ორშაბათი, ივლისი 13, 2026

საქართველო ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში მოხვდა

მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. საწარმოთა კვლევა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. კვლევის მიზანია, ბიზნესგარემოს შეფასება. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხნენ 581 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები. კვლევაში არსებული კითხვები, ფარავს ზუსტად იმ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოსა და ეკონომიკისთვის: ინფრასტრუქტურა, საგარეო ვაჭრობა, ფინანსები, რეგულაციები, გადასახადები და ბიზნესის ლიცენზირება, კორუფცია, დანაშაული და არაფორმალური ეკონომიკა, ფინანსებზე წვდომა, ინოვაციები, სამუშაო ძალა, ბიზნესგარემოს შემაფერხებელი ფაქტორები. საწარმოთა კვლევას (ES) ატარებს მსოფლიო ბანკის ჯგუფი პარტნიორებთან ერთად (EBRD, EIB, DFID). კვლევა ფარავს მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ რეგიონსა და ასეულობით ათას მცირე, საშუალო და დიდ კერძო კომპანიას. კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ასევე, 10 საუკეთესო ქვეყანას შორის დაიკავა ადგილი მოსყიდვის წნეხისგან (სიღრმე) თავისუფლების მიხედვით. გლობალურად, კორუფციის არსებობა ბიზნესგარემოზე მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური გარემოებაა. აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, საქართველოში კერძო სექტორის რაოდენობა, რომლებიც ერთხელ მაინც, პრაქტიკაში გადააწყდნენ ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას, გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 1.3%-ს შეადგენს. მაშინ როცა, აღნიშნული ინდიკატორი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში – 10%, ხოლო მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში -12%-ია. ასევე, საუკეთესო მაჩვენებელია იმ სამთავრობო ინსტანციებზე, სადაც ზოგადად, ყველაზე დიდი ალბათობაა, რომ დაფიქსირდეს ქრთამის მოთხოვნის/შეთავაზების ფაქტი (სამშენებლო ნებართვები, სამთავრობო კონტრაქტები და საგადასახადო ოფიცრებთან შეხვედრები). საქართველოში კერძო კომპანიებისგან საჩუქრების/არაფორმალური გადახდების მოთხოვნის შემთხვევები მხოლოდ 1-1.4%-ს შეადგენს, მაშინ როცა აღნიშნული მაჩვენებელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში 9% – 15%-ს აღწევს, ხოლო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში 10% -19%-ს. 0 ერთეულს (პროცენტს) შეადგენს კერძო სტრუქტურების მიერ საჩუქრის გაცემის ფაქტები საოპერაციო ლიცენზიების მოსაპოვებლად (მსოფლიოს საშუალოდ-13%). შესაბამისად 0-ის ტოლია საჩუქრის ღირებულებაც, რომლებიც კომპანიებმა უნდა გადაიხადონ, სამთავრობო კონტრაქტის შესანარჩუნებლად. ამ ორი მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო ადგილი უჭირავს ყველა გამოკითხულ ქვეყანას შორის. უშუალოდ საქართველოს შესახებ ანგარიში 2020 წლის თებერვალში გამოქვეყნდა. თუმცა, ბოლო პერიოდში, ანგარიშს რამდენიმე ქვეყნის მონაცემი დაემატა. ამიტომ, საქართველოს შედარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან დღეისათვის უკვე შესაძლებელია და გამოქვეყნებულია მსოფლიო ბანკის სპეციალურ ვებგვერდზე. ცნობისთვის: 2012 წლისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოს მაჩვენებლები ქრთამის აღების შემთხვევების გავრცელებისა (9.84%) და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების (8.72%) მიხედვით შესაბამისად 8-15-ჯერ უფრო არახელსაყრელი იყო, ვიდრე 2019 წელს. 2012 წელს მონაცემები 2008 წლის კვლევას წარმოადგენდა. ვითარებამ არსებითი გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო, როცა ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირე და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების ინდიკატორები მკვეთრად გაუმჯობესდა (შესაბამისად: 1.43% და 0.94%). ყველაზე საუკეთესო შედეგი კი 2019-2020 წლის კვლევამ დადო, სადაც ქრთამის აღების შემთხვევების მაჩვენებელი 1.3%-მდე გაუმჯობესდა (ფირმების %, რომლებსაც ქრთამის აღების მოთხოვნის ერთი ფაქტი მაინც შეემთხვათ), ხოლო მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მაჩვენებელი 0.6%-მდე შემცირდა (საჯარო ტრანზაქციების %, სადაც ქრთამი და არაფორმალური სახდელი იყო მოთხოვნილი).

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გადაცემაში "კოტcast" საუბრობს, რატომ შეიძლება, ყინული ეპიდაფეთქების წყარო გახდეს და რატომ ჯობს, ზაფხულში დიდი ხნით ადრე მომზადებულ სალათებს მოვერიდოთ:- ყინული ეპიდემიოლოგიური აფეთქებების ერთ-ერთი ხშირი წყაროა. ამიტომ, ჯობია ყინულს მოვერიდოთ. მაგალითად, როდესაც სასმელს ვუკვეთთ ან ვყიდულობთ, უმჯობესია, მაცივრიდან გამოღებული მთლიანი ბოთლი ან რკინის ჭურჭელი შევარჩიოთ, რადგან არავინ იცის, თუ რა წყლისგან არის ეს ყინული დამზადებული. ყინულთან ასოცირებული ეპიდემიოლოგიური აფეთქებები კი ძალიან ბევრი და ხშირია. ​გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შევეხოთ სალათებს და ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზაფხულში, რესტორნებშიც კი, აჯობებს, ჯანსაღი კვება დროებით გვერდზე გადავდოთ და უპირატესობა ახლად მომზადებულ კერძებს მივანიჭოთ. აჯობებს, საკვები მაღალ ტემპერატურაზე იყოს მომზადებული, ვიდრე სალათები მივირთვათ, რადგან სალათები ხშირად ინფექციების გავრცელების განსაკუთრებული წყაროა. ასე რომ, ეს ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია.

მარიამ ქვრივიშვილი – სახელმწიფო თავად განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს ტრადიციულად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ამ სექტორში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიციების ფარგლებში აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგისტრალური გზები, ახალი საერთაშორისო აეროპორტი და საქართველოს მთავრობა ასევე განაგრძობს ინვესტიციას საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაში.ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება და მისი მფლობელი სახელმწიფო იქნება.„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ჩვენი ქვეყნისთვის. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი ქვეყნისთვის – სტრატეგიული ობიექტის მფლობელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემთხვევაში იქნება სახელმწიფო. სახელმწიფო თავად განავითარებს პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ძალიან დიდი დაინტერესება არის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ოპერირებასთან დაკავშირებით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან – მათ შორის აზერბაიჯანიდან, ასევე დასავლური კომპანიებიდან.„ჩვენს ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან სწორი პოლიტიკით, ძალიან სწორი მიდგომით აირჩიოს ის პარტნიორები, რომლებთან ერთადაც უკვე ოპერირების განსხვავებული მოდელით, ქართული მფლობელობით, მაგრამ საერთაშორისო თანამშრომლობით უზრუნველყოფს ტვირთნაკადების მოზიდვას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსაკუთრებულ წარმატებას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობილია, რამდენ დოლარს მიიღებენ RAF-ში გამარჯვებული ქართველი მოჭიდავეები

ცნობილი გახდა, რა ოდენობის ფულად ჯილდოს მიიღებენ ქართველი მოჭიდავეები, რომლებმაც RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვეს.ორგანიზატორების ინფორმაციით, თითოეული გამარჯვებული სპორტსმენი 100 000 აშშ დოლარით დაჯილდოვდება, ხოლო გამარჯვებულებს 200 000 გადაეცემათ.ტურნირზე გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა, გენო პეტრიაშვილმა, გივი მაჭარაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვეს.რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ მონაწილეს, ვლადიმერ გამყრელიძე საჩემპიონო შეხვედრაში ამერიკელ კაილ დეიკთან 0:2 დამარცხდა.

„სრულიად საქართველოს ეხება!“ – ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება, რომელიც 6 ივლისით თარიღდება.„იყავით ფრთხილად ზღვისპირა ქალაქებში და არამარტო... შოვის მსგავსი საკითხების წინაშე დავდგებით! გაუფრთხილდით ერთმანეთს. ძალიან დიდი ნგრევები წყლის სახით, მცოცავი მიწა! სახლებს მიხედეთ. სრულიად საქართველოს ეხება! ძალიან ბევრი აღმოსავლეთით და დასავლეთში,“ - წერს ეზოტერიკოსი.

შსს-ს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს თელავში პრაქტიკული გამოცდის­ როგორც პირველი ეტაპი (მოედანი), ისე მეორე ეტაპი (ქალაქი) არ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ ქალაქ თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს ქალაქ თელავში პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველი ეტაპი (მოედანი), ისე მეორე ეტაპი (ქალაქი) არ ჩატარდება.მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ.პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები