პარასკევი, აპრილი 17, 2026

ლორა თორნტონი – სამწუხაროდ, საკუთარი თვალით ვნახე საქართველოს დაცემა

ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული დაცემა ბოლოდროინდელი და სწრაფი პროცესია, მაგრამ მე ვამტკიცებ, რომ ამის ნიშნები საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოჩნდა, – ამის შესახებ „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, საბედისწერო ხარვეზები „ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისიდანვე იყო.

„სამწუხაროდ, საკუთარი თვალით ვნახე საქართველოს დაცემა. 2014 წელს გადავედი საქართველოში, რათა „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ოფისის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი. ეს იყო წარმატებული და დემოკრატიული ხელისუფლების ცვლილების ცოტა ხნის შემდეგ ყოფილი მთავრობიდან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, „ქართული ოცნების“ კოალიციისკენ, რომელიც იყო „ენმ“-ს დასამარცხებლად გაერთიანებული მრავალფეროვანი კოალიცია. ეს იყო ნამდვილად საინტერესო დრო, სავსე რეფორმებისა და განახლების დაპირებებით. საქართველო მასპინძლობდა და ხელმძღვანელობდა ღია მმართველობის პარტნიორობას. ჩვენ პარლამენტში ვმუშაობდით დემოკრატიული რეფორმების მთელ სერიაზე, ქვეყანა სწრაფად მიისწრაფოდა ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესისკენ.

უნდა ვთქვა, რომ ეს პერიოდი იყო ხანმოკლე. ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული დაცემა ბოლოდროინდელი და სწრაფი პროცესია, მაგრამ მე ვამტკიცებ, რომ ამის ნიშნები საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოჩნდა. პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისიდანვე იყო საბედისწერო ხარვეზი. ეს ხარვეზი არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ის არის ადამიანი, რომელმაც დააფინანსა „ქართული ოცნების“ შექმნა და მან იმსახურა პირველი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ივანიშვილი არასდროს ყოფილა ერთგული დემოკრატიული პრინციპებისა თუ პროცესებისადმი, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყოველთვის დაკავშირებული იყო რუსეთთან – ქვეყანასთან, რომელმაც ის გაამდიდრა. მეორე, იმ ფართო კოალიციამ, რომელიც აღვწერე, დაიწყო ნგრევა 10 წლის წინ, 2015 წელს, როდესაც უფრო დემოკრატიულმა და დასავლეთზე ორიენტირებული პარტიებმა დაიწყეს გამოყოფა. მესამე, თითქმის დაუყოვნებლივ დავინახეთ ლიბერალური გრავიტაცია, რომელიც იწყება, როგორც ეს ხშირად ხდება, რუსული ნარატივებითა და დეზინფორმაციით უმცირესობებზე, ქალებზე, ეთნონაციონალიზმსა და ანტიდასავლურ რიტორიკაზე. ეს სწრაფად გადავიდა თავდასხმებზე სამოქალაქო საზოგადოებაზე, სახელმწიფოს მტრებზე, მედიასა და ინსტიტუტებზე, რომლებიც მთავრობას ამოწმებენ“, – განაცხადა თორნტონმა.

როგორც თორნტონმა აღნიშნა, მიიჩნევს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა წარმოადგენს საქართველოს საბოლოო გაყრას დასავლეთთან და სრულ ვარდნას ავტორიტარიზმში.

„საქართველომ სწრაფად დაუჭირა მხარი არა უკრაინას, რუსეთს და ისინი ჯერ კიდევ არიან, როგორც მნიშვნელოვანი სანქციების თავიდან აცილების მარშრუტი რუსეთისთვის, რაც მართლაც ირონიულია, რადგან უკრაინასა და საქართველოს ბევრი რამ აქვთ საერთო. საქართველო რუსეთის მიერ 20%-ით არის ოკუპირებული. საქართველოს ლიდერები უწყვეტად ესხმიან თავს უკრაინასა და ზელენსკის, საკმაოდ მშვიდნი იყვნენ რუსეთთან დაკავშირებით. შემდეგ მათ თავდასხმები მიიტანეს  ევროპასა და შეერთებულ შტატებზე. გვადანაშაულებენ, რომ ვართ გლობალური ომის პარტიის ნაწილი, რომელიც საქართველოს მეორე ფრონტში ითრევს და ადანაშაულებენ ევროპას, კერძოდ, იმაში, რასაც მათ უწოდეს ლიბერალური ფაშიზმი. ამის საპირისპიროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ღიად უწოდა ჩინეთსა და ირანს მეგობრები, მოკავშირეები და პარტნიორები. არსებობს ფოტო, მაგალითად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის „ჰამასთან“ ერთად თეირანში. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ მართლაც შეცვალა სკრიპტი იმაზე, ვინ არიან საქართველოს მეგობრები და ვინ არიან მტრები“, – განაცხადა თორნტონმა.

მისივე თქმით, საქართველოში იღებენ ახალ კანონებს, რომლებიც არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებსა და კონსტიტუციას.

„მიხარია, რომ შემიძლია, 2024 წლის არჩევნებზეც ვისაუბრო. მე ვაკვირდებოდი ყველა არჩევნებს საქართველოში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მოდით, უბრალოდ ვთქვათ, არჩევნების დამკვირვებლის თვალით, ის იყო სავსე დაშინებითა და სხვა დარღვევებით, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ძალით დაიკავა ხელისუფლება. დაუყოვნებლივ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და აკრძალა პოლიტიკური ოპოზიცია. ქართველები ამის შემდეგ ყოველდღე პროტესტს გამოხატავენ. მათ ძალადობით უპასუხეს, დააკავეს. სამოქალაქო ლიდერები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ციხეში არიან, მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომლის გათავისუფლებისთვისაც „მაკკეინის ინსტიტუტი“ იბრძვის. საქართველოში 121 პოლიტიკური პატიმარია. ბევრი ჩემი მეგობარია.

ყოველ კვირას იღებენ ახალ კანონებს, რომლებიც არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებსა და კონსტიტუციას,  განსაკუთრებით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. მე შემიძლია, დეტალურად ვისაუბრო ამ კანონებზე, მაგალითად, „ტროტუარის კანონი“, რომელიც, ფაქტობრივად, ერთ ადამიანს აჯარიმებს 113 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ტროტუარზე დგომისთვის პროტესტის დროს. თქვენ არ შეგიძლიათ, სახეზე ნიღაბი გქონდეთ, რომ თავი დაიცვათ გაზისგან. მათ შეუძლიათ არასრულწლოვანების დაპატიმრება. მათ კრიმინალიზაცია მოახდინეს ან პირობას დებენ, რომ ნებისმიერის კრიმინალიზაციას მოახდენენ, ვინც მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. ხალხის აკავებენ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. მათ მისცეს პოლიციას უფლება, პრევენციულად დააკავოს ადამიანები, ვისზეც ფიქრობენ, რომ საეჭვო არიან.

მათ შეცვალეს „გრანტების შესახებ“ კანონი, რომელიც აკრძალავს უცხოური ფულის მიღებას იმდენად, რომ მე თუ მინდა, დაბადების დღის საჩუქარი გავუგზავნო ჩემს ქართველ გერ შვილებს, ეს შეიძლება, იყოს კრიმინალური, რადგან ისინი ყოველ საღამოს გამოხატავენ პროტესტს. მხოლოდ ამ კვირას, კოლექტიური დევნა მოახდინეს რვა პოლიტიკურ ლიდერზე ძალიან ბუნდოვანი დივერსიის ბრალდებებით და უცხოელებთან საქართველოზე უარყოფითად საუბრისთვის.

„ქართულმა  ოცნებამ“ იცის ერთი რამ, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია და ქართველი ხალხი არის საქართველოს დემოკრატიის ერთადერთი დამცველი, სწორედ ამიტომ სურთ ეს ჩააქრონ. ყოველდღიური კანონები სწორედ ამას ემსახურება. მინდა,  შევაჯამო ეს უფრო ფართო კონტექსტში სამი პუნქტით: პირველი, საქართველო არის რუსეთის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი, რომ გაანადგუროს დემოკრატია და წინა ხაზის ერები თავის გავლენის სფეროში ჩაითრიოს. ეს არ არის ორიგინალური. ჩვენ ვნახეთ ეს სცენარი ადრეც. მეორე, საქართველოს აქვს დომინოს ეფექტი. საქართველო გავლენას მოახდენს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ეს გავლენას მოახდენს ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა სომხეთი, რომელიც ახლა იბრძვის, გამოვიდეს რუსეთის ფრთებიდან ამდენი წლის შემდეგ. ეს აგზავნის შეტყობინებას არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ სხვა ავტოკრატებისთვისაც, რომ დასავლეთი არ იცავს დემოკრატიას. რა თქმა უნდა, ეს ამას არ ეხმარება აშშ-ის მიერ USAID-ის შემცირება. დაბოლოს, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა გათვლა უკრაინაში სრულმასშტაბიან ომზე, მათი გათვლა, სამწუხაროდ, შეიძლება, სწორი ყოფილიყო, რომ დასავლეთი არ მოვიდოდა დასაცავად და რუსეთი მოიგებდა. უკრაინაში რასაც ვაკეთებთ, ჰქონდა და ექნება გავლენა პოლიტიკურ რეჟიმებზე, როგორიც არის „ქართული ოცნება““, – აღნიშნა თორნტონმა.

ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენაზე ლორა თორნტონთან ერთად განცხადებები გააკეთეს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ოლესია ვართანიანმა და McLarty Associates-ის მმართველმა დირექტორმა, კლერ კაიზერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ნატო-დან დამირეკეს, მკითხეს, დახმარება ხომ არ დაგვჭირდება, ვუთხარი, რომ შორს დარჩნენ, როცა საჭირო იყო, უსარგებლოები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვები

ნატო-დან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ დაგვჭირდება. ვუთხარი, რომ შორს დარჩნენ, როცა საჭირო იყო, ისინი უსარგებლოები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვები! – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს,„ახლა, როდესაც ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული სიტუაცია დასრულდა, ნატო-დან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ დაგვჭირდებოდა. ვუთხარი, შორს დარჩენილიყვნენ, თუ მხოლოდ გემების ნავთობით ჩატვირთვა არ სურთ. როცა საჭირო იყო, ისინი უსარგებლოები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვები!“, – წერს დონალდ ტრამპი.ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ისრაელ-ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის ღია იქნება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში ევროპის ჩემპიონობა მიულოცა – „ძალიან დიდი შრომის გარეშე ასეთი წარმატებები არ მიიღწევა, მადლობა მათ შრომისა და...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში ევროპის ჩემპიონობა მიულოცა.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი ძალიან წარმატებული ძიუდოისტები და დღევანდელი დღე არის ამის გაგრძელება.„ძალიან წარმატებული დღეა დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. უპრეცედენტო წარმატებაა დღესაც. როგორც მამაკაცი, ასევე ქალი სპორტსმენი ერთ დღეს ხდება მსოფლიო ჩემპიონი. მინდა, ორივე ჩემპიონს მივულოცო, მათ აქვთ ძალიან მდიდარი წარსული, არიან ძალიან წარმატებული ძიუდოისტები და დღევანდელი დღე არის ამის გაგრძელება. მადლობა, მინდა, გადავუხადო მათი შრომისთვის. ძალიან დიდი შრომის გარეშე ასეთი წარმატებები არ მიიღწევა და მადლობა მათ შრომისთვის და მათი გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – გერმანია განსაკუთრებული პატივისცემით გამოირჩეოდა პრინციპების მიმართ, დღეს კი ბიუროკრატიის დონეზე ყველანაირ პრინციპს უარყოფენ, რაც ევროპული ბიუროკრატიის სახეს აჩვენებს

გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატივისცემით პრინციპების მიმართ, დღეს ამას საერთოდ ვეღარ ვხედავთ. ვხედავთ, რომ გერმანიაში, ბიუროკრატიის დონეზე აბსოლუტურად უარყოფენ ყველანაირ პრინციპს, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.კითხვა ეხებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სახელებისა და გვარების არასწორად მითითებას.კობახიძის თქმით, ეს აბსოლუტურად არასერიოზულია და ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს აჩვენებს.„გერმანიაში რომ ასეთი პრობლემებია, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. მაგალითად, იგივე 20 წლის წინ, გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატივისცემით პრინციპების მიმართ. დღეს ამას საერთოდ ვეღარ ვხედავთ. ვხედავთ, რომ გერმანიაში, ბიუროკრატიის დონეზე აბსოლუტურად უარყოფენ ყველანაირ პრინციპს, პატივს არ სცემენ პრინციპებს, რაც ძალიან სამწუხაროა. სამწუხაროსთან ერთად, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება მივცეთ ამ მოვლენას, არის ეს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.როგორც ფინალს სჩვევია, შეხვედრა მეტისმეტად დაძაბული გამოდგა და დამატებით დროში გადავიდა. ძიუდოისტებმა 10 წუთი იჭიდავეს, თუმცა ქულის აღება ვერცერთმა ვერ მოახერხა. ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქე სამჯერ გააფრთხილებინა და ოქროს მედალიც დაიმსახურა.მის ყულაბაში უკვე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის (2) ოქროს მედლებია.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.

გიგა ბოკერია – ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და შეიცვალოს რეჟიმი, არჩევნებამდე გვჭირდება გარდატეხა საზოგადოებაში, მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა

საზოგადოების და ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ამ გზით შეიცვალოს რეჟიმი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.მისივე თქმით, არჩევნებამდე საჭიროა გარდატეხა საზოგადოებაში და მშვიდობიანი პროტესტი.„უნგრეთში იყო არჩევნები და გაიმარჯვა ოპოზიციამ, ჩვენი, საზოგადოების და ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ამ არჩევნების გზით შეიცვალოს რეჟიმი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული საფრთხის შემქმნელია. თავისუფალი ქვეყნებისგან განსხვავებით, არჩევნებამდე გვჭირდება იმ ხარისხის გარდატეხა საზოგადოებაში, იმ ხარისხის მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა, რაც ახალი არჩევნების ჩატარების შანსს მოგვცემს. 26 მაისის შეკრება, ოპოზიციური ალიანსის და ყველა აქტიური სამოქალაქო ჯგუფის აქტიური კამპანია, რათა მეტი მოქალაქე იყოს ჩართული მშვიდობიან პროტესტში, სწორედ ამ ამოცანას ემსახურება. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ იმ ეროვნული ამოცანის მიღწევას, რაც ჩვენ წინაშე დგას – ამ რეჟიმის შეცვლა, თავისუფალ სამყაროში ჩვენი დაბრუნება, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნებით, უბრალოდ, თავისუფალი არჩევნების მისაღწევად არის საჭირო იმ ხარისხის მასშტაბური მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ამ რეჟიმს გადატეხავს და მის რეგრესიულ აპარატს კონტროლს დააკარგვინებს. ასე მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს, ეს იყო და არის „ფედერალისტების“ და ოპოზიციის ალიანსის პოზიციაც“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ბოლო სიახლეები