შაბათი, მარტი 28, 2026

,,რასაც ადამიანი გულში მალავს, ის მის თვალებში იკითხება”-მამა სერაფიმე

ცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში მოღვაწე მოძღვარი, მამა სერაფიმე ბით-ხარიბი, რომელიც წარმოშობით ასირიელი გახლავთ და ქრისტეს ენაზე გალობით გაითქვა სახელი, ბავშვობაში ზოგ მასწავლებელს უჯანყდებოდა და მათ გაკვეთილზე აღარ შედიოდა.
მამა სერაფიმე ბავშვობაში თბილისში ცხოვრობდა. მერე, ოჯახური პირობების გამო, ციმბირში მოუწია წასვლა და სკოლაც იქ დაამთავრა. გარკვეული პერიოდი უკრაინაში ცხოვრობდა, სადაც ტაიკვანდოში სპორტის ოსტატიც გახდა, მაგრამ ბოლოს გულმა საქართველოში და იმ ადგილას გამოუწია, სადაც მისი თანამემამულეები ცხოვრობენ. ასურელების ქანდაში ჩამოსახლება მათი პირველი გენოციდის შემდეგ, 1833 წლიდან დაუწყიათ. ისინი  ძირითადად ირანიდან, ერაყიდან, თურქეთიდან  და სირიიდან გადმოსახლებულან. ამჟამად  სოფელში 2000-ზე მეტი ასურელი ცხოვრობს. ოჯახების უმეტესობა შერეულია და ისინი ქართულად და ასურულად საუბრობენ.  მართლმადიდებლურ სამყაროში ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი ერთადერთია, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ-არამეულ ენებზე აღევლინება.
მამა სერაფიმე ბავშვობიდან მღერის.  ერთი პერიოდი საესტრადო სიმღერებს მღეროდა. უკვე სასულიერო პირი იყო, არამეულ ენაზე გალობა რომ შექმნა. მან „ეტალონს“ საკუთარ ბავშვობაზე უამბო და ქრისტეს ენაზე გალობის შექმნის ამბავი მოუყვა.
მახსოვს, ბაღის გამოსაშვები საღამოსთვის ფოტოს გადაღება უნდოდათ ჩემთვის და მე არაფრით ვთანხმდებოდი. მასწავლებელმა შემოიტანა დიდი ბურთი და შემპირდა, ამ ბურთს გაჩუქებ, ოღონდ სურათი გადაიღეო. დავთანხმდი და გადავიღე.
სკოლაში სწავლის დასაწყისი პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული იყო. 7 წლის ასაკში ბეტონის ამრევ მანქანაში ჩაავვარდი და 2 წელი საერთოდ არ ავმდგარვარ ფეხზე. მერე რაღაც ექსპერიმენტალური აპარატი მეკეთა და იმით დავდიოდი სკოლაში.
– ბეტონის ამრევ მანქანაში როგორ ჩავარდით, ძალიან ცელქი იყავით?
– კი, ძალიან ცელქი ვიყავი. გარეთ ვთამაშობდით ბავშვები. მუხიანში ხდებოდა ეს ამბავი – პირველი მიკრორაიონის მე-9 კორპუსს აშენებდნენ. ეს კარგად მახსოვს. პატარა მანქანა მქონდა და ის ჩამივარდა იმ ბეტონის მანქანაში. ხელი ჩავყავი, ამ დროს ჩაირთო და ბეტონთან ერთად დამატრიალა… ორი წლის მერე დავდექი ფეხზე. ხელი ისეთ დღეში მქონდა, მხოლოდ იმ ხელზე 11 ოპერაცია დამჭირდა. ფეხიც საშინლად მქონდა…
– სკოლაში სწავლობდით, როცა ეს ამბავი მოხდა?
– დიახ, მეორე კლასში უნდა გადავსულიყავი. დაწყებით კლასში გვასწავლიდა ინგა შოთაევნა. კომუნისტების დროს ვსწავლობდი და მაშინ სახელითა და მამის სახელით მივმართავდით მასწავლებლებს. ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანი იყო და ყველანაირად გვერდით დამიდგა. მოდიოდა, მასწავლიდა… მისი წყალობით, სასწავლო წელი არ გამიცდა და მადლობელი ვარ ღმერთისა, რომ ასეთი მასწავლებელი მყავდა. ძალიან ბევრი რამაა და დამოკიდებული მასწავლებლებზე.
მე-5 კლასში უფრო თამამი გავხდი და დამჯერი აღარ ვიყავი. სულ ვჩხუბობდი, შარიანი გახლდით, მაგრამ მასწავლებლებს მაინც ვუყვარდი. რომელი მასწავლებელიც არ მიყვარდა, მის გაკვეთილზე არც შევდიოდი. მე-8 კლასში ფიზიკის მასწავლებელმა ჩემი გარიცხვა მოითხოვა სკოლიდან – არც ერთხელ შემოსულა ჩემს გაკვეთილზეო. გადაირია ქიმიის მასწავლებელი, თქვენთან შეიძლება არ დადის, მაგრამ მე 5-იანს ვუწერო. იგივე თქვა ლიტერატურის მასწავლებელმა. რომელი მასწავლებელიც მიყვარდა, მათ საგანს ვსწავლობდი. ბოლოს, ფიზიკაში გამოცდა ჩავაბარე და ისე გადავედი მომდევნო კლასში. თან ჩემი მოთხოვნა იყო, რომ სხვა მასწავლებლისთვის ჩამებარებინა გამოცდა და არა იმისთვის, ვის გაკვეთილზეც არ დავდიოდი. ამის მერე, რუსეთში, ციმბირში გადავიდა ჩემი ოჯახი და იქ ვსწავლობდი. დღემდე მიყვარს ჩემი 175-ე სკოლა. მივდივარ ხოლმე. ჩემი ალგებრისა და გეომეტრიის და კიდევ სხვა საგნების მასწავლებლები ჩამოდიან ხშირად ჩემთან, მონასტერში. ძალიან მიყვარდა ალგებრა, რადგან უნიკალური მასწავლებელო გვყავდა – ქალბატონი ლიდა. მკაცრი იყო, მაგრამ მთელ კლასს მაინც სასწაულად გვიყვარდა.

როგორი უნდა იყოს მასწავლებელი, რომ ბავშვს უყვარდეს? ან, ფიზიკის მასწავლებლის მიმართ თქვენს პროტესტს რა იწვევდა?

– ფიზიკის მასწავლებელს ერთხელ ეგონა, რომ მე ვლაპარაკობდი და სახაზავი ჩამარტყა თავში. ეს ფაქტი იმდენად შემზარავი იყო… არასდროს არავის ვუცემივარ მანამდე და ძალიან დამცირებულად ვიგრძენი თავი… ალბათ ამპარტავანიც ვიყავი მაშინ, მაგრამ მას მერე  მის გაკვეთილზე აღარ შევსულვარ. ახალგაზრდა იყო და ალბათ პრაქტიკაც აკლდა.

ქალბატონი მანანა გიორგევნა, ლიტერატურის მასწავლებელი გვიყვარდა ყველას, რადგან, მაგალითად, როცა ლექსს ვყვებოდით, გვეუბნებოდა, მხოლოდ ზეპირად ნუ ამბობთ, შეიგრძენით, იმ ლექსში იცხოვრეთო… ყველაფერს ისე მხატვრულად და ლამაზად აკეთებდა, თეატრი გეგონებოდათ მისი გაკვეთილი. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ცხოვრებას ისე ყვებოდა, აშკარად განიცდიდა. მეგობარი იყო ჩვენი. სხვა მასწავლებლებიც ტკბილად მახსენდება. ვენერა ვლადიმეროვნა იყო მერე ჩვენი დამრიგებელი და თან შრომას გვასწავლიდა. თუ დირექტორთან დამიბარებდნენ, შემომყვებოდა და ეუბნებოდა, გავითავალისწინოთ, რომ ბავშვს ესა და ეს პრობლემა აქვსო. ასევე იქცეოდა ჩემს მშობლებთან – დედაჩემი რომ ბრაზდებოდა, ეუბნებოდა, ქალბატონო მაია, ძალიან გთხოვთ, არ ეჩხუბოთო.

სკოლა მეორე სახლია ბავშვისთვის. დილის 9-ზე უკვე იქ ხარ და 2-3 საათამდე რჩები. ხანდახან 4 საათამდე გვიწევდა ყოფნა, რადგან, თუ რამეს ვერ გავიგებდით, მასწავლებელი რჩებოდა ჩვენთან ერთად და გვამეცადინებდა. ბავშვებს სულ ვეუბნები, სკოლა თქვენი მეორე სახლია და როგორც ოჯახში გასწავლიან ზნეობას, სკოლამაც უნდა ჩაგიტაროს მორალური ცხოვრების გაკვეთილები-მეთქი. 12 წელი სწავლობ იქ და სახლია აბა რა არის?! ყველა ბავშვს მოვუწოდებ, ვურჩევ, რომ ეს ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები იმდენად სასიკეთოდ გამოიყენონ, რომ, საბოლოოდ, საქართველოს ეამაყებოდეს ისინი. ღვთის წყალობა ყველა ჩვენგანშია. ბავშვი კი სუფთა და სპეტაკია. პატარა რომ ვიყავი და 2-იანი მივიღე, დედაჩემმა იტირა. ეს რომ დავინახე, მას მერე დავიწყე სწავლა, რომ დედაჩემის გული გამეხარებინა. ბავშვებს მიზნად უნდა ჰქონდეთ, რომ გული გაუხარონ მშობლებსა და მასწავლებლებს და ისევ მათ გამოადგებათ ეს ყველაფერი.

– მამაო, ციმბირში წასვლა რატომ მოგიწიათ?

– ეს 90-იანი წლები იყო და ცხოვრება რთული გახლდათ. სურსათსაც ვერ ვყიდულობდით… როგორც ყველა ასურელი, მამაჩემიც ხელოსანი კაცი იყო. მას ციმბირიდან სამსახურის შემოთავაზება ჰქონდა და იქ გადავედით. გაჭირვებამ წაგვიყვანა. იქ დავამთავრე სკოლა და რომ დავბრუნდი, საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე.

– ბავშვობიდან მღეროდით?

– დიახ, ვცდილობდი… ორი ვოკალის მასწავლებელი მყავდა – ლალი ნიკოლაძე და ალი მხეიძე. ბადრი ასათიანი სწავლობდა ამ სასწავლებელში. დღეს ის რეჟისორია. მას დავეხმარე, რაღაც წავიმღერე  და ამ დროს  ლალიმ იყვირა, ალი, შეხედე, რა მასალა აქვს ამ ბავშვსო. მეხვეწებოდნენ, თუ გინდა ნუ ივლი, ოღონდ გამოცდები ჩააბარეო. იშვიათად მივდიოდი სასწავლებელში…

სპორტით ვიყავი დაკავებული – ტაიკვანდო იტეეფში ვვარჯიშობდი და სპორტის ოსტატიც გავხდი. საქართველოში ოთხგზის ჩემპიონი რომ გავხდი, უკრაინაში წავედი და იქ დავიწყე ამ დარგში მუშაობა. დღესაც ჩამოდიან ჩემთან ის სპორტსმენები, ვინც ჩემთან ერთად ვარჯიშობდა.

– ესტრადაზეც მღეროდით…  მაშინ არამეული გალობის შესახებ უკვე იცოდით?

– არა, მხოლოდ ერთხელ ვიმღერე ქართულ-არამეული სიმღერა სცენაზე. ქართულად იწყებოდა და არამეულში გადადიოდა. ძალიან ლამაზი სიმღერა გამოვიდა. ჩვეულებრივი, საესტრადო სიმღერა იყო.  მხოლოდ ერთხელ ვიმღერე ბესო კალანდაძის „ტირიფები“. სხვა დროს მხოლოდ იმას ვმღეროდი, რასაც მე თვითონ ვწერდი. მხოლოდ ჩემი და ჩემი დის დაწერილ სიტყვებზე და მუსიკაზე ვმღეროდი.

– გალობა როდიდან დაიწყეთ?

– უეცრად. 2013 წლის იანვრის დასაწყისი იყო. უკვე სასულიერო პირი ვიყავი. სეფისკვერებზე გავუშვი ჩემი მრევლი და გაბრაზებული დაბრუნდა უკან. ვტრაპეზობდით. რა გჭირს შვილო-მეთქი, ვკითხე. რაღა რა მჭირს მამაო, სეფისკვერებზე რომ ვიყავი იკითხეს სადაა ძველ ქანდაში ქრისტიანული ტაძარი, მანდ თათრები არ ცხოვრობენო. ვუთხარი, დამშვიდდი შვილო, არ ინერვიულო, ისეთ გალობას დავწერ, მთელი მსოფლიო გაგვიცნობს-მეთქი. ეს სიტყვები ისე, წამომცდასავით, არც მიმიქცევია ყურადღება. ტრაპეზს რომ მოვრჩით, თავისთავად, გულში დავიწყე გალობა. მერე თითქოს ხმებში დავალაგე. დავუძახე მგალობლებს და… 2013 წლის შობის ღამეს, 7 იანვარს პირველად ვიგალობეთ არამეულ ენაზე და ეს გალობა ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდა მართლმადიდებლურ სამყაროში.

ქანდაში  2000 ასურელი ცხოვრობს, თუმცა დედები უმეტესობას ქართველები გვაყავს. ბევრი მთიული ქალია ჩვენს სოფელში გამოთხოვილი, სვანებიც… განათლების სამინისტრომ ახლა უკვე დაგვინიშნა არამეულის გაკვეთილი. ვერ გადახვალ მე-7 თუ მე-8 კლასში, თუ არამეული არ ჩააბარე.

– მამა სერაფიმე, მღეროდით, სპორტით იყავით დაკავებული… სასულიერო ცხოვრების გზას როგორ დაადექით?

– მადლობა ღმერთს, მონასტერში რომ წამოვედი. უფალს შევპირდი და ღვთის წყალობით შევასრულე. უფალს რომ შევპირდი, მის გზას დავადგებოდი, დიდხანს გავურბოდი ამ დაპირებას, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ეს გადაწყვეტილება მივიღე.

– დღესაც წერთ საგალობლებს?

– რა თქმა უნდა! მსოფლიომ გავიცნო. ჩავდივართ სხვადასხვა ქვეყანაში და მუსიკის საღამოებს ვატარებთ. ვიყავით კვიპროსზე, იტალიაში, შვედეთში… პოლონეთში და კანადაში ახლა მივდივართ.

– როგორ აღიქვამენ ქრისტეს ენაზე გალობას?

– სტოკჰოლმში ოფიციალურად მიგვიპატიჟა საქართველოს ელჩმა შვედეთში, ბატონმა მალხაზ კაკაბაძემ. რაღაც ფესტივალი ტარდებოდა და უნდოდა, ჩვენს შესახებაც გაეგო მსმენელს. ამ ფესტივალს ესწრებოდნენ შვედეთის მეფე და დედოფალი. რომ მოვრჩი გალობას, ერთი წუთის განმავლობაში არავინ უკრავდა ტაშს. ვიფიქრე, მორჩა, არ მიგვიღო ხალხმა-მეთქი. თურმე ყველა ელოდებოდა, როდის ექნებოდათ რეაქცია მეფესა და დედოფალს. ისინი ფეხზე ადგნენ და ისე დაგვიკრეს ტაში. ამის მერე ტაში აღარ ჩერდებოდა. დედოფლის ცრემლები რომ დავინახე… ეს უსაზღვრო ემოცია იყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„წაიკითხეთ სახლში, სამსახურში, ტაძარში…“ – ილია მეორეს დაწერილი ლოცვა

2020 წელს ილია მეორემ, ბარბარობის დღესასწაულზე ქადაგებისას თქვა, რომ დაწერა პატარა ლოცვა, რომელიც მრევლს შეუძლია წაიკითხოს სახლში, სამსახურში და ტაძარში.„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით, გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ, უფალო, დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ, უფალო, არა უგულებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ, მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

ვლადიმერ პუტინი – რუსეთსა და ევროპულ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კრიზისშია, თუმცა ეს ჩვენი ბრალი არ არის

რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები კრიზისშია, თუმცა ეს მოსკოვის ბრალი არ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.პუტინის თქმით, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი ევროპულ სახელმწიფოებთან კავშირების აღდგენაზე.„სავსებით გასაგებია, რომ ევროპულ ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობები კრიზისშია. ეს ჩვენი ბრალი არ არის. უკრაინის მოვლენებზე მითითებები უსაფუძვლოა, ვინაიდან ევროპული კრიზისი როგორც წინა ამერიკული ადმინისტრაციის, ასევე რამდენიმე წამყვანი ევროპული ქვეყნის ბრალია. მათ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას დაუჭირეს მხარი. ამან შემდგომში მოვლენათა ტრაგიკული ჯაჭვი გამოიწვია, რომელიც დღემდე გრძელდება უკრაინაში. მოდით, განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა ევროპულ ქვეყნებთან, მთლიანად ევროკავშირთან. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა: ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი ამ ურთიერთობების განვითარებასა და აღდგენაზე“, – განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

ფრიდრიხ მერცი – არ ვარ დარწმუნებული, რასაც ისრაელი და აშშ აკეთებენ, რეალურად წარმატებამდე მიგვიყვანს, თუ მიზანი რეჟიმის შეცვლაა, არ მგონია, ამას მიაღწიონ

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი არ მიიჩნევს, რომ ირანში აშშ-ისრაელის ქმედებები რეჟიმის შეცვლას გამოიწვევს.მერცის თქმით, ის ასევე სკეპტიციზმით არის განწყობილი, რომ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ირანში ომის დასრულების მკაფიო სტრატეგია აქვთ, თუმცა აცხადებს, რომ გერმანია მზად იქნება საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ საერთაშორისო სტაბილიზაციის მისიაში მონაწილეობის მისაღებად.„უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ ის, რაც ახლა ხდება – რასაც ისრაელი და ამერიკა აკეთებენ – რეალურად წარმატებამდე მიგვიყვანს. რეჟიმის შეცვლა ნამდვილად მიზანია? თუ ეს არის მიზანი, არა მგონია, რომ ამას მიაღწევთ. წარსულ კონფლიქტებში ყველაფერი ძირითადად წარუმატებლად წარიმართა“, – აღნიშნა მერცმა და ავღანეთის ომზე მიუთითა.

რა არ უნდა სთხოვოთ ღმერთს – სასულიერო პირების განმარტება

საეკლესიო პირების მოსაზრებით, ღვთისადმი ლოცვისას არ უნდა ითხოვოთ რაიმე ცოდვიანი საქმე, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს. ზოგჯერ არის სიტუაცია, როდესაც ორ მამაკაცს უყვარს ერთი და იგივე ქალი და ის ერთ-ერთზე ქორწინდება, მეორეს კი მის მიმართ გრძნობები არ უქრება.  როგორი საქციელია სწორი? საეკლესიო პირი იძლევა რჩევებს იმის შესახებ, თუ რა არ უნდა სთხოვოთ ღმერთს.ღმერთი არ მოგცემს ცოდვილსერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ის არის, რომ ადამიანმა არ უნდა სთხოვოს ღმერთს ცოდვა ან ცოდვილი საქმეები, რომლებიც ზიანს აყენებს სხვა ადამიანებს. ხშირად რთული სიტუაციები წარმოიქმნება, როდესაც ორ მამაკაცს უყვარს ერთი და იგივე ქალი და ის ირჩევს მათგან ერთს, ხოლო მეორე აგრძელებს მის სიყვარულს.ასეთ მომენტებში, როდესაც ადამიანი იტანჯება და აცნობიერებს, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და მისი ცხოვრება აზრს კარგავს, შეუძლია სასოწარკვეთილმა ლოცვა დაიწყოს, რომ მისცეს მას ცოლად და ამით გაანადგუროს სხვისი ქორწინება. თუმცა, მოძღვარი აღნიშნავს, რომ ასეთ ჩიხში მყოფი ადამიანი უნდა შეეგუოს თავის ბედს. იმის ნაცვლად, რომ სთხოვოთ ღმერთს შეუძლებელი, თქვენ უნდა ეძიოთ თქვენი ბედი და ენდოთ ღმერთს, რომ ის მოგცემთ საუკეთესოს.ვის მოუწევს განსაცდელის გავლა?ღმერთის რწმენამ და მისი ნებისადმი თავმდაბლობამ შეიძლება გამოიწვიოს სასწაულებრივი ცვლილებები ადამიანების ცხოვრებაში. იმის ნაცვლად, რომ ვითხოვოთ შეუძლებელი, ჩვენ უნდა ვეძიოთ ჩვენი სიმართლე და მივენდოთ ღმერთს, რომ მიგვიყვანს საუკეთესოსკენ.როდესაც ჩვენ მივმართავთ ღმერთს ლოცვებითა და თხოვნით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი სურვილები უნდა შეესაბამებოდეს სათნოებასა და უმაღლეს ფასეულობებს. ღმერთი გვაძლევს იმედს და შესაძლებლობას ჩვენი სურვილების ასრულებისთვის, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სულიერი ზრდისა და მოთმინებისთვის. ისეთი სათნოებები, როგორიცაა თავმდაბლობა და სიყვარული, განსაკუთრებულ სულიერ მომზადებას მოითხოვს. თუმცა, ჩვენ ხშირად ვითხოვთ იმის გაცნობიერების გარეშე, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს დამცირება და გამოცდა. როდესაც ღმერთს ვთხოვთ ჩვენი სურვილების ასრულებას, შესაძლოა გარკვეული გასაჭირი და განსაცდელები გამოგვიგზავნოს, რათა ვისწავლოთ და შევიძინოთ ეს სათნოებები. ხანდახან შეიძლება დავკარგოთ რწმენა და გავტყდეთ, თუ მზად არ ვართ ასეთი განსაცდელებისთვის. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რასაც ვთხოვთ ღმერთს და მივიღოთ განსაცდელები და გასაჭირი, რომელიც შეიძლება მოგვივლინოსს. ჩვენ არ უნდა მოვითხოვოთ ის, რაც არის უარყოფითი ან ცოდვილი ბუნების, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს ან სხვებს. რასაც ჩვენ შევქმნით, ჩვენი იქნება და მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ღმერთმა გამოგვიგზავნოს განსაცდელები, რათა ვისწავლოთ და დავძლიოთ ისინი რწმენითა და მოთმინებით.ნუ ითხოვთ თქვენი სურვილების ასრულებასჩვენ უნდა ვიყოთ შეგნებული და გონივრული ლოცვებში და ისე ვთხოვოთ ღმერთს. დაჟინებით ნუ მოითხოვთ თქვენს სურვილებს და ნუ ისურვებთ დაუფიქრებლად. ამის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ღვთის ნებას და ვთქვათ: „თუ რვთის ნებაა, მაშინ იქნება“. ღმერთს აქვს თავისი განსაკუთრებული განზრახვა და მზრუნველობა და ჩვენი სურვილები შეიძლება შეუთავსებელი იყოს მის ნებასთან. ზოგჯერ ისინი შეიძლება საზიანო იყოს ჩვენთვის ან გარშემომყოფებისთვის.ამიტომ ღმერთს არ უნდა ვთხოვოთ საკუთარი სურვილები ან ახირება. ამის ნაცვლად, ჩვენ შეგვიძლია ვითხოვოთ ცოდნა, რათა უკეთ გავიგოთ ჩვენი მოწოდებები და ღრმა საჭიროებები. მაგრამ მატერიალური ნივთების მოთხოვნას, რამაც შეიძლება გააძლიეროს ჩვენი ვნებები ან ამბიციები, აზრი არ აქვს. ამის ნაცვლად, ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ სულიერ მოძღვართან ან მღვდელთან და ვთხოვოთ მათ კურთხევა და სიბრძნე.როგორ მოვიშოროთ მუდმივი შფოთვა როდესაც ჩვენ ვთხოვთ ღმერთს კურთხევას და მიმართულებას, ჩვენ ვუხსნით საკუთარ თავს მის ნებას და ვაძლევთ მას უფლებას წარმართოს ჩვენი ნაბიჯები. ეს გვეხმარება მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები და ვიაროთ იმ სულიერი გზის შესაბამისად, რომელიც ღმერთმა მოამზადა ჩვენთვის.არ ელოდოთ დასჯას ან სიკვდილს თქვენი ლოცვით ღვთისადმი ლოცვისას ჩვენ უნდა გამოვავლინოთ რწმენა და მორჩილება და არ მოვითხოვოთ რაიმე ცოდვილი ქმედება, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვებს. ამის ნაცვლად, მივმართოთ ღმერთს გულწრფელი მონანიებით და ვითხოვოთ პატიება. იმის გამო, რომ სასჯელი, რომელიც შესაძლოა მოგვივლინა, ნამდვილად შეიძლება გაუქმდეს.თუ ცოდვას ჩავიდენთ ან რამეს არასწორად ვაკეთებთ, შეძლებისდაგვარად გამოვასწოროთ და ღმერთსა და ადამიანებს პატიება ვთხოვოთ. არავითარ შემთხვევაში არ ვითხოვთ საკუთარ თავზე დასჯას. ასეთი საქციელი ღვთის წინაშე თავხედობაა.გარდა ამისა, ნუ ითხოვთ სიკვდილს. ეს სიმხდალის გამოვლინებაა. ყველაზე გამოუვალ სიტუაციებშიც კი, როცა სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ, არ იფიქროთ, რომ მხოლოდ სიკვდილს შეუძლია გაგათავისუფლოთ, რადგან ეს არასწორია.თუ სასოწარკვეთილება გაქვთ და თვითმკვლელობაზე ფიქრობთ, მაშინ არასწორ გზაზე ხართ. გაახილე თვალები, მიმოიხედე ირგვლივ - ბევრი გზაა, ღმერთის კარი ღიაა. იპოვეთ თქვენი მოწოდება, იცხოვრეთ და არ დაიდარდოთ.არ უნდა სთხოვოთ ღმერთს ისეთი მატერიალური სარგებელი, როგორიცაა ფული, სიმდიდრე ან დიდება. რადგან არც ფული, არც სიმდიდრე და არც დიდება არ თამაშობს როლს ჩვენს ცხოვრებაში. მხოლოდ ხალხია მნიშვნელოვანი.თუ აქ კარი დაკეტილია, ეს ნიშნავს, რომ სხვაგან გელოდებიან, სჭირდებით. არავითარ შემთხვევაში არ დაიხიოთ უკან.თუმცა, ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვთხოვოთ ღმერთს დახმარება და ის უზრუნველყოფს მას ადამიანების მეშვეობით. მაგრამ ფულის, სიმდიდრის, დიდების ან რაიმე სხვა წარმატების მოთხოვნა არ არის საჭირო, რადგან ეს ცოდვა და ცდუნებაა. ამის ნაცვლად, ღმერთს უნდა ვთხოვოთ დახმარება, რათა ის გამოგვიგზავნოს ვინმე, ვინც დაგვეხმარება.

დღეს, ირანში მომხდარ თავდასხმებს ფერეიდნელი ქართველები  ემსხვერპლნენ-ამის  შესახებ  ირანის ელჩი საქართველოში  ალი მოჯანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

,,რამდენიმე წუთის წინ ფერეიდუნშაჰრის, წარმოშობით ქართველი ირანელებით დასახლებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაიონის, გამგებელს ვესაუბრე. სამწუხაროდ, დღეს ძალზე სამწუხარო ამბავი შევიტყვეთ: ისპაჰანის საცხოვრებელ უბნებზე განხორციელებული უკანასკნელი თავდასხმების შედეგად მოწამეობრივად დაიღუპა ჩვენი რამდენიმე ძვირფასი თანამემამულე, მათ შორის რამდენიმე წარმოშობით ქართველი ირანელი, გვარად ხუციაშვილი, ონიკაშვილი და ასპანაშვილი. ფერეიდუნშაჰრის გამგებელთან, ბატონ ჰამიდ რაჰიმიანთან საუბრისას, რომელიც თავადაც იქაურია, გამოვთქვი გულწრფელი სამძიმარი. მან მთხოვა, ქართველი ხალხისთვის გადამეცა თავისი გულწრფელი სამძიმარი. ამ სამძიმრის გზავნილში ხაზგასმულია, რომ აუცილებლად უნდა გაიმართოს ამ უკანასკნელი მოვლენებისას დაღუპული წარმოშობით ქართველი ირანელების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. აღნიშნული ღონისძიების ჩატარება შესაძლებელია საქართველოში არსებულ რომელიმე ტაძარსა ან მეჩეთში, სადაც დასწრება შეეძლებათ დაინტერესებულ პირებსა და ყველას, ვისაც სურს თანაგრძნობისა და სოლიდარობის გამოხატვა. ჩემი მხრივ, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, გამოვხატავ სრულ მზაობას, ვითანამშრომლო ასეთი ღონისძიების გასამართად, ქართველი ხალხის ჩართულობითა და ხელშეწყობით. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო პარასკევს, 3 აპრილს, 10-დან 16 საათამდე, მეგობრულ გარემოში უმასპინძლებს საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურს პატივი მიაგონ მოწამეობრივად დაღუპულთა ხსოვნას და გამოხატონ თანაგრძნობა და სოლიდარობა. ამასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში (ჭავჭავაძის 80) გაიხსნება სამძიმრის წიგნი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ დატოვონ ჩანაწერი.აღნიშნული სამძიმრის წიგნი შემდეგ გაიგზავნება ფერეიდუნშაჰრის (წარმოშობით ქართველ ირანელთა მშობლიური კერა) მუზეუმში, სადაც ის დაცული იქნება, როგორც ორი ხალხის ისტორიული ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტი. თქვენი მოსვლა იქნება ირანელი და ქართველი ხალხების მჭიდრო ისტორიული კავშირებისა და სოლიდარობის''-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

ბოლო სიახლეები