საუკუნეებია, ერთად ვცხოვრობთ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან, ერთად ვაშენებდით ჩვენს სახელმწიფოს, გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ღირებულებები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს აქვს პოლიტიკა, რომლის მიზანი ერთიან ქვეყანაში მშვიდობიანი თანაცხოვრებაა.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს გმირებს, რომლებმაც 18 წლის წინ ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. კიდევ ერთხელ დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას. საქართველო არის უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა, სხვადასხვა ეპოქებში ჩვენ ყოველთვის გვყავდა გამორჩეული გმირები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების მაგალითი იყვნენ. აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცები არიან ჩვენი მაგალითები, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი. მარადიული ხსოვნა მათ სულებს. დღეს ჩვენი თავდაცვის ძალების რიგითი სამხედროდან დაწყებული უმაღლესი თანამდებობის სამხედრო პირებამდე ყველა გამსჭვალული არის ჩვენი გმირების სულისკვეთებით. სწორედ მათ მაგალითზე აგრძელებენ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და განვითარებას. მადლობა მათ ამისათვის. მე მინდა, ქედი მოვიხარო და მადლობა ვუთხრა ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ ასეთი ღირსეული პიროვნებები გაუზარდეს სამშობლოს. ასევე, მინდა ამ ტრაგიკული მოვლენების დროს, ამ უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის მოგონება ვთქვა და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ჩვენ, ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ამ მძიმე დღეებში ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, მტერმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, დავკარგეთ სოფლები, ადამიანები და, სამწუხაროდ, ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება.
დღეს, როგორც არასდროს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული. მას ჰყავს თავისუფალი, ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ გვაქვს მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც ემსახურება მშვიდობიანი გზით ჩვენი ოსი და აფხაზი და-ძმების შემორიგებას, ერთიან სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელებასა და განვითარებას. დარწმუნებული ვარ, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გაიზიარებს იმ სულისკვეთებას, რომელიც აქვს ჩვენს სახელმწიფოს. არ არსებობს რეალობა, სადაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე იარსებებს საქართველო. მსოფლიოში ყველამ უნდა გაიაზროს, საქართველოს არცერთი მოქალაქე, არცერთ ეტაპზე არ დაუშვებს, რომ ეს ტერიტორიები იყოს საქართველოს გარეშე. ეს არის აქსიომა და ვერავინ უარყოფს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ყველანი ვართ გამსჭვალული ამ სულისკვეთებით. საუკუნეებია, ერთად ვცხოვრობთ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან, ერთად ვაშენებდით ჩვენს სახელმწიფოს. გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ღირებულებები, შერეული ოჯახებია. პოზიტიურად რომ გადავწყვიტოთ ეს ტრაგიკული დღეები, ეს არის ჩვენი მიზანი და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად შედგება ეს პროცესი. საქართველო გაერთიანება და ყველა მცხოვრები ადამიანი ღირსეულად იქნება წარმოჩენილი სახელმწიფოში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

