სამშაბათი, აპრილი 21, 2026

კახა კალაძე – ყველა პლატფორმა გამოყენებულია იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებად ყველა შესაბამისი პლატფორმაა გამოყენებული.

“ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი უწყება, საერთაშორისო ორგანიზაციები, ყველა პლატფორმა გამოყენებულია იმისათავის, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს მისი გათავისუფლება”, – განაცხადა კახა კალაძემ “ინტერპრესნიუსის” მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნება“ ლეგიტიმაციას ქართველი ხალხისგან იღებს, სწორედ ხალხისგან მინიჭებული ლეგიტიმაციის შედეგია, რომ დღეს საქართველოს აქვს განვითარების მკაფიო ხედვა

14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 2012 წლის 21 აპრილი, რომელსაც, ლოგიკურად 2012 წლის პირველ ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამარცხება მოჰყვა, სიმბოლურად, იმ წერტილად იქცა, საიდანაც ავტოკრატიული მმართველობის მოდელის მქონე, გარე ინტერესებს დაქვემდებარებული ქვეყნიდან, თანამედროვე, დემოკრატიულ, ღირსეულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი.როგორც კობახიძე განცხადებაში აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა, ნაბიჯ-ნაბიჯ, სუვერენული, სტაბილური, განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობისკენ დაიწყო სვლა და დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ წარსულს სამუდამოდ ჩააბარეს ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა შექმნა.„დღეს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნებიდან 14 წლის შემდეგ, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ის სირთულეები, რომელიც ჩვენმა გუნდმა და ქართველმა ხალხმა გადალახა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, მიაჩნია, რომ 14 წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს არსებულ მდგომარეობასთან პარალელების გავლება დღეს არარელევანტურია, აუცილებელია გვახსოვდეს, როგორი ქვეყნის მართვის მანდატი მიანიჭა ქართულმა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ და როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ დღეს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია, უმთავრესი პრიორიტეტი კი სახელმწიფო სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ეროვნული ღირებულებების დაცვაა.2012 წლამდე საქართველო სისტემური პრობლემების წინაშე იდგა, პრობლემებისა, რომლებიც არა მხოლოდ თავისუფლად სუნთქვას ხდიდა შეუძლებელს, არამედ ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს აზიანებდა.ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ჩაიბარა ქვეყანა, სადაც მართლმსაჯულება შერჩევითი იყო, სასამართლოს კი მოსახლეობის ნულოვანი ნდობა ჰქონდა; ადამიანის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევები ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენდა, რაც იგრძნობოდა არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საზოგადოებრივ დონეზე; ყველა მსხვილი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის შესაძლებლობის მქონე მედია, ერთი პარტიის ინტერესებს ექვემდებარებოდა, მედიის შეზღუდვის დონე კი ისეთ მასშტაბს აღწევდა, რომ ინფორმაციის მრავალფეროვნებისა და კრიტიკული აზრის მნიშვნელობაზეც კი ვეღარავინ ბედავდა საუბარს; ანტიეროვნული რეჟიმის ტერორის მთავარ საყრდენს პოლიტიზებული ძალოვანი სტრუქტურები წარმოადგენდნენ, რომლებიც საკუთარი თანამემამულეების დაცვასა და მშვიდად ცხოვრებაზე კი არ ზრუნავდნენ, არამედ მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ იარაღად იყვნენ ქცეული, იარაღად, რომელიც კლავდა, ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს და ტოტალური კონტროლისა და ზეწოლისთვის გამოიყენებოდა. ლოგიკურია, რომ ამგვარი „სამართალდამცავი უწყებების“ ფონზე, მთავარ სადამსჯელო ფუნქციას საპატიმროები წარმოადგენდა – ჩაკეტილი სისტემა, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს უსამართლოდ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ათავსებდნენ რომლიდანაც არ ისმოდა ნაწამები პატიმრების ხმა და რომელშიც, ვერ აღწევდა სასჯელის მოხდის შემდეგ თავისუფლად ცხოვრების გაგრძელების იმედი.ცალკე საკითხია უპრეცედენტო ზეწოლა კერძო საკუთრებასა და ბიზნესზე. უნდა გვახსოვდეს ათეულობით ათასი დაზარალებული, ქონებაწართმეული მოქალაქე, რომელიც სწორედ „სამართალდამცავი“, სინამდვილეში კი სადამსჯელო უწყებისა და ციხეში აღმოჩენის შიშით ვერც ხმას იღებდა და ვერც სამართალს პოულობდა.სოციალური უთანასწორობის მაღალ დონეზე, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაუცველობაზე, არასაკმარისი სოციალური დაცვის მექანიზმებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, წლების განმავლობაში ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნდა სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრი არა დემოკრატიის ნაწილად, არამედ საფრთხედ და პრობლემად აღიქმებოდა და რაც მთავარია, ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ენდობოდა!სწორედ ამგვარი იყო ის ქვეყანა, რომელსაც გარე ძალები „დემოკრატიის შუქურად“ ასაღებდნენ…“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.განცხადებაში ირაკლი კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ ამ უმძიმესი მემკვიდრეობის ფონზე, საქართველოს მოსახლეობის ლეგიტიმაციით, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართულმა ოცნებამ“ სრული პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის წინაშე და ფუნდამენტური პრობლემების მიუხედავად, წლების განმავლობაში განხორციელებული სისტემური ცვლილებებით, სამართლიანი, დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა.„დღეს, 14 წლის შემდეგ, საქართველო უკვე სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს, ქვეყანაში, სადაც ეტაპობრივად განმტკიცდა სამართლებრივი სახელმწიფო და მნიშვნელოვნად გაიზარდა საზოგადოების ნდობა ინსტიტუტების მიმართ. მართლმსაჯულების სისტემა გახდა გამჭვირვალე და დამოუკიდებელი, ხოლო სასამართლო კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებების დაცვა ფორმალობიდან – რეალობად იქცა, რადგან სახელმწიფოს პოლიტიკა თითოეული მოქალაქის ღირსების ხელშეუვალობასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.მედია გარემო მრავალფეროვანი და პლურალისტური გახდა – დღეს ქვეყანაში თავისუფლად ფუნქციონირებს განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე არაერთი ტელევიზია, ონლაინ და ბეჭდური საშუალება, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და კრიტიკული აზრის თავისუფალ გამოხატვას.ძალოვანი სტრუქტურები გათავისუფლდა პოლიტიკური გავლენებისგან და დღეს ემსახურება კანონსა და საზოგადოებას. მათი მთავარი ამოცანაა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და არა პოლიტიკური ინტერესების გატარება. ეკონომიკის სფეროში შევქმენით სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო, რომელშიც დაცულია ბიზნესი და აღარ არსებობს ზეწოლის რისკები, რაც ინვესტიციების ზრდასა და კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს, საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე.„ქართული ოცნების“ პირობებში სოციალური პოლიტიკა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა – დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გაფართოვდა სოციალური დაცვის პროგრამები, გაიზარდა მათი მასშტაბი და ხელმისაწვდომობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ამას გარდა, შემცირდა უკიდურესი სიღარიბე და გაიზარდა სახელმწიფო მხარდაჭერა მოქალაქეების მიმართ. ამ ყველაფერთან ერთად, გაძლიერდა სახელმწიფო ინსტიტუტები, გაიზარდა მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, რაც ქმნის მყარ საფუძველს ქმნის ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის. პოლიტიკური გარემო, მიუხედავად არსებული განსხვავებებისა, დღეს აღიარებს და იცავს მრავალფეროვნებას, როგორც დემოკრატიის აუცილებელ ელემენტს, პარალელურად კი სახელმწიფო ახერხებს რადიკალური, ექსტრემისტული და ქვეყნის საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედების აღკვეთას..ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ბუნებრივია, გაიზარდა მოქალაქეთა ნდობა სახელმწიფოს მიმართ, რადგან დღეს საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე, ხოლო ინსტიტუტები ემსახურება საზოგადოებას. რასაკვირველია, ამ ისტორიულ პროცესში განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი, რომელიც დღეს უკვე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფორმირებაში შეიტანა. სწორედ მისმა ხედვამ და ქვეყნისა და ხალხის წინაშე აღებულმა პირადმა პასუხისმგებლობამ განსაზღვრა გზა, რომელმაც საქართველო გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა, სწორედ მისი ლიდერობით გახდა შესაძლებელი საზოგადოების გაერთიანება საერთო ეროვნული მიზნის გარშემო, დემოკრატიული ცვლილებების მშვიდობიანი გზით განხორციელება და იმ სისტემური მანკიერებების დემონტაჟი, რომლებიც წლების განმავლობაში აფერხებდა ქვეყნის განვითარებას. ეს არის გზა, რომელიც 14 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯ-ნაბიჯ გაატარა ჩვენს ქვეყანას, გზა გამოწვევებიდან – პროგრესისკენ, დაპირისპირებიდან – სტაბილურობისკენ და უნდობლობიდან – ნდობისკენ. ეს არის გზა, რომელმაც დაამტკიცა, რომ თანმიმდევრული პოლიტიკა, სუვერენიტეტის დაცვა და მშვიდობაზე ორიენტირებული ხედვა შესაძლებელია ქვეყნის წარმატების საფუძვლად იქცეს. რა თქმა უნდა, გამოწვევები კვლავ არსებობს, მით უფრო თანამედროვე მსოფლიო წესრიგის გათვალისწინებით, როდესაც გეოპოლიტიკური ინტერესები ხშირად კვეთს მცირე და განვითარებადი სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებს.ამგვარ ვითარებაში საქართველოსთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად სუვერენიტეტის დაცვა და დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსის შენარჩუნება რჩება. უკვე არაერთხელ ვიხილეთ ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის სხვადასხვა მცდელობები, იქნებოდა ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ საინფორმაციო ზეწოლა. სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მმართველი პოლიტიკური გუნდის უნარი და გამბედაობა, გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად მიიღოს და არ დაუშვას იმ ძალების გაძლიერება, რომლებიც ვიწროპოლიტიკური ინტერესის გათვალისწინებით, ყველაფერზე არიან წამსვლელი და რომელთა მმართველობაც წარსულის უმძიმეს გამოცდილებას უკავშირდება. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ლეგიტიმაციას ქართველი ხალხისგან იღებს, რაც წლიდან წლამდე ჩატარებული დემოკრატიული არჩევნებით და საზოგადოების მხარდაჭერით მტკიცდება. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ამოცანა ქვეყნის იმ მიმართულებით განვითარებაა, რომელიც მოქალაქეთა მოთხოვნას პასუხობს. სწორედ ქართველი ხალხისგან მინიჭებული ლეგიტიმაციის შედეგია ის, რომ დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ძლიერი საფუძველი და განვითარების მკაფიო ხედვა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თითოეულ წევრს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეულ მხარდამჭერს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ პატრიოტს გილოცავ ამ მნიშვნელოვან იუბილეს. წინ კიდევ უფრო დიდი მიზნები და შესაძლებლობებია, შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებითაც ერთად გავაძლიერებთ ჩვენს სამშობლოს!“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ირაკლი კობახიძის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესია გარკვეულ საქმიანობას ახორციელებს და გადასახადები უნდა გადაიხადოს

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რეფორმირება აუცილებელია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა, როდესაც პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წინასაარჩევნო პროგრამას წარადგენდა.ფაშინიანის თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგად, მრევლის ნაწილი ეკლესიას ჩამოშორდა, რაც გარე ძალებს აძლევს შესაძლებლობას, ეკლესია ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად აქციონ.მისი თქმით, „სამოქალაქო ხელშეკრულების“ პროგრამა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რეფორმირების საგზაო რუკას მოიცავს, რომელიც გულისხმობს წესდების მიღებას, ფინანსურ გამჭვირვალობას, სამღვდელოების ღირსეულ ქცევასა და კათოლიკოსის არჩევას.ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მთლიანობაში რეფორმები მიზნად ისახავს ეკლესიის პოლიტიკური ცხოვრებიდან გაყვანას.ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედებს შემოსავლების საყოველთაო დეკლარირების სისტემა და ის გვერდს ვერ აუვლის სამღვდელოებას.„სომხეთის სამოციქულო ეკლესია ახორციელებს გარკვეულ საქმიანობას და გადასახადები უნდა გადაიხადოს. ჩვენ მზად ვართ, მიღებული გადასახადები 100 პროცენტით დავუბრუნოთ ეკლესიას და უფრო მეტიც, სოციალური გარანტიების სახით. და რატომ ეწინააღმდეგებიან ამას კტრიჩ ნერსისიანის ხელმძღვანელობით? იმტომ, რომ სურთ ჩრდილში მოქმედება, არ იყვნენ ანგარიშვალდებულნი არც ეკლესიისა და არც სახელმწიფოს წინაშე“,- განაცხადა ფაშინიანმა.ფაშინიანის თქმით, მთავარი მსაჯული ხალხია და სწორედ ხალხმა უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რამდენად მისაღებია, რომ „კტრიჩ ნერსისიანმა (კათოლიკოსი გარეგინ მეორე) უკვე დიდი ხანია, ეკლესია პოლიტიკურ პარტიად აქცია“.ფაშინიანის მოსაზრებით, ივნისში დაგეგმილ არჩევნებზე ეს საკითხიც უნდა გადაწყდეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა. პრესსამსახურის ცნობით, ბრიფინგი 18:00 საათზე გაიმართება.უცნობია, რა თემაზე გააკეთებს განცხადებას ირაკლი კობახიძე.

იაგო ხვიჩია – ძველი გიენები მთავარ ლიდერს დაესივნენ, ჩერგო და გვარამია „ალიანსს“ დაეპატრონენ და სააკაშვილს ხმის ამოღების უფლებას ართმევენ, ამაზე დიდი უსამართლობა წარმოგიდგენიათ?

„ნაცების“ „ალიანსში“ მიშას ხმის ამოღებას უკრძალავენ, ამაზე დიდი უსამართლობა რამე წარმოგიდგენიათ?! – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისი თქმით, ძველი გიენები მთავარ ლიდერს დაესივნენ და იმის გამო, რომ ის ციხეშია, ხმის ამოღების უფლებას ართმევენ.„ენით აუწერელ უსამართლობაზე უნდა გითხრათ ორი სიტყვა. „ნაცების“ „ალიანსში“, რომელსაც ჩერგო და გვარამია დაეპატრონენ, გამოაცხადეს, მიშა ხმას ნუ იღებსო. ხალხი, რომელიც მიშამ გამოზარდა, ფეხზე დააყენა, კაცად აქცია, ახლა იძახის, ჩვენს დაპატიმრებულ ლიდერს უფლებამოსილება არ აქვს, ჩვენი სახელით ილაპარაკოსო. ამ ყველაფრით ძალიან გაკვირვებული ვარ. მიმაჩნია, ყველა პატიოსანი „ნაცი“, რომელსაც „ნაცური“ პრინციპების ერთგულება ესმის, თუ ასეთი ვინმე მართლა ჯერ კიდევ დარჩენილია, სასტიკად უნდა ემიჯნებოდეს ასეთი ტიპის გაერთიანებას. დღესვე უნდა ითხოვდნენ მის დაშლას, ვიდრე უფრო დიდ უტიფრობამდე და მიშას უფლებების კიდევ უფრო უარეს შეზღუდვამდე არ მისულა ეს საქმე.ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანი ლაპარაკობდეს, მე ვარ „ნაცური“ ფრთის წარმომადგენელიო, ამავდროულად მხარს უჭერდეს იმას, რომ ამ გაერთიანების ერთადერთ ნამდვილ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს არ ეძლეოდეს სიტყვის თქმის უფლება. გასაგებია, ბევრი წიკვინებს ამასთან დაკავშირებით, ბევრი ხმაური იქნება, მაგრამ ძალიან დიდი უტიფრობაა, რომ „ნაცურ“ გაერთიანებაში ჩერგო ბლოკავდეს მიშას მხარდასაჭერ აზრებს, პოსტებს თუ კომენტარებს.„ნაცებს“ მოგიწოდებთ, ნუ დანებდებით და ნუ მისცემთ საშუალებას „ქოცების“ ინტერესების გამომხატველ „ალიანსს“, თავზე გადააბიჯოს „ალიანსის“ ერთადერთ ნამდვილ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს. იცით, მე არ ვარ კეთილგანწყობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ასეთი უსამართლობა დაპატიმრებული ლიდერის მიმართ, რომ მას გუშინდელი ლილიპუტები აუჯანყდნენ და მის მხარდამჭერებს ბლოკავდნენ მიშას დასაცავი ტექსტის დაწერისთვის, ისეთი ტიპის უსამართლობაა, რომელზეც „ქოცები“ სულ იოცნებებენ. მე არ მინდა, ასეთი უსამართლობა ხდებოდეს. მინდა, „ნაცური“ „ალიანსის“ თუ კოალიციის ლიდერი იყოს ის, ვინც ნამდვილი ლიდერია და არა ის ე.წ. ლიდერები, რომლებმაც ლიდერობა იმის გამო გადაწყვიტეს, რომ „ნაცების“ რეალური და ჭეშმარიტი ლიდერი არის ციხეში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.შეგახსენებთ, რომ „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი რვა პარტია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 18 აპრილის განცხადების გამოეხმაურა: „არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად. ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, რომ მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის კონფრონტაციული განცხადებებისგან“.18 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული, ქართველების გზა არის რევოლუცია, ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე“.ცნობისთვის, ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ 2 მარტს „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა, რომელშიც შედიან: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.

ირაკლი ფავლენიშვილი – სააკაშვილის სტატუსი იყო ისტორიული ფაქტების კონსტატაცია, არავის მიმართ კონფრონტაციული, ალიანსში შეთანხმებული ვართ თანამშრომლობაზე, რომ ერთობლივად ვიბრძოლოთ

სტატუსში იყო ისტორიული ფაქტის კონსტატაცია, საუბარი წარსულზე. არავის მიმართ კონფრონტაციული არ ყოფილა, მათ შორის  სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 18 აპრილის ფეისბუქსტატუსთან დაკავშირებით კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.ფავლენიშვილს ასევე კითხვა დაუსვეს აღნიშნულ სტატუსთან დაკავშირებით „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი რვა პარტიის განცხადებაზე. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ უერთდება „ნაციონალური მოძრაობა“ ამ განცხადებას და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სტრატეგიაზე ვერ თანხმდებიან?“„სტრატეგია არაფერ შუაშია, სტატუსი სტრატეგიასთან კავშირში არ არის. უბრალოდ, ჩვენ ვერ დავეთანხმებით, რომ სტატუსი იყო კონფრონტაციული ხასიათის. კონფრონტაციული ხასიათის მატარებელი არ ყოფილა არც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ. დამატებითაც დაწერა სტატუსი სააკაშვილმა, სადაც მათ შორის ამაზე იყო საუბარი. მან უბრალოდ წარსული შეაფასა და აწმყოში შეთანხმებული ვართ ურთიერთთანამშრომლობაზე, რომ ერთობლივად უნდა ვიბრძოლოთ ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის, მათ შორის, სააკაშვილის ცალსახა, მკაფიო პოზიცია. სტატუსი იყო სარეკომენდაციო ხასიათის, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ჩაწვდნენ ალიანსში ჩვენი პარტნიორები. „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი შენიშვნა, სხვა მოსაზრება არ აქვს ამ სტატუსთან დაკავშირებით. ის იყო ისტორიული ფაქტების კონსტატაცია და კეთილგანწყობილი რჩევა, რომ ყველა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა უფრო მეტი იაროს ქვეყნის მასშტაბით, უფრო მეტად ჰქონდეს კავშირი მოქალაქეებთან“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 18 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული, ქართველების გზა არის რევოლუცია, ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე“.აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი რვა პარტია: „არც ერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად“.ცნობისთვის, ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ 2 მარტს „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა, რომელშიც შედიან: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.

ბოლო სიახლეები