ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026

კახა კალაძე: ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სახეობის 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახეობის, 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დაითესა ბალახი 157 710 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ნიადაგის მულჩირების სამუშაოები ჩატარდა 11 176 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

„დაირგო სხვადასხვა ჯიშის 418 166 ძირი სეზონური ყვავილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 პარკსა და სკვერს.

განხორციელდა მწვანე ნარგავების ფიტოსანიტარიული კვლევა და შემდეგ წამლობა სხვადასხვა მისამართზე, 129 897 ძირ მწვანე ნარგავზე.

კონკრეტულად: განახლდა ვეტერანთა, კულტურისა და დასვენების პარკი, რომლის ფართობიც 72 100 კვადრატული მეტრია. ტერიტორიაზე, ჯამში 6 088 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.

ვარკეთილის დასახლებაში, დ. ალექსიძის ქუჩაზე არსებულ სკვერში ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაო. შედეგად 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე 1 879 ძირი ხე და 2 423 ბალახოვანი მცენარე დაირგო. ასევე, დაითესა 6 200 კვ.მ ტერიტორიაზე ბალახი.

რეაბილიტირდა ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერი, რომლის ფართობიც 7 180 კვადრატული მეტრია. დაირგო სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი ჰიდროთესვის პრინციპით.

განახლდა მოსკოვის გამზირზე არსებული ორკილომეტრიანი შუა ზოლი, სადაც საბავშვო და სპორტული მოედნები, ველო და სასეირნო ბილიკები, განათების, სარწყავისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები მოეწყო. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის 9 063 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.

ევროპის ქუჩაზე არსებულ ორკილომეტრიან შუა ზოლში 746 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.

დაირგო 70-მდე ძირი მწვანე ნარგავი ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე არსებულ შუა ზოლში.

აღმაშენებლის გამზირზე, №59ა-ში მდებარე ვერტიკალური კედელი, რომლის ფართობიც 200 კვადრატულ მეტრზე მეტია, 19 894 ძირი მცირე ზომის ახალი მცენარით შეივსო.

26 მაისის მოედანზე ახალ გზაგამყოფ კუნძულებზე, რომელთა ფართობიც 1 000 კვ. მ-ია, სხვადასხვა სახეობის 357 ძირი ხე და ბუჩქი, 5 264 ძირი ბალახოვანი მცენარე დაირგო.

4 208 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო გულუას ქუჩაზე, 5 000 კვ.მ ფართობზე, სადაც გამწვანებული კუნძულები მოეწყო.

თამარაშვილის ქუჩაზე ახალ გზაგამყოფ კუნძულებზე 2 044 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო. ასევე, 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბალახის საფარი.

სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის რაიონის გამგეობის შენობის მიმდებარედ არსებულ კუნძულები 300-მდე ნარგავით გამწვანდა.

ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებულ გზაგამყოფ ზოლში 50-მდე ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.

მარჯვენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდთან არსებულ გამწვანებულ კუნძულებზე დაირგო 348 ძირი მწვანე ნარგავი.

100-მდე მწვანე ნარგავი დაირგო აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ ახლადმოწყობილ კუნძულებზე“, – წერს კახა კალაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი – სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს.„მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი. სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები!”- დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.შეგახსენებთ, საფრანგეთში მიმდინარე დემონსტრაციები არეულობაში გადაიზარდა. შაბათს სხვადასხვა ქალაქში აგრესიული ჯგუფები პოლიციას დაუპირისპირდნენ, დაიწვა მუნიციპალიტეტის შენობა, გაიძარცვა მაღაზიები. კვირას დაპირისპირებები მოხდა პარიზსა და მარსელში, სადაც სავაჭრო ობიექტების გაძარცვის მცდელობების აღსაკვეთად საპოლიციო ძალები ჩაერივნენ.საპროტესტო გამოსვლები მოსახლეობის უკმაყოფილებამ გამოიწვია, რაც ცხოვრების ხარჯების ზრდას, საჯარო სერვისების მუშაობის გაუარესებასა და სკოლებში არსებულ მდგომარეობას უკავშირდება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლები იმყოფებიან

„საერთაშორისო პარტნიორობა ჩვენი ფაკულტეტის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია. ეს კავშირები მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, კვლევითი საქმიანობის გასაძლიერებლად და საგანმანათლებლო პროგრამების დარგის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ იტალიის მილანის უნივერსიტეტის UNIMONT HUB-ის კვლევით ცენტრთან, შოტლანდიის მაღალმთიანი რეგიონებისა და კუნძულების უნივერსიტეტთან (University of the Highlands and Islands – UHI) და ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (BOKU). სწორედ ამ ტიპის თანამშრომლობა ქმნის საფუძველს გამოცდილების გასაზიარებლად, ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინიციატივების განსახორციელებლად და მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების თანამედროვე მიდგომების შესასწავლად“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის (Norwegian Geotechnical Institute – NGI) წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, NGI-ის აზიის რეგიონული მენეჯერი და ტექნიკური ექსპერტი, დოქტორი რაჯინდერ ბჰასინი გაეცნო ფაკულტეტის საქმიანობასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. სტუმარმა დაათვალიერა სამთო საქმისა და გეოლოგიური მიმართულების მუზეუმები, ასევე მიწისქვეშა ნაგებობათა სასწავლო-კვლევითი ობიექტები. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საინჟინრო გეოლოგიის, მიწისქვეშა მშენებლობისა და მთის მდგრადი განვითარების მიმართულებებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი ტექნიკური და სამეცნიერო ინიციატივების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის თქმით, ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიზნით მუშაობის გაგრძელებაზე მხარეთა შეთანხმება და მზადყოფნაა. როგორც პროფესორი ნოე ხოზრევანიძე აცხადებს, თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნორვეგიის გეოტექნიკურ ინსტიტუტს შორის პროფესიული და სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და შესაბამის დარგებში ახალი თანამშრომლობითი შესაძლებლობების განვითარებას.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტისთვის საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებაა. ჩვენი ფაკულტეტი აერთიანებს სამთო საქმის, გამოყენებითი გეოლოგიის, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების, საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის, შრომის უსაფრთხოებისა და მთის მდგრადი განვითარების მიმართულებებს. შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით არ შემოიფარგლება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემოს განვითარება, რომელშიც აკადემიური ცოდნა მჭიდროდ იქნება დაკავშირებული პრაქტიკულ საქმიანობასთან, ინოვაციურ კვლევებთან და თანამედროვე საინჟინრო გამოწვევების გადაჭრასთან. ამ თვალსაზრისით, ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლის, დოქტორ რაჯინდერ ბჰასინის მასპინძლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ფაკულტეტისთვის. NGI საერთაშორისო მასშტაბით საქმიანობს გეოტექნიკის, კლდოვანი ქანების მექანიკის, გრუნტების საინჟინრო თვისებების, მიწისქვეშა ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების უსაფრთხოების მიმართულებებით.ვფიქრობთ, NGI-სთან თანამშრომლობამ შესაძლოა შექმნას ახალი შესაძლებლობები ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობისთვის, პროფესიული ცოდნის გაზიარებისა და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში პერსპექტიულად მიგვაჩნია თემატური სამეცნიერო სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, თანამედროვე კვლევითი მეთოდების განხილვა, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ერთობლივი პროექტების მომზადება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის კონკრეტული ფორმები განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებული პრიორიტეტების, არსებული შესაძლებლობებისა და შემდგომი სამუშაო შეხვედრების საფუძველზე.მიუხედავად იმისა, რომ NGI კვლევითი ინსტიტუტია და არა უნივერსიტეტი, მისი დარგობრივი გამოცდილება შეიძლება მნიშვნელოვანი რესურსი გახდეს ჩვენი ფაკულტეტის აკადემიური და კვლევითი საქმიანობისთვის. ამ თანამშრომლობის განვითარება არ გამორიცხავს სამომავლოდ ნორვეგიის უნივერსიტეტებთან გაცილებით ფართო აკადემიური ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობასაც. ჩვენი მიზანია, თანამშრომლობა ეტაპობრივად განვითარდეს და კონკრეტულ შედეგებში აისახოს. პრიორიტეტებად განვიხილავთ საინჟინრო გეოლოგიისა და მიწისქვეშა მშენებლობის კუთხით ცოდნის გაზიარებას, ერთობლივი კვლევითი თემების განსაზღვრას, სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას და, შესაძლებლობის ფარგლებში, სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას“, - აცხადებს ნოე ხოზრევანიძე.

ლუკა კურტანიძე – მეამაყება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამებრძოლი ვიყავი, ვარ და ვიქნები – ირაკლის თუ სტკივა, მეც მტკივა და ჩემს უკან ასიათასობით თანამებრძოლია, რომლებმაც...

მეამაყება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამებრძოლი ვიყავი, ვარ და ვიქნები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ განუცხადა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვას ესწრებოდა.„სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი არის, ირაკლის თუ სტკივა, მეც მტკივა და ჩემს უკან ასიათასობით თანამებრძოლია, რომლებმაც ირაკლისთან ერთად დაამარცხეს „ნაცმოძრაობა“, 2012 წლიდან თითოეული თანამებრძოლის დამსახურებაა ის, რომ დღეს, საქართველოში სიმშვიდეა. თქვენ ახსენეთ ერისკაცი, ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, წუხდეს იქნება, რადგან ირაკლი მასთან გაიზარდა.თანამებრძოლი გყოლიათ? თუ თანამებრძოლს სტკივა, ყველა თანამებრძოლს სტკივა, რა არის აქ გასაკვირი? ერისკაციც ადამიანია. სააკაშვილის დროში ნუ გეშლებათ დღევანდელი დრო. როცა მოსამართლეც სააკაშვილი იყო, პროკურორიც სააკაშვილი იყო და მმართველიც სააკაშვილი იყო. მეამაყება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამებრძოლი ვიყავი, ვარ და ვიქნები“, - აცხადებს კურტანიძე.ცნობისთვის, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენების შესაბამისად, შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა. ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.(კომენტარს IPN ავრცელებს).

შალვა პაპუაშვილი – საფრანგეთში ძალადობა უნდა დასრულდეს, უბრალოდ, ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, იმავე ძალადობას შენთან მიიღებ

მაკრონის განცხადებები გვახსოვს, როდესაც მოძალადე ბრბოს მხარი დაუჭირა, რომელიც საქართველოს პარლამენტის დაწვას ცდილობდა. სხვა ქვეყანაში როცა ქარს დათეს, საკუთარ ქვეყანაში ქარიშხალს მიიღებ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი საფრანგეთმა საკუთარ ქვეყანაში მიიღო.„სამყარო ასეა მოწყობილი, საბოლოო ჯამში, ვინც ბოროტებას დათესს, საკუთარ სახლში იმავეს მიიღებს. ამავე დროს, რაც ვიხილეთ, პოლიციის ბრუტალობაა – ადამიანს მტევანი მოსწყდა, ბავშვს, არასრულწლოვანს; ბავშვს, არასრულწლოვანს თვალი ამოთხარეს. ახალგაზრდას ყბა მოტეხეს და ჩაუშალეს. ფაქტობრივად, რასაც ვხედავთ, სისხლიანი ქრონიკაა პარიზის ქუჩებიდან. მნიშვნელოვანია, ეს ძალადობა დასრულდეს. ჩვენ ისე არ ვიქცევით, როგორც ზოგიერთი ევროპული ხელისუფლება იქცევა, რომ ხალისით უყურებს ძალადობას სხვა ქვეყანაში და შემდეგ ამ ძალადობას ახალისებს. რა თქმა უნდა, ეს ძალადობა უნდა დასრულდეს, უბრალოდ, ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს: როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, შემდეგ იმავე ძალადობას შენთანაც მიიღებ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი, სადაც ის მამუკა მდინარაძეზე საუბრობს, გამოსაკვლევ მტკიცებულებად საქმეს არ დაურთო

სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი საჯაროდ გავრცელებული განცხადება გამოსაკვლევ მტკიცებულებად საქმეს არ დაურთო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.დღევანდელ სხდომაზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდნენ, ადვოკატებმა ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი წერილის მტკიცებულების სახითდართვა მოითხოვეს. საუბარია, იმ წერილზე, სადაც ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძეზე საუბრობს.მოსამართლე ლელა კალიჩენკოს განმარტებით, აღნიშნულმა მტკიცებულებამ დასაშვებობის კრიტერიუმი არ დააკმაყოფილა. კალიჩენკოს თქმით, როცა ინფორმაცია საჯარო სივრცეშია განთავსებული და ის შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასზე რეაგირება და მისი შესწავლა საგამოძიებო ორგანოს პრეროგატივაა.ცნობისთვის, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენების შესაბამისად, შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა,ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

ბოლო სიახლეები