პარასკევი, ივლისი 3, 2026

სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში განხორციელდება

სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში განხორციელდება. აღნიშნულ სიახლეს „თავდაცვის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა.

თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ სამხედრო მომზადება ხორციელდება სპეციალური პროგრამების მეშვეობით, მათ შორის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით. მათი ინფორმაციით, ზოგიერთი კატეგორიის სამხედრო წოდების მინიჭება და თანამდებობრივი დაწინაურება ხდება შესაბამისი კურსების გავლისა და თანამდებობრივი და წოდებრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩაბარების შემდგომ, შერჩევის საბჭოს ჩართულობით, რომლის შესაძლებლობასაც მოკლებულია სხვა უწყება.

„შედეგად ვიღებთ ოფიცრებს, რომლებსაც მიღებული არ აქვთ სათანადო დონის სამხედრო განათლება და შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია პირისათვის, რათა საჭიროების შემთხვევაში, იმსახუროს სამხედრო ქვედანაყოფებში ან რეზერვში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სიახლის მიხედვით, 2025 წლიდან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი იქნება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. რაც შეეხება პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება და სამხედრო სამსახურს გადის სხვა უწყებაში, 2025 წლიდან მიეცემა შესაძლებლობა, სამსახური გააგრძელოს სახელმწიფო სპეციალური წოდებით“, – აღნიშნულია პროექტში.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი სიახლის მიხედვით, სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადი იქნება: სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამედიცინო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სახელმწიფო ან სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა; საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამდებობაზე განხორციელებული საქმიანობა, რომელიც ემსახურება საერთაშორისო პარტნიორობის ან სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესრულებას.

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან აღნიშნული საქმიანობის შეთავსება აუცილებელია შესაბამისი სპეციალობის მქონე სამხედრო მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად, ასევე საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად. ამასთან, სამხედრო მოსამსახურისთვის ზემოაღნიშნული წარმოადგენს დამატებით მნიშვნელოვან პრივილეგიას და ემსახურება მისი მოტივაციის ამაღლებას“, – ნათქვამია პროექტში.

ახლებურად განისაზღვრა განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის წესი. კერძოდ, ცვლილებებით, განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობის ვადის პროპორციულად (სამმაგი, ორმაგი და ერთ-ნახევარი ოდენობით) აღარ მოხდება წელთა ნამსახურობის ვადის გადაანგარიშება და იგი შეეხება მხოლოდ შრომის ანაზღაურების ოდენობას, ვინაიდან თავდაცვის უწყების განმარტებით, წელთა ნამსახურობის გადაანგარიშება ზეგავლენას ახდენს მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების ვადაზე.

„შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე ვერ ახერხებს, დააკმაყოფილოს ის კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელია მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად (უცხო ენის შესწავლა, შესაბამისი კურსების გავლა). რაც შეეხება წელთა ნამსახურობის გადაანგარიშებას, იგი განხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის. პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის უმაღლესი სამხედრო წოდების მქონე ოფიცერი, თანამდებობაზე დაინიშნება და თანამდებობიდან გათავისუფლდება თავდაცვის მინისტრის მიერ. შეიცვალა ზოგიერთი კატეგორიის სამხედრო წოდების მინიჭების ვადა: I კლასის რიგითიდან – კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე – ორი წლის ნაცვლად, იქნება – ერთი წელი;

სერჟანტიდან – უფროს სერჟანტამდე – სამი წლის ნაცვლად, იქნება ოთხი წელი; უფროსი ლეიტენანტიდან – კაპიტნამდე სამი წლის ნაცვლად, იქნება ოთხი წელი; კაპიტნიდან – მაიორამდე სამი წლის ნაცვლად, იქნება ოთხი წელი; მაიორიდან – ვიცე-პოლკოვნიკამდე – ოთხი წლის ნაცვლად, იქნება ხუთი წელი“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

თავდაცვის უწყება  სამხედრო წოდების მისანიჭებლად არსებული ვადის შეცვლასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ეს გამოწვეულია შემდეგი გარემოებით, რომ პირველი კლასის რიგითიდან კაპრალამდე სამხედრო წოდების მინიჭების ვადის შემცირება გამოიწვევს კაპრალამდე და უმცროს სერჟანტამდე უფრო სწრაფ წოდებრივ ზრდას, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო მოსამსახურის მოტივაციის ამაღლებას, რომ მიენიჭოს სერჟანტის სამხედრო წოდება.

„სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე წოდების მინიჭების ვადის ზრდა ხელს შეუწყობს სერჟანტთა შემადგენლობის წოდებრივი ზრდის ვადის დაბალანსებას (20 წელი). ამასთან, აღნიშნული ცვლილება თანხვედრაში მოვა თავდაცვის ძალებში სერჟანტების რაოდენობრივ მოთხოვნებთან. კერძოდ, დაბალი რანგის სერჟანტების მეტი რაოდენობის საჭიროება მაღალი რანგის სერჟანტებთან შედარებით.

ოფიცერთა შედარებით დაბალ წოდებაში მორიგი სამხედრო წოდების მინიჭებისათვის არსებული მცირე ვადები იწვევს ოფიცრის მაღალ წოდებამდე სწრაფად ზრდას. შესაბამისად, პირმა შეიძლება, ვერ მიიღოს სათანადო განათლება და გამოცდილება (საკარიერო კურსები; უცხო ენის კურსები და ა. შ.). ამასთან, წოდების მისანიჭებლად არსებული მცირე ვადა იწვევს მაღალი რანგის ოფიცერთა სიჭარბის წარმოქმნას სამინისტროში არსებულ საშტატო ნუსხებთან შედარებით. ამდენად, მორიგი სამხედრო წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადის გასვლის მიუხედავად, მაღალი წოდების საშტატო თანამდებობების სიმცირის გამო, ვერ ხერხდება ოფიცერთა საკმარისი რაოდენობის დაწინაურება. ოფიცრის პირველი უმაღლესი სამხედრო წოდება (ბრიგადის გენერალი) შეიძლება, მიენიჭოს პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს, თუ მას ორი წლის განმავლობაში ეკავა პოლკოვნიკის და ერთი წლის განმავლობაში უმაღლესი ოფიცრის საშტატო კატეგორიის თანამდებობა. აღნიშნული ეფუძნება შემდეგ გარემოებას – სამხედრო მოსამსახურემ, პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მინიჭებისა და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მიზანშეწონილია იმსახუროს გარკვეული პერიოდი, რათა მიიღოს შესაბამისი გამოცდილება და აიმაღლოს ცოდნის დონე“, – განმარტავს მთავრობა.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ კარიერული იერარქიის დაგეგმვის უზრუნველსაყოფად, ზოგიერთი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკი განისაზღვრა განსხვავებულად.

„რიგითთა შემადგენლობას საბრძოლო ქვედანაყოფებში უწევთ რთული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვასთან. ამასთან, მათ არ უწევთ კარიერული დაწინაურება. შესაბამისად, მიზანშეწონილია მათი ზღვრული ასაკი, ნაცვლად 50 წლისა, განისაზღვროს 45 წლით, რათა დროულად განხორციელდეს მათი როტაცია, ასევე, გაჩნდეს მეტი მოტივაცია მაღალ წოდებაში დასაწინაურებლად. გაიზარდა მთავარი სერჟანტის ზღვრული ასაკი და ნაცვლად 50 წლისა, განისაზღვრა 55 წლით. რიგითთა, კაპრალთა და სერჟანტთა წოდებრივ იერარქიაში მთავარი სერჟანტი წარმოადგენს ყველაზე მაღალი წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს. შესაბამისად, მას მიღებული აქვს სათანადო განათლება (რაზედაც გაწეულია მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯები) და გააჩნია მრავალმხრივი კარიერული გამოცდილება. შესაბამისად, უწყება დაინტერესებულია, მთავარი სერჟანტის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე შეინარჩუნოს ხანგრძლივი დროით.

სამინისტროს სისტემაში სამედიცინო პერსონალის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სამედიცინო განათლება და ამავდროულად დანიშნულია სამედიცინო ქვედანაყოფში ან უკავია სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობა – ზღვრული ასაკი გაუგრძელდება 55 წლამდე“, – ნათქვამია პროექტში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

Politico – ევროკავშირი თურქეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მუშაობს

ევროკავშირი თურქეთთან ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირი თურქეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მუშაობს, რაც ანკარაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისრის, მაგნუს ბრუნერისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ვიზიტს მოყვა. კონკრეტული დეტალები უცნობია.

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორს, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს და მის თანმხლებ კათოლიკე სასულიერო პირებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს და ფოტოებს აქვეყნებს.„შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.ეპისკოპოსმა ჯუზეპემ მის უწმინდესობას და უნეტარესობას მიულოცა კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება და გამოხატა მზაობა ორ ეკლესიას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებისა.კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა მილოცვისთვის და გაიხსენა ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს თბილი დამოკიდებულება ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისადმი.შეხვედრაზე ისაუბრეს ზნეობრივი ღირებულებებისა და ოჯახის პატივისცემის თაობაზე, ასევე ბიოეთიკის პრობლემებსა და თანამედროვე გამოწვევებზე, მშვიდობისა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ხაზი გაუსვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს, რომელიც წელს აღინიშნება.შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

„ევრაქტივი“ – ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის შეზღუდვის მასშტაბურ გეგმაზე მუშაობს

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის შეზღუდვის მასშტაბურ გეგმაზე მუშაობს, – ამის შესახებ „ევრაქტივი“ წერს.გამოცემის წყაროების ცნობით, ინიციატივას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 16 სექტემბერს, ყოველწლიური მიმართვისას ოფიციალურად წარადგენს.ჯერჯერობით უცნობია, რა მინიმალური ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება სოციალური მედიის გამოყენებისთვის და როგორ გაკონტროლდება რეგულაციის აღსრულება. წინასწარი ინფორმაციით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რამდენიმე ალტერნატიული მოდელი განიხილება, მათ შორის მშობლების სავალდებულო თანხმობის პროცესი და ასევე, ასაკის დადასტურების მკაცრი სისტემების დანერგვა.ცნობისთვის, 2024 წელს ავსტრალია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე დააწესა. ანალოგიური შეზღუდვების მიღებას დიდი ბრიტანეთიც განიხილავს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან არასრულწლოვნებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას ეროვნულ დონეზე უკვე გეგმავენ საფრანგეთი და ესპანეთი.

კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში – ლოჩოშვილმა „კიოლნთან“ კონტრაქტი გააფორმა

ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ბუნდესლიგის გუნდის მოთამაშე გახდა – საქართველოს ნაკრებისა და „ნიურნბერგის“ ყოფილი წევრის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.საფეხბურთო პორტალის ცნობით, 28 წლის მცველმა გერმანიის მთავარი საფეხბურთო ლიგის კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.ლოჩოშვილმა კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, უთამაშია კიევის „დინამოს“ დუბლშემადგენლობაში, საიდანაც იჯარით სლოვაკურ „ჟილინაში“ გადავიდა. მერე დაბრუნდა „დინამო თბილისში“. ათი მატჩის შემდეგ, 2020 წლის აგვისტოში დატოვა გუნდი და შეუერთდა ავსტრიულ „ვოლფსბერგერს“, სადაც მეტოქის სიცოცხლის გადარჩენისთვის ფიფა-სგან მიიღო სამართლიანი თამაშის ჯილდო.2022 წლის აგვისტოში ლოჩოშვილი იტალიაში შეუერთდა „კრემონეზეს“. ერთი სეზონი იჯარით „სალერნიტანაში“ გაატარა, 2025 წელს კი მეორე ბუნდესლიგის „ნიურნბერგში“ გადავიდა.ლოჩოშვილს უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ (17, 19, 21-წლამდელთა) ნაკრებებში. 2021 წლის სექტემბერში ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. იყო ევრო 2024-ის მონაწილე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზბეკეთის პრეზიდენტ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა – ირაკლი კობახიძისა და შავკატ მირზიოევის პირისპირ შეხვედრა ხვალ გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს, რომელიც საქართველოს, სახელმწიფო ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია.მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა ხაზი გაუსვა უზბეკეთიდან საქართველოში უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის.„სტუმრებმა ფუნიკულიორით იმგზავრეს და დედაქალაქის ხედები დაათვალიერეს.უზბეკეთის პრეზიდენტის პატივსაცემად, თბილისის ანძა უზბეკეთის რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა.შავკატ მირზიოევი საქართველოს ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ხვალ გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები