძგა, ბრიუსელის მიერ შემუშავებული სანქციების ახალი პაკეტიდან გამონაკლისების დაშვება მოეთხოვათ ან შემოთავაზებული ზომები სრულად დაებლოკათ.როგორც გამოცემასთან საუბრისას სანქციებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილე დიპლომატიური წყაროები აღნიშნავენ, წევრი ქვეყნების მოთხოვნებმა გააჩინა შეშფოთება, რომ ევროპა სულ უფრო ნაკლებად არის მზად, მხარი დაუჭიროს სანქციებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობით კვლავაც მოგების მიმღებ ევროკავშირის კომპანიებს აზარალებს.ევროკავშირს სანქციების დაწესება ერთსულოვანი მხარდაჭერის გარეშე არ შეუძლია. ვეტოების გამო, გასულ კვირას ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს შორის ოთხდღიანი მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.„მოლაპარაკებების მაგიდასთან მორალური ვალდებულების განცდა სულ უფრო სუსტდება. დედაქალაქები ერთხმად საუბრობენ მკაცრ რიტორიკასა და სოლიდარობაზე, მაგრამ როცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე მიდგება საქმე, ეს ერთიანობა ქრება“, – განაცხადა „ფაინენშალ თაიმსთან“ ერთ-ერთმა დიპლომატმა.გამოცემის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს ზომებს, რომლებიც მიმართულია რუსეთის ექსპორტისა და ქვეყნის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ. ასევე მოიცავს მექანიზმს, რომელიც რუსული ნედლი ნავთობის საექსპორტო ფასის ხელოვნურად დაბალ დონეზე შენარჩუნებას ისახავს მიზნად, თუმცა, „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, წევრი სახელმწიფოების ვეტოების გამო, ამ სისტემის მუშაობაც საფრთხის ქვეშ დგება.„ფაინანშელ თაიმსი“ ასევე წერს, რომ საბერძნეთი სანქციების მთელი პაკეტის მხარდაჭერაზე უარს ამბობს, თუ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირების გაგრძელებასთან დაკავშირებით გამონაკლისი არ დამტკიცდება.პორტუგალიამ და გერმანიამაც მოითხოვეს, სანქციების პაკეტიდან ამოეღოთ რუსული თევზის შესყიდვის აკრძალვა. მათი განცხადებით, ეს აუცილებელია ადგილობრივი თევზის გადამამუშავებელი მრეწველობის მხარდასაჭერად.გამოცემის ცნობით, საფრანგეთი და იტალია, როგორც მსხვილი ტურისტული მიმართულებები, მოითხოვენ, შემსუბუქდეს აკრძალვა, რომელიც უკრაინაში ომში მონაწილე რუსი სამხედროებისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემას ეხება.ავსტრიამ კი კიდევ ერთხელ მოითხოვა გაყინული რუსული აქტივებიდან ორი მილიარდი ევროს განბლოკვა, რათა ავსტრიულმა Raiffeisen Bank-მა რუსეთში დაკისრებული ჯარიმის კომპენსაცია მიიღოს.

ოქროს ბურთისთვის ბრძოლა დაიწყო-დროა, საქართველო ხვიჩას ოქროს ბურთისთვის გაერთიანდეს!

მოგესალმებით. ის დროა, როცა დიდი საქმისთვის უნდა გავერთიანდეთ...დასრულებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა ხელახლა გაგვიჩინა იმედი, რომ ზღაპრული სცენარი - 𝐊𝐕𝐀𝐑𝐀 𝐁𝐀𝐋𝐋𝐎𝐍 𝐃’𝐎𝐑 კვლავ რეალურია! მოთამაშეების ნაწილი, რომლებიც იყვნენ კონკურენტები ამ ბრძოლაში, ფინალამდე ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ გათამაშებას, ხოლო გამარჯვებული გუნდიდან ვინც განიხილებოდა ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში, მას არ ჰქონია საოქროსბურთე მუნდიალი.პსჟ აქამდე თავს იკავებდა ოქროს ბურთის კამპანიაზე, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებას ელოდებოდნენ - ვისზე აეწყოთ მხარდასაჭერი სცენარი - ხვიჩა კვარაცხელიაზე თუ უსმან დემბელეზე. ჩემი აზრით, საფრანგეთის წარუმატებლობის გამო, ახლა ევროპის ჩემპიონების კამპანია ქართველის მხარდასაჭერად ჩაირთვება, როგორც 2025/26 წლის სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის.და აქ უნდა ვიყოთ ჩვენც! თქვენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში კვარასთვის მნიშვნელოვანი იქნება. უცხოური ნებისმიერი დიდი გამოცემის პოსტი, რომელიც ხვიჩაზე თუ ოქროს ბურთზე იქნება, კომენტარებში აუცილებლად ბევრი უნდა ვიყოთ და დავაფიქსიროთ ჩვენი სურვილი - 𝐊𝐕𝐀𝐑𝐀 𝐁𝐀𝐋𝐋𝐎𝐍 𝐃’𝐎𝐑!კვარას ჰქონდა საოცარი ევროპული სეზონი, ყველა დიდ მატჩში გადამწყვეტი იყო, ჩამოიკიდა ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის მედალი და ოფიციალური აღიარებაც მიიღო - ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი!ალბათ ვფიქრობდით, რა ცუდია, რომ მუნდიალის წელი მოუწია... თუმცა დასრულებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა იმედები განაახლა!ხვიჩა კვარაცხელია 26 ოქტომბერს ლონდონში ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე გამარჯვებულის სტატუსით უნდა ვიხილოთ! ამ ბრძოლაში თითოეული გადამწყვეტი ვიქნებით, თუ როგორ ვიაქტიურებთ.იწყება თამაში და ჩვენ აქ ვართ!-წერს Geo Team

ბოლო სიახლეები