ყურადღებით ვაკვირდებით ისრაელის ადმინისტრაციის პროვოკაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების ჩაშლას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან, შეჰბაზ შარიფთან შეხვედრის დროს განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, „სიონისტების მკვლელი ჯგუფი, რომელიც თავის პოლიტიკურ გადარჩენას რეგიონში კონფლიქტების გაგრძელებას უკავშირებს“, ლიბანსა და სირიას მარტო არ ტოვებს.
„ისრაელის საოკუპაციო ძალები ასევე აგრძელებენ არაადამიანურ და უკანონო თავდასხმებს ღაზაში დაჩაგრულთა წინააღმდეგ“, – აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის მტკიცებით, მთელმა მსოფლიომ შვებით ამოისუნთქა ისლამაბადის შეთანხმების შედეგად დამყარებული სიმშვიდის წყალობით.
„ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნებული სიახლეები ავლენს მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ სირთულეებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს ძვირფას ძმას, პრემიერ-მინისტრ შარიფს და ჩვენს პაკისტანელ ძმებს ამ შედეგის მისაღწევად გაწეულ დიდ ძალისხმევას“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

