ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026

მეუფე შიო – მიცვალებულებისთვის ლოცვა ჩვენთვისაც სასარგებლოა, ვინც მათთვის ვლოცულობთ, იმიტომ, რომ უფრო მეტად ვფიქრობთ ამ მიწიური ცხოვრების წარმავალობაზე, სიკვდილის გარდაუვალობაზე, ვფიქრობთ ჩვენს ზეციურ სამშობლოზე

მიცვალებულებისთვის ლოცვა ჩვენთვისაც სასარგებლოა, ვინც მათთვის ვლოცულობთ, იმიტომ, რომ უფრო მეტად ვფიქრობთ ამ მიწიური ცხოვრების წარმავალობაზე, სიკვდილის გარდაუვალობაზე, ვფიქრობთ ჩვენს ზეციურ სამშობლოზე, უფრო მეტად ვფიქრობთ იმაზე, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება და უფრო მეტად გვინდება, დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თომას კვირის სამშაბათს, მიცვალებულთა ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს შევიკრიბეთ, რომ მოვიხსენიოთ ჩვენი მიცვალებულები, ჩვენი ახლობლები და განსაკუთრებით მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

უფალმა იესო ქრისტემ სადუკეველებს, რომლებსაც არ სწამდათ მკვდრეთით აღდგომა, ერთხელ ასეთი სიტყვები უთხრა: „ღმერთი არ არის ღმერთი მკვდართა, არამედ ცოცხალთა“ (მარკ. 12, 27). ჩვენ გვწამს, რომ სიკვდილის შედეგად ადამიანი არ ქრება, არამედ გადადის სხვა, მარადიულ სამყაროში, ეზიარება სულიერ ცხოვრებას. ამიტომ ეკლესიის მოწოდებით ვართ დღეს აქ, რომ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლებისთვის ვილოცოთ. ისინი ცოცხლები არიან და დადგება დღე, როცა იქნება ჩვენი მკვდრეთით აღდგომაც, როდესაც კვლავ ვიხილავთ მათ, შევხვდებით. ამიტომ წმინდა ეკლესია ყოველდღიურად იხსენიებს მიცვალებულებს, ლოცულობს მათთვის, მაგრამ ეკლესიაში დადგენილია ასევე განსაკუთრებული დღეები მიცვალებულთა მსახურებისთვის, მათი მოხსენიებისთვის. ერთ-ერთი ასეთი დღე არის სწორედ დღეს – თომას კვირის სამშაბათი.

როგორც იცით, ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ეკლესია აღნიშნავდა ჩვენს უმთავრეს დღესასწაულს – ქრისტეს აღდგომას, როგორც ერთ დღეს. ყველა დღე აღდგომის ტოლფასია ბრწყინვალე შვიდეულში. უკვე თომას კვირის მეორე დღიდანვე ეკლესია ჩქარობს, რომ მიცვალებულებს ახაროს ქრისტეს აღდგომის შესახებ, რადგან სწორედ ეს სიხარული ახარა უფალმა იესო ქრისტემ, როდესაც თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ჩავიდა ჯოჯოხეთში და იქ, ვიმეორებ, ახარა მიცვალებულებს გამოხსნა მათი სულებისა და სიკვდილის დამარცხება.

ამიტომაც არის, რომ ამ დღიდან იწყება მიცვალებულთა მსახურება. მანამდე არ ხდებოდა ეს ბრწყინვალე შვიდეულში, გამონაკლისები არის მხოლოდ მაშინ, როდესაც გარდაიცვლება ადამიანი და სრულდება წესის აგება. ოღონდ ის არა სამგლოვიარო, არამედ სააღდგომო ხასიათს ატარებს. ამაზე, სხვათა შორის, საუბრობენ ძველი წმინდა მამებიც. მაგალითად, იოანე ოქროპირი განმარტავს, რატომ ვიწყებთ მიცვალებულთა მოხსენიებას სწორედ ამ სამშაბათიდან. იმიტომ, რომ აღდგომიდან მეორე დღეს ახარებს უფალი მიცვალებულებს. ეს მეორე დღე ეკლესიის ლიტურგიკულ ენაზე ნიშნავს: „ერთი კვირის შემდეგ“. ერთი კვირა, როგორც გითხარით, ერთ დღეს უდრის. იგი ამბობს, რომ სწორედ ამ დღეს იკრიბებიან ადამიანები საფლავებზე, გადიან სასაფლაოებზე, იხსენიებენ მიცვალებულებს და ახარებენ, ზეიმობენ მათთან ერთად ამ დიდ მოვლენას. იმავეს ამბობს წმინდა ამბროსი მედიოლანელი და სხვა წმინდა მამები. ისინი ხსნიან, რატომ არის დადგენილი ეს დღე და აქამდე რატომ არ ხდებოდა მიცვალებულთა მოხსენიება. ასევე, ტრადიციისამებრ, იმისთვის, რომ ჩვენი ლოცვები გავაძლიეროთ მიცვალებულთათვის, ვურთავთ ამ ჩვენს ლოცვებს ქველმოქმედებას და მოწყალებას.

დღეს განსაკუთრებით ვიხსენიებთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. გვახსენდება მისი ცხოვრება, მისი მოღვაწეობა, ყოველი დეტალი, მისი ყოველი ნათქვამი. იგი მრავალმხრივ იყო მაგალითი ჩვენთვის სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ დღეს მინდა მათ შორის გამოვყო ერთი-ერთი თვისება. ალბათ მეუფეებიც და ყოველი თქვენგანიც დამეთანხმება, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული თვისება იყო საოცარი მოწიწება მიცვალებულთა მიმართ, მისი მშობლების მიმართ, ჩვენ გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა, წინაპრების მიმართ, მეფეების, დედოფლების, კათოლიკოს-პატრიარქების მიმართ, როგორი ცოცხალი დამოკიდებულება ჰქონდა და როგორ გვასწავლიდა ამ ყველაფერს ჩვენ. ეს მაგალითი დაგვიტოვა სხვა ყველაფერთან ერთად.

ასე რომ, დღეს ჩვენ მას კიდევ ერთხელ ვიხსენიებთ დიდი სიყვარულით, დიდი მადლიერებით მისი ღვაწლისთვის, მისი დანატოვრისთვის და ღმერთმა მოიხსენიოს, აცხონოს და შეიწყალოს მისი უკვდავი სული!

ღმერთმა დალოცოს და აცხონოს ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები, ჩვენი წინაპრები, ვისაც დღეს ვიხსენიებთ! ყველა აცხონოს და სასუფეველსა ცათასა დაამკვიდროს!

მიცვალებულებისთვის ლოცვა, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენთვისაც სასარგებლოა, ვინც მათთვის ვლოცულობთ, არა მარტო მათთვის, არამედ ჩვენთვისაც. რატომ? იმიტომ, რომ უფრო მეტად ვფიქრობთ ამ მიწიური ცხოვრების წარმავალობაზე, სიკვდილის გარდაუვალობაზე, ვფიქრობთ ჩვენს ზეციურ სამშობლოზე, უფრო მეტად ვფიქრობთ იმაზე, რომ გამოვსწორდეთ, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება და უფრო მეტად გვინდება, დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა, რომლის ღირსიც გაგვხადოს უფალმა ჩვენმა, მკვდრეთით აღდგომილმა იესო ქრისტემ თავისი მადლით და კაცთმოყვარებით, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“ – განაცხადა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა წერია წერილში, რომელიც პრინცესა დაიანამ მეგობარს მისწერა? “აქ რომ დავრჩე, თავს მოვიკლავ. იმედია 1997 წელი ყველასთვის უფრო მარტივი იქნება”

ერთ-ერთ წერილში პრინცესა დაიანა აღნიშნავდა, რომ მას მკაცრად აკვირდებოდნენ და მეგობრებთან ურთიერთობის ერთადერთი გზა სწორედ წერილების გაგზავნა იყო.გამოცემა Independent-ის ცნობით, წერილები, რომლებსაც პრინცესა დაიანა მეფე ჩარლზთან განქორწინების დროს ორ ახლო მეგობარს წერდა აუქციონზე 141 150 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. სუზი და ტარეკ კასემებისთვის მიწერილი 32 წერილი აუქციონზე Lay's Auctioneers-მა გაიტანა.როგორ ამბობენ, უელსის პრინცესას ახლო მეგობრები, სუზი და ტარეკი, ამ წერილებს 25 წელზე მეტხანს ინახავდნენ. მათ არ სურდათ ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტების საკუთრების უფლება შვილებისთვის ან შვილიშვილებისთვის გადაეცათ, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება რომ წერილები გაეყიდათ, მიღებული თანხა კი იმ საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის გადაერიცხათ, რომლებზეც დაიანა და სუზი ზრუნავდნენ.აუქციონის სახლმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ზოგიერთი წერილი ეხება სტრესს, რომელიც დაიანამ განქორწინების პერიოდში განიცადა, თუმცა მასში მაინც იკითხებოდა პრინცესას მტკიცე და ძლიერი ხასიათი.1996 წლის 17 თებერვლით დათარიღებულ ერთ-ერთ წერილში პრინცესა წერდა, რომ მას აკვირდებოდნენ და მეგობრებთან ურთიერთობის ერთადერთი გზა სწორედ წერილების წერა იყო. რას წერდა პრინცესა დაიანა მეგობრისთვის მიწერილ წერილში? "ერთი წლის წინ რომ მცოდნოდა, რისი გამოვლა მომიწევდა, ამ განქორწინებას არასდროს დავთანხმდებოდი. ეს საშინელი და ამაზრზენი პროცესია. პირად საკითხებზე საუბარი რთულია, რადგან ჩემს სატელეფონო ხაზებს მუდმივად უსმენენ, იწერენ და ინფორმაციას გადასცემენ" - წერდა დაიანა.სხვა წერილში, რომელიც 1996 წლის 28 აპრილით თარიღდება, პრინცესა დაიანა ოპერაში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების გამო ბოდიშს იხდიდა და მიზეზად განქორწინებით გამოწვეულ სტრესს ასახელებდა."ხანდახან ძალიან რთულია თავის მოთოკვა, დღეს მუხლებზე ვარ დაჩოქილი და მხოლოდ იმას ვნატრობ, რომ ეს განქორწინების პროცესი მალე დასრულდეს, რადგან მისი ფასი წარმოუდგენლად დიდია" - წერდა დაიანა.1996 წლის 17 დეკემბრის წერილში კი სუზის სწერდა, რომ 24 დეკემბერს სამოგზაუროდ წავიდოდა, რადგან შობა არ უყვარდა და თუ დარჩებოდა შესაძლოა თავიც მოეკლა."აქ რომ დავრჩე, თავს მოვიკლავ. იმედია 1997 წელი ყველასთვის უფრო მარტივი იქნება" - დაამატა პრინცესამ.უელსის პრინცესა 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში, ტრაგიკულ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

დონალდ ტრამპი – მივიღე გადაწყვეტილება, გავახანგრძლივოთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ვიდრე ირანის წინადადება არ იქნება წარმოდგენილი და განხილვები არ დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაგრძელდება, ვიდრე თეირანი კონფლიქტის მუდმივ წინადადებას არ წარადგენს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა truth social-ზე დაწერა.„იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ხელისუფლება სერიოზულად არის გახლეჩილი, რაც მოულოდნელი არ არის, პაკისტანის ფელდმარშალ ასიმ მუნირისა და პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ გვთხოვეს, შევაჩეროთ, ირანის წინააღმდეგ დარტყმები, ვიდრე მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ. შესაბამისად, მივეცი მითითება ჩვენს სამხედრო ძალებს, გააგრძელონ ბლოკადა და ყველა სხვა მიმართულებით დარჩნენ სრულ მზადყოფნაში. ასევე მივიღე გადაწყვეტილება, გავახანგრძლივოთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ვიდრე მათი წინადადება არ იქნება წარმოდგენილი და განხილვები არ დასრულდება ამა თუ იმ გზით“, – აღნიშნავს ტრამპი.ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 22 აპრილს იწურებოდა და აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ვადის გახანგრძლივებას არ გეგმავდა.

„ოპოზიციის ალიანსი” განცხადებას ავრცელებს

დღევანდელი საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა, - ამის შსახებ ნათქვამია „ოპოზიციის ალიანსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სწრაფად ვიწროვდება იმ ადამიანების წრე, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ენდობა, რომ ძალაუფლება დააყრდნოს.„საკუთარი მავნე განზრახვების განსახორციელებლად, რეჟიმს სასიცოცხლოდ სჭირდება თავის წიაღში სტაბილურობა; თუმცა ეს სტაბილურობა მისთვის შეუძლებელ ამოცანად იქცა: სწრაფად ვიწროვდება იმ ადამიანების წრე, ვისაც ივანიშვილი ენდობა, რომ ძალაუფლება დააყრდნოს.ამ მდგომარეობამდე ავტოკრატი ოლიგარქი ქართული საზოგადოების უწყვეტმა და გაუტეხელმა წინააღმდეგობამ მიიყვანა. არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკა, საერთაშორისო სანქციებთან ერთად, რეჟიმს ვითარების ნორმალიზების შესაძლებლობას არ აძლევს; „ქართულ ოცნებაში“ ნდობის კრიზისი ღრმავდება.„ოპოზიციის ალიანსი" გააგრძელებს არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკას მანამდე, სანამ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საყრდენს ბოლომდე არ გამოვაცლით და მიტაცებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხის სამსახურში არ დავაბრუნებთ.ამის შემდეგ ჩვენი ამოცანა იქნება კანონის უზენაესობის და სამართლიანობის დამკვიდრება, გათელილი სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს შეუქცევადი დაბრუნება ევროატლანტიკური განვითარების ისტორიულ გზაზე.26 მაისს, 19:00 საათზე, მსვლელობა თსუ-ს I კორპუსიდან პარლამენტამდე! "- ნათქვამია განცხადებაში.

მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი – მეტეოროლოგის გაფრთხილება მომდევნო დღეების ამინდზე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს:„ამინდი: ამჟამინდელი მდგომარეობა და პროგნოზი, რომელიც ისევ წვიმიანი და ცივია. 22 აპრილისთვის, ანტიციკლონური მდგომარეობის ხანმოკლე ჩამოყალიბებით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შედარებით დათბება და უნალექო დღე იქნება.23 აპრილს კი - ღამის საათებიდანვე სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში, ხოლო დღის ბოლოდან აღმოსავლეთში - მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, ზოგან შესაძლოა ლოკალურად აღინიშნოს ძლიერი ნალექი, პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი.მაღალ მთაში ისევ მოთოვს. საქართველოში 24 აპრილიც წვიმიანი და ცივი იქნება. ხშირად დასმული კითხვა როდის დათბება? აბსოლუტურად ლეგიტიმურია. თუმცა თვის ბოლომდე სტაბილურად თბილი და უნალექო ამინდები მოსალოდნელი არ არის, იქნება მხოლოდ ხანმოკლე მშრალი პერიოდები, ტემპერატურა რჩება ცვალებად რეჟიმში, წვიმა და ქარი პერიოდულად კვლავ დაბრუნდება“, - წერს მეტეოროლოგი.

ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან – ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ორბანის განცხადებით, მიუხედავად ბრიუსელის მხრიდან ზეწოლისა, მისი მთავრობა არ აპირებს პოზიციების დათმობას.„ბრიუსელის სატკეპნი მანქანა უკვე ამუშავდა. ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან. ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს. ჩვენ არ დავთმობთ ბრძოლას ევროპის სულისთვის!“ - წერს ვიქტორ ორბანი.ევროკავშირის სასამართლომ დღეს უნგრეთის 2021 წლის კანონი ევროპულ სამართალთან შეუსაბამოდ ცნო და ბუდაპეშტს მისი გაუქმება დაავალა. აღნიშნული კანონი კრძალავდა არასრულწლოვნებისთვის ისეთი კონტენტის მიწოდებას, რომელიც ჰომოსექსუალობის ან სქესის შეცვლის პოპულარიზაციას ახდენს.

ბოლო სიახლეები