ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026

„იღბლიანი“ პროდუქტები, რომლებიც საახალწლო სუფრაზე ყოველ წელს აუცილებლად უნდა გქონდეთ

ახალი წელი უკვე კარს მოგვადგა. დროა, დავგეგმოთ ახალი წლის ღამე, საახალწლო სუფრის მენიუ და მოვიძიოთ რეცეპტები.

პირველ რიგში, სანამ ღამის 12 საათი შესრულდება, შეაფასეთ გასული წელი, გააანალიზეთ გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენები და დაგეგმეთ 2020 წელი უკეთესად.

სიტყვა „ახალი“ თავისთავად მოიაზრებს ახალ მიზნებს, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფიქრობენ, რომ ბედნიერი, ჯანმრთელი, ფინანსურად ძლიერი და შემოქმედებითად პროდუქტიული წლის საიდუმლო გასაღები ახალი წლის ღამეს იღბლიანი საკვების მირთმევაშია.

გთავაზობთ საახალწლო „იღბლიანი“ პროდუქტების შესახებ გავრცელებულ ტრადიციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ყურძენი

თუ წარმატებული წელი გსურთ, ღამის 12 საათიდან, ერთი საათის შუალედით, მიირთვით თორმეტი ყურძენი,  თითო-თითო. ამბობენ, რომ ეს ტრადიცია 1909 წლიდან მოდის. ტრადიციის თანახმად, ყურძნის რიტუალი მომავალ წელს სიტკბოსა და სიმდიდრეს გპირდებათ. თითო ყურძენი თითო თვეს მოიაზრებს. ანუ პირველი ყურძენი წარმოადგენს იანვარს, მეორე – თებერვალს და ა.შ.

ესპანეთში, ყურძნის რიტუალს ხშირად მოსდევს წვეულებები, რომლებიც დილამდე გრძელდება.

მრგვალი ხილი

მრგვალი ხილი – როგორიცაა ფორთოხალი და ვაშლი ბევრ ქვეყანაში საახალწლო იღბლიან საკვებად ითვლება. ტრადიციის მიმდევრების აზრით, მრგვალი ფორმის ხილი მონეტების სიმბოლოა და ბარაქიან წელს მოასწავებს.

ფორთოხალი და მანდარინი ჩინეთში ყველაზე პოპულარული „იღბლიანი“ ხილია ოქროსფერი ფერის გამო, რადგან ოქროსფერი  სიმდიდრესთან და წარმატებასთან ასოცირდება.

ვიეტნამში იღბლიან ფრად წითელი ითვლება, შესაბამისად, იღბლიანად წითელი შეფერილობის ხილს თვლიან.

საბერძნეთში ხილთან დაკავშირებით ასეთი ტრადიციაა – როდესაც 12 საათი შესრულდება ოჯახში ბროწეულს ისვრიან. დაცემის დროს ბროწეულს რაც მეტი მარცვალი დასცვივა, მით უფრო წარმატებული წელი ექნება ოჯახს.

იტალიაში ლეღვი ითვლება ნაყოფიერების სიმბოლოდ. მათივე ტრადიციით, თუ გსურთ საახალწლო სუფრაზე „იღბლიანი ხილი“ გქონდეთ, სუფრაზე აუცილებლად დადეთ ბროწეული და ციტრუსის ხილი.

ფილიპინებში სჯერათ, რომ საახალწლო ღამეს 12 ცალი ხილი უნდა მიირთვან, წარმატებული და სასიკეთო წელი რომ ჰქონდეთ. ყურძნის რიტუალის მსგავსად, ფილიპინელებსაც სჯერათ, რომ 12 ერთი და იმავე ხილის მირთმევა თორმეტ თვესთან ასოცირდება და მათ წარმატებას მოუტანთ.

ლობიო

რატომ უნდა მიირთვათ ლობიო ახალი წლის ღამეს? არსებობს მოსაზრება, რომ თუ ახალი წლის სუფრაზე ლობიოსგან მომზადებული კერძი გექნებათ, წარმატებულ წელს შემოიპატიჟებთ. ტრადიციის მიმდევრები ფიქრობენ, რომ როგორც ლობიო ფუვდება ხარშვის დროს, ასევე ოჯახშიც ხვავით და ბარაქით სავსე წელი შემობრძანდება. ლობიო კეთილდღეობისა და ზრდის სიმბოლოდ ითვლება.

ასევე პოპულარული პროდუქტებია მწვანე ბარდა და ოსპი. ოსპის მრგვალი ფორმის გამო მას მონეტას ამგავსებენ, მწვანე ბარდა კი ფულის ფერთან ასოცირდება.

გთავაზობთ, მარცვლეულის კერძებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იღბლიან საახალწლო საკვებად ითვლება:

იტალიაში მიირთმევენ მწვანე ოსპს ძეხვეულით.

პუერტო რიკოში კი ამზადებენ კერძებს ბრინჯითა და ლობიოთი.

ბრაზილიაში თეთრ მწარე ოსპს ანიჭებენ უპირატესობას.

უნგრეთში ოსპს ღორის ხორცთან, ხახვთან და სანელებლებთან ერთად ამზადებენ. ასევე რეცეპტში აუცილებლადაა მითითებული წიწაკა, ძმარი და მდოგვი.

იაპონიაში საახალწლო სუფრისთვის ტკბილ ლობიოს ამზადებენ და ამბობენ, რომ ამ საკვების მიღება მომავალ წელს ჯანმრთელობას მოიტანს.

ბარდას საახალწლო სუფრაზე მთელს მსოფლიოში ნახავთ. ბერძნები განსაკუთრებული რეცეპტით ამზადებენ მას. ისინი ბარდას ზეითუნის ზეთში შუშავენ ხახვთან, ნიორთან, პომიდორთან და მწვანილთან ერთად.

სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციის თანახმად, მზარეულმა ახალი წლის ღამეს მარცვლოვანი პროდუქტი უნდა მიირთვას, რომ ბარაქიანი წელი ჰქონდეს.

ლობიოს პატარა მარცვლები ცილის, კალიუმის, თუთიისა და რკინის შესანიშნავი წყაროა, ამიტომ თქვენც დაამატეთ ლობიო ახალი წლის „იღბლიანი საკვების“ მენიუში.

სალათის ფურცელი/მწვანილი

მწვანილი თავისი ფერით ფულთან ასოცირდება, ამიტომ მას საახალწლო სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი უკავია. სადილს რაც უფრო მეტი მწვანილით მიირთმევთ, უფრო იღბლიანი და შემოსავლიანი წელი გექნებათ.

მწვანილი სასარგებლო ვიტამინებითაა სავსე, ის ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, ამიტომ საახალწლო სუფრას არამარტო გაალამაზებს, არამედ თქვენს ჯანმრთელობაზეც იზრუნებს.

ღორის ხორცი

თუ ხორცს მიირთმევთ, ახალი წლის ღამისთვის ღორის ხორცი შეარჩეთ.

როგორც ამბობენ, ღორი მუდმივად ძიებაშია, სულ თხრის და რაღაცას ეძებს, რაც წინსვლასთან ასოცირდება, ქათმები/ინდაურები მშიშრები არიან და უკან იხევენ, ძროხები კი ნელი ტემპით მოძრაობენ, აქედან გამომდინარე თუ არ გსურთ, რომ ერთ ადგილას დარჩეთ ან უკან დაიხიოთ, სუფრაზე უპირატესობას საქონლის ან ქათმის ხორცს ნუ მიანიჭებთ.

ნეკნები, ბეკონი, ლორი და ძეხვი – ღორის ხორცისგან შედგენილი მენიუ მრავალფეროვანია.

სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და ირლანდიაში ღორის ხორცი არამარტო წინსვლის სიმბოლოა, არამედ ცხიმიანი ხორცი ბარაქასთან და „მსუყე საფულესთან“ ასოცირდება.

თევზი

თუ ღორის ხორცის მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ, ახალი წლის „იღბლიან საკვებად“ თევზი შეარჩიოთ. თევზი ფერის გამო ვერცხლის სიმბოლოდ ითვლება და ბარაქას მოასწავებს. ამავე ტრადიციის მიხედვით, თევზი ქვირითის გამო სიუხვეს და გამრავლებას მოგიტანთ.

სკანდინავიურ ქვეყნებში საახალწლო სუფრაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს დამარინადებული ქაშაყი, ასევე სარდინი და კობრი.

გერმანიაში თევზის სიმბოლოებს საფულით ატარებენ წარმატების მისაღწევად.

იაპონელების აზრით, კრევეტები ხანგრძლივი სიცოცხლის,  ქაშაყი კი – ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლება.

ლაფშა

ზოგიერთი ტრადიციის მიხედვით, ახალ წელს მირთმეული სუპი ლაფშით სიცოცხლის ხანგრძლივობას მოგიტანთ.

ჩინეთში საახალწლო „ბედნიერი საკვები“ ყოველთვის შეიცავს ლაფშას. თუ ხანგრძლივი სიცოცხლე გსურთ, თქვენ დაღეჭვის გარეშე უნდა გადაყლაპოთ ლაფშის  დიდი ნაწილი.

იაპონიაშიც იგივე ტრადიციაა. მათი ტრადიციის თანახმად, რაც უფრო გრძელია ლაფშის ნაწილი, მით უფრო დიდხანს იცოცხლებთ.

მარცვლეული

ბრინჯი, ქერი და მსგავსი მარცვლეული სიმრავლის სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ ახალი წლის სუფრაზე ხშირად ნახავთ სხვადასხვა ქვეყნებში.

ინდურ მითოლოგიაში ბრინჯს რელიგიურ რიტუალებში იყენებენ, რადგან თვლიდნენ, რომ ბრინჯის მარცვლებს ბოროტი ენერგიის “შეწოვა” შეეძლოთ.

იაპონიაში ბრინჯის ნამცხვრებს აცხობენ, ჩინეთში ბრინჯისგან ტკბილ ბურთებს აკეთებენ და სტუმრებს უმასპინძლდებიან.

კორეაში ბრინჯს ბოსტნეულით, ჩილითა და სოიოს სოუსით შეზავებულს მიირთმევენ.

ძალიან უყვართ ბრინჯის პუდინგი შვედეთსა და ფინეთში. მას იღბლიან დესერტს უწოდებენ.

ტკბილეული

წმინდა ბასილის პური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბერძნულ საახალწლო სუფრაზე. პური ტკბილია, მასში ცხობის დროს მონეტას მალავენ და ოჯახის რომელ წევრსაც ეს მონეტა შეხვდება, გარანტირებული წარმატებული ახალი წელი ელოდება.

მრგვალი ფორმის ცომეული

საახალწლო სუფრაზე მრგვალი ფორმის საკვების ქონა რთული სულაც არაა. შეგიძლიათ სუფრა დაამშვენოთ ბლინებით, ნამცხვრებით, დონატებითა და პიცით.

თუ ცომეულს ერიდებით, მაშინ სუფრაზე სუში, დაჭრილი პომიდორი, ზეთისხილი, სოკო, კარტოფილი და წრეებად დაჭრილი სხვა ბოსტნეული შეგიძლით დააწყოთ.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ

 შამპანური

მიუხედავად იმისა, რომ სასმლის დიდი არჩევანი არსებობს, საახალწლო სუფრაზე არ დაგავიწყდეთ შამპანური.

არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ შამპანურის დახმრებით სანუკვარ ოცნებებს აიხდენთ.

ფურცელზე დაწერეთ სურვილი, დაწვით, ფერფლი შამპანურის ჭიქაში ჩაყარეთ და დალიეთ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი 60 წამში უნდა მოასწროთ, სანამ ახალი წელი დადგება. სურვილის ჩაფიქრებისას იყავით კონკრეტული, ანუ თუ მანქანა გსურთ, დაწერეთ ფურცელზე კონკრეტული მოდელი, თუ მოგზაურობა გსურთ, დაწერეთ კონკრეტულად ის ადგილი, სადაც ისურვებდით გამგზავრებას.

და რაც მთავარია, გჯეროდეთ, რომ ახალ წელს ჩაფიქრებული ყველა პოზიტიური სურვილი ასრულდება, თუ ამას გულით იწამებთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 32 ადამიანს მიენიჭა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე საპატიო თბილისელები დააჯილდოვა.აღნიშნული სტატუსი წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა.კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა. მისი თქმით, მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს საკუთარი წვლილი ქალაქის განვითარებაში.წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:რამაზ ხეცურიანი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;დავით გორდელაძე – ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;მიხეილ კილოსანიძე – ხმის რეჟისორი;ნინო სალუქვაძე – სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი;ნუგზარ რუხაძე – ჟურნალისტი, დიპლომატი;ვლადიმერ პაპავა – მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;ლერი ხაბელოვი – სპორტსმენი;ივანე კუზანოვი – ექიმი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;ავთანდილ დემეტრაშვილი – იურისტი, პროფესორი;იური ოსიპოვი – მოფარიკავე;კირა ანდრონიკაშვილი – მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე;რევაზ კლდიაშვილი – ქიმიკოს-ინჟინერი, პროზაიკოსი, დრამატურგი;მამუკა მიქელაძე – მხატვარი, მონუმენტალისტი;ირმა გურიელი – ჟურნალისტი, მსახიობი;იანო ალიბეგაშვილი – მომღერალი, ოპერის სოლისტი;გიორგი ქორქაძე – მუსიკოსი;დავით მეტრეველი – ექიმი, ენდოკრინოლოგი;მურმან გელენიძე – მხატვარი;ლევან ჯაფარიძე – ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;ტარიელ ონაშვილი – მომღერალი;გივი შუღაროვი – ინჟინერი, პოლიტიკოსი;ნუგზარ მეძმარიაშვილი – მხატვარი, მონუმენტალისტი;თენგიზ ასათიანი – ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი;ედიშერ მაჩაიძე – სპორტული მსაჯი, პროფესორი;ელგუჯა ადამია – ექიმი, გასტრო-ენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი;რევაზ ჯავახიშვილი – მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი;ბესარიონ დოჭვირი – მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი;გიორგი ალიბეგაშვილი – პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;ზურაბ გოშაძე – პოეტი, ფილოლოგი;რამაზ ხუროძე – ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;გრიგოლ (გია) მურღულია – პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;ჯემალ ძაგანია – პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.

კახა კალაძე – საპატიო მოქალაქის წოდება მხოლოდ ჯილდო არ არის, ეს არის თბილისის მადლობა ადამიანების მიმართ, რომლებმაც ამ ქალაქს საკუთარი ცხოვრების ნაწილი აჩუქეს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე საპატიო თბილისელები დააჯილდოვა.კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა.კახა კალაძის თქმით, იყო თბილისელი, ნიშნავს საკუთარი ქალაქის წინაშე პასუხისმგებლობას — გიყვარდეს, ზრუნავდე და უფრთხილდებოდე მას, ხოლო თბილისის საპატიო მოქალაქეობა განსაკუთრებული პატივი და, ამავდროულად, უფრო დიდი პასუხისმგებლობაა.„მოგესალმებით, მეგობრებო. მივესალმები ჩვენს ძვირფას სტუმრებს. განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ჩემს თბილისს და თბილისელებს — ყველას, ვისთვისაც თბილისობის დღესასწაული მხოლოდ კალენდარში მონიშნული თარიღი არ არის. თბილისი თავად არის მუდმივი დღესასწაული — თავისი ისტორიით, კულტურით, მრავალფეროვნებით, განსაკუთრებული ხასიათითა და სიცოცხლის სიყვარულით. ამის დასტურია ისიც, რომ ეს ორი დღეა, თბილისის ქუჩები სავსეა სხვადასხვა თაობის ადამიანებით. ისტორიებით სავსე ქალაქში ერთმანეთს ხვდებიან თაობები, უზიარებენ მოგონებებს და საკუთარ ამბებს ჩვენი დედაქალაქის საერთო ისტორიის ნაწილად აქცევენ. თბილისის სიყვარული ამ ქალაქის ყველაზე დიდი ტრადიციაა. და რადგან ტრადიცია ვახსენე, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია უნდა გავიხსენოთ. თბილისი, ისევე როგორც ნებისმიერი დიდი ქალაქი, პირველ რიგში, ადამიანების შრომაზე, მათ ნიჭზე, შემოქმედებასა და საქმიანობაზე დგას. თბილისის ნამდვილი ისტორია სწორედ იმ ადამიანების ისტორიაცაა, რომლებმაც საკუთარი ცოდნით, ნიჭით, შრომითა და სიყვარულით ამ ქალაქს თავისი კვალი დაატყვეს.თბილისზე საუბრისას ხშირად ვახსენებთ მის ძველ უბნებს, აივნებს, ქუჩებს, არქიტექტურას, ისტორიასა და კულტურას — ყველაფერს, რაც ამ ქალაქს განსაკუთრებულს ხდის. მაგრამ ჩემთვის თბილისი პირველ რიგში ადამიანებია. ადამიანები, რომლებიც აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ; ადამიანები, რომლებმაც თბილისი საკუთარ სახლად აირჩიეს;  ადამიანები, რომლებმაც ამ ქალაქს საკუთარი ცხოვრების ნაწილი, ცოდნა, ნიჭი და შრომა აჩუქეს. თბილისის განსაკუთრებული ხასიათიც სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს — ქალაქი, რომელსაც ყოველთვის შეეძლო განსხვავებული ადამიანების მიღება, მათი გაერთიანება და მათთვის ერთი საერთო სახელის დარქმევა — თბილისელი.იყო თბილისელი, ნიშნავს პასუხისმგებლობას საკუთარი ქალაქის წინაშე — გიყვარდეს, ზრუნავდე და უფრთხილდებოდე მას. ხოლო იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, განსაკუთრებული პატივია და, ამავდროულად, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა. საპატიო მოქალაქის წოდება მხოლოდ ჯილდო არ არის. ეს არის თბილისის მადლობა ადამიანების მიმართ, რომლებმაც ამ ქალაქს საკუთარი ცხოვრების ნაწილი აჩუქეს.ეს ნიშნავს, დაიმსახურო თბილისელების პატივისცემა და სიყვარული. იყო ადამიანი, რომლის საქმიანობაც უკვე ამ ქალაქის ისტორიის ნაწილია. მე, როგორც თბილისის მერი, ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებმაც თბილისს ცოდნა დაუტოვეს, თბილისური კულტურა შექმნეს, ემსახურებოდნენ მეცნიერებას, ხელოვნებას, სპორტს, საზოგადოებას; ადამიანები, რომლებიც ხშირად უხმაუროდ, ყოველდღიური შრომით ქმნიდნენ ამ ქალაქის წარმატებას. დღეს ჩვენ მათ ვეუბნებით — თბილისს ახსოვს თქვენი შრომა, აფასებს თქვენს ღვაწლს და ამაყობს თქვენით. ქალაქები შენობებით, ქუჩებითა და ინფრასტრუქტურით შენდება, მაგრამ ქალაქის სულს ადამიანები ქმნიან. და თბილისის ყველაზე დიდი სიმდიდრე ყოველთვის მისი ადამიანები იყვნენ და იქნებიან. ჩემთვის, როგორც თბილისის მერისთვის, განსაკუთრებული პატივია დღეს ჩვენი ქალაქის სახელით ამ ადამიანებს ერთი ძალიან მარტივი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ვუთხრა — მადლობა. მადლობა ყველაფრისთვის, რაც თბილისს მიეცით. მადლობა იმ კვალისთვის, რომელიც ამ ქალაქში დატოვეთ. და მადლობა იმისთვის, რომ თქვენი საქმიანობით თბილისს კიდევ უფრო განსაკუთრებულ ქალაქად აქცევთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 32 ადამიანს მიენიჭა.

პენიტენციური სამსახური – რუსთავის №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული თანამესაკნემ საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა – გამოძიებისთვის მიწოდებულია საქმესთან დაკავშირებული ყველა მასალა

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.მათი თქმით, მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა.„აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ 2026 წლის 2 ოქტომბერს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიება. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული 2023 წლიდან (სასჯელის დასრულების თარიღი – 2028 წელი) იმყოფებოდა მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდიდა 20-კაციან საკანში. გარდაცვალების დღესაც, ვინაიდან შემთხვევა მოხდა დილის საათებში, მისი თანამესაკნეები იმყოფებოდნენ საკანში.პენიტენციური სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან და გამოძიებისთვის უკვე მიწოდებულია საქმესთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი მასალა,“- წერია განცხადებაში.

გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი სარდალიშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.23 წლის ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ტაივანელი იუნგ ვეი იანგი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.დღეს შეჯიბრზე მედლები მამაკაცთა 60 და ქალთა შორის 48 კგ წონით კატეგორიაში გათამაშდა.ხვალ, 5ოქტომბერს მსოფლიო პირველობაზე ქართველებიდან ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) იჭიდავებს.

შიო მესამე – სიყვარული და პატიების უნარი ისეთი თვისებებია, რომელთა გარეშეც არანაირი სამართლიანობა არ არსებობს და ვერც იარსებებს

სიყვარული და პატიების უნარი ისეთი თვისებებია, რომელთა გარეშეც არანაირი სამართლიანობა არ არსებობს და ვერც იარსებებს… მხოლოდ იქ, სადაც არის ქრისტეს რწმენა, ადამიანს ეხსნება გონება და აცნობიერებს, რომ უსაზღვროდ ვალდებულია, მოვალეა ღვთის წინაშეც და მოყვასთა წინაშეც, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სულთმოფენობიდან მეთერთმეტე კვირას სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.„გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს – ჯვართამაღლების შემდგომ და სულთმოფენობიდან მეთერთმეტე კვირას. დღეს წმინდა სახარებაში წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს სწავლება პატიების შესახებ. იგი ამბობს, რომ როდესაც შეგცოდავს შენი ძმა, მიდი და ამხილე მას. მათე მოციქული ამბობს: „ამხილე იგი“ (მთ. 18, 15). ლუკა ამბობს: „მიდი და გაუწყერი მას, როცა შენ და ის მარტონი იქნები“ (ლკ. 17, 3). თუ შეისმინა ეს შენი მხილება და შეინანა, შეგიძენია შენი ძმა, ხოლო თუ არა, მაშინ მიიყვანე შენთან ერთად კიდევ ერთი ან ორი ადამიანი, მათი თანდასწრებით უთხარი. თუ იმათიც არ შეისმინა, ეკლესიას უთხარი. თუ ეკლესიისაც არ შეისმინა და არ შეინანა, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორ მეზვერე და წარმართი, – ამბობს უფალი (მთ. 18, 15-17).თქვენ გახსოვთ, თუ რას ნიშნავს მეზვერე და წარმართი ებრაელისთვის – შორს იჭერდნენ მათგან თავს, აღარ ურთიერთობდნენ, ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდნენ, როცა წარმართს ან მეზვერეს დაინახავდნენ.ჩვენთვის რას ნიშნავს ეს? გულში მტრობა კი არ უნდა გვქონდეს, ის მაინც ჩვენს მოყვასად რჩება; უნდა დავლოცოთ იგი, უნდა გვქონდეს ქრისტიანული განწყობა, ქრისტიანულად მოვეპყროთ, მაგრამ თუ არ ინანიებს, არ შეისმენს, მაშინ შეიძლება განვშორდეთ მას ან გარკვეული ზომები მივიღოთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ, თუ რაიმე ბოროტებას აკეთებს ისეთს, რომელიც, მაგალითად, აზიანებს საერთო, საქვეყნო, საოჯახო ან საეკლესიო საქმეს.პეტრე მოციქული ეკითხება უფალს, აზუსტებს: „რამდენჯერ უნდა შემცოდოს ძმამ და შევუნდო მას? შვიდჯერ?“. უფალი პასუხობს: „არ გეუბნები შენ შვიდგზის, არამედ – სამოცდაათჯერ შვიდგზის“ (მთ. 18, 21-22). ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანი ინანიებს და პატიებას გთხოვს, ყოველთვის უნდა აპატიო. აი, ეს არის უფლის მცნება.შემდეგ უფალი იესო ქრისტე, იმისთვის, რომ განმარტოს ამ მცნების არსი, მოგვითხროს იგავს უმოწყალო მოვალის შესახებ (მთ. 18, 22-35).ერთ მეფეს ჰყავდა მონა, რომელსაც მისი ემართა ათი ათასი ტალანტი. ეს ისეთი რიცხვია, რომ განუზომელ ვალს ნიშნავს, მთელ ისრაელში არ მოიპოვებოდა ასეთი თანხა. აი, ასეთი ჰიპერბოლაა. ესე იგი, მას ჰქონდა განუზომელი ვალი ამ მეფისა. მეფემ მოსთხოვა მონას ვალის დაბრუნება. მონა ჩაუვარდა მას მუხლებში, დაუჩოქა და სთხოვა ვალის გადავადება. მეფეს შეებრალა, ვალიც აპატია და გაუშვა. შემდეგ ეს მონა წავიდა, შეხვდა ერთი ამხანაგი, რომელსაც, თავის მხრივ, ამის ვალი ემართა, ოღონდ მცირე რაოდენობით თანხა და ახრჩობდა მას, აიძულებდა, სთხოვდა ვალის დაბრუნებას. ისიც ჩაუვარდა მუხლებში, დაუჩოქა, სთხოვა, ცოტა კიდევ მადროვე და აუცილებლად დაგიბრუნებ ყველაფერსო.ნახეთ, ვითარება ზუსტად განმეორდა. ეს უმოწყალო მონა ახლა აღმოჩნდა მეფის მდგომარეობაში, მაგრამ მეფისგან განსხვავებით, კი არ შეებრალა და შეიწყალა თავისი ამხანაგი, არამედ როცა მან სთხოვა შეწყალება, ეს წავიდა და საპყრობილეში ჩააგდებინა ამხანაგი. ეს რომ მეფემ შეიტყო, განრისხდა და ამ უმოწყალო მონის დაპატიმრება ბრძანა.უფალი იესო ქრისტე ასე ასრულებს თავის იგავს: ასე მოგეპყრობათ მამაჩემი ზეციერიც, თუ თქვენ მთელი გულით არ აპატიებთ მოყვასს მის შეცოდებებს (მთ. 18, 35).  აი, ასეთი საოცარი იგავია, ძვირფასო ძმებო და დებო.დღეს ჩვენ ვფიქრობთ ბევრ რამეზე. ხშირად ვლაპარაკობთ სამართლიანობაზე. ჩვენც გვიჩნდება ეს შეკითხვა, თუ რამდენჯერ ვაპატიოთ ჩვენს მოყვასს, ვინც შეგვცოდა, ვინც გვაწყენინა რამით, ვინც გვემტერება, მაგრამ სხვა შეკითხვას არ ვსვამთ: როდემდე უნდა მაპატიოს ღმერთმა? განა შვიდჯერ შევცოდე ღმერთს და ჩემს მოყვასს? როდემდე უნდა მქონდეს ღმერთის პატიების იმედი?გაუთავებლად ვევედრებით უფალს წყალობას და პატიებას, ჩვენს მოყვასებს კი არ ვპატიობთ და ასეთი საქციელი დიდ საფრთხეში ვიგდებთ თავს.რაში მდგომარეობს საფრთხე, დღევანდელი იგავიდან გამომდინარე? ღმერთი გაგვკიცხავს ასეთი საქციელის გამო და ჩვენს ცოდვებს არ გვაპატიებს. ეს საფრთხე ძალიან ხშირად ხორციელდება ჩვენს ცხოვრებაშიც, მთელ მსოფლიოშიც. ადამიანები კარგავენ სიხარულს, ბედნიერებას, კეთილდღეობას, არა მხოლოდ სულიერს, არამედ ზოგჯერ ელემენტარულ მატერიალურ კეთილდღეობასაც სწორედ იმის გამო, რომ ხშირად ემსგავსებიან ამ უმოწყალო მოვალეს, რომელსაც არ ჰქონდა გულმოწყალება, მიმტევებლობა და სიყვარული.სიყვარული და პატიების უნარი ისეთი თვისებებია, რომელთა გარეშეც არანაირი სამართლიანობა არ არსებობს და ვერც იარსებებს.ჩვენ გვავიწყდება, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენც უსაზღვრო ვალი გვაქვს, მოვალენი ვართ ღვთის წინაშე, ასევე – მოყვასთა წინაშეც მოვალენი ვართ. ეს გვავიწყდება და გვგონია, რომ ყველას ჩვენი ვალი აქვს, ჩვენ კი არავის ვალი არ გვაქვს, არც ღვთისა და, მით უმეტეს, არც მოყვასისა.და, აი, მხოლოდ იქ, სადაც არის ქრისტეს რწმენა, ადამიანს ეხსნება გონება და აცნობიერებს, რომ უსაზღვროდ ვალდებულია, მოვალეა ღვთის წინაშეც და მოყვასთა წინაშეც. ასეთი ადამიანი ხვდება, რომ სულ სხვაგვარად უნდა იცხოვროს, არა როგორც ეს უმოწყალო მოვალე ცხოვრობდა, არამედ სულ სხვაგვარად – პატიებით, სიყვარულით, ლმობიერებით, გულმოწყალებით, რადგან სწორედ ეს თვისებებია, რომლებიც გზას გვიკვალავენ ამქვეყნად კეთილდღეობისკენ, სიხარულისკენ, ბედნიერებისა და სულის ხსნისკენ.ამ იგავთან დაკავშირებით კიდევ მინდოდა მეთქვა ერთი რამ. ამ იგავში საოცრად ჩანს ლოცვის ძალა და მნიშვნელობა. რაგინდ ცოდვის უფსკრულში იყოს ჩავარდნილი ადამიანი, უფალს ძალუძს მისი სწრაფად ამოყვანა იქიდან.ამ უმოწყალო მონას, როგორც გითხარით, ულევი, უსაზღვრო რაოდენობის ვალი ჰქონდა თავისი მეფისა. წმინდა იოანე ოქროპირი, როგორც მას სჩვევია, შესანიშნავად განმარტავს იგავში ამ მონაკვეთს, რომ ამასთან ერთად, ყველაზე ღარიბიც იყო ეს მონა, რადგან არარა გააჩნდა ამ ვალის გასასტუმრებლად. მიუხედავად ამისა, ლოცვის ძალამ იხსნა იგი, როცა შეევედრა პატიებას. მართალია, მერე ცუდად მოიქცა და დაისაჯა, მაგრამ სანამ კარგად იქცეოდა, სთხოვდა და ლოცულობდა, ღმერთმა მთელი ვალი აპატია. წარმოიდგინეთ!მაგრამ მარტო ლოცვა არ აკეთებს ამას, არამედ ლოცვას ჰყავს დიდი შემწე და თანამბრძოლი, – როგორც წერს წმინდა იოანე ოქროპირი, – ეს არის ღმერთის გულმოწყალება, რომელმაც მის ლოცვასაც ძალა მისცა და შემდეგ შეიწყალა კიდეც ეს ადამიანი. საიდან ჩანს ეს? – მაცხოვრის სიტყვებიდან, რომ მეფეს შეებრალა ეს მონა, გაუშვა ის და მთელი ვალი აპატია.ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, გულს ნუ გავიტეხთ ნურასდროს და ნუ დავიზარებთ ლოცვას, არამედ მთელი გულით უნდა წარმოვთქვათ ხოლმე ლოცვის ის სიტყვები, რომლებიც თავად უფალმა იესო ქრისტემ გვასწავლა, რომ უფალმა მოგვიტევოს „თანანადებნი ჩვენნი, როგორც ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“ (მთ. 6, 12), ამინ!“,- აღნიშნა პატრიარქმა.

ბოლო სიახლეები