სამშაბათი, ოქტომბერი 27, 2026

პროკურატურა სააკაშვილის საქმეზე: სოფო ნიჟარაძისთვის ანაზღაურებულია სასტუმრო მომსახურებისა და სამგზავრო ბილეთების ხარჯები

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კორუფციული სქემით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი – თეიმურაზ ჯანაშია, რომლის ქმედებაც ნაცვლად გაფლანგვისა, სასამართლოს მიერ შეფასდა როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2009 წლის მარტში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მასაჟისტი დოროთი შტეინი ე.წ. „დოქტორ დოტ“-ი მოიწვია, ხოლო მისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურება პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან განხორციელდა.

ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ხარჯები საჯარო იყო, საჭირო გახდა წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავენების თავიდან აცილება. ამ მიზნით მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მატერიალური უზრუნველყოფის მოსაპოვებლად შექმნა კორუფციული სქემა და სახელმწიფო საიდუმლოებად აქცია მისი მატერიალური სურვილების დასაკმაყოფილებლად შექმნილი დანაშაულებრივი სისტემა.

კერძოდ, სამართლებრივი საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, 2009-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა გრიფით „საიდუმლო“ განკარგულებები და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ კანონიერად ვერ მოხერხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 2009-2012 წლებში დაიხარჯა 20 მილიონ ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობის ჩართულობით, 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. მათ შორის:კოსმეტიკური პროცედურებისთვის – 700 000 ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავაზე ქ.ინსბურკში გამაჯანსაღებელ ცენტრში გასახდომი პროცედურებისთვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 114 682 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ბათუმში მოგზაურობებში, ასევე, მისთვის საჩუქრების შესაძენად გადახდილია 10 673 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი; სარა ვარონესა და მონიკა პუგლიას სამკაულებით დასასაჩუქრებლად გადახდილია 10 670 ლარი; თინა ბოკუჩავასთვის “IPhone”-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 1600 ლარი; სოფო ნიჟარაძისთვის ანაზღაურებულია სასტუმრო მომსახურებისა და სამგზავრო ბილეთების ხარჯები 5430 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე მისი დის – ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად – 38 247 ლარი; ლონდონში მკერდითმხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის – სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისთვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის, მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისთვის და ესპანეთში მგზავრობისთვის გახარჯულია – 191 643 ლარი; მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი; ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქარაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებში გადახდილია 127 858 ლარი; მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების – გიული ალასანიას, თეიმურაზ ალასანიას, ნიკა ალასანიას და გიორგი ალასანიას მოგზაურობებზე დახარჯულია 25 117 ლარი; მიხეილ სააკაშვილის შვილების სწავლის დასაფინანსებლად გადახდილია 64 929 ლარი; შვილისთვის – ედუარდ სააკაშვილისთვის „IPhone“-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 2350 ლარი; მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასთვის ავსტრიაში ,,პორშეს“, ,,მერსედესისა“ და ,,აუდის“ მარკების ავტომანქანების დაქირავებისთვის გადახდილია 58 876 ლარი; იტალიაში, ქ. ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისთვის გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისთვის ველოსიპედების დაქირავებისთვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25 237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად – 7 994 ლარი; აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53 283 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის კოსმეტიკური პროცედურებისათვის ჯამურად გადახდილია 721 827 ლარი.

სასტუმროს მომსახურებისთვის გახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 000 000 ლარზე მეტი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად – 1 მილიონ ლარამდე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე – 1 400 000-ზე მეტი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურეობაზე – 2 მილიონ ლარზე მეტი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის – 300 000 ლარამდე, ტანსაცმლის შესაძენად – 100 000 ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად – 250 000 ლარამდე და სხვ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება თეიმურაზ ჯანაშიას, მისი ქმედება ნაცვლად გაფლანგვისა შეფასდა, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 300 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს პროკურატურა თეიმურაზ ჯანაშიას ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ორ სისხლის სამართლის საქმეზე – სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტებზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები. აღნიშნული საქმეები განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც და დაადგინა, რომ მართლმსაჯულება იყო სამართლიანი, სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული და არ ისახავდა მიზნად ბრალდებულის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას.

ამჟამად, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ორ სისხლის სამართლის საქმეზე – საზღვრის უკანონო კვეთის და „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების ფაქტებზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გოჩა ლორთქიფანიძეს, ჰაგიის სისხლის სამართლის სასამართლოსთან ერთად, სახაროვის პრემია მიენიჭა

2026 წლის სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) და მის ოფიციალურ პირებს მიენიჭათ.ჯილდო ხაზს უსვამს სასამართლოს საქმიანობას, მათ შორის გამოძიებებს, სისხლისსამართლებრივ დევნასა და სასამართლო პროცესებს. პრემია მიენიჭა სასამართლოს 11 მოსამართლეს, მათ შორის გოჩა ლორთქიფანიძეს, ასევე თავად ინსტიტუციას.„ყველა მათგანს აქვს მდიდარი კარიერა ეროვნული და საერთაშორისო პროკურატურის, მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროებში, მათ შორის გენოციდის, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საქმეებზე, მსხვერპლთა უფლებებსა და ანგარიშვალდებულებაზე მუშაობის გამოცდილება“, – ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ევროპარლამენტის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) დაუსჯელობის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ICC, რომელსაც მართავს საერთაშორისო ხელშეკრულება, „რომის სტატუტი“, მსოფლიოში პირველი მუდმივმოქმედი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოა.სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს და, საჭიროების შემთხვევაში, ასამართლებს პირებს, რომლებსაც ბრალი ედებათ ყველაზე მძიმე დანაშაულებში: გენოციდი, ომის დანაშაულები, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და აგრესიის დანაშაული.სახაროვის სახელობის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ 1988 წელს დაარსდა. მას ევროპარლამენტი ყოველწლიურად ანიჭებს ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვისთვის, მათ შორის უმცირესობათა უფლებების დაცვისთვის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემისთვის, დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის.2026 წლის ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გამოაცხადა.აზრის თავისუფლებისთვის სახაროვის სახელობის 2026 წლის პრიზის დაჯილდოების ცერემონია დეკემბერში, სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართება.

“ილიას მეუღლეს, თაკოს, არ ჰყავს დედ-მამა და შევპირდი, რომ დედობას გავუწევდი” – ილია სულამანიძის დედის, მანანა გოჩელაშვილის ინტერვიუ

„ილიამ ქორწილის გადახდა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადაწყვიტა. მსოფლიო ჩემპიონი 9 ოქტომბერს გახდა, ქორწილი კი 24 ოქტომბერს დაგეგმა. ჩემს უფროს ვაჟს, შაკოს, გასული წლის ნოემბერში ჰქონდა ქორწილი. ძალიან კარგი რძლები მყავს!თავიდან დედამთილობის მეშინოდა, მაგრამ სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ისეთი დედაშვილობა გვაქვს. ილიას მეუღლეს, თაკოს, არ ჰყავს დედ-მამა და შევპირდი, რომ დედობას გავუწევდი. როგორც მის დედას გაუხარდებოდა, ისე მეყოლება. ისეთ დედობას გავუწევ, როგორიც ჩემი ქალიშვილებისთვის ვიქნებოდი.თაკოს მამა დაახლოებით სამი წლის წინ გარდაცვალა უცაბედად. თაკო და ილია მაშინ შეყვარებულები იყვნენ. ცოტა ხნის მერე, როცა მათი შეუღლება გადაწყვეტილი იყო, თაკოს დედაც გარდაიცვალა ინსულტით. მას მერე თაკოს გვერდით ვართ მთელი ოჯახი. თავისი შვილის ბედნიერებას მაინც მოსწრებოდა... ამაზე ძალიან მტკივა გული...“ - ამბობს ილია სულამანიძის დედა, მანანა გოჩელაშვილი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.ილია სულამანიძე და მისი ოჯახი ილია სულამანიძე არის ქართველი ძიუდოისტი. ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული (2019, ვანტაა, ფინეთი, 100 კგ), ჭაბუკებს შორის ევროპის თასის გამარჯვებული (2018, კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი, 90 კგ), ჭაბუკებს შორის ევროპის თასის გამარჯვებული (2018, ტულა, რუსეთი, 90 კგ). 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი (100 კგ). 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი (100 კგ).ილია სულამანიძეს ჰყავს მშობლები და ძმა. შაკოსა და ილიას შორის სხვაობა ერთი წელია, ილია ძმაზე ერთი წლით უმცროსია და ისინი ერთ კლასში სწავლობდნენ. როგორც ცნობილია, შაკოც ჯუდოკა იყო, თუმცა ტრავმა მიიღო და ვარჯიში ვეღარ გააგრძელა. ძმებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრეს, შაკომ კი ფიტ­ნეს აკა­დე­მიაში გააგრძელა სწავლა.ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენის გულშემატკივრებს შორის უამრავი გოგოა, თუმცა ილია შეყვარებულია და მისი რჩეული ასევე სპორტსმენი, მოცურავე თაკო მეგრელიძეა. თაკოს არაერთ შეჯიბრში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის კარიერაში წარმატებაც ბევრია. უმშვენიერესი თაკო საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და სამართალმცოდნეობას სწავლობდა."ჩემი კარიერა დაიწყო 5 წლის ასაკში. რა თქმა უნდა, ჩემი ინიციატივა არ ყოფილა ამ ასაკში ძიუდოზე შესვლა, მამაჩემმა შემიყვანა და მეც ძიუდოში შეყვანილ იმ თაობას მივეკუთვნები, რომელი თაობაც ზვიადაურის ჩემპიონობის გამო შეიყვანეს ამ სპორტზე.დედაჩემი ძიუდოზე უარს არ ამბობდა, თუმცა უნდოდა, რომ სხვა სფეროებიც შემესწავლა, ამასაც ცდილობდა, მაგრამ მთავარი მიზანი მთელი ოჯახისთვის ძიუდო იყო. რომ ვთქვა, საუკეთესო მოსწავლე ვიყავი-მეთქი, ასე არ არის, მაგრამ რაც მაინტერესებდა, ძალიან კარგად ვსწავლობდი.რთული გზა იყო, თუმცა არა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო, რთული იყო შრომის მხრივ, იმ მიდგომების გამო, რაც მე და ჩემმა მწვრთნელმა ავირჩიეთ, მაგრამ ტრავმების მხრივ, ძალიან იღბლიანი გამოვდექი და არაფერს ხელი არ შეუშლია.ჩემი ცხოვრების მომენტებს რომ ვიხსენებ, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და 100%-ით ვდებდი იმას, რაც ჩასადები იყო ამ საქმეში." - ამბობდა ილია.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“, გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, აკაკი წერეთლის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების ინიციატივითა და ორგანიზებით, მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“, გაიმართა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ღონისძიება, რომელსაც მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, რეალური ისტორიის დამდგენი საპატრიარქოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, მეუფე ანანია (ჯაფარიძე), მიკოლას რომერისის უნივერსიტეტის (ლიეტუვა) პროფესორი რომუალდას გინევიჩიუსი, ბაქოს ბიზნესის უნივერსიტეტის (აზერბაიჯანი) პროფესორი ილგარ მამადოვი, ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის (ლიტვა) პროფესორი ვლადისლავას პეტრაშკევიჩიუსი, ვარმიისა და მაზურის უნივერსიტეტის (ოლშტინში) პროფესორი სტანისლავ ბიელსკი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა.„თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკური განვითარების საკითხები ვეღარ განიხილება მხოლოდ ტრადიციული ეკონომიკური თეორიებისა და მოდელების ფარგლებში. გლობალური გამოწვევები, ტექნოლოგიური პროგრესი, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ტრანსფორმაცია მოითხოვს არა მხოლოდ არსებული რეალობის გააზრებას, არამედ განვითარების ახალი პარადიგმების მეცნიერულ გააზრებასა და ფორმირებას. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარების თანამედროვე პროცესებში საქართველო იყოს არა მხოლოდ გლობალური ცვლილებების მონაწილე, არამედ მეცნიერულ ცოდნაზე, ინოვაციებსა და გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შემუშავების აქტიური მონაწილე. ამდენად, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.მოხარული ვართ, რომ კონფერენციამ გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის 160-ზე მეტი მეცნიერი, მკვლევარი და დოქტორანტი და წარმოადგინა 72 სამეცნიერო მოხსენება. ეს მასშტაბი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე გამოწვევებზე პასუხის ძიება მოითხოვს ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას, საერთაშორისო აკადემიურ დიალოგსა და მეცნიერების უწყვეტ განვითარებას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება და კვლევაზე დაფუძნებული განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტულია. უნივერსიტეტების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ისეთი ინტელექტუალური გარემოს შექმნა, რომელშიც მეცნიერება მონაწილეობს მომავლის ფორმირებაში“, - განაცხადა პროფესორმა თამარ წერეთელმა.სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციაში უცხოელი სტუმრების გარდა, მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი სამეცნიერო კვლევითი ცენტრების მეცნიერებმა და მკვლევრებმა. კონფერენციაზე მუშაობდა სამი სექცია: ეკონომიკის მდგრადი განვითარების პრობლემები და თანამედროვე გლობალური გამოწვევებით განპირობებული ტრანსფორმაციები; ეროვნული ეკონომიკის დარგების განვითარების ძირითადი მიმართულებები და ეროვნული ეკონომიკის განვითარების სამართლებრივი, პოლიტიკური და ფილოსოფიური ასპექტები. პლენარულ სესიებზე ისეთი აქტუალური თემები განიხილეს, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის როლი ეკონომიკურ პროგნოზირებაში, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გავლენა საბანკო სისტემაზე, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანური რესურსების მართვაში, მწვანე ენერგიის განვითარება და ეკონომიკური პოლიტიკა, რეგიონის მდგრადი განვითარების სტრატეგიები და ინფრასტრუქტურული უსაფრთხოება, საჯარო სექტორის საწარმოების პრივატიზაციის შედეგები საქართველოში, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ტრანსფორმაცია გლობალური გამოწვევების პირობებში, ბუნების ეკონომიკური ღირებულება და ბუნებრივი სიკეთეების შეფასება მდგრადი განვითარებისათვის, შრომის ბაზრის ციფრული ტრანსფორმაცია: მსოფლიო გამოცდილება და ქართული რეალობა, თანამედროვე სოციალური სახელმწიფო და მისი ტრანსფორმაცია და სხვა.

მიხეილ სააკაშვილი – ჩემს ბავშვობაში კრიმინალები მართავდნენ ქუჩას და ყველგან გვემუქრებოდნენ, თავი რომ დამეცვა, ბიძაჩემმა თემურმა ამერიკიდან აფრიკული ბებუთი ჩამომიტანა და ხანდახან ისიც დამქონდა

საქართველოში რაც ხდება, მე ყველაფერი ვიცი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.სააკაშვილის თქმით, მის ბავშვობაში ქუჩას კრიმინალები მართავდნენ.„მე ყველაფერი ვიცი, რაც ხდება საქართველოში. თქვენ წარმოიდგინეთ, საკნიდან დღეში 50 წერილს ვპასუხობ, რომლებსაც ვიღებ სოციალური ქსელებით, თვეში ხანდახან ვპასუხობ ათასობით წერილს. მინდა, ვუპასუხო საჯაროდ ლილოს დასახლებაში მცხოვრებ 15 წლის ბავშვს, რომელმაც „ინსტაგრამზე“ მომწერა. მწერს, რომ გადაეკიდნენ „ქუჩის კაი ბიჭები“. მინდა, ვუთხრა, რომ ჩემი ბავშვობაც ზუსტად ასეთი იყო, კრიმინალები მართავდნენ ქუჩას და ყველგან გვემუქრებოდნენ. მოდიოდნენ შავი ქუჩის ბიჭები და იწყებდნენ ლაპარაკს, რა უბნელი ხარო, მერე ცემა-ტყეპას და ა.შ.მე ვსწავლობდი 51-ე სკოლაში. პარალელურ კლასში სწავლობდა ქუჩის კრიმინალი დათო ასათიანი, რომელმაც მერე კალაძის ძმა გაიტაცა და მოკლა. გამოსასყიდი გამოართვა და მაინც მოკლა. შესვენებისას ეს დათო ასათიანი დამეკონტაქტა და კლასში გოგოსთან რომ ზიხარ, გადაჯექი, ეგ გოგო მე მომწონსო. მეც მომწონდა ის გოგო და არსად არ გადავჯექი. ამის შემდეგ დაიწყო გარჩევები, ქუჩაში და სახლთან დახვედრები. გიული პირველად გაიგებს ალბათ დღეს, რომ „სპიციც“ გამიყარა მუხლში. მაშინ ცეცხლსასროლი იარაღი იმდენად არ იყო. ვიდრე ბოლოს ხელი არ ჩაიქნია და თავი არ დამანება. მაშინ დავიწყე ორ სპორტსმენ კლასელთან ერთად სიარული. მე თვითონ კალათბურთზე დავდიოდი, წყალბურთზეც და შემეძლო რაღაც დონეზე ფიზიკურად დაცვა. თავი რომ დამეცვა, ბიძაჩემმა თემურმა ამერიკიდან აფრიკული ბებუთი ჩამომიტანა და ხანდახან ისიც დამქონდა ეზოში და სკოლაში. კიდევ კარგი, არასდროს გამომიყენებია. ასეთი სიტუაცია იყო. ჩვენს ეზოში ცხოვრობდა კანონიერი ქურდი გელა კენკიშვილი. მან დღისით, მზისით, როდესაც ყველა მეზობელი აივანზე იყო გამოფენილი, კარტის თამაშის დროს მეორე მეზობელი ძალიან მძიმედ დაჭრა, ძლივს გადაარჩინა სასწრაფომ. მეორე დღეს არცერთმა კაცმა არ უთხრა მილიციას, რომ ეს ასე მოხდა. ქურდები შეკრული იყვნენ მილიციასთან და თუ ეტყოდნენ, მერე იმათ დახოცავდა, იმათ ბინას გაქურდავდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეექვსე ადგილი დაიკავა. პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს გადაცემის რიგით 70-ე ცერემონია ლონდონში გაიმართა.„ოქროს ბურთი“ ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოა. ხვიჩა კვარაცხელია ნომინანტთა შორის მესამედ მოხვდა, ამჯერად კი კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.საქართველოს ნაკრების კაპიტანი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ამასთან, ქართველი ფეხბურთელი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.სწორედ ამიტომ არსებობდა ვარაუდი, რომ კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ მოგების შანსიც ჰქონდა. მის კანდიდატურას არაერთი ცნობილი ადამიანი უჭერდა მხარს, მათ შორის, უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი და ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა მიშელ პლატინი.ხვიჩა კვარაცხელია ლონდონში გამართულ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას არ დასწრებია. ტრავმირებულ ქართველ ფეხბურთელს კვირის დასაწყისში კატარის დედაქალაქ დოჰაში მუხლის ჯვარედინი იოგის ოპერაცია ჩაუტარდება.„ოქროს ბურთის“ გამარჯვებულად ჰარი კეინი დაასახელეს, ხოლო ქართველი ვარსკვლავის მეექვსე ადგილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია – 1981 წელს მე-7 ადგილზე რამაზ შენგელია გავიდა, ხოლო მე-8-ზე – ალექსანდრე ჩივაძე.დაჯილდოებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში:საუკეთესო თავდამსხმელი (კაცები)ჰარი კეინი (ინგლისი / „ბაიერნი“)საუკეთესო თავდამსხმელი (ქალები)შარლინ კორალი (მექსიკა / „პაჩუკა“)საუკეთესო კლუბი (კაცები)„პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი)საუკეთესო კლუბი (ქალები)„ბარსელონა“ (ესპანეთი)„სოკრატესის ჯილდო“ (ფეხბურთს მიღმა საზოგადოებრივი საქმიანობისთვის)ბუკაიო საკა (ინგლისი / „არსენალი“)საუკეთესო მეკარე (კაცები)უნაი სიმონი (ესპანეთი / „ბილბაო“)საუკეთესო მეკარე (ქალები)კატა კოლი (ესპანეთი / „ბარსელონა“)საუკეთესო მწვრთნელი (კაცები)ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრები)საუკეთესო მწვრთნელი (ქალები)პერე რომეუ (ესპანეთი / „ბარსელონა“)საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (კაცები)ლამინ იამალი (ესპანეთი / „ბარსელონა“)საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (ქალები)ვიკი ლოპესი (ესპანეთი / „ბარსელონა“)

ბოლო სიახლეები