პარასკევი, ოქტომბერი 9, 2026

რუსეთის წინააღმდეგ ქართველების უძველესი პეტიციის ორიგინალი იპოვეს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეულმა მკვლევარმა და პროფესორმა ბექა კობახიძემ და უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის ორიენტალური განყოფილების უფროსმა ჯილიან ევისონმა ქართველი ხალხის საუკუნოვან პეტიციას მიაგნეს, რომელიც რუსეთის მხრიდან 1783 წლის გიორგიევსკის ტრაქტატის დარღვევასა და ანექსიას ეხება.

დეტალურად უნიკალური აღმოჩენის შესახებ პროფესორი თავის Facebook-გვერდზე წერს.

„1907 წელს გაიმართა ჰააგის საერთაშორისო კონფერენცია. მან ბევრი ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა დაადგინა, რომელიც დღემდე ძალაშია. ამ კონფერენციისთვის ანარქისტმა და ქართველმა ნაციონალისტმა, თავადმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა დაიწყო “ქართველი ხალხის პეტიციის” შედგენა. პეტიცია ბრალს სდებდა რუსეთს 1783 წლის გიორგიევსკის ტრაქტატის დარღვევაში, ანექსიაში, 1905-1906 წლებში პოგრომების მოწყობაში გურიის ტერიტორიაზე და ითხოვდა ტრაქტატის მუხლების საფუძველზე საქართველოსთვის პოლიტიკური ავტონომიის მინიჭებას. საჯაროდ ასე იყო ცნობილი, რომ ტექსტი შეადგინა მომავალში ეროვნულ-დემოკრატმა, იურისტმა გოგიტა გვაზავამ.

ჯერ კიდევ 5 წლის წინ ვნახე ოქსფორდის ბოდლიანის ბიბლიოთეკაში, რომ ტექსტის რედაქტირებაზე და მისთვის საბოლოო სახის მიცემაზე მუშაობდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ოლივერ უორდროპი. მან ისიც მოახერხა, რომ ტექსტი მოხვედრილიყო კონფერენციის მონაწილეთა მაგიდაზე, მაგრამ საკუთარ მონაწილეობას, გასაგებ მიზეზთა გამო, ბოლომდე ასაიდუმლოებდა.
ვარლამ ჩერქეზიშვილმა ასე შეაფასა ეს მოვლენა: “ასი წლის შემდეგ პირველად იყო, რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა.”

სამიათასამდე ხელმოწერა ჰქონდა ტექსტსო, გადმოცემით ვიცოდით, მაგრამ სად იყო ეს ხელმოწერები არ გვენახა. 2013 წელსაც ვეძებდი და ვერ ვიპოვე ოქსფორდში. როგორც ხდება ხოლმე, არასწორი სახელით აღმოჩნდა კატალოგიზირებული. ახლა კიდევ ერთხელ მოძებნა მთხოვა ბატონმა ოთარ ჯანელიძემ და ისევ ვერ მოვძებნიდი, რომ არა გილიან ევისონი, რომელიც ამ კოლექციას კურირებს და იცის სად რა ეშმაკი შეიძლება იყოს დამალული. თავიდან ვერც მან მოძებნა, მაგრამ განმეორებითი და განმეორებითი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ”, – წერს ბექა კობახიძე.

„25 ფურცელი, ხელმოწერებით სავსე. ეს არის ქართველი ხალხის პეტიცია, ნამდვილად, ამ პრინციპითაც შედგა ის:

1. არც ერთი პოლიტიკოსის და პოლიტიკურად აქტიური ადამიანის ხელმოწერა ზედ არ არის;

2. საზოგადო და კულტურულ მოღვაწეთა უმრავლესობა (ოცხელი, ვუკოლ ბერიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, კოტე მაყაშვილი და ა.შ.), მღვდლები (კარბელაშვილები), მუშები, გლეხები, მასწავლებლები, თავადაზნაურობა ლამის სრული შემადგენლობით, მრეწველები და “ახალშობილი” ქართული ბურჟუაზია;

3. სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფურცლებზეა ხელმოწერები გაკეთებული, რეგიონული პრინციპით. ცალკეა კახეთის ხელმოწერები, ცალკე იმერეთის და ა.შ.

წარმოიდგინეთ რამხელა შრომა და რისკია ამ ყველაფერში ჩადებული:

1. ცარისტული რუსეთის პირობებში ეს ხალხი დადიოდა მთელი საქართველოს გარშემო და აგროვებდნენ ხელმოწერებს;

2. გლეხს და მუშას თუ ცოტა რამ ჰქონდა დასაკარგი, აი თავადაზნაურები და მრეწველები, მასობრივად, რისკის ქვეშ აყენებდნენ საკუთარ სოციალურ სტატუსსა და პრივილეგიებს, რადგან მათი ხელმოწერები უნდა წარედგინათ რუსეთის წინააღმდეგ, საერთაშორისო კონფერენციისთვის; (ახლა რობიკო სტურუა და სხვა ინტელიგენტნი აგროვებენ ხელმოწერებს რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ეს ცალკე საკითხია);

3. ვინც ფრანგულად ან ინგლისურად საუბრობდა (ასეთი ძალიან ცოტა იყო), მათ ხელი ლათინური ანბანით მოაწერეს, დანარჩენებმა ქართულად. არც ერთი რუსულენოვანი ხელმოწერა არ არის;

4. ამ ტექსტს უკეთებდნენ ინტერნაციონალიზაციას: ჩართეს უორდროპი, ჩართეს დასავლური პრესა და თქვენ წარმოიდგინეთ მაშინდელი საერთაშორისო ფემინისტური მოძრაობა ნანი დრაიჰარსტის მეთაურობით.

ხომ არაფერი ყოფილა შედეგი, ამას საქართველოს გათავისუფლება არც მოჰყოლია და ვერც მოყვებოდა, მაგრამ თვითონ კმაყოფილები იყვნენ, რომ მაქსიმუმი გააკეთეს და “ასი წლის შემდეგ პირველად იყო, რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა.”

ეს ხელმოწერები გვეუბნება, რომ ეროვნული თავისუფლებების მნიშვნელობა, ელიტურ ჯგუფებში მაინც, იმაზე მაღლა იყო, ვიდრე ხშირად გვგონია. სოციალური ისტორიის შესასწავლადაც საინტერესო აღმოჩენაა.

მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მეხსიერების პოლიტიკისა და მუზეუმისთვის არის ეს დოკუმენტი:

1. მასზე ყველა მეორე ქართველს შეუძლია საკუთარი გვარის ამოკითხვა და მერე იმ ამბავში ჩაძიება, რომ მისი ესა და ეს წინაპარი 111 წლის წინ ჰააგის კონფერენციისთვის წარსადგენ პეტიციას აწერდა ხელს და ამით დიდ რისკს სწევდა;

2. კარგი იქნებოდა ოკუპაციის მუზეუმში ერთი დიდი მემორიალური კედლის გაკეთება, სადაც ამ სახელებს და გვარებს ჩამოვწერდით. ხალხი მოვიდოდა და კედელზევე დაიწყებდა თავიანთი წინაპრების ძიებას, გადმოცემული ამბების მოყოლას… აქ შეიძლება ბევრი სხვა ინფორმაციაც წამოვიდეს ოჯახებიდან, რომელსაც ისინი დღემდე ყურადღებას არ აქცევდნენ”, – აცხადებს ბექა კობახიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ქვრივიშვილი – 2027 წლის პირველი იანვრიდან უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მომუშავე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება დაახლოებით 20%-ით გაიზრდება

154 წელია საქართველოს რკინიგზა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, რეგიონული მიმოსვლისა და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.მინისტრმა რკინიგზის თანამშრომლებს ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა საქართველოს რკინიგზა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.„ამ დიდი ისტორიის მთავარი შემოქმედები თქვენ ხართ, ადამიანები, რომლებიც პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და თავდადებით ყოველდღიურად ემსახურებით ჩვენს ქვეყანას. მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს თქვენი შრომისა და ერთგულებისთვის. დღეს საქართველოს რკინიგზა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. ახალი მენეჯმენტის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კომპანიის მართვაში, გაუმჯობესდა საოპერაციო პროცესები და მნიშვნელოვნად გაიზარდა ეფექტიანობა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრმა მიმდინარე სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც ისაუბრა და თქვა, რომ 2026 წლის ცხრა თვეში საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება თითქმის გაორმაგდა და 175 მილიონ ლარს მიაღწია.„სატვირთო გადაზიდვები 13%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების გადაადგილების დრო განახევრდა.სწორედ აღნიშნულმა შედეგებმა მოგვცა შესაძლებლობა, 2027 წლის პირველი იანვრიდან უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მომუშავე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება დაახლოებით 20%-ით გავზარდოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

რამდენად რეალურია „შავი ჭირის“ პანდემია – ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განმარტება

რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო გავრცელების ფონზე, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რამდენად რეალურია ინფექციის ფართომასშტაბიანი პანდემიის საფრთხე.„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბაქტერიული ინფექციის კორონავირუსივით სწრაფი და მასობრივი გავრცელება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. მისივე თქმით, შავი ჭირის რუსეთიდან გასვლის თეორიული შანსი ძალიან დაბალია. „არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, თუ რატომ არ შეიძლება კოვიდპანდემიისა და შავი ჭირის ლოკალური ეპიდაფეთქების შედარება. პირველ რიგში, კოვიდი არის ვირუსი, შავი ჭირი არის ბაქტერია. კოვიდითა და სხვა ვირუსული ინფექციებით, რომელიც რესპირატორული გზით ვრცელდება, ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს საკმაოდ დიდ მანძილზე. გარკვეულ შემთხვევებში, 4-5 მეტრზე შეიძლება დაინფიცირება. როდესაც საუბარი გვაქვს შავ ჭირზე, ის არის ბაქტერია, ბევრად უფრო მძიმეა და იმისათვის, რომ მოხდეს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა, მინიმუმ 2 მეტრზე უფრო ახლო კონტაქტი უნდა იყოს და ასევე უნდა იყოს ინტენსიური კონტაქტი. შესაბამისად, ამ დაავადების ფართომასშტაბიანი და სწრაფი გავრცელება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.

ირაკლი კობახიძე: ვასრულებთ თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენას, რის შედეგადაც მგზავრობის დრო განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე

2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სარკინიგზო გადაზიდვები 13 პროცენტით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, სრულდება თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენა, რის შედეგადაც ძველი მგზავრობის დრო, 6 საათი განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე.„ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენასთან ერთად მიმდინარეობს არსებული მოძრავი შემადგენლობის რეაბილიტაცია. ასევე ვასრულებთ თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენას, რის შედეგადაც ძველი მგზავრობის დრო, 6 საათი განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე. ასევე, დაგეგმილია თბილისი-ქუთაისის ახალი სამგზავრო რეისის დანიშვნა და დაგეგმილია ჩვენთვის ძალიან მნისვნელოვანი, მგრძნობიარე პროექტის, ბორჯომი–ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის აღდგენა. თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო განხორციელებული ცვლილებების შედეგად უკვე საათ-ნახევრით შემცირდა, 5,5 საათიდან 4 საათამდე, რითაც სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი სტუმრები, ხოლო სატვირთო მატარებლების მიერ საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთის დრო განახევრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის. 2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სარკინიგზო გადაზიდვები 13 პროცენტით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია“, – განაცხადა პრემიერმა.

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან დღეს ილია სულამანიძე იჭიდავებს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსე საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცთა შორის – 100 კგ, ხოლო ქალთა შორის 70 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.საქართველოს ნაკრებიდან მედლის მოპოვებას ილია სულამანიძე შეეცდება. 100 კგ-ში ქართველი სპორტსმენის პირველი მეტოქე უნგრელ ჟომბორ ვეგსა და ტაჯიკ ჯახონგირ მაჯიდოვს შორის გამარჯვებული იქნება.სულამანიძეს, წილისყრიდან გამომდინარე, კარიერაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსი აქვს.ტურნირზე წინასწარი შეხვედრები – 10:30 საათიდან, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დავით სონღულაშვილი – ფერმერთა მხარდაჭერა მოიცავს მექანიზაციის ხელმისაწვდომობის ზრდას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ფერმერთა მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა მცენარეთა დაცვის საშუალებების ხარისხის კონტროლისა და მათი სწორად გამოყენების მნიშვნელობაზეც. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ მიმართულებას სახელმწიფო შესაბამისი მექანიზმებით აკონტროლებს, მათ შორის, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს მცენარეთა დაცვის საშუალებების კონტროლს როგორც ქვეყანაში შემოტანისა და სერტიფიცირების, ისე რეალიზაციის ეტაპზე.„სურსათის ეროვნული სააგენტო ძალიან აქტიურად მუშაობს არა მხოლოდ საზღვარზე პესტიციდების შემოტანისა და სერტიფიცირების, არამედ მათი შემდგომი რეალიზაციის კონტროლის მიმართულებითაც. ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ცოდნაზე და კვალიფიციურ აგრონომიულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. ფერმერმა უნდა იცოდეს, რა დაავადებასთან აქვს საქმე და კონკრეტულ შემთხვევაში რომელი საშუალება და რა დოზით გამოიყენოს. შესაძლოა, პრეპარატი იყოს ხარისხიანი, მაგრამ მისი არასწორად გამოყენების შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია პესტიციდების სწორად და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით გამოყენება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.მინისტრის განცხადებით, ფერმერთა მხარდაჭერა ასევე მოიცავს მექანიზაციის ხელმისაწვდომობის ზრდას, გადამუშავების შესაძლებლობების გაძლიერებას და ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების განმტკიცებას. მისი თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმებს აძლიერებს, რაც ფერმერებს წარმოებისა და გადამუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესებაში დაეხმარება.„მექანიზაციის მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. ამ ეტაპზე უკვე 20-ზე მეტი მიმართულება გვაქვს და ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები შევქმენით. ასევე მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მარნების მხარდაჭერა, რათა მეურნეებს დამატებითი ღირებულების შექმნის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ასევე მუშაობს ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებასა და ახალი ბაზრების ათვისებაზე.„საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება და ახალი ბაზრების ათვისება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სხვადასხვა მხარდაჭერის მექანიზმით, მათ შორის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით, ხელს ვუწყობთ მეღვინეებს, კიდევ უფრო გაზარდონ ექსპორტი, აითვისონ ახალი ბაზრები და უკვე არსებულ ბაზრებზე თავიანთი პოზიციები გააძლიერონ“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ბოლო სიახლეები