საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენასაც „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სრული მხარდაჭერა ექნება – ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნების კიდევ ორჯერ დადასტურდება. „არც ერთი მანდატი არ უნდა დააკლდეს 92 ხმას, რომელიც იყო გარანტირებული. იმედი მაქვს, რომ 116 ხმა ამ პროცესს ექნება, მიუხედავად იმისა, შემოუერთდებიან თუ არა სხვა ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლები“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი 21 ივნისს უყარეს.
კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.