სააკაშვილი ფიქრობდა, რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით მეტ საერთაშორისო დახმარებას მიიღებდა საქართველო, მაგრამ დღეს როდესაც ვუყურებთ, როგორ იქცევიან საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა და მათი პატრონები, ნათლად ჩანს, რომ ეს იყო გარედან მიღებული დაკვეთა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას განაცხადა.
როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო ძნელი იქნებოდა შერიგება ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის, შესაბამისად, გაცილებით მარტივია უცხოური ძალების მხრიდან აგენტურის მეშვეობით იმ ქვეყნის მართვა, რომელიც მუდმივადაა გახვეული კონფლიქტებსა და დაპირისპირებებში.
„პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომებზე ფაქტებით დადასტურდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიზანი იყო, საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე დაღუპულიყო. კომისიაზე დაკითხულმა არაერთმა პირმა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის მაშინდელმა ხელმძღვანელმა პირებმა, გენერლებმა, ჯარისკაცებმა, ასევე მშვიდობიანმა მოქალაქეებმა დაადასტურეს, რომ ომის დღეებში საქართველოს ხელისუფლებამ სრულიად შეგნებულად არ მოახდინა მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა ახალგორის, ცხინვალის რეგიონისა და კოდორის ხეობის სოფლებიდან. მაშინ, როდესაც რუსული ჯარი უკვე შემოსული იყო საქართველოს ტერიტორიაზე და ქართულ სოფლებს იკავებდა, ხელისუფლების წარმომადგენლები ატყუებდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, თითქოს მათ არაფერი ემუქრებოდათ და მოუწოდებდნენ, მშვიდად დარჩენილიყვნენ თავიანთ სახლებში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილმა მართლაც დაუჯერა მსგავს მოწოდებებს და დარჩა ადგილზე, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი იქნა მოკლული, ათასობით ადამიანმა კი ბოლო წუთებში ძლივს მოახერხა ტერიტორიის დატოვება.
„შარშან საპარლამენტო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, რომ ხელისუფლების ამ გაუგონარ და დანაშაულებრივ ქმედებას ერთადერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს: სააკაშვილი ფიქრობდა, რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით მეტ საერთაშორისო დახმარებას მიიღებდა საქართველო, მაგრამ დღეს როდესაც ვუყურებთ, როგორ იქცევიან საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა და მათი პატრონები, ნათლად ჩანს, რომ ეს იყო გარედან მიღებული დაკვეთა ერთადერთი მიზნით, რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო ძნელი იქნებოდა შერიგება ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის, მით უფრო მეტად გაღვივდებოდა მტრობა საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოებს შორის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რაც მეტია დაპირისპირება როგორც ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ჯგუფს შორის, ისე სხვადასხვა სახელმწიფოს შორის, მით უფრო ადვილია დაპირისპირებული მხარეების მართვა და საკუთარი ინტერესების გატარება.
„სწორედ ეს არის „დიფ სთეითის“ მართვის სტილი, რასაც მეტ-ნაკლები წარმატებით იყენებს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ სცენარში პირდაპირ ჯდება რამდენიმე დღის წინ გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული მოღალატეობრივი განცხადება, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ქართველ პატრიოტებს დააბრალა, თითქოს მათ აფხაზეთში ომის დროს ტყვეები არ აჰყავდათ, რადგან პირდაპირ ხვრეტდნენ მოწინააღმდეგე მხარის მებრძოლებს, მაშინ როცა, მისივე თქმით, ჩვენ წინააღმდეგ მებრძოლი რუსები ასე არ იქცეოდნენ. ეს არის პირდაპირი ღალატი ჩვენი სამშობლოს ინტერესების, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბოლო წლებში შეინიშნება ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის ტენდენცია. შედეგიც მოსალოდნელი იყო – გიორგი ბარამიძის ამ ცილისმწამებლური განცხადების შემდეგ აფხაზეთში დაიწყო მორიგი ანტიქართული ისტერია და კიდევ უფრო გართულდა შერიგების პროცესი. ბარამიძის ეს განცხადება პირდაპირი გაგრძელებაა იმ ანტირუსული ისტერიის, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა და რომლის მიზანია, მაქსიმალურად დაიძაბოს ურთიერთობა არა მხოლოდ ორ სახელმწიფოს, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შორისაც. საქართველოს დღემდე არ გვპატიობენ, რომ 2022 წელს, უდიდესი საერთაშორისო და საშინაო ზეწოლის მიუხედავად, მშვიდობა შევინარჩუნეთ და გეზი ქვეყნის განვითარებაზე ავიღეთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

