ორშაბათი, მაისი 25, 2026

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვემზადებით პირველ ადგილზე გასასვლელად და გასამარჯვებლად – აბა, რისთვის ჩამოვედი აქ, აბა რისთვის ჩავიგდე სიცოცხლე საფრთხეში

ჩვენ ვემზადებით პირველ ადგილზე გასასვლელად და გასამარჯვებლად, აბა რისთვის ჩამოვედი აქ, აბა რისთვის ჩავიგდე ჩემი სიცოცხლე საფრთხეში –  ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა აჩვენოს საუკეთესო რაც შეუძლია, როგორც პარტიამ და ჩვენ არ მივდივართ საპატიო მეორე ადგილისთვის. […] ჩვენ ვემზადებით პირველ ადგილზე გასასვლელად და გასამარჯვებლად, აბა რისთვის ჩამოვედი აქ, აბა რისთვის ჩავიგდე ჩემი სიცოცხლე საფრთხეში, იმისთვის რომ გავიმარჯვოთ, იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. როცა ვლაპარაკობთ ისეთ ადამიანებზე, როგორიცაა ნიკა ვაჩეიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია ….. პოლიტსაბჭო რომელიც არჩეულია, რა თქმა უნდა, არის ლეგიტიმური, მაგრამ ჩვენ ვიჩქარეთ ვიღაც ადამიანების გაშვება, მე მინდა ამ ადამიანებს მოვუწოდო, დაბრუნდნენ პოლიტსაბჭოში კოჰაბიტაციის გზით, ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი, ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღებაში, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი.  მე ვარ გარანტი იმისა, რომ თქვენ იქნებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და ინიციატივის ნაწილი”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში “სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე”  ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმის მორიგი განხილვა განახლდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – ალიანსის დაანონსებული აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ

ალიანსის მიერ დაანონსებული ხვალინდელი აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოიფარგლონ.„საქართველოს უკიდურესი დამცირება და განადგურება თუ არ მოგვწონს, ვეწინააღმდეგებით ამ რეჟიმს, უნდა დავდგეთ ერთად, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი. მეც ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ სახალხო გამოვლინებას როცა ეხება საქმე, იქ ჩემი და სხვა პროტესტი არ არსებობს. მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ. მე გავაგრძელებ ჩემი გულწრფელი აზრის შემდგომშიც ხმამაღლა გამოთქმას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გია ვოლსკი – ამბობენ, რომ 26 მაისს „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც, ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ

4 ოქტომბრის შემდეგ დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ახლა ისევ უბრუნდებიან გეგმას, იქნებ დაპირისპირება მოხდეს და ვინმე დაშავდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ 26 მაისს „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.ვოლსკის თქმით, ოპოზიცია „ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავს“.„შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მერიაში განცხადება ხუთი დღით ადრე შედიოდა და აქცია ტარდებოდა. ახლა, როცა კანონის მოთხოვნა არ დაიცვეს, რასაკვირველია, უარიც მიიღეს, მით უმეტეს, 26 მაისს სცენა და ისეთი ინფრასტრუქტურა ვერ მოეწყობა, როგორიც თვითონ უნდათ, რადგან უკვე დაგეგმილია გარკვეული აქტივობა. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, თავიანთ პატრონებს შეახსენონ, რაში იხარჯება თანხა, რაც მათ ავალდებულებთ, ექსტრემისტული სცენარით იმოქმედონ. 4 ოქტომბრის შემდეგ ასეთი დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ახლა ისევ უბრუნდებიან გეგმას, იქნებ დაპირისპირება მართლაც მოხდეს და ვინმე დაშავდეს. ამბობენ, რომ „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც. ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ, მანამდე მშვიდობიან დამხობას გეგმავდნენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიკა გვარამია – 26 მაისს რუსთაველზე ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ და პირდაპირ ვესაუბროთ ერევანში სახელმწიფო მდივან რუბიოს

26 მაისს თბილისში უფრო მეტნი უნდა შევიკრიბოთ, ვიდრე ერევანში მარკო რუბიოს დასახვედრად მისული ჩვენი მეგობარი სომხები! – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.როგორც გვარამია წერს, ხვალ რუსთაველზე ძალიან ბევრი ადამიანი უნდა იყოს და პირდაპირ იქედან ესაუბრონ სახელმწიფო მდივან რუბიოს.„დადასტურდა, რომ 26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა! რადგან ბიძინამ დაგვტოვა მეგობრების გარეშე, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს! პირისპირ შეხვედრებზე უფრო მნიშვნელოვანი და ბევრად შთამბეჭდავი ხალხის მიმართვაა, ბევრი გულანთებული მედასავლეთე ქართველი პატრიოტის! ამიტომ ხვალ, 26 მაისს რუსთაველზე ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ და პირდაპირ იქედან ვესაუბროთ სახელმწიფო მდივან რუბიოს!“ – წერს ნიკა გვარამია.

ალეკო ტაბატაძე – შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ გიორგი კანდელაკმა კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს

შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ გიორგი კანდელაკმა კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალეკო ტაბატაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.ალეკო ტაბატაძე გამოეხმაურა გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით სტატიის გამოქვეყნებას.„გიორგი კანდელაკს მსგავსი განცხადება პირველად არ გაუკეთებია, ეს მოღალატეობრივი განცხადებაა, რომელიც სინამდვილეს არ ეფუძნება. არ ვიცი, შენი ქვეყანა როგორ არ უნდა გიყვარდეს, რომ მსგავსი განცხადება გააკეთო. ამ განცხადებაზე ყველანაირი რეაგირება იქნება, მათ შორის სამართალდამცავების მხრიდან. ადამიანს თავისი ქვეყანა ასე სძულდეს და ტყუილებს ავრცელებდეს, წარმოუდგენელია. შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მან კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს. საქართველო ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ფრთხილ და დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს, როგორც სამეზობლოში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებით“, – განაცხადა ტაბატაძემ.

გურამ მაჭარაშვილი – „ნაცმოძრაობისა“ და მათი ფილიალების შეზღუდვა-გაუქმება რაც მალე მოხდება, მით უფრო მალე ამოისუნთქავს ქართული საზოგადოება

„ნაცმოძრაობისა“ და მათი ფილიალების შეზღუდვა-გაუქმება რაც მალე მოხდება, ქართული საზოგადოება მით უფრო მალე ამოისუნთქავს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიაზე. გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, „ეს არის მორიგი მტკიცებულება, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდნენ“.„რამდენიმე თვის წინ, საქართველოს წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა ვნახეთ, მათ შორის იყვნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სამხედრო გენერალი, კანდელაკი. აგერ, ბატონო, საქართველოში ადგილებია, მობრძანდით და დაბომბეთო. ეს ადამიანები ხან ირანს ეუბნებოდნენ, საქართველოში ადგილებია და დაბომბეთო, ხან ამერიკას ეხვეწებოდნენ, საქართველო ირანის სასარგებლოდ მუშაობს და დაბომბეთო. ამ ხალხს საკუთარი ქვეყანა ეზიზღება. ეს ადამიანები გამოკითხვაზე იყვნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ გამოიკითხნენ. ან გამოსაკითხი რა არის, როცა საკუთარ ქვეყანას ვნებ. მათ მტკიცებულება არც მაშინ ჰქონდათ და არც ახლა აქვთ. ალბათ, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან. მტკიცებულება მართლა რომ გქონდეს, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში უნდა მიხვიდე, რომ გამოიძიონ. ეს არის მორიგი მტკიცებულება, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ბოლო სიახლეები