ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025

მამუკა ხაზარაძე – მოვუწოდებ ყველას, გავაერთიანოთ ძალები, წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით

ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა, ამისთვის ორი მთავარი მოთხოვნაა უპირველესი – ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წერილშია აღნიშნული.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, აქამდე გონივრულად მისვლაა საჭირო და არა ემოციური მოწოდებები.

„„ლელოს“ დაფუძნების ორი მთავარი მიზეზი არსებობდა. პირველი, დაგვემარცხებინა „ქართული ოცნება“, რომელიც აშკარად რუსულ პოლიტიკას ატარებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ; და მეორე, დაგვერღვია წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული „ქოცურ-ნაცური“ მოცემულობა და შანსი მიგვეცა ე.წ. შუა ამომრჩევლისთვის თავისი ხმის რეალიზაციაში, ქვეყნის განვითარების საქმეში.

ამ განვლილი წლების განმავლობაში „ლელო“ და მისი გუნდი სულ პროტესტის წინა ხაზზე იდგა. „ლელო“ პირველივე დღეებიდან იყო ინიციატორი ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებისა და ამისათვის სხვადასხვა დროს მრავალი ინიციატივა და ძალისხმევა გამოიჩინა. მათ შორის, ისეთი ნაბიჯებიც გადადგა ერთობის სასარგებლოდ, რამაც საკუთარი ამომრჩევლის გულისწყრომა და ზოგ შემთხვევაში დაკარგვაც კი გამოიწვია (2021 წლის მერის არჩევნები ამის ერთ-ერთი მაგალითია). მიუხედავად ამისა, „ლელო“ სულ იდგა და ახლაც დგას ერთიანობის მომხრედ და ინიციატორად.

სამწუხაროა, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგების გაყალბების შემდეგ ჩვენ მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვებას არ მოჰყვა ე.წ. ალტერნატიული პარლამენტის, ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, ისევე როგორც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ნორმალური კომუნიკაცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.

სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ოპოლიდერმა სატელევიზიო ბრიფინგებით კომუნიკაცია გადაწყვიტა ჩვენთან, რომელსაც დაუფარავად, პერიოდულად ბულინგის ელემენტებიც ახლდა. მე არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ვინმემ, რომ შესაძლებელია ჩვენზე ასეთი ფორმით ზემოქმედება?! როგორც ჩანს, სულ დიალოგისა და ერთმანეთისკენ მოწოდება ვიღაცამ ჩვენს სისუსტედ ჩათვალა.

აქვე, მკაფიოდ ვიტყვი, რბილად რომ ვთქვა, სამწუხაროა, ეს მოცემულობა და ვერანაირი მსგავსი ზეწოლა, კამპანია ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა!

ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა! ამისთვის ორი მთავარი მოთხოვნა იყო და არის უპირველესი – ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აქამდე კი გონივრულად მისვლაა საჭირო და არა ემოციური მოწოდებები.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ოცნებას“ არ უნდა დავუთმოთ არცერთი მოედანი ბრძოლის გარეშე, რანაირი უთანასწოროც არ უნდა იყოს იგი. ქართველების ბრძოლა სწორედ უთანასწორო ბრძოლებითაა ცნობილი. სწორედ ასეთი უთანასწორო ბრძოლებით შევინარჩუნეთ ჩვენი ქართული სახელმწიფოებრიობა. ეს პროცესია და არა ერთჯერადი აქტი, როცა გავიღვიძებთ და ყველაფერი შეცვლილი დაგვხვდება. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ბრძოლა და ერთობა და, რაც მთავარია, მოყვასის, პარტნიორის და მოწინააღმდეგის გარჩევა უნდა ვისწავლოთ“, – ნათქვამია ხაზარაძის წერილში.

ამასთან, ხაზარაძე წერილში ოპოზიციას გაერთიანებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ერთობა, ბრძოლა და ერთმანეთის მოსმენაა გამარჯვების აუცილებელი შემადგენელი.

„შეზღუდულ საინფორმაციო სივრცეშიც კი ვგრძნობ, რომ ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ „ლელო“ გაიხადეს და კამპანიის წარმოებასაც კი აანონსებენ ჩვენ წინააღმდეგ. მეგობრულად მოგმართავთ, ეს კამპანია იქნება უშედეგო… ასევე, მტერი და მოწინააღმდეგე, მგონი, ცნობილია ყველასთვის და ფოკუსი მათზე უნდა გასწორდეს!

დაბოლოს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გავაერთიანოთ ძალები თბილისსა და 2024 წელს მოგებულ ქალაქებში ბრძოლის გასამართად. ნუ მივცემთ „ოცნებას“ ყველა დონეზე სისტემური ჩაბეტონების საშუალებას! წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით, რომლის სარეალიზაციო გეგმის შედეგი სრულიად ბუნდოვანია. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ვერ მოვისმინე, რა ხდება 4 ოქტომბრის არჩევნების მეორე დღეს, გარდა „ოცნების“ უფრო გაძლიერებისა. ერთობა, ბრძოლა და ერთმანეთის მოსმენა არის გამარჯვების აუცილებელი შემადგენელი!

თქვენი მამუკა ხაზარაძე. საკანი 208“, – წერს ხაზარაძე წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველებს რეგისტრაციის გავლა 30 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ, - ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს და დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას უზიარებს.„უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ 30 ივლისის 11:00 საათიდან 15 აგვისტოს 18:00 საათამდე დარეგისტრირდნენ ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის საშუალებით.იხილეთ ბმული.გაითვალისწინეთ, რომ: რეგისტრაციისას ყველა ველის შევსება სავალდებულოა. ასევე სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლების ატვირთვა.განაცხადის წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში ცენტრისაგან მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.გამოცდა 8 სექტემბერს ჩატარდება.გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).მოთხოვნა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება: იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე, რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით. იმ პირებზე, რომლებიც 2021-2022 -  2023-2024 სასწავლო წლებში სწავლობდნენ უკრაინის, ხოლო  2023-2024 სასწავლო წელს სწავლობდნენ ისრაელის სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ გამოცხადდა გამოცდაზე, არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება 15 აგვისტოს 18:00 საათამდე, აღნიშნული თანხა სრულად დაუბრუნდება. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღების ვადები გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავარია ქვიშხეთთან – ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქვიშხეთთან. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი 31 წლის ასაკში კლდეზე ასვლისას უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა

გერმანელი ბიათლონისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლორა დალმაიერი 31 წლის ასაკში კლდეზე ასვლისას უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.პენსიაზე გასული გერმანელი ბიათლონისტი პაკისტანის მთებში ქვის ცვენის ქვეშ მოყვა. ქვის ცვენა ყარაკორამის მთებში, ლაილას მწვერვალზე მოხდა.სამაშველო ოპერაცია ორშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც დალმაიერის მთამსვლელმა პარტნიორმა, მარინა ევამ მაშველები გამოიძახა.მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ცუდი ხილვადობისა და ამინდის გამო, სამაშველო ოპერაციაში სამხედრო ვერტმფრენების გამოყენება ვერ შეძლეს.დალმაიერის გუნდმა ასევე განაცხადა, რომ ტერიტორიის სიშორის გამო, სამაშველო ვერტმფრენმა ადგილზე მისვლა და მისი დათვალიერება მხოლოდ სამშაბათს დილით შეძლო.შემთხვევის შედეგად სპორტსმენი მძიმედ იყო დაშავებული. მიღებული ტრავმების გამო, ის გარდაიცვალა.31 წლის დალმაიერი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია. 2019 წელს მან სპორტული კარიერა დაასრულა.

სალომე ზურაბიშვილი – 1-ელი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს – ჩვენ, ვინც მზია ამაღლობელის მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით – ამაყნი...

პირველი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს - ჩვენ, ვინც მზიას მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით და საქართველოს ღირსეული წარსულისა და მომავლის მხარეზე ვართ, და ამაყნი ვართ, ასეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდში რომ ვართ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომას ეხმაურება, რომელიც 1-ელ აგვისტოს გაიმართება.სალომე ზურაბიშვილის თქმით, 1-ელი აგვისტო იქნება დღე, რომელიც ყველას შეეხება და ყველას ლუსტრაცია მოხდება.„1-ელი აგვისტო ამ ქვეყნის ისტორიაში ჩაეწერება სამუდამოდ როგორც გზასაყარი. იქნება საქართველო 2025 წლის პირველ აგვისტომდე და პირველ აგვისტოს შემდეგ. იმაზე თუ როგორ ჩაეწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფურცლებზე, რომელიც ამდენ გმირს, პატრიოტს, ამდენ წმინდანს, ამდენ ღირსეულ ქვეყნის სამსახურში სულდალეულ შვილს ითვლის, პასუხისმგებელი იქნება ყველა ვინც მონაწილეობას იღებს საბოლოო გადაწყვეტილებაში. ერთი კონკრეტული მოსამართლიდან დაწყებული (სახელის ესოდენ დისკრედიტაცია რა ფულმა უნდა ჩამორეცხოს), ერთი ლოყა გალეწილი პოლიციელის ჩათვლით (ის ნამდვილად შევა ისტორიაში როგორც გაწითლებული ლოყის მქონე, ოღონდ სირცხვილისგან კი არა, არამედ არაკაცობისგან გაწითლებული, ვით ლოყაზე დასმული წარუშლელი ლაქა), და მმართველი გუნდის ყველა წევრით, ივანიშვილი, კობახიძეებით ….ისტორია უმკაცრესი რამაა, უკვდავი და მუდმივი მხოლოდ მისი განაჩენია! ჯერ კიდევ ერთი ბეწო იმედი დაგვრჩენია, რამე შერჩენილ ადამიანობის გაღვიძებისა ( ქრისტიანები თუ ვართ სავლე და პავლე მაინც გვახსოვდეს უნდა), მაგრამ პირველი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს.ეს დღე ყველას ეხება და ყველასი ლუსტრაცია იქნება: ან სამართლის მხარეს ხარ, ან შეკერილი მოგონილი საქმის და ტოტალური უსამართლობის. აქ ტყუილი ბრალდებები ვერ გაჭრის: მზიას „ნაცების“ მომხრედ, გადატრიალების მომხრედ ან ვინმეს აგენტად ვერ მონათლავ! და ვინც უყურებს ამ ერთ ქალს, როგორ არაფრის გულისთვის ( თუმცა ღირსების დაცვა არაფერი არ არის) აწამებენ, ან ხედავ და გესმის რას უკეთებენ ხალხსა და ქვეყანას, ან ბრმა და ყრუ ხარ და ყველაფერზე აწი დახუჭავ თვალს, სანამ შენ არ შეგეხებიან … უკვე გვიან, ძალიან გვიან იქნება!აქეთ კი, დღეს ჩვენ, ვინც მზიას მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით და საქართველოს ღირსეული წარსულისა და მომავლის მხარეზე ვართ, და ამაყნი ვართ, ასეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდში რომ ვართ!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ვიქტორ ორბანი – ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს არის ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის

ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს არის ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ვიდრე აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირდაპირი შეხვედრა არ გაიმართება, ცეცხლის შეწყვეტის შანსი არ არსებობს.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ზელენსკი უკრაინელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია.„მე ყოველთვის ვცდილობ, სათანადოდ მოვიქცე, რაც აუცილებელია, თუ კარგი ურთიერთობები გვსურს. ამიტომ, მე პატივს ვცემ პრეზიდენტ ზელენსკის, მაგრამ მჯერა, რომ მან შეცდომები დაუშვა. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩემი ერთი წლის წინანდელი შეთავაზების უარყოფა მშვიდობის დამყარების თაობაზე, რადგან რაც უფრო მეტი დრო დასჭირდება ამას, მით უფრო მაღალი ფასი დაჯდება. შემდეგ მან დამარწმუნა, რომ ამ ომში დრო მისი ქვეყნის მხარეს იყო. მან უარყო ჩემი ინტერპრეტაცია, რომ დრო რუსეთის მხარეს იყო, მაგრამ ჩვენ დღეს აქ ვართ. პრეზიდენტ ზელენსკის მდგომარეობა ადვილი არ არის. ძალიან რთულია ერის გაერთიანება, რომელიც უიმედო ომშია“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

ბოლო სიახლეები