პარასკევი, თებერვალი 20, 2026

რუსეთის წინააღმდეგ ქართველების უძველესი პეტიციის ორიგინალი იპოვეს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეულმა მკვლევარმა და პროფესორმა ბექა კობახიძემ და უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის ორიენტალური განყოფილების უფროსმა ჯილიან ევისონმა ქართველი ხალხის საუკუნოვან პეტიციას მიაგნეს, რომელიც რუსეთის მხრიდან 1783 წლის გიორგიევსკის ტრაქტატის დარღვევასა და ანექსიას ეხება.

დეტალურად უნიკალური აღმოჩენის შესახებ პროფესორი თავის Facebook-გვერდზე წერს.

„1907 წელს გაიმართა ჰააგის საერთაშორისო კონფერენცია. მან ბევრი ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა დაადგინა, რომელიც დღემდე ძალაშია. ამ კონფერენციისთვის ანარქისტმა და ქართველმა ნაციონალისტმა, თავადმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა დაიწყო “ქართველი ხალხის პეტიციის” შედგენა. პეტიცია ბრალს სდებდა რუსეთს 1783 წლის გიორგიევსკის ტრაქტატის დარღვევაში, ანექსიაში, 1905-1906 წლებში პოგრომების მოწყობაში გურიის ტერიტორიაზე და ითხოვდა ტრაქტატის მუხლების საფუძველზე საქართველოსთვის პოლიტიკური ავტონომიის მინიჭებას. საჯაროდ ასე იყო ცნობილი, რომ ტექსტი შეადგინა მომავალში ეროვნულ-დემოკრატმა, იურისტმა გოგიტა გვაზავამ.

ჯერ კიდევ 5 წლის წინ ვნახე ოქსფორდის ბოდლიანის ბიბლიოთეკაში, რომ ტექსტის რედაქტირებაზე და მისთვის საბოლოო სახის მიცემაზე მუშაობდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ოლივერ უორდროპი. მან ისიც მოახერხა, რომ ტექსტი მოხვედრილიყო კონფერენციის მონაწილეთა მაგიდაზე, მაგრამ საკუთარ მონაწილეობას, გასაგებ მიზეზთა გამო, ბოლომდე ასაიდუმლოებდა.
ვარლამ ჩერქეზიშვილმა ასე შეაფასა ეს მოვლენა: “ასი წლის შემდეგ პირველად იყო, რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა.”

სამიათასამდე ხელმოწერა ჰქონდა ტექსტსო, გადმოცემით ვიცოდით, მაგრამ სად იყო ეს ხელმოწერები არ გვენახა. 2013 წელსაც ვეძებდი და ვერ ვიპოვე ოქსფორდში. როგორც ხდება ხოლმე, არასწორი სახელით აღმოჩნდა კატალოგიზირებული. ახლა კიდევ ერთხელ მოძებნა მთხოვა ბატონმა ოთარ ჯანელიძემ და ისევ ვერ მოვძებნიდი, რომ არა გილიან ევისონი, რომელიც ამ კოლექციას კურირებს და იცის სად რა ეშმაკი შეიძლება იყოს დამალული. თავიდან ვერც მან მოძებნა, მაგრამ განმეორებითი და განმეორებითი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ”, – წერს ბექა კობახიძე.

„25 ფურცელი, ხელმოწერებით სავსე. ეს არის ქართველი ხალხის პეტიცია, ნამდვილად, ამ პრინციპითაც შედგა ის:

1. არც ერთი პოლიტიკოსის და პოლიტიკურად აქტიური ადამიანის ხელმოწერა ზედ არ არის;

2. საზოგადო და კულტურულ მოღვაწეთა უმრავლესობა (ოცხელი, ვუკოლ ბერიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, კოტე მაყაშვილი და ა.შ.), მღვდლები (კარბელაშვილები), მუშები, გლეხები, მასწავლებლები, თავადაზნაურობა ლამის სრული შემადგენლობით, მრეწველები და “ახალშობილი” ქართული ბურჟუაზია;

3. სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფურცლებზეა ხელმოწერები გაკეთებული, რეგიონული პრინციპით. ცალკეა კახეთის ხელმოწერები, ცალკე იმერეთის და ა.შ.

წარმოიდგინეთ რამხელა შრომა და რისკია ამ ყველაფერში ჩადებული:

1. ცარისტული რუსეთის პირობებში ეს ხალხი დადიოდა მთელი საქართველოს გარშემო და აგროვებდნენ ხელმოწერებს;

2. გლეხს და მუშას თუ ცოტა რამ ჰქონდა დასაკარგი, აი თავადაზნაურები და მრეწველები, მასობრივად, რისკის ქვეშ აყენებდნენ საკუთარ სოციალურ სტატუსსა და პრივილეგიებს, რადგან მათი ხელმოწერები უნდა წარედგინათ რუსეთის წინააღმდეგ, საერთაშორისო კონფერენციისთვის; (ახლა რობიკო სტურუა და სხვა ინტელიგენტნი აგროვებენ ხელმოწერებს რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ეს ცალკე საკითხია);

3. ვინც ფრანგულად ან ინგლისურად საუბრობდა (ასეთი ძალიან ცოტა იყო), მათ ხელი ლათინური ანბანით მოაწერეს, დანარჩენებმა ქართულად. არც ერთი რუსულენოვანი ხელმოწერა არ არის;

4. ამ ტექსტს უკეთებდნენ ინტერნაციონალიზაციას: ჩართეს უორდროპი, ჩართეს დასავლური პრესა და თქვენ წარმოიდგინეთ მაშინდელი საერთაშორისო ფემინისტური მოძრაობა ნანი დრაიჰარსტის მეთაურობით.

ხომ არაფერი ყოფილა შედეგი, ამას საქართველოს გათავისუფლება არც მოჰყოლია და ვერც მოყვებოდა, მაგრამ თვითონ კმაყოფილები იყვნენ, რომ მაქსიმუმი გააკეთეს და “ასი წლის შემდეგ პირველად იყო, რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა.”

ეს ხელმოწერები გვეუბნება, რომ ეროვნული თავისუფლებების მნიშვნელობა, ელიტურ ჯგუფებში მაინც, იმაზე მაღლა იყო, ვიდრე ხშირად გვგონია. სოციალური ისტორიის შესასწავლადაც საინტერესო აღმოჩენაა.

მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მეხსიერების პოლიტიკისა და მუზეუმისთვის არის ეს დოკუმენტი:

1. მასზე ყველა მეორე ქართველს შეუძლია საკუთარი გვარის ამოკითხვა და მერე იმ ამბავში ჩაძიება, რომ მისი ესა და ეს წინაპარი 111 წლის წინ ჰააგის კონფერენციისთვის წარსადგენ პეტიციას აწერდა ხელს და ამით დიდ რისკს სწევდა;

2. კარგი იქნებოდა ოკუპაციის მუზეუმში ერთი დიდი მემორიალური კედლის გაკეთება, სადაც ამ სახელებს და გვარებს ჩამოვწერდით. ხალხი მოვიდოდა და კედელზევე დაიწყებდა თავიანთი წინაპრების ძიებას, გადმოცემული ამბების მოყოლას… აქ შეიძლება ბევრი სხვა ინფორმაციაც წამოვიდეს ოჯახებიდან, რომელსაც ისინი დღემდე ყურადღებას არ აქცევდნენ”, – აცხადებს ბექა კობახიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამის საკითხი მხოლოდ დიპლომატიური გზით მოგვარდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ბირთვული პროგრამის საკითხი მხოლოდ დიპლომატიური გზით მოგვარდება.როგორც აბას არაღჩიმ განმარტა, ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ შეერთებული შტატები ირანის მიმართ პატივისცემას გამოიჩენს.„ირანელ ხალხს პატივისცემით თუ დაელაპარაკებით, ჩვენც მსგავსად გიპასუხებთ. ძალით თუ დაგველაპარაკებით, ჩვენც მსგავსად გიპასუხებთ. მჯერა, ირანელებმა დაამტკიცეს, რომ ისინი ამაყი ხალხია“, – განაცხადა არაღჩიმ.

ზელენსკი: 10 000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზეა, ეს უკიდურესად სახიფათოა, რადგან ისინი თანამედროვე ჰიბრიდული ომის შესახებ ცოდნას იძენენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამ დროისთვის რუსეთის ტერიტორიაზე 10 000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი იმყოფება.მისივე თქმით, კორეელი ჯარისკაცები დიდ ცოდნას და გამოცდილებას იღებენ, რაც საფრთხის შემცველია.„10 000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება. უკიდურესად სახიფათოა, რომ ისინი თანამედროვე ჰიბრიდული ომის შესახებ ცოდნას იძენენ. მათ იციან, როგორ დაიცვან თავი რაკეტებისგან, სხვადასხვა ტიპის დრონებისგან, მათ შორის ბოჭკოვანი ოპტიკური დრონებიდან დაწყებული, შორ მანძილზე მოქმედი დრონებით დამთავრებული. ისინი ახლა რუსეთის ტერიტორიაზე სწავლობენ, რადგან ჩვენ რუსეთის თავდასხმებს ვპასუხობთ. ასე რომ, მათ აქვთ ეს შესაძლებლობა. რას იზამენ ამ ცოდნით? სულ მცირე, ისინი ამ ცოდნასა და გამოცდილებას ჩრდილოეთ კორეაში წაიღებენ“, – წერს ზელენსკი.

ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს – არ ვიყოთ რაიმეს ხელის შემშლელი, ყველას თავისი გზა აქვს, არ გვინდა ამდენი გაუგონარი სჯა-ბაასი, სამარცხვინოა ამის ყურება

აღარ გვინდა ყველა ეთერში დაჯდომა და თქმა, აი, „ლელო“ როგორი ცუდია, იმ გახარიას პარტიასაც დავანებოთ თავი, ყველას თავისი გზა აქვს. ყველა მინუს ივანიშვილი, ეს უნდა იყოს, არ აქვს ამას პარტიული კუთვნილება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, არ უნდა გაიკიცხონ ის ოპოზიციური ძალები, რომლებსაც ერთიანობა არ სურთ.„პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც წარმოვადგენ და რომლის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეც ვარ, მინდა, მოვუწოდო, არ ვიყოთ რაიმეს ხელის შემშლელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება მეტი ერთიანობა გვინდოდეს ან რაღაცა ისე არ იყოს, არ შეიძლება ამაზე უკან დახევა. ერთიანობა სადაც იქნება, ყველგან უნდა ვიყოთ, სიტყვა „ერთიანობა“ სადაც იქნება, იქ უნდა ვიყოთ. კიდევ მინდა, გთხოვოთ, რომ ის ხალხი, ვინც არ გვიერთდება, იმათ დასჯაში ნუ შევდივართ. დავანებოთ იმ ხალხს თავი, ზოგი საჩვენო საქმეს აკეთებს, ეგრე უყურებს და ეგრე წამს.გავიგეთ, რომ „ლელო“ არ შემოდის, აკეთებს იმ თავის საქმეს, გააკეთოს. აღარ გვინდა ყველა ეთერში დაჯდომა და აი, „ლელო“ როგორი ცუდია. მეტსაც გეტყვით, იმ გახარიას პარტიასაც დავანებოთ თავი. ყველას თავისი გზა აქვს. ყველა მინუს ივანიშვილი, ეს უნდა იყოს, არ აქვს ამას პარტიული კუთვნილება. ჩემი, როგორც ერთი გულშემატკივრის პოზიცია, ისე მინდა, გაიგოს საზოგადოებამ. ყველა მინუს ივანიშვილი – ვისაც არ უნდა, გააკეთოს მარტო, ნუ შედიხართ იმ ხალხის განსჯაში. ვინც ერთიანები ხართ, იმათ ილაპარაკეთ ერთმანეთში, ესაუბრეთ საზოგადოებას, იმათთან იმოქმედეთ. არ გვინდა ამდენი გაუგონარი სჯა-ბაასი, სამარცხვინოა ამის ყურება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვიზეც ამბობდა, რომ დამნაშავე და კორუმპირებულია, საქმე არის აღძრული.„მე რომ პარლამენტში ვიყავი, მიკროფონს ვრთავდი და ვამბობდი, მიქაუტაძე არის კორუმპირებული. მაგ დროს გამოდიოდა ხალხი, ზარქუები, ვოლსკები და ამბობდნენ, ხაბეიშვილი ტყუის, მოიგონა – დაიჭირეს მიქაუტაძე კორუფციაზე. ღარიბაშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრი რომ მოდიოდა, ვამბობდი, კრიმინალია, ისინი მპასუხობდნენ, ხაბეიშვილი არის მასხარა – დაიჭირეს ღარიბაშვილი. ლილუაშვილზე ვამბობდი „ქოლცენტრები“ აქვს-მეთქი, კობახიძე და მდინარაძე ატარებდნენ ბრიფინგს და არაო, კეზერაშვილს აქვს „ქოლცენტრებიო“, ორი წელი ზღაპრებს ლაპარაკობდნენ. ფარცხალაძეს აქვს „ქოლცენტრები“-მეთქი და ლამის დანასისხლად გადაიქცნენ, ფიზიკურად იწევდნენ პარლამენტში. ლილუაშვილს აქვს „ქოლცენტრები“-მეთქი და არაო, ციხეშია ახლა, სხვათა შორის, ჩემს სართულზე, მეორე სართულზე ჰყავთ გამწესებული.მგონი, ჩინი უნდა მოემატებინათ და ეთქვათ, ეს არის მთავარი გამომძიებელიო. აღებული აქვთ ჩემი განცხადებები „შპარგალკასავით“ და მიჰყვებიან ერთი ერთში. კაცი არ დატოვეს, ვიზეც ვთქვი, რომ კორუმპირებულია, მიჰყვებიან და იჭერენ, მე რატომ ვარ დამნაშავე? არ არსებობს საკითხი, სადაც კონკრეტულად ვამბობდი, რომ ეს ადამიანი არის დამნაშავე და საქმეები არ იყოს აღძრული. ყველა ამ ადამიანზე პროკურატურაში თავის დროზე განცხადება მქონდა შეტანილი, რომ სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხი ეგოთ. კალაძეზე დისერტაციას დავიცავ, იმდენი კორუფციული საქმე აქვს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, იგი პოლიტიკური განცხადებების გამო არის დაკავებული და პროკურატურა მას რამე ქმედებას არ ედავება.„ვარ პოლიტიკური განცხადებების გამო დაკავებული, არცერთ მოქმედებას არ მედავებიან, აი, მაგალითად, გელა ხასაიას აბრალებენ, რომ ვიღაცა სცემაო. მე მოქმედებას პროკურატურა არ მაბრალებს, რომ ვიმოქმედე. არცერთ მოქმედებას არ მედავებიან. ჩემს საქმეში არ არის არცერთი დაზარალებული. ვინმეს ქრთამი თუ შევთავაზე, ვინ დაზარალდა, რა სიკეთეს მივიღებდი, სადმე ძალადობრივი წინადადება არ არსებობს, ბუნებაში არ არსებობს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე კომპანია „ენკასთვის“ 400 მილიონი დოლარის გადახდა შეაჩერა

პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება დაადასტურა, რომლის მიხედვით, საქართველოს კომპანია „ენკასთვის“ 400 მილიონი დოლარის გადახდა შეაჩერა, ვიდრე სააპელაციო სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოიტანს.საქმე ეხება „ნამახვანჰესის“ პროექტს, კერძოდ, 800 მილიონდოლარიან ჰიდროელექტროსადგურს, რომლის მშენებლობაზეც საქართველოს მთავრობამ და კომპანია „ენკამ“ 2019 წელს ხელშეკრულება გააფორმეს.გადაწყვეტილების მიხედვით, პროექტი ჩაიშალა ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოსდამცველების პროტესტების ფონზე, რის შემდეგაც „ენკამ“ 2021 წელს ცალმხრივად შეწყვიტა კონტრაქტი საქართველოს მხრიდან ვალდებულებების დარღვევის არგუმენტით. 2022 წელს კომპანიამ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა კომპენსაციის მოთხოვნით. 2024 წლის 13 ნოემბერს საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვა 2025 წლის 6 იანვრით დათარიღებული კიდევ ერთი შესწორება. ტრიბუნალმა დაადგინა, რომ კონტრაქტის შეწყვეტა კანონიერი იყო და საქართველოს დაავალდებულა გადაეხადა „ენკასთვის“ დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარი.საქართველოს მთავრობამ  პარიზის სასამართლოში სამი მოთხოვნა წარადგინა: გადაწყვეტილების გაუქმება, აღსრულების ნებართვის უარყოფა და გადახდის შეჩერება. კომპანია „ენკამ“ აღსრულების ნებართვა მოითხოვა.სასამართლომ ჯერ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა გადაწყვეტილებისთვის აღსრულების ნებართვის მინიჭება და აღსრულების ნებართვა გაიცა. თუმცა ამის შემდეგ სასამართლომ განიხილა გადახდის შეჩერების საკითხი. საქართველომ წარადგინა მტკიცებულება, რომ 400 მილიონი სახელმწიფო თავდაცვის ბიუჯეტის 60%-ს და იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის 250%-ს შეადგენს.გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ ეს არგუმენტი მიიღო და დაადგინა, რომ დაკისრებული თანხის დაუყონებლივი გადახდა „სახელმწიფო საქმეების სუვერენულ მართვას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა“.პარიზის სააპელაციო სასამართლომ ასევე გაითვალისწინა „ენკას“ სტატუსი, რომ კომპანია შეიქმნა მხოლოდ „ნამახვანჰესის“ პროექტისთვის, ხოლო კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და არ გააჩნია მნიშვნელოვანი აქტივები. ეს კი ნიშნავს, რომ თუ საბოლოოდ გადაწყვეტილება გაუქმდება, საქართველოს მიერ „ენკასთვის“ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, შეიძლება, პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდეს.ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, სასამართლომ გადახდა სრულად შეაჩერა სააპელაციო სასამართლოს საბოლოო განაჩენამდე.

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ.გავრცელებული ცნობით, ევროკავშირის ელჩები, შესაძლოა, 21-22 თებერვალს ხელახლა შეიკრიბონ, რათა 23 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე კვლავ განიხილონ შემოთავაზებული სანქციები.სანქციების ახალი პაკეტი ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებასა და ვაჭრობას მოიცავს.ევროკომისიას სურს რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო მომსახურების სრული აკრძალვა, რათა შემცირდეს რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები და გართულდეს მისი ნავთობის მყიდველების პოვნა.ამასთან, ევროკავშირს სურს, სიაში შეიტანოს ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 43 გემი. დამტკიცების შემთხვევაში ახალი პაკეტი კიდევ 20 რუსულ რეგიონულ ბანკს მოიცავს და მიიღებს ზომებს კრიპტოვალუტების, მათით მოვაჭრე კომპანიებისა და კრიპტოვალუტით ვაჭრობის ხელშემწყობი პლატფორმების წინააღმდეგ, რათა დაიხუროს სანქციებისთვის გვერდის ავლის გზა. ასევე, სამიზნედ მოექცევა რამდენიმე ბანკი მესამე ქვეყნებში, რომლებიც მონაწილეობენ სანქცირებული საქონლით უკანონო ვაჭრობის ხელშეწყობაში.

ბოლო სიახლეები