ორშაბათი, ივლისი 13, 2026

პრემიერი: ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ევროპის ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება,მოგვანიჭონ სტატუსი – წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი უსამართლობა

ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ევროპის ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი უსამართლობა და დიდი სტრატეგიული შეცდომა, ამაში ჩვენი კოლეგები მეთანხმებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროპელი კოლეგები მის იმ მოსაზრებასაც ეთანხმებიან, რომ 2008 წლის ომს მაშინდელმა მსოფლიომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია, რაც შეცდომა იყო და ამ შეცდომის შედეგებს ვიმკით დღესაც.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული, მე ასე ვიტყოდი, ძალიან შინაარსიანი შეხვედრები. ბუნებრივია, თქვენ გესმით ძალიან კარგად, რომ განხილვის მთავარი თემა იყო უკრაინა და ომი უკრაინაში, რომელიც არ ჩერდება და არავინ არ იცის, როდის დასრულდება. ეს არის მთავარი გამოწვევა. უკრაინის გარშემო და აქედან გამომდინარე უსაფრთხოების რისკები, რომლებიც შექმნა ამ ომმა და რომელიც არის გადამდები, ასე ვთქვათ, მთელი ევროპისთვის და მთელი რეგიონისთვის. ბუნებრივია, ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ თავისი ტერიტორიული პრობლემები, უსაფრთხოების პრობლემები, რომლებიც გვაქვს ჩვენ, საქართველოს, რა თქმა უნდა, ეს ორმაგად და სამმაგად არის უფრო საყურადღებო. მე ასევე მივიღე მონაწილეობა მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელსაც მოდერატორობა გაუკეთა ბრიტანეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა. აქაც განხილვის მთავარი თემა იყო უსაფრთხოების საკითხები. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელმა მსოფლიომ და მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია ამ ომს, ჩვენს ომს, რომელმაც გამოიწვია ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და მას შემდეგ, მოგეხსენებათ, რუსეთმა სამხედრო ბაზები განათავსა ჩვენს ტერიტორიაზე. მე კიდევ ერთხელ ვუთხარი ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ ეს იყო შეცდომა, რომ არ მიექცა სათანადო ყურადღება აი ამ ოკუპაციას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დროებით ოკუპაციას. ასევე მე მათ ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, მაშინ არავის არ გამოუთქვამს ინიციატივა, რომ დაეწესებინათ სანქციები რუსეთისთვის და რაიმე სერიოზული რეაგირება მოეხდინათ. ეს იყო შეცდომა და ჩვენ ამ შეცდომის შედეგებს ვიმკით დღესაც. ეს არის პრობლემა. სხვათა შორის მინდა ვთქვა, ყველა მეთანხმებოდა ამ შეფასებაში. ასევე მე მქონდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სიმბოლური, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს შემდეგი ეტაპის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენი ქვეყანა არის სრულად მზად და დაახლოებით ივნისის ბოლოს დავასრულებთ ყველა ამ პრიორიტეტის შესრულებას და არჩევანი შემდეგ უკვე, ბოლო სიტყვა, სათქმელი იქნება ევროპაზე. მე მათ ვუთხარი, რომ ამ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში რა თქმა უნდა, ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს ევროპაში, რომ როგორც მოლდოვას და უკრაინას მისცეს სტატუსი, საქართველოსაც მოგვანიჭონ სტატუსი. ვუთხარი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, ეს იქნება მორიგი უსამართლობა და იქნება ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა. ამაშიც ჩვენი კოლეგები მეთანხმებიან. მე ასევე მქონდა ორმხრივი შეხვედრებიც, მქონდა საუბარი პრეზიდენტ მიშელთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ და ამას სხვათა შორის ყველანი დიდი აღფრთოვანებით ხაზს უსვამდნენ, რომ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, მიუხედავად ამ გამოწვევებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და ჩვენ მივდივართ წინ. აი ეს იყო მთავარი საუბრები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.მისი განმარტებით, ევროკომისია ზაფხულის შემდეგ წარადგენს წინადადებას, რომელიც ბავშვების სოციალურ მედია პლატფორმებზე წვდომას შეზღუდავს.„საქმე არ ეხება იმას, შეუძლიათ თუ არა ბავშვებს სოციალურ მედიაზე წვდომა. საქმე ეხება იმას, შეუძლიათ თუ არა და როდის შეუძლიათ სოციალურ მედიას ჩვენს შვილებს წვდომა. კითხვა აღარ არის ის, ემუქრებათ თუ არა ბავშვებს ონლაინ რისკები, არამედ ის, თუ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ, რომ ბავშვები ონლაინში უფრო უსაფრთხოდ იყვნენ. ჩვენს შვილებს რეალურ სამყაროში დრო სჭირდებათ – დრო თამაშის, პირისპირ მეგობრობის დამყარების, შეცდომების დაშვების, საკუთარი იდენტობისა და პიროვნების ჩამოყალიბების დრო, ვიდრე ალგორითმი მათ ჩამოაყალიბებს. და მე მჯერა, რომ ეს დრო ჩვენს შვილებს უნდა მივცეთ. თუ გვინდა, რომ ბავშვობა დავიცვათ, რისკებიდან უნდა დავიწყოთ იქ, სადაც ყველაზე დიდია. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ პლატფორმების ტიპი, რომლებიც საზიანოა ჩვენი შვილებისთვის და მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ეს ძირითადად სოციალური მედიის პლატფორმებია. ასევე სხვა პროვაიდერები ასაკისთვის შეუფერებელი და დამოკიდებულების გამომწვევი ფუნქციებით”, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ირაკლი კობახიძე – 2012 წელს ციხეები გადავსებული იყო, 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში, დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000, უმეტეს შემთხვევაში მძიმე ან...

გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში, დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით,  მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსი, რომელიც ჩვენ არსებობს ამნისტიის მიმართულებით და ამ კუთხით გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან.„გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში. დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000. რაც შეეხება პატიმრების რაოდენობას, ჩვენი ზოგადი სურვილია პატიმრების რაოდენობა იყოს ნაკლები. ჩვენ გვაქვს გაძლიერებული ანტიკრიმინალური პოლიტიკა, გასული წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ზომა იქნა მიღებული ამ მიმართულებით, მათ შორის ნარკოტიკების მიმართულებით. ძალიან მძიმე ვითარება იყო და მხოლოდ ამ ნაწილში დაგვჭირდა ჩვენ 3000-ზე მეტი ადამიანის დაპატიმრება. პირდაპირ საუბარი იყო ნარკოტიკების რეალიზაციაზე. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული და ამ შემთხვევაში, ძალიან რთულია ამნისტიაზე ან შეწყალებაზე ფიქრი. ეს არ იქნება სწორი. ძირითადი რა კონტინგენტზეც ვსაუბრობთ, უმეტეს შემთხვევაში ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც არიან მსჯავრდებული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე და რთული კატეგორიის დანაშაულებისთვის. აქედან გამომდინარე, რესურსი შეიძლება ძალიან დიდი არ იყოს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს ამნისტიის მიმართულებით და რომელიც პრეზიდენტს აქვს შეწყალების მიმართულებით. ძალიან დიდი იყო შეწყალებული პატიმრების რაოდენობა 2024 წლის ბოლოდან მოყოლებული, 2025 წლიდან ძალიან ბევრი პატიმარი იქნა შეწყალებული. შესაბამისად, შეწყალების რესურსი შემცირდა. თუმცა, მაქსიმალურად შევეცდებით ავითვისოთ ის რესურსი, რომელიც არსებობს და ამ კუთხით გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია  საქართველოს პრეზიდენტთან“, – განაცხადა პრემიერმა.

15 ივლისიდან თბილისიდან შანხაის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები იწყება

15 ივლისიდან თბილისიდან შანხაის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დაწყება ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობისა და ტურიზმის გააქტიურების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ჩინეთის უდიდესი მეგაპოლისი, რომელიც ყოველდღიურად მილიონზე მეტ სტუმარს მასპინძლობს, მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას წარმოადგენს.ქალაქის მნიშვნელობასა და ტურისტულ პოტენციალზე ჩინეთის ტურისტული სერვისების სათაო ოფისის წარმომადგენელმა ქსუნ ჟანმა ისაუბრა."შანხაის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ქალაქი საერთაშორისო ავიარეისების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰაბია ჩინეთში. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ 500 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ბაღები, 400 წელზე ძველი ტაძრები და ამავე დროს, იხილოთ თანამედროვე ჩინეთის სიმბოლო - ცათამბჯენებით სავსე ქალაქი. სწორედ ისტორიისა და თანამედროვეობის უნიკალური შერწყმა აქცევს შანხაის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქალაქად," - განაცხადა ქსუნ ჟანმა.შანხაიში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, ქვეყნის მდიდარი წარსული და სწრაფად მზარდი თანამედროვეობა ერთდროულად შეიგრძნონ.მოგზაურებისთვის ჩინეთის კულტურის გაცნობის მნიშვნელობაზე შანხაის ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა იეჰუა ჩენმა გააკეთა განცხადება."თუ ჩინეთში ჩამოსვლას გეგმავთ, მე გირჩევდით, რომ ამ ქვეყნის შესწავლა შანხაით ან პეკინით დაიწყოთ. ჩინეთში ჩამოსვლისას, ყველას სურს მეტი გაიგოს ჩვენი ისტორიის შესახებ. შანხაის შედარებით ახალი ისტორია აქვს, თუმცა აქ ყველაფერი ყოველწლიურად ძალიან სწრაფად იცვლება. ბოლო 30 წლის განმავლობაში ქალაქი ძალიან შეიცვალა. შანხაიში შეგიძლიათ ერთდროულად დაინახოთ წარსული, თანამედროვეობა და მომავალი," - განაცხადა იეჰუა ჩენმა.

ირაკლი კობახიძე – ეუთო-სთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განაგრძობს თავად საპარლამენტო ასამბლეა საქმიანობას, დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება...

ეუთო-სთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის საქმიანობას – დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, ეს იქნება პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს დელეგაციისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობისთვის.„ ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემდგომ საქმიანობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს

საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას, რეალურად, არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს, „დიპ სთეითისთვის“ მთავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც არა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ამის მაგალითია ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ბოლო დროს ჩატარებული არჩევნები ან უკრაინაში ამ კუთხით არსებული რთული ვითარება, რადგან ევროპულ ბიუროკრატიას პრობლემა მხოლოდ საქართველოსთან აქვს, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს კი, მრავალრიცხოვანი დარღვევების თუ დემოკრატიასთან შეუთავსებელი პროცესების მიუხედავად, უპრობლემოდ აღიარებენ.„რადგან არჩევნებზე ვსაუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნის საქმეებში არ ვერევით, სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუ ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ბოლო დროს ჩატარებულ არჩევნებს ან უკრაინაში ამ კუთხით არსებულ რთულ ვითარებას გადავხედავთ, იოლად დავრწმუნდებით, რომ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს დაქვემდებარებულ ევროპულ ბიუროკრატიას პრობლემა მხოლოდ საქართველოსთან აქვს, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს კი, მრავალრიცხოვანი დარღვევების თუ დემოკრატიასთან შეუთავსებელი პროცესების მიუხედავად, ისინი უპრობლემოდ აღიარებენ.საგულისხმოა, რომ ევროპულ ბიუროკრატიას, საქართველოს მსგავსად, პრობლემები ჰქონდა უნგრეთთან, ვიდრე ქვეყანას ვიქტორ ორბანი მართავდა, აგრეთვე სლოვაკეთთან და სერბეთთან, ანუ ქვეყნებთან, ხელისუფლებებთან და ლიდერებთან, რომლებიც გამოკვეთილად ეროვნულ პოლიტიკას ატარებენ.ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას, რეალურად, არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს. „დიპ სტეიტისთვის“ მთავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც არა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ამიტომაა, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, საქართველო უსაფუძვლო კრიტიკისა და ცრუ ბრალდებების ქარცეცხლშია გახვეული.ამ ფონზე, ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულ ნაწილს შეიძლება გაუჩნდეს ილუზია, რომ სხვა სახელმწიფოების მსგავსად, რომლებიც არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს არიან დაქვემდებარებული, საქართველოც შეიძლება დაჰყვეს „დიპ სთეითის“ თამაშის წესებს და ამით, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ის ტურბულენტობა, რომელშიც ჩვენს ქვეყანას ევროპული ბიუროკრატია ამყოფებს. ამ ილუზიის თავს მოხვევაა სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული ძალის მიზანი. ეს არის ილუზია, რომლის ვერშეცნობის ფასსაც დღემდე იხდიან ერთ დროს ყველაზე წარმატებული ევროპული სახელმწიფოები. ეს არის ფასი, რომელმაც ეს ქვეყნები ეკონომიკურ სტაგნაციამდე, იდენტობის მოშლამდე და უმძიმეს ღირებულებით კრიზისამდე მიიყვანა“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები