ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026

„იღბლიანი“ პროდუქტები, რომლებიც საახალწლო სუფრაზე ყოველ წელს აუცილებლად უნდა გქონდეთ

ახალი წელი უკვე კარს მოგვადგა. დროა, დავგეგმოთ ახალი წლის ღამე, საახალწლო სუფრის მენიუ და მოვიძიოთ რეცეპტები.

პირველ რიგში, სანამ ღამის 12 საათი შესრულდება, შეაფასეთ გასული წელი, გააანალიზეთ გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენები და დაგეგმეთ 2020 წელი უკეთესად.

სიტყვა „ახალი“ თავისთავად მოიაზრებს ახალ მიზნებს, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფიქრობენ, რომ ბედნიერი, ჯანმრთელი, ფინანსურად ძლიერი და შემოქმედებითად პროდუქტიული წლის საიდუმლო გასაღები ახალი წლის ღამეს იღბლიანი საკვების მირთმევაშია.

გთავაზობთ საახალწლო „იღბლიანი“ პროდუქტების შესახებ გავრცელებულ ტრადიციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ყურძენი

თუ წარმატებული წელი გსურთ, ღამის 12 საათიდან, ერთი საათის შუალედით, მიირთვით თორმეტი ყურძენი,  თითო-თითო. ამბობენ, რომ ეს ტრადიცია 1909 წლიდან მოდის. ტრადიციის თანახმად, ყურძნის რიტუალი მომავალ წელს სიტკბოსა და სიმდიდრეს გპირდებათ. თითო ყურძენი თითო თვეს მოიაზრებს. ანუ პირველი ყურძენი წარმოადგენს იანვარს, მეორე – თებერვალს და ა.შ.

ესპანეთში, ყურძნის რიტუალს ხშირად მოსდევს წვეულებები, რომლებიც დილამდე გრძელდება.

მრგვალი ხილი

მრგვალი ხილი – როგორიცაა ფორთოხალი და ვაშლი ბევრ ქვეყანაში საახალწლო იღბლიან საკვებად ითვლება. ტრადიციის მიმდევრების აზრით, მრგვალი ფორმის ხილი მონეტების სიმბოლოა და ბარაქიან წელს მოასწავებს.

ფორთოხალი და მანდარინი ჩინეთში ყველაზე პოპულარული „იღბლიანი“ ხილია ოქროსფერი ფერის გამო, რადგან ოქროსფერი  სიმდიდრესთან და წარმატებასთან ასოცირდება.

ვიეტნამში იღბლიან ფრად წითელი ითვლება, შესაბამისად, იღბლიანად წითელი შეფერილობის ხილს თვლიან.

საბერძნეთში ხილთან დაკავშირებით ასეთი ტრადიციაა – როდესაც 12 საათი შესრულდება ოჯახში ბროწეულს ისვრიან. დაცემის დროს ბროწეულს რაც მეტი მარცვალი დასცვივა, მით უფრო წარმატებული წელი ექნება ოჯახს.

იტალიაში ლეღვი ითვლება ნაყოფიერების სიმბოლოდ. მათივე ტრადიციით, თუ გსურთ საახალწლო სუფრაზე „იღბლიანი ხილი“ გქონდეთ, სუფრაზე აუცილებლად დადეთ ბროწეული და ციტრუსის ხილი.

ფილიპინებში სჯერათ, რომ საახალწლო ღამეს 12 ცალი ხილი უნდა მიირთვან, წარმატებული და სასიკეთო წელი რომ ჰქონდეთ. ყურძნის რიტუალის მსგავსად, ფილიპინელებსაც სჯერათ, რომ 12 ერთი და იმავე ხილის მირთმევა თორმეტ თვესთან ასოცირდება და მათ წარმატებას მოუტანთ.

ლობიო

რატომ უნდა მიირთვათ ლობიო ახალი წლის ღამეს? არსებობს მოსაზრება, რომ თუ ახალი წლის სუფრაზე ლობიოსგან მომზადებული კერძი გექნებათ, წარმატებულ წელს შემოიპატიჟებთ. ტრადიციის მიმდევრები ფიქრობენ, რომ როგორც ლობიო ფუვდება ხარშვის დროს, ასევე ოჯახშიც ხვავით და ბარაქით სავსე წელი შემობრძანდება. ლობიო კეთილდღეობისა და ზრდის სიმბოლოდ ითვლება.

ასევე პოპულარული პროდუქტებია მწვანე ბარდა და ოსპი. ოსპის მრგვალი ფორმის გამო მას მონეტას ამგავსებენ, მწვანე ბარდა კი ფულის ფერთან ასოცირდება.

გთავაზობთ, მარცვლეულის კერძებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იღბლიან საახალწლო საკვებად ითვლება:

იტალიაში მიირთმევენ მწვანე ოსპს ძეხვეულით.

პუერტო რიკოში კი ამზადებენ კერძებს ბრინჯითა და ლობიოთი.

ბრაზილიაში თეთრ მწარე ოსპს ანიჭებენ უპირატესობას.

უნგრეთში ოსპს ღორის ხორცთან, ხახვთან და სანელებლებთან ერთად ამზადებენ. ასევე რეცეპტში აუცილებლადაა მითითებული წიწაკა, ძმარი და მდოგვი.

იაპონიაში საახალწლო სუფრისთვის ტკბილ ლობიოს ამზადებენ და ამბობენ, რომ ამ საკვების მიღება მომავალ წელს ჯანმრთელობას მოიტანს.

ბარდას საახალწლო სუფრაზე მთელს მსოფლიოში ნახავთ. ბერძნები განსაკუთრებული რეცეპტით ამზადებენ მას. ისინი ბარდას ზეითუნის ზეთში შუშავენ ხახვთან, ნიორთან, პომიდორთან და მწვანილთან ერთად.

სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციის თანახმად, მზარეულმა ახალი წლის ღამეს მარცვლოვანი პროდუქტი უნდა მიირთვას, რომ ბარაქიანი წელი ჰქონდეს.

ლობიოს პატარა მარცვლები ცილის, კალიუმის, თუთიისა და რკინის შესანიშნავი წყაროა, ამიტომ თქვენც დაამატეთ ლობიო ახალი წლის „იღბლიანი საკვების“ მენიუში.

სალათის ფურცელი/მწვანილი

მწვანილი თავისი ფერით ფულთან ასოცირდება, ამიტომ მას საახალწლო სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი უკავია. სადილს რაც უფრო მეტი მწვანილით მიირთმევთ, უფრო იღბლიანი და შემოსავლიანი წელი გექნებათ.

მწვანილი სასარგებლო ვიტამინებითაა სავსე, ის ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, ამიტომ საახალწლო სუფრას არამარტო გაალამაზებს, არამედ თქვენს ჯანმრთელობაზეც იზრუნებს.

ღორის ხორცი

თუ ხორცს მიირთმევთ, ახალი წლის ღამისთვის ღორის ხორცი შეარჩეთ.

როგორც ამბობენ, ღორი მუდმივად ძიებაშია, სულ თხრის და რაღაცას ეძებს, რაც წინსვლასთან ასოცირდება, ქათმები/ინდაურები მშიშრები არიან და უკან იხევენ, ძროხები კი ნელი ტემპით მოძრაობენ, აქედან გამომდინარე თუ არ გსურთ, რომ ერთ ადგილას დარჩეთ ან უკან დაიხიოთ, სუფრაზე უპირატესობას საქონლის ან ქათმის ხორცს ნუ მიანიჭებთ.

ნეკნები, ბეკონი, ლორი და ძეხვი – ღორის ხორცისგან შედგენილი მენიუ მრავალფეროვანია.

სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და ირლანდიაში ღორის ხორცი არამარტო წინსვლის სიმბოლოა, არამედ ცხიმიანი ხორცი ბარაქასთან და „მსუყე საფულესთან“ ასოცირდება.

თევზი

თუ ღორის ხორცის მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ, ახალი წლის „იღბლიან საკვებად“ თევზი შეარჩიოთ. თევზი ფერის გამო ვერცხლის სიმბოლოდ ითვლება და ბარაქას მოასწავებს. ამავე ტრადიციის მიხედვით, თევზი ქვირითის გამო სიუხვეს და გამრავლებას მოგიტანთ.

სკანდინავიურ ქვეყნებში საახალწლო სუფრაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს დამარინადებული ქაშაყი, ასევე სარდინი და კობრი.

გერმანიაში თევზის სიმბოლოებს საფულით ატარებენ წარმატების მისაღწევად.

იაპონელების აზრით, კრევეტები ხანგრძლივი სიცოცხლის,  ქაშაყი კი – ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლება.

ლაფშა

ზოგიერთი ტრადიციის მიხედვით, ახალ წელს მირთმეული სუპი ლაფშით სიცოცხლის ხანგრძლივობას მოგიტანთ.

ჩინეთში საახალწლო „ბედნიერი საკვები“ ყოველთვის შეიცავს ლაფშას. თუ ხანგრძლივი სიცოცხლე გსურთ, თქვენ დაღეჭვის გარეშე უნდა გადაყლაპოთ ლაფშის  დიდი ნაწილი.

იაპონიაშიც იგივე ტრადიციაა. მათი ტრადიციის თანახმად, რაც უფრო გრძელია ლაფშის ნაწილი, მით უფრო დიდხანს იცოცხლებთ.

მარცვლეული

ბრინჯი, ქერი და მსგავსი მარცვლეული სიმრავლის სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ ახალი წლის სუფრაზე ხშირად ნახავთ სხვადასხვა ქვეყნებში.

ინდურ მითოლოგიაში ბრინჯს რელიგიურ რიტუალებში იყენებენ, რადგან თვლიდნენ, რომ ბრინჯის მარცვლებს ბოროტი ენერგიის “შეწოვა” შეეძლოთ.

იაპონიაში ბრინჯის ნამცხვრებს აცხობენ, ჩინეთში ბრინჯისგან ტკბილ ბურთებს აკეთებენ და სტუმრებს უმასპინძლდებიან.

კორეაში ბრინჯს ბოსტნეულით, ჩილითა და სოიოს სოუსით შეზავებულს მიირთმევენ.

ძალიან უყვართ ბრინჯის პუდინგი შვედეთსა და ფინეთში. მას იღბლიან დესერტს უწოდებენ.

ტკბილეული

წმინდა ბასილის პური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბერძნულ საახალწლო სუფრაზე. პური ტკბილია, მასში ცხობის დროს მონეტას მალავენ და ოჯახის რომელ წევრსაც ეს მონეტა შეხვდება, გარანტირებული წარმატებული ახალი წელი ელოდება.

მრგვალი ფორმის ცომეული

საახალწლო სუფრაზე მრგვალი ფორმის საკვების ქონა რთული სულაც არაა. შეგიძლიათ სუფრა დაამშვენოთ ბლინებით, ნამცხვრებით, დონატებითა და პიცით.

თუ ცომეულს ერიდებით, მაშინ სუფრაზე სუში, დაჭრილი პომიდორი, ზეთისხილი, სოკო, კარტოფილი და წრეებად დაჭრილი სხვა ბოსტნეული შეგიძლით დააწყოთ.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ

 შამპანური

მიუხედავად იმისა, რომ სასმლის დიდი არჩევანი არსებობს, საახალწლო სუფრაზე არ დაგავიწყდეთ შამპანური.

არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ შამპანურის დახმრებით სანუკვარ ოცნებებს აიხდენთ.

ფურცელზე დაწერეთ სურვილი, დაწვით, ფერფლი შამპანურის ჭიქაში ჩაყარეთ და დალიეთ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი 60 წამში უნდა მოასწროთ, სანამ ახალი წელი დადგება. სურვილის ჩაფიქრებისას იყავით კონკრეტული, ანუ თუ მანქანა გსურთ, დაწერეთ ფურცელზე კონკრეტული მოდელი, თუ მოგზაურობა გსურთ, დაწერეთ კონკრეტულად ის ადგილი, სადაც ისურვებდით გამგზავრებას.

და რაც მთავარია, გჯეროდეთ, რომ ახალ წელს ჩაფიქრებული ყველა პოზიტიური სურვილი ასრულდება, თუ ამას გულით იწამებთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს ცვლილებას, რომელიც ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარს 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაზრდას უკავშირდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილება, რომელიც ვრცელდება იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირებაც კანონმდებლობის შესაბამისად 2026 წელს უნდა განხორციელდეს.შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა  მიმდინარე წლის 2 ნოემბრის ჩათვლით (ვინაიდან 1 ნოებერი არასამუშაო დღეა) არის შესაძლებელი. ამასთან გაცნობებთ, რომ ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 81 ათასი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს (გარდა მიწისა) აღარ გადაიხდის.აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ. ამასთან, საგადასახადო ცვლილებიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირს უფლება აქვს 2026 წელს აღარ წარმოადგინოს ე.წ. ,,ნულოვანი დეკლარაცია“ (გარდა მიწისა) თუ მისი და მისი ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი წინა საანგარიშო წლის მიხედვით 40 000-დან 100 000 ლარამდე იყო.გთხოვთ გაითვალისწინოთ, თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2025 წლის მიხედვით აღემატებოდა 100 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ  დასაბეგრ ქონებას, ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად  თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის/შესაბამისად გადახდის ვალდებულება.აქვე დამატებით განვმარტავთ, რომ თუ ფიზიკურ პირს წარდგენილი ჰქონდა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის დეკლარაცია და მის მიერ არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები, ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო პროგრამულად დაარიცხავს მიმდინარე 2026 წლის ქონების გადასახადს. გადასახადის გადამხდელს ევალება კუთვნილი გადასახადის გადახდა არაუგვიანეს 16 ნოემბრისა (ვინაიდან 15 ნოემბერი არასამუშაო დღეა) წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით.სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ახალი სერვისით “RS ჩათი“  ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს  2 299 299ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

“ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს”

ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს, – განუცხადა „ქრონიკას“ ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა.მან განმარტა, თუ ვინ იქნებიან სარჩელის ადრესატები.„შესაბამისად, ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია და არის ყალბი და მტკნარი სიცრუე.ამ ეტაპზე ჩვენ მომზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები, მონიტორინგს ვუკეთებთ ყველა განცხადებას, რომელიც მასთან დაკავშირებით არის ცილისმწამებლური და ბოლო პერიოდში გაკეთებულია მედიასაშუალებებში თუ სხვადასხვა პირის მხრიდან. როდესაც დავასრულებთ აღნიშნულს, ჩვენ აუცილებლად წარვდგებით სასამართლოს წინაშე და დარწმუნებული ვარ, ბერა დაამტკიცებს, რომ ყოველივე ეს – მისი დაკავშირება გარკვეულ კრიმინალურ საქმიანობასთან, პირდაპირ რომ ვთქვათ, ადამიანისთვის დანაშაულის დაბრალება, არის სიცრუე, სიყალბე და ცილისწამება“, – განაცხადა ბერა ივანიშვილის ადვოკატმა.ბერა ივანიშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარი უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა შესაბამისი ზომებისთვის მიემართა.„მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი”, – აცხადებს ბერა ივანიშვილი.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვართან 20 კილომეტრში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.

ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური საკუთარი თანამესაკნის – რუსეთის მოქალაქე მიხეილ ტიმოფეევის რუსეთში მოსალოდნელ ექსტრადიციას ეხმაურება

ჯაშუშობაში ბრალდებული ჟურნალისტის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ყოფილი უფროსის გიორგი უძილაურის ადვოკატი ბექა გულედანი, რუსეთის მოქალაქე მიხეილ ტიმოფეევის ექსტრადიციასთან დაკავშირებით უძილაურის პოზიციას ავრცელებს.ადვოკატის ცნობით, გიორგი უძილაურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, აჯანყებული გუბერნატორის სერგეი ფურგალის თანაშემწე, პოლიტპატიმარი მიხეილ ტიმოფეევი, რომელიც 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოსგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, საკანში უძილაურთან ერთად ზის. ბექა გულედანის ცნობითვე, უძილაური ამბობს, რომ ტიმოფეევი განწირულია ალექსეი ნავალნის ბედის გაზიარებისთვის.“გიორგი უძილაურის თქმით, ქართულმა სასამართლომ კვლავ გადაწყვიტა არ გაეღიზიანებინა ოკუპანტი და ოპოზიციონერი პუტინისათვის გადაეცა, მიუხედავად იმისა, რომ ამით სასამართლო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2, მე-3 და მე-6 მუხლებს ეწინააღმდეგება და ინტერპოლმა რუსეთის მიერ ძებნაგამოცხადებული ტიმოფეევი ძებნიდან მოხსნა. უძილაურის ცნობით, ქართულმა სასამართლომ დამაკმაყოფილებლად მიიჩნია რუსეთიდან მიღებული გარანტიები, მაშინ როცა 2022 წლიდან რუსეთი აღარ არის ევროპული კონვენციის მონაწილე, რუსეთი გამოსულია წამების საწინააღმდეგო კონვენციიდან და მასზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისდიქციაც არ ვრცელდება.გიორგი უძილაური აცხადებს, რომ ტიმოფეევი ფაქტიურად განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის. ევროპელებს უარი ეთქვათ საქართველოდან რუსეთში აქამდე ექსტრადირებულთა მონახულებაზე და ამის შესახებ იცის საქართველოს სასამართლომ და მაინც სწირავს მორიგ მსხვერპლს პუტინს“, - აცხადებს გიორგი უძილაურის ადვოკატი ბექა გულედანი.ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ ტიმოფეევის სასიკვდილოდ გაწირვის დეტალები, ისევე როგორც უახლესი წარსულის და დღევანდელობის მოქმედი და ყოფილი ცნობილი ქართველის განსხვავებული რაკურსები, აისახება წიგნში, რომელსაც უძილაური ციხეში წერს. ის ამბობს, რომ არ გამოტოვებს არც მტერს და არც თანამოაზრეს, რომლებმაც გავლენა მოახდინეს საქართველოს უახლეს ისტორიასა და მის ბრძოლაზე.გიორგი უძილაურის თქმით, ტიმოფეევი თანამესაკნეების თვალწინ ოჯახს გამოსამშვიდობებელ წერილს წერს და ემშვიდობება ყველას, თუმცა ამ ადამიანის ამჟამინდელ განცდებსა და იმედგაცრუებაზე არანაკლებ დამთრგუნველია სირცხვილში გაზავებული უსუსურობის შეგრძნება.უძილაური ამბობს, რომ უსუსურობაა, როცა განწირულ პოლიტპატიმარს ვერაფრით ეხმარები და სირცხვილია, როცა იმ ოკუპირებულ ქვეყანას წარმოადგენ, რომელმაც ოკუპანტს სტუმარი აჩუქა.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე ნახევარ მილიონ ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო თარაშვილმა მიიღო.ლევან ახობაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა.ლევან ახობაძეს ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება განაჩენის გამოცხადებამდე.ლევან ახობაძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო სიახლეები