შაბათი, მაისი 16, 2026

კახა კუჭავა: საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძველია

საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძველია. ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებამ საოკუპაციო ძალა, რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა, – ამის შესახებ საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ სტრასბურგში, ზამთრის სესიაზე განაცხადა, სადაც ასამბლეის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხზე იმსჯელეს.

მისი თქმით, საქართველომ სასამართლოს წარუდგინა, დაახლოებით, 700 უტყუარი მტკიცებულება და განაცხადა, რომ რუსეთმა კონვენცია უხეშად დაარღვია.

როგორც კახა კუჭავამ განმარტა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, დარღვევა მუხლისა, რომელიც უკავშირდებოდა წამების აკრძალვას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და ვალდებულება, ეთანამშრომლა სასამართლოსთან.

„სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა „ეფექტურ კონტროლს“ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთსა და „ბუფერულ ზონაში“. ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის წარმომადგენლობა და რუსეთზე დამოკიდებულება ადასტურებს, რომ რუსეთი ინარჩუნებს „ეფექტურ კონტროლს“ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოვლენები, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოჰყვა, რუსეთის იურისდიქციაში შედის“, – განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის ისტორიული, რომლის თანახმადაც, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მთელი რიგი მუხლები დაარღვია.

„ეს დარღვევები ადასტურებს, რომ აგვისტოს ომის დროს, რუსეთმა, ქართველთა ეთნიკური წმენდა განახორციელა. საქართველო და ქართველი ხალხი 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების გამოტანა დაემთხვა ევროპარლამენტის ანგარიშს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, სადაც ევროპარლამენტარებმა გამოხატეს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის სამხედრო ძალები კვლავ ახორციელებენ უკრაინისა და საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაციას და რომ რუსეთი აგრძელებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას.

საქართველოს მიერ შეტანილი საჩივრების წარმატებული გადაწყვეტა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და ემსახურება ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, ევროპული წესრიგის კონსოლიდაციას.

ხვალ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს დააყენებს. რუსეთის დელეგაციის წევრები განაცხადებენ, რომ ისინი იმსახურებენ, ამ ასამბლეის წევრები იყონ, მაგრამ შეგვიძლია, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ისინი პატივს სცემენ ამ ან ნებისმიერ სხვა ევროპულ ინსტიტუტს?
განცხადებები, რომელიც გუშინ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მათი ქვეყნის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გააკეთა, არის ნათელი დემონსტრირება იმ უპატივცემულო დამოკიდებულებისა, რომელსაც ისინი კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ იჩენენ“, – აღნიშნა კუჭავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – არ მინდა, რომ ვინმე დამოუკიდებელი გახდეს, მინდა, რომ ჩინეთი დამშვიდდეს

არ მინდა, რომ ვინმე დამოუკიდებელი გახდეს, მინდა, რომ ჩინეთი დამშვიდდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.კერძოდ, ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა შეუძლია თუ არა ტაივანელ ხალხს თავი მეტ-ნაკლებად დაცულად იგრძნოს სი ძინპინთან მისი შეხვედრის შემდეგ.„არაფერი შეცვლილა. ამას ვიტყვი: არ მინდა, რომ ვინმე დამოუკიდებელი გახდეს. და, იცით, 9,500 მილი უნდა გავიაროთ ომში საბრძოლველად. არ მინდა ეს. მინდა, რომ დამშვიდდნენ. მინდა, რომ ჩინეთი დამშვიდდეს“, - განაცხადა ტრამპმა.ტრამპმა მკაფიო პასუხი არ გასცა კითხვას, მოაწერს თუ არა ხელს ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღის პაკეტს, რომელიც დიდი ხნის წინ გადაიდო.„შემიძლია ეს გავაკეთო. შემიძლია არ გავაკეთო. ომებს არ დავეძებთ. თუ ასე დარჩება, ვფიქრობ, ჩინეთი ამას დაეთანხმება. მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმემ თქვას: „მოდით, დამოუკიდებლები გავხდეთ, რადგან შეერთებული შტატები გვიჭერს მხარს“, - განაცხადა ტრამპმა.

გია ხუხაშვილი – პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომისკენ ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს – თუ პარტიებს უნდათ, აიძულონ ხელისუფლება, პირობები კი არ უნდა წამოაყენონ ტელევიზორში, ხალხის მხარდაჭერა...

პოლიტიკური ლოგიკით, რა თქმა უნდა, 2026 წელს, შემოდგომისკენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს, - „ოცნებას“ სჭირდება არჩევნები, არა კეთილი ნების გამო, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.გია ხუხაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ არცერთ დათმობაზე არ წავა, თუ ვიღაცამ არ აიძულა.„ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ძალის პოლიტიკა ესმის. „ქართული ოცნება“ არცერთ დათმობაზე არ წავა, თუ ვიღაცამ არ აიძულა. ეს ინსტრუმენტი აქვს მხოლოდ ხალხს, პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ. თუ პოლიტიკურ პარტიებს უნდათ, რომ აიძულონ ხელისუფლება, პირობები კი არ უნდა წამოაყენონ ტელევიზორში და ფეხები კი არ უნდა აბაკუნონ, ხალხის მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ და ხალხის ზეწოლით უნდა აიძულონ ხელისუფლება, რომ უკან დაიხიოს. მარტო პირობებს რომ აყენებენ ტელევიზორში, მეც დავჯდები და ჩამოვწერ ათ პირობას და დავაყენებ, მაგრამ პირობას რომ აყენებენ, შენ უნდა გქონდეს ინსტრუმენტები იმისა, რომ ხელისუფლებას უკან დაახევინო, თორემ აყენონ ეს პირობები და იყვნენ, მეორე მხარე დასცინებს, რასაც კობახიძე აკეთებს, მეტი არაფერი არ მოხდება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.რაც შეეხება აქციების დროს დაკავებულების შეწყალების საკითხს, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ „ილუზია და ყალბი იმედია“, რომ წმინდა სინოდის ან ახალი პატრიარქის თხოვნის საფუძველზე „ქართული ოცნება“ პატიმრებს შეიწყალებს.„როგორი ილუზია გვაქვს ხოლმე, მუდმივ ყალბ იმედებში ვცხოვრობთ. სინოდის წევრების განცხადებები არავის არ აინტერესებს. სინოდის წევრები არ განსაზღვრავენ, ვის გამოუშვან და ვინ არა. ვიღაც რაღაცას იტყვის ქულების დასაწერად ან სახის შესანარჩუნებლად, მაგრამ ამით პროცესი წინ ვერ წავა, მეტი არაფერი არ იქნება. დღევანდელი პატრიარქის და ილია მეორის წონა შეადარეთ, ასჯერ უფრო ნაკლები წონა აქვს და ძალიან გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისათვის, რომ იმის მეათედი წონა შეიძინოს, რაც ილია მეორეს ჰქონდა. თუ ილია მეორის დროს ვერ მოხერხდა, ახლა რა ლოგიკით ვსაუბრობთ, ეს უფრო მოახერხებს ვიდრე ილია მეორე?თუ მოინანიებენ, გამოუშვებენ, ამას არაფერი შუამდგომლობა არ უნდა, არც საპატრიარქო და არაფერი. ვინც მოინანიებს ისედაც ამოკრავენ წიხლს და გამოაგდებენ გარეთ, რად უნდათ ციხეში ეგეთი ადამიანი. ვინც მოინანიებს, ესე იგი გატყდა, უარი თქვა ბრძოლაზე, საშიში აღარ არის და გამოუშვებენ გარეთ. არ უნდა ამას არც საპატრიარქო და არც სინოდი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ილჰამ ალიევი – არსებულ გლობალურ გეოპოლიტიკურ პირობებში, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება

არსებულ გლობალურ გეოპოლიტიკურ პირობებში, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ სახელმწიფო მეთაურების არაფორმალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„ზანგეზურის დერეფანი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, „შუა დერეფნის“ ერთ-ერთ მთავარ სეგმენტად იქცევა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „შუა დერეფნის“ გასწვრივ საბაჟო პროცედურები მარტივდება.„თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ ფარგლებში შემუშავებული e-Permit სისტემა ელექტრონული ნებართვების სწრაფ გაცემას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ბუდუ ზივზივაძე – საქართველოში ფეხბურთელები შთაგონებული ვართ კვარაცხელიათი, რომ ქართველ ბიჭს შეუძლია ასეთ მაღალ დონეზე თამაში

„იმედია, რომ ბოლო ტურში ჩვენი გუნდი „ჰაიდენჰაიმი“ „მაინცს“ დაამარცხებს და მთავარ გერმანულ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მისმა წარმატებებმა ქართველებზე დადებითი გავლენა მოახდინა“, – ამის შესახებ ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში განაცხადა.„ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, დავრჩეთ ბუნდესლიგაში, რადგან „ჰაიდენჰაიმი“ იმსახურებს მთავარ დივიზიონში ყოფნას. გადამწყვეტ მატჩში „მაინცთან“, როგორც ბოლო რამდენიმე ტურში, ვიმოქმედებთ როგორც ერთიანი გუნდი, კონცენტრირებული და ყოველი წამს მებრძოლი. ვამაყობ, რომ ასეთი თანაგუნდელები მყავს, რომლებიც ყოველთვის იბრძვიან და დარწმუნებული ვარ, რომ „მაინცის“ წინააღმდეგაც იგივეს გავაკეთებთ.მიუნხენში „ბაიერნთან“ დუბლი? ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაშზე, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ მათ წინააღმდეგ ორ გოლს გავიტანდი ისეთ სტადიონზე, როგორიც „ალიანს არენაა“. ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღე იყო, რადგან მთელი ჩემი ოჯახი სტადიონზე იყო.არის თუ არა ეს ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი? საქართველოს ნაკრებში ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩი ვითამაშე და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა. რადგან შენი ქვეყნისთვის თამაში განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს მატჩი არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ის გადამწყვეტია კლუბისთვის, ქალაქისთვის.ხვიჩა კვარაცხელია? ის ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალში საუკეთესო იყო და ფინალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ძალიან ვამაყობთ მისით. საქართველოში ბევრი ფეხბურთელი, მათ შორის მეც, შთაგონებული ვართ იმ იდეით, რომ ქართველ ბიჭს შეეძლო ასეთ მაღალ დონეზე თამაში და ვფიქრობთ: თავადაც იგივეს რატომ არ უნდა შევეცადოთ?“

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე – გულდასაწყვეტია, რომ 17 მაისს პირველად ვხვდებით ილია მეორის გარეშე, მთელი ეკლესია დარწმუნებულია, რომ ახალი პატრიარქი იმავე მნიშვნელობით აღნიშნავს ამ დღეს

ოჯახის სიწმინდის დღეს ახალი პატრიარქი, შიო მესამე გაუძღვება მსახურებას, აღავლენს სადღესასწაულო წირვას, – ამის შესახებ  საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისივე თქმით, ეკლესიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიკვეთება, რამდენად მნიშვნელოვანია მთელი ერისთვის, ეკლესიისთვის სულიერი ფასეულობებისა და ოჯახის სიწმინდის დაცვა.„17 მაისი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაფუძნებული დღეა, რასაც მთელი ერისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ოჯახის სიწმინდის დაცვა საეკლესიო აზროვნებას და წმინდა სახარებას ეფუძნება. გულდასაწყვეტია, რომ ილია მეორის მიერ დაფუძნებულ დღეს წელს მის გარეშე პირველად ვხვდებით. ღვთის მადლით ისე მოხდა, რომ ახალი პატრიარქი აღსაყდრებულია. მთელი ეკლესია დარწმუნებულია, რომ ახლად აღსაყდრებული პატრიარქი იმავე მნიშვნელობით, განსაკუთრებულობით აღნიშნავს ამ დღეს, რომელიც მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. 17 მაისს სადღესასწაულო წირვა იგეგმება. პირველი შემთხვევა იქნება, როცა უწმინდესის, პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქო წირვა ჩატარდება. მთელი მსოფლიოდან მოწვეული არიან ადგილობრივი მართმადიდებლური ეკლესიის მაღალი რანგის მღვდელმთავრები, სასულიერო პირები. ყველა ეკლესიიდან იქნება დელეგაცია. ოჯახის სიწმინდის დღეს, რომელიც ილია მეორის სახელს უკავშირდება, ახალი პატრიარქი, შიო მესამე გაუძღვება მსახურებას, აღავლენს სადღესასწაულო წირვას. როგორც მისი, ასევე მთელი ეკლესიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიკვეთება, რამდენად მნიშვნელოვანია მთელი ერისთვის, ეკლესიისთვის, ყველასთვის სულიერი ფასეულობებისა და ოჯახის სიწმინდის დაცვა, განმსაზღვრელი ჩვენი აზროვნებისა და იდენტობის“, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

ბოლო სიახლეები