საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ როლს და იმკვიდრებს თავს, როგორც უმნიშვნელოვანესი რეგიონული სავაჭრო-სატრანზიტო დერეფანი, ლოგისტიკური ჰაბი და მშვიდობის პლატფორმა, ამ პროცესში მეზღვაურთა როლი კიდევ უფრო ფასდაუდებელი ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ბათუმში, მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა მეზღვაურებისთვის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირობები შექმნას.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. იმ ადამიანების დღესასწაულს, რომელთა პროფესიონალიზმი, სიმტკიცე და თავდადება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ძლიერების ქვაკუთხედია. მსურს, მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ, როგორც აქ შეკრებილთა, ასევე განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც ამ წუთებშიც კი შორეულ ოკეანეებსა და ზღვებში, სამშობლოდან ათასობით კილომეტრის მოშორებით ამაყად ასრულებს თავის საპატიო მოვალეობას.
საქართველო უძველესი საზღვაო კულტურის ქვეყანაა. ჩვენი ცივილიზაციური ფესვები მყარად არის დაკავშირებული შავი ზღვის სანაპიროებთან, პონტოს ზღვასთან, სადაც ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში, ლეგენდარული კოლხეთის სამეფოს დროდან ქართველი ხალხი საზღვაო ხელოვნებასა და ნავიგაციას ეუფლებოდა. კოლხური დიოსკურია და ფაზისი არ ყოფილა მხოლოდ პორტები, ისინი წარმოადგენ რეგიონულ სავაჭრო გზაჯვარედინს, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს ხვდებოდა. ზღვა ჩვენთვის ყოველთვის იყო და რჩება თავისუფლების, განვითარებისა და ცივილიზაციათა შორისი დიალოგის სიმბოლოდ. ქართველები მხოლოდ მთისა და სახმელეთო მეურნეობის ხალხი არ ვყოფილვართ. კოლხური ცივილიზაციიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყანა გლობალური ნავიგაციის აქტიური ნაწილი იყო. კოლხური მაღალი გამავლობის გემები შორ მანძილზე ნაოსნობის საშუალებას იძლეოდა. დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ოქროს ხანაში ძლიერი ქართული ფლოტი არამხოლოდ სავაჭრო დერეფნების, არამედ ჩვენი სამშობლოს საზღვაო საზღვრების უსაფრთხოებას მყარად უზრუნველყოფა.
დღეს საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ როლს და იმკვიდრებს თავს, როგორც უმნიშვნელოვანესი რეგიონული სავაჭრო-სატრანზიტო დერეფანი, ლოგისტიკური ჰაბი და მშვიდობის პლატფორმა. ამ პროცესში თქვენი როლი კიდევ უფრო ფასდაუდებელი ხდება – თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ცოცხალი ელჩები მსოფლიო წყლებში, ადამიანები, რომლებსაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელი, დროშა და ღირსება გაგაქვთ. მეზღვაურობა არ არის უბრალო პროფესია, ეს არის მოწოდება, რომელიც განსაკუთრებულ სიმამაცეს, უბადლო დისციპლინას, ოჯახისგან ხანგრძლივი განშორების მძიმე ტვირთის ტარებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა მყარად იდგეს თქვენს ზურგს უკან და შექმნას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირობები ჩვენი მეზღვაურებისთვის. განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმები ჩვენს ვეტერანებს. მათ თავიანთი გამოცდილებით საფუძველი ჩაუყარეს საზღვაო ტრადიციებს, და გადასცეს ეს ცოდნა ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს ფიცი დადეს და ამაყად, ახალი ენერგიით აგრძელებენ ამ დიდებულ გზას. ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ მეზღვაურის დღეს. ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

