ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

ირაკლი ღარიბაშვილი – 26 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვიდეთ არჩევნებზე, უნდა გადავდოთ ყველაფერი და ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, არჩევანი ძალიან მარტივია, იქნება ომი ან მშვიდობა

მინდა, მადლობით დავიწყო ჩემი გამოსვლა იმისთვის, რომ დღეს, საარჩევნო კამპანიის ბოლო შეხვედრაზე ამდენი ხალხი შევიკრიბეთ, მე მახსენდება 2012 წელი, როცა ზუსტად აქ, ამ მოედანზე ასეულობით ათასი პატრიოტი ვიდექით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, 2012 წელს ყველამ დაინახა, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა.

„მაშინ სისხლიან მჩაგვრელ რეჟიმს და მათ უცხოელ მფარველებს უპრეცედენტო ერთიანობა და ძალა ვუჩვენეთ და მთელს მსოფლიოს ვუჩვენეთ, თუ სად დგას ქართველი ხალხი და ყველას დავანახეთ, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა. რა თქმა უნდა, 2012 წლის პირველი ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება ქართველ ხალხთან ერთად მისი მთავარი შემოქმედის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, სამაგალითო პატრიოტისა და ნამდვილი მებრძოლი კაცის, ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით იქნა მიღწეული. და დღესაც, მისი ლიდერობით იგივე შემართებას ვხედავთ, რაც არის იმის გარანტი, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ ისევ ერთად, ღირსეულად, სამართლიანად და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ჩემს გამოსვლაში გვერდს ვერ ავუვლი უცხო ქვეყნების მსახური აგენტურის „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიეროვნულ, ბოროტ რეჟიმს, რომელმაც საქართველოს და ქართველ ხალხს მოუტანა საშინელი უბედურებები, ჩაგვრა, ძალადობა, ტერორი, შიში, ომი, ტერიტორიების დაკარგვა და გაჩუქება, 300 ათასი გასამართლებული ჩვენი თანამოქალაქე, ათასობით გაუბედურებული ოჯახები, რეჟიმის მიერ ქუჩაში ჩაცხრილული ახალგაზრდები, უდანაშაულო პატიმრები, მათ მიერ შექმნილ ჯოჯოხეთურ ციხეებში ადამიანების წამება ფაშისტური და ბოლშევიკური მეთოდებით, ტანჯვა, გაუპატიურება ადამიანების, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, მედიის მიტაცება და დახურვა, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ბიზნესის რეკეტი, ქონებების წართმევა, მოქალაქეებისთვის ღვთისგან ბოძებული თავისუფლების წართმევა და სხვა უამრავი სისტემური დანაშაულები, რაც ყოველდღიურობა იყო 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2012 წლამდე ქვეყანაში გამეფებული იყო უსამართლობა და უიმედობა.

„ამ ყველაფერს, ემატებოდა მათი ლობისტების და მფარველების მიერ წახალისებული, აღვირახსნილი პროპაგანდა და მათ მიერ შექმნილი სიმულაციური რეალობა, თითქოს მანიაკი სააკაშვილი და სისხლიანი „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული ღირებულებების სიმბოლო და დემოკრატიის შუქურა იყო, რაც ჩვენი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფა იყო. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს წაართვა თავისუფლება და ღირსება შეულახა, გაასამართლა 300 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, პოლიტიკური ველიდან ფაქტობრივად გააქრო ოპოზიცია, ყველა მედია საშუალება ერთ ხმაში აალაპარაკა და საზოგადოება სრულ ნიჰილიზმამდე მიიყვანა, ჩვენს ხალხში მაშინ უიმედობამ დაისადგურა, თითქოს ხელისუფლების შეცვლა უკვე შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ გავიმეორებ, ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, მაშინ, როცა ქართველი ხალხისთვის ხსნა აღარ იყო, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  2012 წლის პირველი ოქტომბერი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილებების სიმბოლოდ იქცა.

„დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბერი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილებების სიმბოლოდ იქცა, რამაც, სტაბილური განვითარება, კეთილდღეობა, თავისუფლება და რაც მთავარია, უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი – უწყვეტი მშვიდობა მოიტანა და განვლილი 12 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით ხელშესახებ პროგრესს მიაღწია. და დღეს, დღესავით ნათელია, იმხელა განსხვავებაა 2012 წლის საქართველოსა და 2024 წლის საქართველოს შორის, როგორც შავი და თეთრი, ისეთი განსხვავებაა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენ გავათავისუფლეთ მედია და ბიზნესი, სამჯერ გაიზარდა ეკონომიკა და ქვეყნის ბიუჯეტი, განახევრდა სიღარიბე და უმუშევრობა, ამოქმედდა უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ჩინეთთან, რუსეთთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და 12 წელში, საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო და თანაც, ამ ყველაფერს, მივაღწიეთ ურთულესი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის პერიოდში, მტკიცედ და ღირსეულად, ორ ფეხზე დგომით, მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვით და რაც მთავარია, ომის გარეშე – ქვეყნის დანგრევის და ხალხის განადგურების გარეშე, რითაც ჩვენ ღირსეულად შევასრულეთ საპატიო მოვალეობა და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი ორი ალტერნატივის წინაშეა: ერთ მხარეს  მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტი – „ქართული ოცნება“, ხოლო, მეორე მხარეს – ომის, ღალატისა და ძალადობის სიმბოლოდ ქცეული, ოთხ პარტიად გაშლილი აგენტურის კოალიცია დგას.

„კრიმინალ სააკაშვილსა და ძველ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დროს აღარ დავხარჯავ. მეორე პარტია, „ახალი ნაციონალური მოძრაობა“ ეკუთვნის რეჟიმის ჯალათ პროკურორს, მედია-ტერორის ავტორ, კრიმინალ გვარამიას და მეორე კრიმინალს, „ნაცმოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე მელიას. მესამე პატარა პარტია, ამ ორის დანამატია და ის ეკუთვნის სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის ფინანსურ ჯალათად წოდებულ ბიზნესის რეკეტიორს და მოროდიორს, ასევე კრიმინალს და თაღლითობაში ოფიციალურად მხილებულ ხაზარაძეს. ხოლო, მეოთხე პარტია, წინა სამის დანამატია და ეკუთვნის საკუთარი გუნდისა და სამშობლოს მოღალატეს, გიორგი გახარიას. სწორედ ხაზარაძის და გახარიას მთავარ ამოცანას წარმოადგენს ბარიერის გადალახვა და აგენტურის კოალიციაში შესვლა და დღეს, ყველაზე მეტად, სწორედ ისინი ეხმარებიან მთავარ კრიმინალ სააკაშვილს და მის სისხლიან რეჟიმს, შენიღბული ფორმით, აგენტურის კოალიციის სახით ხელისუფლებაში დაბრუნებაში; ხოლო, აგენტურის კოალიციის მთავარი მიზანი, ჩვენთვის ცნობილია: უცხო ძალების დავალების შესრულება, სანქციებზე მიერთება, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას ნიშნავს. მათი მიზანია, საქართველოს ომში ჩართვა, მეორე ფრონტის გახსნა, ჩვენი ქვეყნის მეორე პოლიგონად გადაქცევა, რაც ნიშნავს საქართველოს ავღანეთიზაციას, უკრაინიზაციას, ეს ნიშნავს ქვეყნის სრულ დანგრევას, სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, ჩვენი ახალგაზრდების ომში წაყვანას და ჩვენი ხალხის განადგურებას. სწორედ ამიტომ, მეგობრებო, 26 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვიდეთ არჩევნებზე, უნდა გადავდოთ ყველაფერი და ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არჩევანი ძალიან მარტივია – იქნება ომი ან იქნება მშვიდობა.

„ვინც ხმას მისცემს აგენტურის კოალიციაში შემავალ ოთხ პარტიას, ის ავტომატურად ხმას მისცემს, სისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას, მეორე ფრონტის გახსნას, ომის დაწყებას, საკუთარი შვილების ომში გაგზავნას, ხმას მისცემს ქვეყნის დანგრევას, ხოლო, ვინც ხმას მისცემს „ქართულ ოცნებას“, ის ხმას მისცემს მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას, საკუთარი შვილების და ოჯახების კეთილდღეობას, ღირსეულ ევროპულ მომავალს ერთიან საქართველოში. 26 ოქტომბერს, არა უნდა ვუთხრათ აგენტურას, არა უნდა ვუთხრათ მათ მფარველებს, არა უნდა ვუთხრათ ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს და ლგბტ პროპაგანდას, არა უნდა ვუთხრათ უცხო ქვეყნების ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში, არა უნდა ვუთხრათ უცხოელი პოლიტიკოსების თავხედურ ჩარევას ქართულ პოლიტიკაში და არჩევნებში. და ბოლოს და ბოლოს, ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ეს საქართველოა, ეს ქვეყანა ჩვენია, საქართველო ჩვენია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს შეუძლია, ირანის დამატებითი ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს შეუძლია, ირანის დამატებითი ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვაზე, რა დამატებითი სამხედრო ნაბიჯებია საჭირო, რათა ირანთან ომი დასრულდეს, ტრამპმა უპასუხა, რომ საჭიროა იგივე მოქმედებების გაგრძელება.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანმა უკვე მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. მისივე თქმით, აშშ-ს ჯერ კიდევ არ აქვს მიზანში ამოღებული გარკვეული ობიექტები, თუმცა მათი განადგურება სწრაფად არის შესაძლებელი.„ჩვენ გარკვეულ ობიექტებს ჯერჯერობით არ ვეხებით, თუმცა თუ ამას გავაკეთებთ, შეგვიძლია უკვე დღესვე, ფაქტობრივად, ერთ საათში. ამის შემდეგ მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა, ქვეყანა თავიდან აღადგინონ“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია ირანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმაა.„ჩვენ მათ იმაზე ძლიერად დავარტყით, ვიდრე ისტორიის განმავლობაში პრაქტიკულად ნებისმიერ ქვეყანას დაურტყამს და ჯერ ეს დასრულებული არ არის“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის საელჩომ მონარქისტთა აქცია არ დაუშვა – უსაფრთხოების შიში თუ პოლიტიკური დისტანცია-ირანის ელჩის  ალი მოჯანის განმარტება

,,ამერიკის საელჩომ მონარქისტებს, რომლებიც, ირანზე თავდასხმის გამო ტრამპისადმი მადლიერების გამოსახატად, საელჩოსთან შეკრებას აპირებდნენ, ამის ნება არ დართო. ეს ფაქტი სავარაუდოდ ორ რამეზე მეტყველებს:ან ვაშინგტონს არაფრად უღირს საკუთარი მიწა-წყლისა და სამშობლოს მოღალატეთა ეს ჯგუფი,ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით იმდენად ღელავენ, რომ მათ მიერ დაქირავებულთა შეკრებასაც კი უფრთხიან-ამის შესახებ ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს

ემანუელ მაკრონი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები, რათა ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს

ემანუელ მაკრონი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები, რათა ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს. აღნიშნული განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერებთან ვიდეოკონფერენციის დროს გააკეთა. მაკრონის თქმით, აუცილებელია კოორდინირებული მოქმედება, რათა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი კვლავ ფუნქციონირებდეს. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ერთობლივი ნაბიჯები იმისთვის, რომ „ნავიგაციის თავისუფლება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ყველა სახელმწიფოსთვის“, რადგან რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებამ ერთ-ერთ მთავარ საზღვაო სატრანზიტო გზაზე მოძრაობა პრაქტიკულად შეაჩერა. მაკრონის თქმით, ასევე აუცილებელია მესამე მხარეებთან თანამშრომლობა, რათა თავიდან იყოს აცილებული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტზე შესაძლო შეზღუდვები.

ილჰამ ალიევი – ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაჭრობა სომხეთთან, დარწმუნებული ვარ, მშვიდობა გაგრძელდება

ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაჭრობა სომხეთთან, დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა გაგრძელდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნები, უკვე შვიდი თვეა, მშვიდობიანად ცხოვრობენ.„დამოუკიდებლობა 1991 წელს იქნა მიღწეული და მხოლოდ ბოლო შვიდი თვის განმავლობაში იყო მშვიდობიანი პერიოდი. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა გაგრძელდება. ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაჭრობა და სომხეთისთვის მნიშვნელოვანი ნავთობპროდუქტების მიწოდება. ეს კიდევ ერთხელ ჩვენი მტკიცე პოლიტიკური ნების დემონსტრირებაა. ვფიქრობ, ეს საუკეთესო მაჩვენებელია ორივე მხარის განზრახვის, ააშენონ ჯანსაღი ურთიერთობები და დარჩნენ მშვიდობის ერთგული. ამიტომ ჩვენი დღის წესრიგის მთავარი თემა რეგიონში უსაფრთხოების საკითხების განხილვაა“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

დონალდ ტრამპი – ირანთან ომი მალე დასრულდება, რადგან პრაქტიკულად არაფერი დარჩა სამიზნედ

ირანთან ომი „მალე“ დასრულდება, რადგან „პრაქტიკულად არაფერი დარჩა სამიზნედ“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა „აქსიოსს“ განუცხადა. „როცა მენდომება, რომ დასრულდეს, დამთავრდება. ომი შესანიშნავად მიმდინარეობს. ჩვენ გრაფიკს გაცილებით ვასწრებთ. ჩვენ მათ იმაზე მეტი ზიანი მივაყენეთ, ვიდრე წარმოგვედგინა, თუნდაც თავდაპირველი ექვსკვირიანი პერიოდის განმავლობაში.“, – აღნიშნა ტრამპმა. „აქსიოსის“ თანახმად, აშშ-მა მიიღო სადაზვერო ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანმა დაიწყო ნაღმების დადება ჰორმუზის სრუტეში – ნავთობით მომარაგების ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ წერტილში. ოფიციალური პირების თქმით, გაურკვეველია, რამდენი ნაღმი განათავსა ირანმა, თუმცა, არსებული შეფასებით, ეს რიცხვი ძალიან მცირეა. ტრამპმა „აქსიოსს“ დაუდასტურა, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა ნაღმის დამდები 16 ნავი გაანადგურა და ირანის გეგმები ჩაშალა

ბოლო სიახლეები