ხუთშაბათი, ნოემბერი 26, 2026

მეუფე შიო მუჯირი – ადამიანს თუ სიმდაბლე არ აქვს, ის ცოდვათა შენდობასაც ვერ მიიღებს, სიმდაბლე ავლენს ჩვენში ყველაზე მთავარს, სიყვარულს

სიმდაბლე ავლენს და ხსნის ჩვენში ყველაზე მთავარს, რაც ღვთისგან გვაქვს ბოძებული, ეს არის სიყვარული. მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია, მოიხვეჭოს ნამდვილი სიყვარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

როგორც მეუფემ განაცხადა, როდესაც ადამიანი სიმდაბლის მოხვეჭით არის დაკავებული, იგი ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, რომელიც არის ფესვი და ძირი ყოველგვარი ვნებისა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება მეზვერისა და ფარისევლის კვირა, ვინაიდან დღეს იკითხება სახარებიდან იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ წმინდა ეკლესიაში დაიწყო დიდი მარხვისთვის მოსამზადებელი პერიოდი და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ამ იგავში მაცხოვარი მოგვითხრობს ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან რამეს ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ვინ იყო ის ორი ადამიანი, რომლებიც შედიან ტაძარში სალოცავად – მეზვერე და ფარისეველი? თქვენ იცით, მეზვერე – ეს იყო გადასახადების ამკრები, რომელიც გადასახადებს კრებდა რომის იმპერიისთვის, ე.ი. დამპყრობელი სახელმწიფოსთვის, მაგრამ ამავე დროს ასევე გადასახადებს კრებდა იუდეის სახელმწიფოსთვისაც.

იმჟამინდელი კანონები ისე იყო მოწყობილი, რომ თუ ადამიანი ვერ გადაიხდიდა გადასახადს, ეს მეზვერე იხდიდა მის ნაცვლად, შემდეგ კი მას უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ამ გადამხდელი მოქალაქისგან ორმაგი, სამმაგი ან ოთხმაგი გადასახადის გადახდა და თავისთვისაც იღებდა წილს ამ გადასახადიდან. ამიტომ, გახსოვთ, ზაქე მეზვერე, რომელიც ინანიებს, ეტყვის მაცხოვარს, რომ თუ ვინმეს ვაწყენინე, ოთხჯერ, ოთხმაგად მივცემო. აი, სწორედ ამიტომ ამბობს იგი ამ სიტყვებს, რომ ასეთი კანონი იყო მაშინ. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ადამიანი შეიძლება სახელმწიფო კანონის წინაშე მართალი იყოს, კანონიერად იმოქმედოს, მაგრამ სინდისის, სინანულისა და მოწყალების წინაშე ძალიან სცოდავდეს და მტყუანი იყოს.

რა თქმა უნდა, ეს მეზვერეები სძულდათ ადამიანებს, რადგან, წარმოიდგინეთ, რას ჩადიოდნენ ისინი, როგორ ეპყრობოდნენ ხალხს, როგორი სისასტიკით, როგორი გამომძალველობითა და უსამართლობით ხასიათდებოდნენ ისინი, მიუხედავად იმისა, ვიმეორებ, რომ სახელმწიფო კანონს არ არღვევდნენ მაშინ.

ასევე, შედის ტაძარში ფარისეველი. დღეს ცოტა არასწორი წარმოდგენა გვაქვს იმჟამინდელ ფარისევლებზე. სინამდვილეში, ისინი იყვნენ ყველაზე პატივცემული ადამიანები იმჟამინდელ რელიგიურ საზოგადოებაში, ვინაიდან ყველაზე მკაცრად იცავდნენ საღვთო სჯულს და, რა თქმა უნდა, ჰქონდათ ბევრი სიკეთეც და სიქველეც, მაგრამ ვინაიდან ისინი ბევრ რამეს მხოლოდ გარეგნულად ასრულებდნენ და დიდი წარმოდგენა ჰქონდათ თავიანთ ღვაწლზე, თავიანთ თავზე და მაღალ შეფასებას აძლევდნენ, ამიტომ, როგორც ჩვენ ვიცით მაცხოვრის არაერთგზის ნათქვამიდან, ღვთის წინაშე ეს არ იყო სათნო, ამაო და ფუჭი იყო მათი ეს სულიერი ღვაწლი. მაგრამ, აი, ეს სიკეთეები მაინც ჰქონდათ და ეს ჩანს დღევანდელი სახარებიდან, როცა ეს ფარისეველი ჩამოთვლის ამ სიკეთეებს.

ის ლოცულობს, მაგრამ, სინამდვილეში, ლოცვაც არ შეიძლება ამას ეწოდოს, ვინაიდან იგი ჩამოთვლის თავის სიკეთეებს და ამბობს, რომ გმადლობ, უფალო, აი, მე როგორი კარგი ვარ, არ ვარ მეძავი, მემრუშე, ცრუ, სასტიკი, ვმარხულობ კვირაში ორჯერ (ეს ნიშნავს, რომ იგი ორჯერ მეტს ასრულებდა, ვიდრე ევალებოდათ. კვირაში ორჯერ მარხვა სავალდებულო არ იყო ებრაელთათვის, ეს მხოლოდ ნებაყოფლობითი ღვაწლი, შესაწირავი იყო უფლის წინაშე), ე.ი. ვაკეთებ უფრო მეტს, ვიდრე მომეთხოვება, მეათედს შევწირავ დროულად. ე.ი. ეს ადამიანი თავის ცოდვებზე საერთოდ არ ფიქრობს, ღმერთს არ ეუბნება, მეტიც, მიტრიალდება, დაინახავს მეზვერეს და იტყვის, რომ არ ვარ, როგორიც სხვა ადამიანები, აი, ანდა როგორიც ეს მეზვერე, რომელიც ახლა დგას ბოლოში, ხელს იცემს მკერდზე და ლოცულობს. ანუ იქედნობდა, დაამდაბლა ეს ადამიანიც თავის გულში, მას ზევიდან შეხედა. შემდეგ უფალი მოგვითხრობს, თუ როგორ ლოცულობს მეზვერე. მან იცის, რომ ასეთი ცოდვილია, რომ არ იმსახურებს ღვთის არანაირ წყალობას, არ იმსახურებს ტაძარში დგომასაც კი, ხელს იცემს მკერდზე და ამბობს: „ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი!“

ბოლოს ეს იგავი მთავრდება ასეთი სიტყვებით, რომ, აი, ეს ვითომ მართალი ფარისეველი სინამდვილეში არ გამართლდა ღვთის მიერ, მეზვერე კი, რომელიც ცოდვილი იყო, უფრო გამართლებული გადის ტაძრიდან და მიდის სახლში.

აი, ასეთი იგავია, ძვირფასო ძმებო და დებო. რას გვასწავლის დღეს ჩვენ ამით უფალი იესო ქრისტე? გვასწავლის სიმდაბლეს ამ დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში – ერთი იმდაბლებდა თავს ლოცვის დროს, მეორე კი, პირიქით, იმაღლებდა თავს და ამპარტავნობდა. მთელი სახარება იესო ქრისტესი – ეს არის სიმდაბლის სახარება, მთელი მისი ცხოვრებაც იყო სიმდაბლე, მისი აღსასრულიცა და სიკვდილიც ჯვარზე ასევე იყო უდიდესი სიმდაბლის გამოხატულება.

ამრიგად, უფალი იესო ქრისტე სახარების ამ იგავით სიმდაბლეს გვიდებს სულიერი ცხოვრების საფუძვლად. გახსოვთ, იაკობ მოციქულიც ამბობს: „ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“. ასეთი გამონათქვამი არაერთია წმინდა წერილში.

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სიმდაბლე ჩვენი სულის ცხონებისთვის, სულიერი ცხოვრებისთვის? იმიტომ, რომ, როგორც მოგიყვანეთ იაკობ მოციქულის სიტყვები, მხოლოდ სიმდაბლესთან მიდის სულიწმიდის მადლი, ცოდვების განწმენდა და გადარჩენა მხოლოდ სულიწმიდით შეიძლება. შესაბამისად, თუ ადამიანს სიმდაბლე არ აქვს, ის ცოდვათა შენდობასაც ვერ მიიღებს, იმიტომ, რომ მასთან არ მოვა სულიწმიდის მადლი.

სიმდაბლე ასევე ავლენს და ხსნის ჩვენში ყველაზე მთავარს, ყველაზე შინაგანს, ჩვენი არსების თვისებას, რაც ღვთისგან გვაქვს ბოძებული, ეს არის სიყვარული. მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია მოიხვეჭოს ნამდვილი სიყვარული. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი სიმდაბლის ღვაწლით, სიმდაბლის მოხვეჭით არის დაკავებული, იგი ძირშივე აღმოფხვრის ეგოცენტრიზმს, ეგოიზმს, რომელიც არის ფესვი და ძირი ყოველგვარი ვნებისა. შესაბამისად, ყველა ვნებას აღმოფხვრის ასეთი ადამიანი. ასეთ ადამიანთან მიდის მადლი სულისა წმიდისა, რომელიც მას აღამაღლებს. აი, ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სიმდაბლის მოხვეჭა ჩვენთვის.

ამიტომაც, ძვირფასო ძმებო და დებო, გვახსოვდეს ის სიტყვები, რომლებითაც დღევანდელ სახარებისეულ იგავს ასრულებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ღარიბაშვილი – სისტემური დანაშაულია, როცა ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ...

სისტემური დანაშაულია, როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ, ხოლო ხელისუფლება რეაგირების ნაცვლად ამ პროცესს მფარველობს, სახეზეა სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში წერს.ექსპრემიერი ვრცელ წერლში საუბრობს მის მიმართ ბრალდებაზე და ამბობს, რომ ციხეში პროკურორების „გასაუბრების“ მიზნით შეგზავნა და გამოძიების დაწყებაზე უარის თქმა წარმოადგენს მის მიმართ პოლიტიკური, რეპრესიული და პუნქტობრივად ინსცენირებული პროცესის კიდევ ერთ კლასიკურ სამართლებრივ დასტურს.ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავად არის რეპრესიული მანქანის მმართველი.„ხელისუფლების მიერ ციხეში პროკურორების „გასაუბრების“ მიზნით შემოგზავნა და გამოძიების დაწყებაზე უარის თქმა წარმოადგენს ჩემს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური, რეპრესიული და პუნქტობრივად ინსცენირებული პროცესის კიდევ ერთ კლასიკურ სამართლებრივ დასტურს. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავად არის რეპრესიული მანქანის მმართველი და ამიტომ საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოძიებას ვერ დაიწყებდა, ამავდროულად, ობიექტური გამოძიება პირდაპირ ურტყამდა და აცამტვერებდა ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალდებას.რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას ე.წ. „გასაუბრებასთან“ დაკავშირებით, საზოგადოებისთვის მსურს განვმარტო, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტიტუციური მანიპულაცია და ფორმალური მიდგომა. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით, წამების ან უფლებების სერიოზული დარღვევის ფაქტზე სახელმწიფოს აკისრია გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების პოზიტიური და შეუქცევადი ვალდებულება. პროკურატურის მცდელობა, კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებები და ოფიციალური გამოძიება გაურკვეველი ფორმატის „გასაუბრებით“ ჩაენაცვლებინა, სრული სამართლებრივი აბსურდია, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი „გასაუბრებას“ საპროცესო მოქმედებად არ ითვალისწინებს. მას არ აქვს იურიდიული ძალა, არ იძლევა მტკიცებულებათა მოპოვების, დოკუმენტირებისა და საქმეზე დართვის გარანტიას და ემსახურება ერთადერთ მიზანს - შექმნას ილუზია, თითქოს უწყება „ინტერესდებოდა“ ფაქტით. სწორედ ამიტომ ციხეში პროკურორების შემოგზავნა „გასაუბრებისთვის“ ემსახურებოდა არა ჭეშმარიტების დადგენას, არამედ მანიპულაციასა და პროპაგანდისტულ მანევრს იმის სათქმელად, რომ „პროკურატურა შეეცადა ღარიბაშვილთან გასაუბრებას, მაგრამ მან უარი განაცხადა“. ეს კლასიკური პოლიტიკური პროპაგანდისტული ხაფანგია. კერძოდ, მსხვერპლს აბრალებენ თანამშრომლობაზე უარის თქმას, რათა შემდეგ ოფიციალურად განაცხადონ, რომ „ჩვენ ვცადეთ გამოძიება, მაგრამ თავად არ ითანამშრომლა“. ამ დროს ჩვენ უარი ვთქვით „გასაუბრებაზე“ და მოვითხოვეთ ოფიციალური გამოძიების დაწყება. ეს იმავე დღეს პროკურატურაში ოფიციალური განცხადების შეტანით დავადასტურეთ. განცხადებაში გარკვევით დავწერე, რომ მზად ვიყავი დეტალური ჩვენების მისაცემად და სათანადო მტკიცებულებების წარმოსადგენად. პროკურატურის განცხადებაში მკაფიოდ გამოჩნდა მტკიცებულებათა შეფასების ორმაგი სტანდარტი. პროკურატურამ განაცხადა, რომ ჩემი და ადვოკატის განცხადებები „ზოგადი იყო და არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს“. ამავე დროს, თავად პროკურატურა ჩემს წინააღმდეგ შეკერილ ქრთამის საქმეს აფუძნებს საპროცესო გარიგებით „ნაყიდი“ ორი მოწმის (მძევლების) აბსოლუტურად ჰაერიდან აღებულ ზოგად სიტყვებს, რომლებსაც მატერიალური კვალი არ ამყარებს, ხოლო ციხეში ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზე გამოძიების დაწყებაზე უარს აცხადებს. ეს აჩვენებს მართლმსაჯულების სრულ შერჩევითობასა და მანიპულაციურ ბუნებას.დასკვნის სახით კიდევ ერთხელ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის სისტემური დანაშაული, როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ, ხოლო ხელისუფლება რეაგირების ნაცვლად ამ პროცესს მფარველობს, სახეზეა სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული“, - წერს ღარიაბშვილი.

სტუ-ში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი სტუდენტების სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინფორმაციო პროექტის - „ინკლუზიური საარჩევნო გარემო და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ღია მმართველობის პროცესში“ განხორციელება დაიწყო. ინიციატივა ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას, დემოკრატიული პროცესების შესახებ მათი ინფორმირებულობის გაძლიერებასა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (1+4 პროგრამა) სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები არიან.საინფორმაციო პროექტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობით ხორციელდება. პროექტის ამოცანაა ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესებში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდების მონაწილეობის წახალისება და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.პროექტის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი, ცესკოში შექმნილი ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი და ამავე ჯგუფის მდივანი ქეთი ქარენაშვილი. ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.მისასალმებელ სიტყვაში რექტორმა ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების, ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებრივ პროცესებში მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტისთვის მსგავსი ინიციატივების განხორციელება მხოლოდ საგანმანათლებლო საქმიანობის გაფართოებას არ გულისხმობს. იგი უმაღლესი განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ფუნქციასაც უკავშირდება - ხელი შეუწყოს ინფორმირებული, პასუხისმგებლიანი და აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკურ უმცირესობთა წარმომადგენელი სტუდენტებისთვის იმგვარი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს, საარჩევნო სისტემის ფუნქციონირების თავისებურებებსა და მოქალაქეთა მონაწილეობის სამართლებრივ და პრაქტიკულ მექანიზმებს.დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეული სტუდენტის მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების განვითარებასა და ისეთი აკადემიური გარემოს შექმნას, სადაც ყველა ახალგაზრდა, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, თავს თანასწორად, დაცულად და საუნივერსიტეტო საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნობს.„ძვირფასო სტუდენტებო, მინდა განსაკუთრებული სითბოთი მოგესალმოთ და გითხრათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თქვენი ალმა მატერია. აქ თითოეული თქვენგანის მიზნები, კულტურა, ტრადიციები და გამოცდილება საუნივერსიტეტო ცხოვრების მნიშვნელოვანინაწილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ არა მხოლოდ მიიღოთ ხარისხიანი განათლება, არამედ აქტიურად ჩაერთოთ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კარგად იცნობდეთ თქვენს სამოქალაქო უფლებებს, შესაძლებლობებს და სრულად იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოს განვითარებაში თქვენი წვლილი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქის. დარწმუნებული ვარ, რომ განათლებასა და მეცნიერებასთან ერთად,გვაერთიანებს საქართველოს სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და სხვა საერთო ღირებულებები, რაც გვაძლევს უდიდეს სტიმულს, ერთად ვაშენოთ უფრო ძლიერი, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოება“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან საქართველოს საარჩევნო სისტემის თავისებურებებს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, მოქალაქეთა საარჩევნო უფლებებსა და იმ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია საზოგადოებრივ და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობა. ინიციატივა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 1+4 პროგრამის სტუდენტებისთვის, რომელთა საუნივერსიტეტო განათლების პროცესში, სახელმწიფო ენის დაუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებრივი და ინსტიტუციური გარემოს გაცნობა.

„ცხოვრების აზრი სიყვარულშია“ — 90 წლის მსახიობ აზა ნუცუბიძის გულწრფელი სათქმელი

90 წლის მსახიობი აზა ნუცუბიძე სიკეთეზე, სიყვარულსა და ცხოვრების მთავარ ღირებულებებზე საუბრობს. https://www.facebook.com/reel/4780228898967758 „თუ შემიძლია სიკეთის გაკეთება, უანგაროდ ვაკეთებ... ცხოვრების აზრი სიყვარულშია...“ — ამბობს მსახიობი.სიუჟეტში აზა ნუცუბიძე საკუთარ სათქმელსა და ცხოვრებისეულ შეხედულებებს გვიზიარებს. ინტერვიუს თან ახლავს საარქივო ფოტოები და პირადი მასალები, რომლებიც მაყურებელს მსახიობის წარსულსა და განვლილ გზას აცნობს.90 წლის ასაკშიც მისი მთავარი სათქმელი სიკეთე, გულწრფელობა და სიყვარულია — ღირებულებები, რომლებიც დროს არ ექვემდებარება.აზა ნუცუბიძის შესახებ სიუჟეტი შორენა ლაბაძემ მოამზადა.ავტორი: შორენა ლაბაძე

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა მიხეილ ჯანიკაშვილმა, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის მონაწილეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა, რითაც ხაზი გაესვა მათი აქტიური ჩართულობის, პროფესიული პასუხისმგებლობისა და სამეცნიერო საქმიანობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილის მნიშვნელობას.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ფესტივალში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციის, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისა და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერები და მათი აკადემიური მენტორები, რომლებმაც ფართო საზოგადოებას გააცნეს საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგები, წარმოადგინეს მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიური მოწყობილობები, ინოვაციური პროექტები, პრაქტიკული დანიშნულების მოდელები და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რითაც წარმოაჩინეს უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევების მრავალფეროვნება და ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო შესაძლებლობები.როგორც მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, ფესტივალი ხელს უწყობს მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის გაღრმავებას, ახალგაზრდებში შემეცნებითი ინტერესის გაღვივებას და რეგიონებში არსებული სამეცნიერო და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენას. პროფესორ მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფესტივალში ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს და წარმატებით წარმოაჩენს უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ახალგაზრდა მეცნიერთა მიღწევებსა და ინოვაციურ შესაძლებლობებს. მისი განმარტებით, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობა ნათლად წარმოაჩენს იმ სამეცნიერო მიმართულებების მრავალფეროვნებასა და კვლევით პოტენციალს, რომელიც სტუ-ში არსებობს. ამასთანავე, ფესტივალი უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას, ფართო საზოგადოებას გააცნოს საკუთარი სამეცნიერო მიღწევები, წარმოადგინოს ახალი ტექნოლოგიური დამუშავებები და კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი მნიშვნელოვანი როლი ქვეყანაში მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობის პროცესში.„მეცნიერების განვითარება მხოლოდ სამეცნიერო კვლევების განხორციელებას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება, სამეცნიერო მიღწევების საზოგადოებისთვის გაცნობა და ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივება. მეცნიერების რეგიონული ფესტივალი სწორედ ამ მიზნების განხორციელებას ემსახურება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ადამიანების შრომისა და ჩართულობის დაფასება, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობენ მეცნიერების პოპულარიზაციას, ინოვაციური იდეების წარმოჩენასა და სამეცნიერო კულტურის განვითარებას. მადლობის სიგელები მათი ძალისხმევის აღიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის წახალისების გამოხატულებაა“, - აღნიშნა მიხეილ ჯანიკაშვილმა.სტუ-ის ცნობით, სიგელები გადაეცათ სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს: რევაზ სახვაძეს, მარი თებიძეს, ქრისტინე მუსელიანს, ლია იმნაიშვილს, გვანცა ყრუაშვილს, ირმა ლაგვილავას, ნინო კარტოზიას, მარიამ ბარამიას, ანა ვარდიაშვილს, მარიამ წიკლაურს, თამარ ჯიქიას, გიორგი ფეიქრიშვილს, სანდრო სართანიას, ირაკლი ყანჩელს, ლუკა მაქსიმილიან კუპტაშვილს, სალომე გურჩიანს, ანი ჭიღლაძეს, თამარ ზურაბიანს, გიორგი ფანცულაიას, ერეკლე ტეფნაძეს, გოჩა ზედგინიძეს, ლუკა ბუთურიშვილს, ნათია ქოჩლაძეს, ეკატერინე ჭელიძეს, გიორგი მუმლაძეს, იამზე ქვარცხავას, ნათია მარგიანს, თამარ გედევანიშვილს, მაია გოგორიშვილს, ანანო მჭედლიშვილს, რეზი გურგენიძესა და გიორგი ფალავანდიშვილს.

ასეთ ადამიანებს ღმერთი ჰყავთ გულში – „მე ვიხდი!“  ჩეხეთის აეროპორტში ქართველი ქალის უანგარო საქციელმა ყველა აღაფრთოვანა -სოფო-თეო კვარაცხელია

,,ჩემი ცხოვრების გზაზე ძალიან ბევრი კარგი ადამიანი შემხვედრია, მაგრამ დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ, მთელი სიღრმით დამანახა, რომ საოცარი ერი ვართ — ყველაზე გამორჩეულები, თბილები და თითით საჩვენებლები!​მოგეხსენებათ, დღეს ჩეხეთიდან დავბრუნდით. აეროპორტში შემოწმების გავლისას ერთ-ერთი მოსწავლის ზურგჩანთის ზომა არ მოეწონათ და დამატებითი თანხის გადახდა მოგვთხოვეს. ჯგუფის წევრებს მხოლოდ ნაღდი ფული გვქონდა, მათ კი ქეში არ მიიღეს. თვითმფრინავში ჩასხდომა უკვე იწყებოდა — ალბათ წარმოგიდგენიათ, რამხელა სტრესსა და ფორიაქში ვიყავით, წამები წყვეტდა ყველაფერს...​და სწორედ ამ კრიტიკულ წუთას, სრულიად უცხო ადამიანი მიუახლოვდა კონსულტანტს, უსიტყვოდ გაუწოდა საბანკო ბარათი და მტკიცედ უთხრა: „მე ვიხდი!“ ( არ იყო პატარა თანხაც...)​უნდა გენახათ ჩეხი კონსულტანტის გაოცებით სავსე თვალები, როცა იკითხა: „ნამდვილად თქვენ იხდით?!“ — მისთვის ეს წარმოუდგენელი იყო, ჩვენთვის კი — ემოციების ნამდვილი ქარიშხალი და სუნთქვის შემკვრელი სიამაყე!​ამქვეყნად ბევრი ბოროტებაც მინახავს და ბევრი სიკეთეც, მაგრამ თუ რამეს შეუძლია ჩემი სულის შეძვრა და უსაზღვრო აღფრთოვანება, სწორედ ასეთი უანგარო საქციელია.წარმოგიდგენიათ? სრულიად უცხო ადამიანი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ამოგიდგება მხარში ყველაზე რთულ დროს და გაძლევს ძალას, რომ დაბრკოლება გადალახო.ასეთ ადამიანებს ღმერთი ჰყავთ გულში... და საბედნიეროდ, ისინი ჩვენს გვერდით არც ისე ცოტანი არიან!​მე გიყვებით Ekaterine Ioseliani ეკატერინე იოსელიანზე..ადამიანზე, რომელსაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ!ადამიანო, მე ღმერთი მიყვარს შენში !მადლობა, ქალბატონო ეკატერინე!''-ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომხმარებელი სოფო-თეო კვარაცხელია წერს.

ბოლო სიახლეები