რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ 2026 წლის 27 ივლისიდან სომხეთიდან რუსეთში რძის პროდუქტების შეტანაზე შეზღუდვები ამოქმედდება.
უწყების ინფორმაციით, გადაწყვეტილება 14–21 ივლისს ჩატარებული ინსპექტირების შედეგებს ეფუძნება, რომლის დროსაც, მათივე განცხადებით, არაერთი დარღვევა გამოვლინდა.
„როსსელხოზნადზორის“ განცხადებით, მათ შორის „დადგინდა, რომ რუსეთში გასაგზავნი პროდუქციის წარმოებაში გამოიყენებოდა დაავადებული პირუტყვისგან მიღებული რძე“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სომხური პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესება მაისის ბოლოს დაიწყო. აკრძალვები შეეხო, მათ შორის, ყვავილებს, მინერალურ წყალს, ბოსტნეულსა და ხილს. რუსული მხარე გადაწყვეტილებებს გამოვლენილი დარღვევებით ხსნიდა.
შეზღუდვები დაწესდა იმ პერიოდში, როდესაც სომხეთი 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა და ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობდა. არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტიის გამარჯვების შემდეგ რუსეთმა სომხეთიდან საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული ყველა პროდუქციის იმპორტიც აკრძალა.

