ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026

მიტროპოლიტი საბა – მეუფე შიოს მოსაყდრედ წარდგინება არ იყო ერთი დღის გადაწყვეტილება, პატრიარქმა ის ბევრი კრიტერიუმის გამო აირჩია, ვფიქრობ, აკეთებდა შედარებას თავის ცხოვრებასთან, პატრიარქმა ბრძანა, თუ გაჩნდება სხვა ვინმე, მას ღმერთი არ მიიღებს

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ დღევანდელი ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ, ცხრა წლის წინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მეუფე შიო მუჯირის გამოცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მეუფე საბას თქმით, პატრიარქი ამაზე დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა და ტახტის მოსაყდრედ მეუფე შიოს გამოცხადება არ იყო ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება.

მიტროპოლიტმა საბამ ისაუბრა იმის შესახებ, რა უძღოდა წინ ამ ყველაფერს, ვიდრე პატრიარქი თავის გადაწყვეტილებას გააჟღერებდა.

„მისახვედრად ძნელი არ იქნება ალბათ, მე პირადად, რას ვფიქრობ, რას ვიტყვი და რას გავაკეთებ. ჩემთვის პირობა არის პატრიარქის დატოვებული ანდერძი, ის, რაც ეხება მეუფე შიოს. არის ისეთი დეტალები, რომლებიც ბევრმა არ იცის. ბევრმა იცის, მაგრამ არ უნდა, იცოდეს. მე გეტყვით თქვენ: რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა ბიზნესმენმა, საპატრიარქოსთან დაახლოებულმა ადამიანმა მითხრა, რომ ვიდრე პატრიარქი 9 წლის წინ აირჩევდა მოსაყდრეს, მეუფე შიოს, პატრიარქმა დაიბარა და უჩვეულო რამ დაავალა. წადი გურიაში და გამოიკვლიე მუჯირის გვარი, როგორი ხალხია, როგორი წარსული აქვთ და ყველაფერი მათ შესახებო. ეს ადამიანი ამბობს, ვერაფრით მივხვდი, რატომ მეკითხებოდა ამას, ვერ წარმოვიდგენდიო, მაგრამ პატრიარქის კურთხევა შეასრულა, წავიდა გურიაში, გაიგო ამ ხალხის შესახებ – ძალიან კარგი, კეთილი, ჩვეულებრივი, მორწმუნე, ეკლესიური და ეროვნული ადამიანები არიან. პატრიარქმა როდესაც გააცხადა მისი სურვილი, მეუფე შიოს – რომელიც არის გვარად მუჯირი – მოსაყდრედ წარდგინება, შემდეგ მიხვდა ის ადამიანი, რატომ სთხოვა პატრიარქმა. ანუ, ის ამას დიდი ხანი ფიქრობდა, ეს არ იყო ერთი დღის გადაწყვეტილება.

მეორე – ვიდრე ამას გაამჟღავნებდა პატრიარქი, ერთ მშვენიერ დღეს, იყო რა სასულიერო პირებთან ერთად, უცებ თქვა, მოდი, წავიდეთ სიონში, პატრიარქებს უნდა ველაპარაკოთო. სიონში ხომ რვა პატრიარქია დაკრძალული. როდესაც მივიდნენ, უთხრა მათ, თქვენ გარეთ დაიცადეთ, მე მარტო დამტოვეთ ტაძარში, უნდა ვილოცო, პატრიარქებს ველაპარაკოო.  ჩვენ არ ვიცით, რა ელაპარაკა, მაგრამ რას სთხოვდა, ცხადია. ერთი საათის შემდგომ გამოვიდა პატრიარქი ტაძრიდან და ახლა სვეტიცხოველში წავიდეთ, მეფეებს უნდა ველაპარაკოო. იცით, რომ სვეტიცხოველში რამდენიმე მეფის საფლავია. ასევე წავიდა, იქ მარტო დარჩა ტაძარში და დიდხანს ილოცა. შემდეგ დაბრუნდა საპატრიარქოში, მამა დავითს უთხრა, კალამი და ფურცელი მომიტანე, რაღაც უნდა დავწეროო. ანუ, ის, რაც პატრიარქმა დაწერა თავისი ხელით და შემდეგ ჩვენ ყველამ ვიხილეთ, იყო ბრძანება, რომლის დაბეჭდვა არავის არ დაავალა, რადგან იცოდა, იქნებოდა უამრავი შეკითხვა და წინააღმდეგობაც კი. შეიძლებოდა, ვინმეს ჰქონოდა მცდელობა, რომ იქნებ გადაიფიქრო და ეს ასე არ იყოს. პატრიარქმა დაწერა ბრძანება, რომელიც მეორე დღეს, გიორგობის დღესასწაულზე წაიკითხა ქაშუეთის ტაძარში და მან ამ ტაძარში მეუფე შიო გამოაცხადა ტახტის მოსაყდრედ. ეს ყველაფერი ხდება 9 წლის წინ, 2017 წელს.

ამასაც ვიტყვი – ამ წლების მანძილზე პატრიარქს, მის სიცოცხლეშივე, რამდენჯერმე ჰქონდა სურვილი და მცდელობაც, პირდაპირ უთხრა მეუფე შიოს და მის გარეშეც ჩვენც – ახლა წაგიყვან, ახალ საპატრიარქო რეზიდენციაში დაგტოვებ, მე გადავალ ძველ საპატრიარქოში, გადავდგები და შენ გააგრძელე ეკლესიის მართვა. ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებოდით, თუ შეიძლება ითქვას,  სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და ყველანაირ შესაძლებლობას ვიყენებდით.

იყო შემთხვევები, როდესაც პრემიერიც კი მოგვიყვანია იმისთვის, რომ ეთხოვა პატრიარქისთვის, ეს არ გაეკეთებინა.  პატრიარქი რატომ აკეთებდა ამას, ესეც ცხადია ჩემთვის. მიგვაჩნდა, რომ ეს იქნებოდა ჩვენთვის ძალიან დიდი სირცხვილი, ჩვენი ისტორიისთვის, პატრიარქისთვის კი არა, ჩვენთვის, რომ დაგვეშვა, ასეთი რამ პატრიარქს გაეკეთებინა და არ დაგვეცვა ის მომავალი რაღაც უსიამოვნებებისგან, რომლის საშიშროებაც შეიძლება, დღეს არსებობდეს.

უფრო მეტს გეტყვით, შეიძლება, ძალიან ბევრს არ სურდეს და ეს არ მოეწონოს, მაგრამ ფაქტია, პატრიარქის ნათქვამია – ამ წლების მანძილზე, სადღაც შუალედში პატრიარქმა ბრძანა, თუ გაჩნდება სხვა ვინმე, მას ღმერთი არ მიიღებს. მეტი რა უნდა თქვას და გააკეთოს პატრიარქმა, რომ ჩვენ მივხვდეთ, რა იყო მისი სურვილი, მისი ნება და რა არის საერთოდ ნება ღვთისა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა საბამ.

ამასთან, მეუფე საბამ ისაუბრა თავისი პირადი მოსაზრების შესახებაც, თუ რატომ აირჩია პატრიარქმა მოსაყდრედ მეუფე შიო.

მეუფე საბას აზრით, ილია მეორე აკეთებდა შედარებას თავის ცხოვრებასთან, თავის განვლილ დროსთან და მეუფე შიოში დაინახა ამ ყველაფრის გამგრძელებელი.

„ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, რატომ აირჩია პატრიარქმა მეუფე შიო, ძალიან ბევრი კრიტერიუმების გამო. ასე ვფიქრობ, რომ ის ალბათ აკეთებდა შედარებას თავის ცხოვრებასთან, თავის განვლილ დროსთან. ჯერ ერთი, კი არავის ვერჩი, ღმერთმა დამიფაროს, ჩემთვის ყველა ძვირფასია და ყველასთან ჩემი ურთიერთობები მაქვს, წლები მაკავშირებს, მაგრამ პატრიარქს ჰქონდა ეს ხასიათი, ეს, არ ვიცი, რა დავარქვა ამას. აი, შეხედეთ მეუფე შიოს, პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია და სასიამოვნოა მისი ყურება, მასთან ურთიერთობა, მისი ქადაგება, მისი სიტყვა, მისი განათლება, მისი სულიერება. და უფრო მეტიც, პატრიარქი იყო ერთ-ერთი გამგრძელებელი მონაზვნური, ბერული ცხოვრებისა, რომელიც კავშირშია ათონურ ცხოვრების წესთან, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში დამკვიდრებული იყო სენაკში. მისი მოძღვარი, მამა შიო ძიძავა სწორედ იქ მოღვაწეობდა. იქ მოღვაწეობდა არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარაია და უფრო მეტიც, იქ მოღვაწეობდა წმინდა ალექსი ბერი შუშანია, რომელიც იყო საწყისი და გამგრძელებელი საქართველოში ამ ყველაფრის, ათონური მონაზვნური ცხოვრებისა.

პატრიარქი იყო ამის გამგრძელებელი და, ჩემი აზრით, ამის გამგრძელებელი დღევანდელ საქართველოში არის მეუფე შიო. არა მარტო იმიტომ, რომ ის იქ იყო არჩეული და ამის შესახებ გამოკვლევები აქვს და წერდა, არამედ იმ სკოლის გავლის გათვალისწინებით, რომელიც გაიარა ბერულ ცხოვრებაში, ეს ძალიან ახლოს არის ამ ყველაფერთან. პატრიარქმა ეს ყველაფერი შეისწავლა და თითქოს, ჩემი აზრით, მეუფე შიოში დაინახა ამ ყველაფრის გამგრძელებელი, თითქოს თავის ახალგაზრდობას უყურებდა მასში.

მგონი, ყველაფერი ვთქვი, რაც მაწუხებდა, წესით, არ უნდა მეთქვა, მაგრამ თუ ყველა ამბობს, მე რატომ არ უნდა ვთქვა? ვის ვუჭერ მხარს? უპირობოდ მეუფე შიოს. არა იმიტომ, რომ მასთან პირადი ურთიერთობები მაკავშირებს 30 წელზე მეტია, ჯერ კიდევ ჩვენი ბერობიდან მოყოლებული. იმიტომ ვამბობდი, ჩემთვის პატრიარქი არის ერთადერთი ადამიანი, რომლის სიტყვას უპირობოდ ვენდობი და მივიღებ ჭეშმარიტებად, რომ ვიცი და ყოველთვის ვხედავდი პატრიარქში ღვთის ნების აღსრულებას. ამაზე ვიღაცები მეწინააღმდეგებოდნენ, ადამიანია პატრიარქი და რატომ არ შეიძლება, შეცდესო.

მე ვხედავდი, რომ პატრიარქი არ ცდებოდა, იმიტომ კი არა, რომ შეუმცდარი ადამიანი იყო, იმიტომ, რომ ის ღმერთმა პატრიარქობაში მოიყვანა ისეთი სულიერი მდგომარეობით, თავის თავს არ აძლევდა საშუალებას, ღვთის ნებისთვის ოდესმე გადაეხვია. ამას გვასწავლიდა ძალიან ფაქიზად, შეიძლება, ხშირ შემთხვევაში, არაპირდაპირი სიტყვებით, მაგრამ თავისი ცხოვრების წესით, თავისი ქადაგებით, დამოკიდებულებით. დღეს თუ ჩვენ ვამბობთ, რომ პატრიარქს ვენდობოდით 50 წლის მანძილზე, პატრიარქი უპირობოდ წმინდა ადამიანია – და ეს დროც მალე დადგება – და ა.შ. მაშინ მაგრამ არ უნდა არსებობდეს. სიცოცხლეში თუ მისი ყოველი სიტყვა იყო მისაღები, უპირობოდ მისაღები, ეს ყველაფერი, რაც ვთქვი და თვალნათელია ყველასთვის, ხომ სიცოცხლეში განხორციელდა, სიცოცხლეში გაკეთდა, სიცოცხლეში ითქვა და იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება. ადამიანს შეუძლია და ღმერთმაც შეიძლება, დაუშვას, რომ ადამიანი არ დაემორჩილოს ღმერთის ნებას, ის გააკეთოს, რაც მას სურს და მიაჩნია სწორად, თავისი თავისუფალი არჩევანი გამოიყენოს ამისთვის, მაგრამ მოვა დრო, როდესაც ღვთის ნება მაინც აღსრულდება და იმ ადამიანს, თუ რაღაც საზოგადოებას მოუწევს სინანული ამისთვის, თუ არა სასჯელის ატანა“, – განაცხადა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალექსანდრე რაქვიაშვილი – კითხვა, რა არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ძალიან მარტივია, გვინდა, ვიყოთ ცივილიზებული, განვითარებული, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, დასავლური ოჯახის წევრი გავხდეთ

კითხვა, რა არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ძალიან მარტივია, ჩვენ გვინდა, ვიყოთ ცივილიზებული, განვითარებული, სადაც ერთი ადამიანის უფლებები დაცულია, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.„დასავლეთი ეს არ არის გეოგრაფია, დასავლურ ცივილიზაციაში შედის ფაქტობრივად, ყველა განვითარებული, ცივილიზებული ქვეყანა და არიან აღმოსავლეთ დესპოტები, ჩინეთი, რუსეთი, სადაც ადამიანს ფასი არ აქვს, სადაც მას ანადგურებენ, გენოციდს უწყობენ ერებს და ა.შ.“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა „გირჩს“ კვლავ ხედვა, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება არის უსაფრთხოების მთავარი გარანტი, რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ცხადია, ნატო-ში გაწევრიანება უსაფრთხოების ბევრად უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს, ვიდრე ნატო-ში არგაწევრიანება.„ჩვენ არ ვიცით არცერთი შემთხვევა, როცა ნატო-ს წევრ ქვეყანას რამე დაემუქრა, ვიღაცამ ომი გამოუცხადა და ასე შემდეგ. ეს არის უსაფრთხოების ყველაზე მაღალი სტანდარტი, როცა ვხედავთ, რომ უამრავი ომია მსოფლიოში. ცხადია, ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ვიყოთ დასავლური ოჯახის წევრი. თუ გავხდებით, დაცულიც ვიქნებით და განვითარებულიც. ნატო-ზე უკეთესს თუ მოიგონებენ დასავლელი პატნიორები, კიდევ უკეთესი. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, წამოვიღოთ ყველა ის სიკეთე, რაც დასავლეთს აქვს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.მისი თქმით, საქართველოს აქვს უზარმაზარი პრივილეგია, რადგან აქვს დამოუკიდებლობა.„სამყაროში 10 000-მდე ერია და 200-საც კი არ აქვს დამოუკიდებლობა, ანუ უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ჩვენ ეს პრივილეგია გვაქვს, ჩვენი უფროსი თაობის და წინაპრების დამსახურებით ჩვენ შანსი გვაქვს, ვიყოთ დამოკიდებლები. შეიძლება, ბევრი საამაყო რაღაც გვქონდეს, კულტურა, რელიგია, სხვადასხვა გმირი, თუ ადამიანები, მაგრამ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, რომ სხვა მხრივ დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი, უნდა შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და სულ ხომ ორი გზა არსებობს, კაცობრიობას ხომ მეტი არაფერი არ მოუგონია, გარდა იმისა, გყავდეს ძლიერი ჯარი და საკუთარი თავი დაიცვა, ამ შემთხვევაში კი, „ქართულმა ოცნებამ“ ჯარი გაანადგურა თავიდან ბოლომდე. ჩვენ რეგიონში ყველაზე სუსტი ქვეყნის ჯარზე უფრო სუსტი ჯარი გვყავს, იარაღი როდის უყიდია, არავინ არ იცის. მეორეა, გყავდეს მოკავშირეები და მოკავშირეები ასე ციდან არ ვარდება. ანუ, შენ გამო ასე ომს არავინ არ დაიწყებს, მით უმეტეს, დემოკრატიული ქვეყნები, მათ უჭირთ ასეთი რაღაცები. ამიტომ, შენ ძალიან ბევრი საერთო უნდა გქონდეს იმ ხალხთან, ვისგანაც შენ დაცვა გჭირდება. ჰოდა, არცერთი დესპოტი, არც ჩინეთი, არც რუსეთი, არც ერთი ჩვენი აღმოსავლეთით მეზობელი ჩვენ დამოუკიდებლობას და უნიკალურობას პატივს არასდროს არ სცემდა. ყველა ცდილობდა ჩვენს ასიმილაციას, ჩვენი ენის გაქრობას, ჩვენი დამოუკიდებლობის განადგურებას და ამიტომ, არანაირი შანსი არ არსებობს, თუ არ გაგვიმართლა, ვერ გადავრჩით და რომელიღაც ჩვენმა მეზობელმა, პირველ რიგში რუსეთმა ჩაგვყლაპა, ისევ ბევრი ადამიანის, ისევ ჩვენი მომავლის საზრუნავი იქნება დამოუკიდებლობა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) სააღდგომო ლიტურგიას სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) სააღდგომო ლიტურგიას სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.„8 აპრილს, დიდ ოთხშაბათს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სხვა სასულიერო პირებთან ერთად შვიდგზის ზეთისცხებას აღასრულებს.9 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, 10:00 საათზე მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ბასილი დიდის წირვას აღავლენს, 18:00 საათზე კი წაკითხულ იქნება თორმეტი ვნების სახარება.10 აპრილს, დიდ პარასკევს, 09:00 საათზე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო შეასრულებს დიდ ჟამნობას, 14:00 საათზე – მწუხრის ჟამს და გარდამოხსნის გამოსვენებას.11 აპრილს, დიდ შაბათს, 23:00 საათზე მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს სააღდგომო ლიტურგიას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპის განცხადებით, უკანონოა ირანის მთავრობის მოწოდება, რომ მოქალაქეებმა ენერგეტიკული ობიექტების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მთავრობის მოწოდება, რომ ახალგაზრდებმა ენერგეტიკული ობიექტების გარშემო გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან, უკანონოა.„სრულიად უკანონოა. მათ ამის უფლება არ აქვთ“, – აღნიშნა ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო კომენტარში.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსს“ ირანელებთან მოლაპარაკებებზე ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განუცხადა.რაც შეეხება კითხვას, რამ განაპირობა მისი მუქარა, რომლის მიხედვითაც, „მთელი ცივილიზაცია დაიღუპება“, ტრამპმა უპასუხა: „ეს თქვენ უნდა გაარკვიოთ“.ირანის მთავრობამ მოუწოდა სტუდენტებს, სპორტსმენებს, არტისტებს და ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან.

აზერბაიჯანის პირველი ლედის ცხოვრების გზა

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან - მეჰრიბან ალიევასთან ერთად იმყოფება საქართველოში.მეჰრიბან ალიევა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პირველი ლედია მსოფლიოში. წლების წინ, ყველაზე გემოვნებიან და ლამაზ პირველ ქალბატონთა სიებშიც ხვდებოდა. 61 წლის მეჰრიბანი ახლა ისე აქტიურად არ ჩანს მსოფლიო მედიის ფურცლებზე, თუმცა აზერბაიჯანში მისი გავლენა არ შემცირებულა. მას ამიერკავკასიაში ყველაზე გავლენიან ქალადაც მოიხსენიებენ ხოლმე და მრავალი ტიტულის მფლობელია.მეჰრიბან არიფ ყიზი ალიევა (ქალიშვილობის გვარი - ფაშაევა) დაიბადა 1964 წლის 26 აგვისტოს, ბაქოში. ის ეთნიკური აზერბაიჯანელია. ინტელექტუალების ოჯახში დაიბადა, მისი წინაპრები, ფაშაევების კლანი, აღიარებული იყო, როგორც ყველაზე გავლენიანი, ეკონომიკის აკადემიურ წრეებსა და ბიზნეს სექტორებში. მისი ბაბუა, მირ ჯალალ ფაშაევი, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე და ფილოსოფიის დოქტორი იყო. მამამისი, არიფ ფაშაევი - აზერბაიჯანის საავიაციო აკადემიის რექტორი. დედამისი, აიდა იმანგულიევა, აღმოსავლეთმცოდნეობას სწავლობდა. აიდას მამა, ნასირ იმანგულიევი, ბაქოს გაზეთის მთავარი რედაქტორი იყო.მეჰრიბანის გარდა, მის მშობლებს კიდევ ერთი ქალიშვილი, ნარგიზ ფაშაევა ჰყავდათ, რომელმაც ასევე მიიღო ფილოლოგიის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი და აზერბაიჯანის დედაქალაქში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის რექტორია.მეჰრიბანმა ბავშვობაში სწავლისადმი განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, რამაც მას საშუალება მისცა მარტივად ჩარიცხულიყო მშობლიურ ქალაქში სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი მედიცინის განყოფილებაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგივან სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში გადავიდა, რომელიც 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა.სწავლის შემდეგ რუსეთის დედაქალაქში დარჩა და სამსახურიც იქვე იშოვა, მოსკოვში, ჰერმან ჰელმჰოლცის თვალის დაავადებათა კვლევით ინსტიტუტში. იმ დროს ინსტიტუტს აკადემიკოსი მიხაილ კრასნოვი ხელმძღვანელობდა. ეს შესანიშნავი მომზადება იყო ახალგაზრდა ექიმისთვის.1990-იანი წლების შუა პერიოდში სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საზოგადოებრივ საქმიანობას შეუდგა. მისი მონაწილეობით დაარსდა ფონდი „აზერბაიჯანული კულტურის მეგობრები“, რომელსაც პირველი ლედი დღემდე ხელმძღვანელობს.მეჰრიბანი და ილჰამი 1983 წელს დაქორწინდნენ. ახალდაქორწინებულები იმ დროს ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ. მეჰრიბანი ახალი გადასული იყო მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში, ხოლო ილჰამი მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ასპირანტურას სწავლობდა.ერთი წლის შემდეგ შეეძინათ ქალიშვილი, ლეილა ალიევა, ხოლო 1989 წელს - გოგონა, სახელად არზუ. 1997 წელს, როდესაც წყვილი ლონდონში იმყოფებოდა, ვაჟი, ჰეიდარი გაჩნდა.წყვილის შვილები აზერბაიჯანში ასევე დიდი გავლენით სარგებლობენ. მათი პირადი ცხოვრებაც იყო განხილვის საგანი. ლეილა მომღერალ ემინ აგალაროვზე დაქორწინდა. წყვილს 2008 წელს ტყუპი ვაჟი შეეძინა. ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ თბილი ურთიერთობა შეინარჩუნეს.არზუმ ბიზნესმენ აიდინ კურბონოვის ვაჟზე, სამედ კურბონოვზე იქორწინა. ერთი წლის შემდეგ ახალდაქორწინებულებს პირველი შვილი, აიდინი შეეძინათ, ხოლო 2016 წელს ქალიშვილი, აზიზა ეყოლათ.რაც შეეხება წყვილის ერთადერთ ვაჟს, რომელიც ბაბუის მოსახელეა და მამის მემკვიდრე, ხშირად საუბრობენ მის გავლენებზე და დუბაისა თუ სხვა ქვეყნებში არსებულ მის ქონებაზე. ჰეიდარს ცოლი და ორი შვილი ჰყავს.როცა 2017 წლის 21 თებერვალს მეჰრიბან ალიევამ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, ამან პოლიტოლოგებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ბევრი ამტკიცებდა, რომ ეს აზერბაიჯანში ნეომონარქიისთვის მზადების დასაწყისი იყო. არსებობდა თეორია, რომ ალიევის გადადგომის შემდეგ მის თანამდებობას მისი მეუღლე დაიკავებდა, შემდეგ კი დედამისი ქვეყნის კონტროლს თავის ზრდასრულ ვაჟს, ჰეიდარ ალიევ უმცროსს გადასცემდა...ბევრს წერენ ალიევების ოჯახის გავლენებზე და უზარმაზარ ქონებაზე. გავრცელებული ცნობებით, მათ საკუთარ ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც ეკუთვნით უძრავი ქონება თუ კომპანიები. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ჟურნალისტების ცნობით, The Washington Post-ზე დაყრდნობით, 2011 წელს მეჰრიბანის 14 წლის ვაჟი, ჰეიდარი, დუბაიში ცხრა მდიდრული სასახლის მფლობელი გახდა. სასახლეები დაახლოებით 44 მილიონ დოლარად შეიძინეს. ქალიშვილები, ლეილა და არზუ, ასევე ფლობენ დუბაიში მათ სახელზე რეგისტრირებულ ქონებას. ალიევის შვილების საკუთრებაში არსებული ქონების ჯამური ღირებულება 75 მილიონ დოლარად არის შეფასებული. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ლეილა და არზუ აკონტროლებენ აზერბაიჯანულ მობილურ ტელეფონების კომპანია „აზერფონს“.არზუ „სილქ ვეი ბანკის“ თანამფლობელია...მეჰრიბანი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეა, ასევე, აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი (2017 წლიდან), ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტი. მე-3, მე-4 და მე-5 მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) წევრი (2005–2017); მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე. აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი, აზერბაიჯან-საფრანგეთის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების სამუშაო ჯგუფისა და „აზერბაიჯანის კულტურის მეგობრების ფონდის“ ხელმძღვანელი; კეთილი ნების ელჩი ISESCO-ში (2006), გაეროსა და ოის-ში.ასევე წლების განმავლობაში მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და გემოვნებიან პირველ ლედიდ მსოფლიოში. საჯარო მოხელე შიიტი მუსლიმია. თუმცა ორთოდოქსმა ფრთამ არაერთხეд გააკრიტიკა "რწმენისთვის შეუფერებელი" ქცევისა და ჩაცმულობის სტილის გამო.ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ალიევამ არაერთხელ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია; პლასტიკური ქირურგიის გავლენა მეჰრიბანის გარეგნობაზე, სავარაუდოდ, „ადრე და შემდეგ“ ფოტოებს შორის განსხვავებაში ჩანს. თუმცა, აზერბაიჯანის პირველ ლედის კომენტარი ამ ჭორებზე არ გაუკეთებია.დღეს მეჰრიბან ალიევა კვლავ აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და უცხოურ ვიზიტებზეც სულ ახლავს მეუღლეს.

როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში

ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე, გადაცემაში "იმედის დილა" მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ საუბრობს:- დღეს, დღის განმავლობაში, ქარი გაგრძელდება. ხვალ ჩადგება, შესუსტდება და აღარ იქნება. თუმცა, 8, 9 აპრილს ისევ ქარია მოსალოდნელი. 10-ში ცოტა შესუსტდება, 11-ში ისევ ქარი გვექნება. 12-ში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და აღარც ქარი იქნება.ძირითადად შიდა ქართლში, გორი-სურამის მონაკვეთზე, თბილისშიც, გარეუბნებში უფრო ძლიერი ქარი იქნება. 20-22 მეტრ წამამდე მიაღწევს ქარის სიჩქარე და მთიან-მაღალმთიან რაიონებშიც, დაახლოებით, 15-17 მეტრ წამამდე იქნება, ეს საკმაოდ ძლიერ კატეგორიაში გადის.აღმოსავლეთ საქართველოში დღეს უნალექო ამინდი იქნება. ხვალ ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, მათ შორის, თბილისშიც ღრუბლიანი ამინდი და მცირე წვიმაა მოსალოდნელი. 8-ში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და 9-დან 11-მდე დროგამოშვებით, ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი.მაღალ მთაში თოვლის სახით იქნება ნალექი. 12-ში გამოიდარებს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოში.12-შიც და 13-შიც (აღდგომასა და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს) უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ქარიც არ გვექნება. ტემპერატურაც ცოტა მოიმატებს - დასავლეთ საქართველოში 23-24 გრადუსამდე, აღმოსავლეთში - 20-21 გრადუსამდე.11-ში წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც საღამომდე გაგრძელდება, თუმცა გვიან ღამით უკვე შეწყდება. ზოგან თუ დარჩება მცირე ნალექი, უფრო მეტად ჩრდილოეთ მთიან რაიონებში.დასავლეთ საქართველოში დღეს ზოგან მცირე წვიმა იქნება. ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. უმეტეს რაიონში მაინც 8-ში, 9-ში, 10-ში, 11-ში ხანმოკლე ხასიათის წვიმა იქნება. ამ დღეებში ტემპერატურა 15, 16, 17 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც, დაახლოებით, ასეთი ტემპერატურა გვექნება. კვირას და ორშაბათს, 12-ში და 13-ში, უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურაც მოიმატებს. ​ამ კვირაში თოვლი მაღალმთიან რეგიონებში: ბაკურიანში, გუდაურში, მესტიაში, გოდერძიზე, აჭარის მაღალმთიან რაიონებში იქნება. რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ალბათ, უფრო ღამის საათებში თოვლჭყაპი თუ იქნება. ძირითადად ნალექი მაღალმთიან რეგიონებში იქნება. 

ბოლო სიახლეები