ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

კარლ ნეჰამერი: საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის, პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა, უნდა ვმოძრაობდეთ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს

საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის, პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა, უნდა ვმოძრაობდეთ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს- ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კარლ ნეჰამერმა აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, რუსი სამხედროები დგანან საქართველოს ტერიტორიაზე და ამას ავტომატურად მოაქვს, ის რეალობა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა გარკვეულწილად სხვა რეალობაში უნდა გამოიხატებოდეს.

„რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ასევე იმ თემაზე, რომელიც თითქმის უკვე ერთი წელია, რაც ჩვენ, ყველას ძალიან გვაფიქრებს და გვაშფოთებს. ლაპარაკია უკრაინის ომზე. ადამიანები უაღრეს გაჭირვებაში იმყოფებიან, ომი სულ უფრო მძიმე ხასიათს იძენს და ამითი იზრდება ადამიანების ტანჯვა. საქართველო მართლაც განსაკუთრებულ სიტუაციაშია, ამაზე ბატონმა პრემიერ-მინისტრმაც გაამახვილა ყურადღება. ავსტრიაში საქართველოს ელჩი ყოველთვის მიუთითებს საქართველოს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, რუსი სამხედროები დგანან თქვენი ქვეყნის ტერიტორიებზე და ამას ავტომატურად მოაქვს, თავისთავად ის რეალობა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა გარკვეულწილად სხვა რეალობაში უნდა გამოიხატებოდეს. სწორედ ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა ფინანსურ სანქციას, ეს მართლაც, მარტივი არ არის. რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია. საქართველოს ლტოლვილთა ძალიან დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთის ფედერაციიდან და ყველაფერთან ერთად, ესეც ძალიან დიდი გამოწვევაა, მით უმეტეს ესეთ მძიმე პერიოდში საქართველოს მთავრობისთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა. ამავდროულად, მინდა ჩემი მხრივ გარანტია მოგცეთ და ვთქვა, რომ საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის და ჩემი მხრიდან აღიქვათ დახმარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ავსტრია მათ შორის მხარს უჭერს ევროკავშირის მისიას საქართველოში. 7 დამკვირვებელია წარმოდგენილი. ჩვენ ვეწვევით ამ მისიას და მართლაც, ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ამ მისიას საქართველოს სტაბილურობაში. ბუნებრივია, ძნელია ამ მიმართულებით საჭიროზე მეტის გაკეთება, თუმცაღა, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ავსტრია თვალსაჩინოდ იყოს წარმოდგენილი და იმასაც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ავსტრია, ისევე როგორც მთლიანად ევროკავშირი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აბსოლუტურად მხარს უჭერს და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია მოქცეული, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში ვმოქმედებთ. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ის, რომ რაციონალური შეფასებები გვქონდეს, პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა. უნდა ვმოძრაობდეთ ამ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს. ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია, უფრო მეტიც არის, ვიდრე რთული და ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, ძალიან მიხარია აქ რომ ვიმყოფები, ძალიან მიხარია ამ მხარდაჭერას შეუძლია გარკვული წვლილის შეტანა და ასევე, ჩემი მხარდაჭერა, თქვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერა აღიქვათ იმ რთულ გზაზე, რომელზეც საქართველო იმყოფება“,- განაცხადა ნეჰამერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

უნდა დავიმახსოვროთ, ვინ თქვა უარი გაფიცვაზე და ბოიკოტი მათ – სალომე სამადაშვილი

უნდა დავიმახსოვროთ, ვინ თქვა უარი გაფიცვაზე და ბოიკოტი მათ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აღწერა ყველა, ვისი სერვისითაც სარგებლობს. „უნდა დავიმახსოვროთ, ვინ თქვა უარი გაფიცვაზე და ბოიკოტი მათ! აღვწერე ყველა, ვისი სერვისითაც ვსარგებლობ, ვინც ახლა არაა გაფიცული, მათ მომსახურებაზე დღეიდან მაქსიმალურად ვიტყვი უარს“, – წერს სალომე სამადაშვილი.

საფრანგეთის პრემიერი: პარიზი მკტიცედ უნდა აღუდგეს ისეთ ფიგურებს, როგორიც ილონ მასკია

საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ განაცხადა, რომ პარიზი მტკიცედ უნდა აღუდგეს ისეთ ფიგურებს, როგორიც კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი, ილონ მასკია. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. ბაირუს თქმით, Space-X-ისა და ტესლას მფლობელი „ახალ მსოფლიო უწესრიგობასთან“ ასოცირდება, რაც საფრთხეს უქმნის თავდაცვის ყველა არსებულ წესს. საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფრანსუა ბაირუმ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის, პანამის არხისა და კანადის შემოერთების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს მუქარა უწოდა და განმარტა, რომ დროა საფრანგეთმა გლობალურ ძალებს საკუთარი სახე და ძალისხმევა დაანახოს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს "ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ მათი მომხრეების მხრიდან კანონის ჩარჩოდან გასვლის ბოლო ინციდენტები ზრდის ქვეყანაში არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების რისკს. რაოდენ მიუღებელიც უნდა იყოს ამა თუ იმ ოპონენტის ქმედება, საბოლოოდ მაინც ხელისუფლების დანაშაული და სრული უპასუხისმგებლობაა პირადი ანგარიშსწორების კალაპოტში მოვლენების გადატანა. ამაზე ყველას გვმართებს დაფიქრება და ისევდაისევ, პირველ რიგში მათ, ვის ხელშიცაა ძალაუფლება" - წერს კვირიკაშვილი.

“თუ მათ უნდათ, რომ ვადაგასულ პრეზიდენტთან ერთად რაიმე მთავრობა ჩამოაყალიბონ, ჭოველიძის ოფისში ჩამოაყალიბონ” – ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციაზე

"თუ მათ უნდათ, რომ ვადაგასულ პრეზიდენტთან ერთად რაიმე მთავრობა ჩამოაყალიბონ, ჭოველიძის ოფისში ჩამოაყალიბონ," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა. ამით ის გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების შეკრებას, სადაც ერთ-ერთი განსახილველი თემა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იყო. "ამ პროცესს რომ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, ამას ვხედავთ. რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას - ბუნებრივია, ასეთი საკითხი არ განიხილება. თუ მათ უნდათ, რომ ვადაგასულ პრეზიდენტთან ერთად რაიმე მთავრობა ჩამოაყალიბონ, ჭოველიძის ოფისში ჩამოაყალიბონ. ასევე, შეუძლიათ "ლელოს" ოფისში, თბილისის ცენტრალში ჩამოაყალიბონ პარლამენტი და იქ გააგრძელონ საქმიანობა. 4 ოქტომბერს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პარლამენტის არჩევნები იქნება 2028 წლის 28 ოქტომბერს. საკმარისი დრო აქვს ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილთან ერთად, რომ კარგად მოემზადონ ადგილობრივი თვითმმართველობის და კიდევ უფრო კარგად მოემზადონ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის," - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – შვედეთი ევროკავშირს მოუწოდებს, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს და საქართველოს საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში დადგეს

შვედეთი ევროკავშირს მოუწოდებს, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს და საქართველოს საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში დადგეს, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა პარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული დებატების დროს განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები დიდ შეშფოთებას იწვევს. „საქართველოში ჩატარებული არჩევნები დიდ შეშფოთებას იწვევს. 2024 წელს მიღებულ იქნა რამდენიმე კანონი, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დამკვირვებლებმა მათ შორის ეუთო-დან, რიგი დარღვევების შესახებ განაცხადეს. 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ პარტია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე არ აპირებს და ამ პერიოდში ევროკავშირის ყველანაირ ფინანსურ მხარდაჭერაზე უარის თქმას გეგმავს. ამ განცხადებამ საქართველოს მრავალ ადგილას მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია. რიგ შემთხვევაში, როგორც დემონსტრანტების, ისე ჟურნალისტების წინააღმდეგ მოხდა გადამეტებული ძალის გამოყენება. შვედეთი ევროკავშირს მოუწოდებს, რომ ამ მოვლენების წინააღმდეგ თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს, მათ შორის საქართველოს საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში დადგეს. ბოლოს საქართველოს საკითხი ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე 16 დეკემბერს განიხილებოდა. იქ მე აღვნიშნე, რომ შვედეთს სურს, დაინახოს სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე. ხაზი გავუსვი საქართველოსთვის განკუთვნილი ევროკავშირის გაყინული თანხების სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადანაწილების მნიშვნელობას. ასევე ევროკომისიას დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობის დამატებითი ანალიზი მოვითხოვე. ეს მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, რომ არ შეიძლება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობების უპირატესობის გამოყენება ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში. მე მივესალმები იმ ფაქტს, რომ კომისიამ ასეთი წინადადება წამოაყენა“, – აღნიშნა სტენერგარდმა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო დიდი ხნის განმავლობაში რეგიონში იყო რეფორმების პროგრესის მაგალითი, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა  დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა. „შვედეთი მუშაობდა იმაზე, რომ ევროკავშირს შეეჩერებინა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა, რაც ახლა მოხდა, მათ შორის ევროპის მშვიდობის ფონდიდან. შვედეთი არაერთხელ მოუწოდებდა ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს საქართველოში პროევროპულად განწყობილი ძალების მხარდაჭერისკენ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების. ამ მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერის რეორგანიზაცია განხორციელების სტადიაშია. 2024 წლის ოქტომბერში მთავრობამ დაავალა SIDA-ს საქართველოს ხელისუფლებასთან დარჩენილი პირდაპირი თანამშრომლობის შეწყვეტა. სანაცვლოდ, შვედეთმა 2024 წელს გაზარდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა 25 მილიონი შვედური კრონით. ვინაიდან ბოლო კვირებში საქართველოში მოვლენები კვლავ არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, სკანდინავიური და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის აღდგენის გზის პოვნაზე. მაგალითად, ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ეუთოს რეკომენდაციები და განიხილოს ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. შვედეთი დიდ ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში რეგიონში იყო რეფორმების პროგრესის მაგალითი. ამიტომ განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა ასეთი სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა. 2024 წელს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რამდენიმე კანონი, რომლებიც ზღუდავს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და ადამიანის უფლებებს. 2024 წლის გაზაფხულზე, პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, მიღებულ იქნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი. შემოდგომით მიღებულ იქნა კანონი ოჯახური ღირებულების შესახებ, რომელიც საქართველოს მოსახლეობის, კერძოდ ლგბტ პირების უფლებებისა და თავისუფლებების გამოყენებას ზღუდავს“, – განაცხადა საგრეო საქმეთა მინისტრმა. მალმერ სტენერგარდის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან შეფერხდა „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, შვედეთს სურს იმუშაოს, რათა ევროკავშირმა შეინარჩუნოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თავისი პრინციპული მხარდაჭერა შვედეთი და ევროკავშირი მკაფიოდ გამოვიდნენ ამ კანონების წინააღმდეგ და ამას გავაგრძელებთ. ჩვენ მუდმივად ვეცდებით, ვიპოვოთ უკეთესი გზა, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში არსებულ დემოკრატიულ ძალებს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ არსებობს აშკარა რუსული გავლენა და რომ ის უნდა იქნას გათვალისწინებული. უზრუნველყოფა, რომ დაფინანსება მიიღოს სწორმა შემსრულებელმა, არ არის მარტივი ამოცანა იმის მიუხედავად, თუ რომელ ქვეყანაში ვმუშაობთ, თუმცა პრობლემები შეიძლება, იყოს სხვადასხვა სახის. ეს არის ის, რაზეც ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ დამოუკიდებლად, ასევე სხვებთან ერთად. აქ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით ვადევნოთ თვალი მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა მარია მალმერ სტენერგარდმა.

ბოლო სიახლეები