ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026

სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში განხორციელდება

სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში განხორციელდება. აღნიშნულ სიახლეს „თავდაცვის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა.

თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ სამხედრო მომზადება ხორციელდება სპეციალური პროგრამების მეშვეობით, მათ შორის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით. მათი ინფორმაციით, ზოგიერთი კატეგორიის სამხედრო წოდების მინიჭება და თანამდებობრივი დაწინაურება ხდება შესაბამისი კურსების გავლისა და თანამდებობრივი და წოდებრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩაბარების შემდგომ, შერჩევის საბჭოს ჩართულობით, რომლის შესაძლებლობასაც მოკლებულია სხვა უწყება.

„შედეგად ვიღებთ ოფიცრებს, რომლებსაც მიღებული არ აქვთ სათანადო დონის სამხედრო განათლება და შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია პირისათვის, რათა საჭიროების შემთხვევაში, იმსახუროს სამხედრო ქვედანაყოფებში ან რეზერვში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სიახლის მიხედვით, 2025 წლიდან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი იქნება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. რაც შეეხება პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება და სამხედრო სამსახურს გადის სხვა უწყებაში, 2025 წლიდან მიეცემა შესაძლებლობა, სამსახური გააგრძელოს სახელმწიფო სპეციალური წოდებით“, – აღნიშნულია პროექტში.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი სიახლის მიხედვით, სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადი იქნება: სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამედიცინო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სახელმწიფო ან სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა; საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამდებობაზე განხორციელებული საქმიანობა, რომელიც ემსახურება საერთაშორისო პარტნიორობის ან სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესრულებას.

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან აღნიშნული საქმიანობის შეთავსება აუცილებელია შესაბამისი სპეციალობის მქონე სამხედრო მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად, ასევე საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად. ამასთან, სამხედრო მოსამსახურისთვის ზემოაღნიშნული წარმოადგენს დამატებით მნიშვნელოვან პრივილეგიას და ემსახურება მისი მოტივაციის ამაღლებას“, – ნათქვამია პროექტში.

ახლებურად განისაზღვრა განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის წესი. კერძოდ, ცვლილებებით, განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობის ვადის პროპორციულად (სამმაგი, ორმაგი და ერთ-ნახევარი ოდენობით) აღარ მოხდება წელთა ნამსახურობის ვადის გადაანგარიშება და იგი შეეხება მხოლოდ შრომის ანაზღაურების ოდენობას, ვინაიდან თავდაცვის უწყების განმარტებით, წელთა ნამსახურობის გადაანგარიშება ზეგავლენას ახდენს მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების ვადაზე.

„შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე ვერ ახერხებს, დააკმაყოფილოს ის კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელია მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად (უცხო ენის შესწავლა, შესაბამისი კურსების გავლა). რაც შეეხება წელთა ნამსახურობის გადაანგარიშებას, იგი განხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის. პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის უმაღლესი სამხედრო წოდების მქონე ოფიცერი, თანამდებობაზე დაინიშნება და თანამდებობიდან გათავისუფლდება თავდაცვის მინისტრის მიერ. შეიცვალა ზოგიერთი კატეგორიის სამხედრო წოდების მინიჭების ვადა: I კლასის რიგითიდან – კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე – ორი წლის ნაცვლად, იქნება – ერთი წელი;

სერჟანტიდან – უფროს სერჟანტამდე – სამი წლის ნაცვლად, იქნება ოთხი წელი; უფროსი ლეიტენანტიდან – კაპიტნამდე სამი წლის ნაცვლად, იქნება ოთხი წელი; კაპიტნიდან – მაიორამდე სამი წლის ნაცვლად, იქნება ოთხი წელი; მაიორიდან – ვიცე-პოლკოვნიკამდე – ოთხი წლის ნაცვლად, იქნება ხუთი წელი“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

თავდაცვის უწყება  სამხედრო წოდების მისანიჭებლად არსებული ვადის შეცვლასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ეს გამოწვეულია შემდეგი გარემოებით, რომ პირველი კლასის რიგითიდან კაპრალამდე სამხედრო წოდების მინიჭების ვადის შემცირება გამოიწვევს კაპრალამდე და უმცროს სერჟანტამდე უფრო სწრაფ წოდებრივ ზრდას, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო მოსამსახურის მოტივაციის ამაღლებას, რომ მიენიჭოს სერჟანტის სამხედრო წოდება.

„სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე წოდების მინიჭების ვადის ზრდა ხელს შეუწყობს სერჟანტთა შემადგენლობის წოდებრივი ზრდის ვადის დაბალანსებას (20 წელი). ამასთან, აღნიშნული ცვლილება თანხვედრაში მოვა თავდაცვის ძალებში სერჟანტების რაოდენობრივ მოთხოვნებთან. კერძოდ, დაბალი რანგის სერჟანტების მეტი რაოდენობის საჭიროება მაღალი რანგის სერჟანტებთან შედარებით.

ოფიცერთა შედარებით დაბალ წოდებაში მორიგი სამხედრო წოდების მინიჭებისათვის არსებული მცირე ვადები იწვევს ოფიცრის მაღალ წოდებამდე სწრაფად ზრდას. შესაბამისად, პირმა შეიძლება, ვერ მიიღოს სათანადო განათლება და გამოცდილება (საკარიერო კურსები; უცხო ენის კურსები და ა. შ.). ამასთან, წოდების მისანიჭებლად არსებული მცირე ვადა იწვევს მაღალი რანგის ოფიცერთა სიჭარბის წარმოქმნას სამინისტროში არსებულ საშტატო ნუსხებთან შედარებით. ამდენად, მორიგი სამხედრო წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადის გასვლის მიუხედავად, მაღალი წოდების საშტატო თანამდებობების სიმცირის გამო, ვერ ხერხდება ოფიცერთა საკმარისი რაოდენობის დაწინაურება. ოფიცრის პირველი უმაღლესი სამხედრო წოდება (ბრიგადის გენერალი) შეიძლება, მიენიჭოს პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს, თუ მას ორი წლის განმავლობაში ეკავა პოლკოვნიკის და ერთი წლის განმავლობაში უმაღლესი ოფიცრის საშტატო კატეგორიის თანამდებობა. აღნიშნული ეფუძნება შემდეგ გარემოებას – სამხედრო მოსამსახურემ, პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მინიჭებისა და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მიზანშეწონილია იმსახუროს გარკვეული პერიოდი, რათა მიიღოს შესაბამისი გამოცდილება და აიმაღლოს ცოდნის დონე“, – განმარტავს მთავრობა.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ კარიერული იერარქიის დაგეგმვის უზრუნველსაყოფად, ზოგიერთი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკი განისაზღვრა განსხვავებულად.

„რიგითთა შემადგენლობას საბრძოლო ქვედანაყოფებში უწევთ რთული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვასთან. ამასთან, მათ არ უწევთ კარიერული დაწინაურება. შესაბამისად, მიზანშეწონილია მათი ზღვრული ასაკი, ნაცვლად 50 წლისა, განისაზღვროს 45 წლით, რათა დროულად განხორციელდეს მათი როტაცია, ასევე, გაჩნდეს მეტი მოტივაცია მაღალ წოდებაში დასაწინაურებლად. გაიზარდა მთავარი სერჟანტის ზღვრული ასაკი და ნაცვლად 50 წლისა, განისაზღვრა 55 წლით. რიგითთა, კაპრალთა და სერჟანტთა წოდებრივ იერარქიაში მთავარი სერჟანტი წარმოადგენს ყველაზე მაღალი წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს. შესაბამისად, მას მიღებული აქვს სათანადო განათლება (რაზედაც გაწეულია მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯები) და გააჩნია მრავალმხრივი კარიერული გამოცდილება. შესაბამისად, უწყება დაინტერესებულია, მთავარი სერჟანტის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე შეინარჩუნოს ხანგრძლივი დროით.

სამინისტროს სისტემაში სამედიცინო პერსონალის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სამედიცინო განათლება და ამავდროულად დანიშნულია სამედიცინო ქვედანაყოფში ან უკავია სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობა – ზღვრული ასაკი გაუგრძელდება 55 წლამდე“, – ნათქვამია პროექტში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები მკაცრდება – მას დამატებით კრიტერიუმად შესაბამის სფეროში შესაბამისი სპეციალობით საქმიანობის არანაკლებ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილების ქონა მოეთხოვება

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება - მას დამატებით კრიტერიუმად შესაბამის სფეროში შესაბამისი სპეციალობით საქმიანობის არანაკლებ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილების ქონა მოეთხოვება.ამ და მთელ რიგ სხვა ცვლილებებს “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მომზადებული პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.აღნიშნული სიახლის გარდა, ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილება ენიჭება, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრად დარგის ექსპერტი მოიწვიოს და ექსპერტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, შერჩევის წესი და შრომის ანაზღაურება განსაზღვროს.კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ განისაზღვრება ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების ერთთვიანი ვადა და დგინდება, რომ გასაჩივრება გადაწყვეტილების მოქმედებას არ აჩერებს“ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, ”ფულის ნიშნებისა“ და “ემისიის“ ცნებები ფართოვდება - მასში აისახება ფულის ნიშნების ციფრული ფორმით გამოშვება. ასევე განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები ფიცრული ლარის დამზადების, ემისიისა და მიმოქცევის მიმართულებით.

მიხეილ სააკაშვილი – ამბიციური იმბეცილები ისტერიულად ქმნიან პარტიებს, პარტიები კი არა „კუტოკებია“ – როგორც ჩანს, მათ სერიოზულად სჯერათ, რომ მე ციხეში დავრჩები ან ქვეყნიდან...

იმდენი მეძახეს, სომეხი ხარო, ჩავიტარე ტესტი და აღმოვჩნდი მთლიანად ქართველი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღეს, სასამართლო პროცესზე განაცხადა.მან სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი არასდროს ყოფილა ჩმორი და მონა, რადგან ჩმორობა და მონობაარ არის აქაური მაცხოვრებლების გენეტიკურ კოდში“.„რამდენიმე წლის წინ ჩავიტარე გენეტიკური ტექსტი. იმდენი მეძახეს, სომეხი ხარო, ჩავიტარე ტესტი და აღმოვჩნდი მთლიანად ქართველი, მაგრამ ეს ეთნიკური საკითხი არ არის. საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი არასდროს ყოფილა ჩმორი და მონა. ჩმორობა და მონობა უბრალოდ არ არის აქაური მაცხოვრებლების გენეტიკურ კოდში. მით უმეტეს, საქართველო არასდროს ყოფილა ერთი ოჯახის საკუთრება. ის, რაც ბაგრატიონებმაც კი ვერ შეძლეს, რანაირად უნდა მოახერხოს ივანიშვილმა. მათაც კი არ ჰქონიათ პრეტენზია, რომ საქართველო მთლიანად მათი საკუთრება უნდა ყოფილიყო”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.ამასთან, მან ოპოზიციაც გააკრიტიკა.“სამართლიანი არჩევნების სჯერათ და ვერ გაუგიათ, უსამართლო სისტემა ზუსტად რა პრინციპით მუშაობს. ამასობაში, უამრავი ამბიციური იმბეცილი დარჩა ამ საზოგადოებაში, რომლებიც ისტერიულად ქმნიან პარტიებს. პარტიები კი არა, “კუტოკებია”. როგორც ჩანს, ამ იმბეცილებს სერიოზულად სჯერათ, რომ არსებულ პარტიებს გააუქმებენ, ისინი გავლენ ყველგან და იქნებიან წინა პლანზე და ისინი დაიკავებენ მათ ადგილს, რომ მე ციხეში დავრჩები, ან როგორც ბევრი ოცნებობს, ქვეყნიდან გამაძევებენ და ამ დროს ვიღაც ყიფიანი, ან ქიბროწაშვილი და ან ვინმე სხვა იმბეცილი, გახდება “ახალი მიშა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას უერთდება. ღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმირება თანამედროვე კიბერსაფრთხეების შესახებ, ციფრულ გარემოში უსაფრთხოების პრაქტიკული უნარების განვითარება და პერსონალური თუ საუნივერსიტეტო ინფორმაციის დაცვის კულტურის გაძლიერება.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს ციფრული მმართველობის სააგენტოს (DGA) კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის (CERT) თანამშრომლებმა. მათ სტუდენტებს გააცნეს არსებული კიბერსაფრთხეები, ინფორმაციის დაცვის პრაქტიკული მეთოდები და კიბერჰიგიენის ძირითადი წესები. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა შემეცნებითი ქვიზი, ხოლო გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კიბერუსაფრთხოება ინფორმაციული სისტემების, ქსელების, პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული მონაცემების უნებართვო წვდომისგან, დაზიანებისგან, მოპარვისა და სხვა სახის კიბერსაფრთხეებისგან დაცვის ღონისძიებათა ერთობლიობაა. მისი საფუძველი ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. როგორც თალიკო ჟვანია აცხადებს, თანამედროვე უნივერსიტეტისთვის კიბერუსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სასწავლო და კვლევითი პროცესები, ელექტრონული კომუნიკაცია, აკადემიური რესურსები და პერსონალური მონაცემები სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ციფრულ ინფრასტრუქტურაზე. დეკანის თქმით, ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეა. საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ციფრული მმართველობის სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს საგანმანათლებლო აქტივობებს, რომელთა მიზანი კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა. თალიკო ჟვანიას განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველწლიურად ერთვება ღონისძიებათა ციკლში.„კიბერსაფრთხეების გავრცელებული ფორმებია ფიშინგი - ყალბი შეტყობინებებით მომხმარებლის მოტყუებისა და მისი მონაცემების მოპოვების მცდელობა, ანგარიშებზე უნებართვო წვდომა, მავნე პროგრამები და მონაცემთა გამოსასყიდის სანაცვლოდ დაბლოკვა. მსგავსი საფრთხეებისგან დაცვა მოითხოვს არა მხოლოდ ტექნიკური უსაფრთხოების მექანიზმებს, არამედ მომხმარებლების ინფორმირებულობასა და პასუხისმგებლიან ქცევას. ერთი დაუცველი ანგარიში ან საეჭვო ბმულზე დაუფიქრებლად გადასვლა შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს როგორც ცალკეული მომხმარებლის მონაცემებს, ისე უნივერსიტეტის ინფორმაციულ სისტემებს.კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება როგორც ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს, ისე სტუდენტებს. უნივერსიტეტის ციფრული რესურსების დასაცავად აუცილებელია ძლიერი და უნიკალური პაროლების გამოყენება, მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაციის ჩართვა, პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარული განახლება, მნიშვნელოვანი მონაცემების სარეზერვო ასლების შექმნა და ინფორმაციის გაზიარებისას წვდომის უფლებების სწორად განსაზღვრა. ასევე მნიშვნელოვანია საეჭვო ელექტრონული წერილების, უცნობი ბმულებისა და დანართების გადამოწმება, საუნივერსიტეტო ანგარიშების დაცვა და შესაძლო კიბერინციდენტის შესახებ პასუხისმგებელი პირების დაუყოვნებლივ ინფორმირება.კიბერუსაფრთხოების შესახებ ცოდნის გაღრმავება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში უსაფრთხო ციფრული გარემოს ჩამოყალიბებას, აკადემიური და პირადი ინფორმაციის დაცვასა და სტუდენტებში პასუხისმგებლიანი ციფრული ქცევის დამკვიდრებას“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.

ირაკლი კობახიძე – დავით ქაცარავა ის ადამიანია, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ რუსულ სერიალში „ეფესბეს“ აგენტს თამაშობდა და ბექაურს უწუნებს პატრიოტიზმს, ეს არის თავხედობა

დავით ქაცარავა ის ადამიანია, რომელიც „ეფესბეს“ აგენტს თამაშობდა რუსულ სერიალში 2008 წლის ომის შემდეგ და ახლა ლაშა ბექაურს უწუნებს სხვადასხვა რამეს, პატრიოტიზმს და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, ეს არის თავხედობა.„დავით ქაცარავა ის ადამიანია, რომელიც „ეფესბეს“ აგენტს თამაშობდა რუსულ სერიალში 2008 წლის ომის შემდეგ და ახლა ბექაურს უწუნებს სხვადასხვა რამეს, პატრიოტიზმს და ა.შ. პირველ რიგში, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში. ორი ოქროს მედალი, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი მედალი, რომელიც გუნდურ ასპარეზობაში მოვიპოვეთ და ამაში ლაშა ბექაურმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. პრაქტიკულად ტრამვით მოაგებინა გუნდს პრინციპული დაპირისპირება. ასეთ ფონზე ასეთ დამსახურებულ ადამიანებს თავს ესხმიან „ეფესბეს“ აგენტის როლის შემსრულებელი ადამიანები. შეგახსენეთ, რომ 2008 წლის შემდეგ ასრულებდა ეს ადამიანი „ეფესბეს“ აგენტის როლს რუსულ სერიალში. ეს არის თავხედობა. ამას სხვა შეფასება, არ შეიძლება, მიეცეს. ეს ადამიანი არის შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ანტიეროვნულ ქმედებებში. შესაბამისად, საინტერესო არ არის მაინცდამაინც მისი თავდასხმა ჩვენი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.შეგახსენებთ, რომ დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში დაწერა: „უდავოდ ძლიერი და გამორჩეული სპორტსმენია ლაშა ბექაური, მაგრამ მკვლელ და სადისტ ხარებასთან პოზირების შემდეგ მისი ნებისმიერი წარმატება ნულოვან ემოციას იწვევს. მარტო მაგარი სპორტსმენობა პატრიოტიზს საერთოდ არ ნიშნავს“.

კახა კალაძე – უსამშობლო ადამიანებს ეზიზღებათ ყველა წარმატებული ადამიანი, ვისაც სამშობლო უყვარს

ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ბულინგის თემაზე კომენტირებისას აღნიშნა.მისი თქმით, მსგავსი თავდასხმების სამიზნე ყველა ის ადამიანი ხდება, ვისაც ქვეყნის მიმართ პატრიოტული პოზიცია აქვს.„ლაშა არის გმირი სულით და ღირსეული კაცია, ნამდვილი ქართველი მამულიშვილი, რომელსაც მართლა უყვარს თავისი სამშობლო და ნუ გაგვიკვირდებათ, თუ უსამშობლო ადამიანებს ლაშა ბექაური არ მოსწონთ. მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ ლაშას მიმართ აქვთ. თუ დავაკვირდებით, ეზიზღებათ ყველა წარმატებული ადამიანი, ვისაც სწორი პოზიცია უჭირავს, ქვეყანა უყვარს და ვისთვისაც საქართველო მხოლოდ ტერიტორია არ არის. ისინი ყველა ასეთ ადამიანს აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.ამასთან, კახა კალაძემ გაიხსენა ქართველი ფეხბურთელების შემთხვევაც და აღნიშნა, რომ განსხვავებული აზრის გამო შეურაცხყოფას მათაც აყენებდნენ.„გავიხსენოთ თუნდაც ფეხბურთელები. როგორ შეურაცხყოფდნენ მათ, რადგან მათ პოზიციას არ იკავებდნენ. ყველამ ვიცით, ეს ადამიანები გარედან იმართებიან, საერთოდ სამშობლო არ გააჩნიათ და არავის არ ეკუთვნიან – არც საკუთარ თავს, არც საკუთარ ოჯახს, არც საკუთარ ქვეყანას. ისინი ჩვეულებრივ დავალებებს იღებენ გარედან, თავიანთი პატრონები ჰყავთ, მათგან ფინანსდებიან და იმიტომ არიან ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან დღეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ბოლო სიახლეები