„უნდა იცოდეთ ისიც, რომ უფალი ხედავს ჩვენს ყოველ ნაბიჯს, აზრის ყოველ მოძრაობას, იცის ჩვენი შესაძლებლობები და თუ ძალიან გაგვიჭირდება, ჩვენს ჯვარს იტვირთებს და შეგვიმსუბუქებს სიმძიმეს მისას. ქრისტეს გზა ვიწროა და ეკლიანი, მაგრამ ერთადერთია და გადამრჩენელი. იგი ჯვარცმაა, მაგრამ იგი არის აღდგომაც.
ყველაზე მძიმე ბრძოლა საკუთარ თავთან მოგვიწევს. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იცოდნენ ამ ჭეშმარიტების შესახებ. დანანებით ამბობს ალექსანდრე მაკედონელზე მისი ბიოგრაფი კვინტუს კურელი: „ის, ვინც ვერ გატეხა სპარსთა ურიცხვმა ლაშქარმა, დამარცხდა ვნებათაგან.“
ადამიანი შესაქმის ყველაზე დიდი და გამოუცნობი საიდუმლოა. თითოეული პიროვნების სულიერ სამყაროში ორი მიმართულება უპირისპირდება ერთმანეთს; მასშია მსგავსება ღვთისა და ცოდვით დაცემული ბუნება კაცისა, მასშია სიმაღლე და სიმდაბლე, თავისუფლება და მონობა, ძალა დიდი სიყვარულისა, თავდადებისა და ასევე მდაბალი გრძნობა უნაპირო ეგოიზმისა და დიდი სისასტიკისა; მასშია აღდგომისა და ამაღლების უნარი და დაცემისა და ყოველივეს განადგურების შესაძლებლობა. არჩევანის უფლება ღმერთმა ჩვენ მოგვანიჭა. ჩვენზეა დამოკიდებული, რომელ გზას გავყვებით.“
პატრიარქი ილია მეორე

