სამშაბათი, ივნისი 23, 2026

ირაკლი ღარიბაშვილი – 26 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვიდეთ არჩევნებზე, უნდა გადავდოთ ყველაფერი და ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, არჩევანი ძალიან მარტივია, იქნება ომი ან მშვიდობა

მინდა, მადლობით დავიწყო ჩემი გამოსვლა იმისთვის, რომ დღეს, საარჩევნო კამპანიის ბოლო შეხვედრაზე ამდენი ხალხი შევიკრიბეთ, მე მახსენდება 2012 წელი, როცა ზუსტად აქ, ამ მოედანზე ასეულობით ათასი პატრიოტი ვიდექით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, 2012 წელს ყველამ დაინახა, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა.

„მაშინ სისხლიან მჩაგვრელ რეჟიმს და მათ უცხოელ მფარველებს უპრეცედენტო ერთიანობა და ძალა ვუჩვენეთ და მთელს მსოფლიოს ვუჩვენეთ, თუ სად დგას ქართველი ხალხი და ყველას დავანახეთ, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა. რა თქმა უნდა, 2012 წლის პირველი ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება ქართველ ხალხთან ერთად მისი მთავარი შემოქმედის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, სამაგალითო პატრიოტისა და ნამდვილი მებრძოლი კაცის, ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით იქნა მიღწეული. და დღესაც, მისი ლიდერობით იგივე შემართებას ვხედავთ, რაც არის იმის გარანტი, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ ისევ ერთად, ღირსეულად, სამართლიანად და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ჩემს გამოსვლაში გვერდს ვერ ავუვლი უცხო ქვეყნების მსახური აგენტურის „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიეროვნულ, ბოროტ რეჟიმს, რომელმაც საქართველოს და ქართველ ხალხს მოუტანა საშინელი უბედურებები, ჩაგვრა, ძალადობა, ტერორი, შიში, ომი, ტერიტორიების დაკარგვა და გაჩუქება, 300 ათასი გასამართლებული ჩვენი თანამოქალაქე, ათასობით გაუბედურებული ოჯახები, რეჟიმის მიერ ქუჩაში ჩაცხრილული ახალგაზრდები, უდანაშაულო პატიმრები, მათ მიერ შექმნილ ჯოჯოხეთურ ციხეებში ადამიანების წამება ფაშისტური და ბოლშევიკური მეთოდებით, ტანჯვა, გაუპატიურება ადამიანების, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, მედიის მიტაცება და დახურვა, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ბიზნესის რეკეტი, ქონებების წართმევა, მოქალაქეებისთვის ღვთისგან ბოძებული თავისუფლების წართმევა და სხვა უამრავი სისტემური დანაშაულები, რაც ყოველდღიურობა იყო 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2012 წლამდე ქვეყანაში გამეფებული იყო უსამართლობა და უიმედობა.

„ამ ყველაფერს, ემატებოდა მათი ლობისტების და მფარველების მიერ წახალისებული, აღვირახსნილი პროპაგანდა და მათ მიერ შექმნილი სიმულაციური რეალობა, თითქოს მანიაკი სააკაშვილი და სისხლიანი „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული ღირებულებების სიმბოლო და დემოკრატიის შუქურა იყო, რაც ჩვენი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფა იყო. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს წაართვა თავისუფლება და ღირსება შეულახა, გაასამართლა 300 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, პოლიტიკური ველიდან ფაქტობრივად გააქრო ოპოზიცია, ყველა მედია საშუალება ერთ ხმაში აალაპარაკა და საზოგადოება სრულ ნიჰილიზმამდე მიიყვანა, ჩვენს ხალხში მაშინ უიმედობამ დაისადგურა, თითქოს ხელისუფლების შეცვლა უკვე შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ გავიმეორებ, ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, მაშინ, როცა ქართველი ხალხისთვის ხსნა აღარ იყო, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  2012 წლის პირველი ოქტომბერი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილებების სიმბოლოდ იქცა.

„დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბერი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილებების სიმბოლოდ იქცა, რამაც, სტაბილური განვითარება, კეთილდღეობა, თავისუფლება და რაც მთავარია, უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი – უწყვეტი მშვიდობა მოიტანა და განვლილი 12 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით ხელშესახებ პროგრესს მიაღწია. და დღეს, დღესავით ნათელია, იმხელა განსხვავებაა 2012 წლის საქართველოსა და 2024 წლის საქართველოს შორის, როგორც შავი და თეთრი, ისეთი განსხვავებაა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენ გავათავისუფლეთ მედია და ბიზნესი, სამჯერ გაიზარდა ეკონომიკა და ქვეყნის ბიუჯეტი, განახევრდა სიღარიბე და უმუშევრობა, ამოქმედდა უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ჩინეთთან, რუსეთთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და 12 წელში, საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო და თანაც, ამ ყველაფერს, მივაღწიეთ ურთულესი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის პერიოდში, მტკიცედ და ღირსეულად, ორ ფეხზე დგომით, მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვით და რაც მთავარია, ომის გარეშე – ქვეყნის დანგრევის და ხალხის განადგურების გარეშე, რითაც ჩვენ ღირსეულად შევასრულეთ საპატიო მოვალეობა და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი ორი ალტერნატივის წინაშეა: ერთ მხარეს  მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტი – „ქართული ოცნება“, ხოლო, მეორე მხარეს – ომის, ღალატისა და ძალადობის სიმბოლოდ ქცეული, ოთხ პარტიად გაშლილი აგენტურის კოალიცია დგას.

„კრიმინალ სააკაშვილსა და ძველ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დროს აღარ დავხარჯავ. მეორე პარტია, „ახალი ნაციონალური მოძრაობა“ ეკუთვნის რეჟიმის ჯალათ პროკურორს, მედია-ტერორის ავტორ, კრიმინალ გვარამიას და მეორე კრიმინალს, „ნაცმოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე მელიას. მესამე პატარა პარტია, ამ ორის დანამატია და ის ეკუთვნის სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის ფინანსურ ჯალათად წოდებულ ბიზნესის რეკეტიორს და მოროდიორს, ასევე კრიმინალს და თაღლითობაში ოფიციალურად მხილებულ ხაზარაძეს. ხოლო, მეოთხე პარტია, წინა სამის დანამატია და ეკუთვნის საკუთარი გუნდისა და სამშობლოს მოღალატეს, გიორგი გახარიას. სწორედ ხაზარაძის და გახარიას მთავარ ამოცანას წარმოადგენს ბარიერის გადალახვა და აგენტურის კოალიციაში შესვლა და დღეს, ყველაზე მეტად, სწორედ ისინი ეხმარებიან მთავარ კრიმინალ სააკაშვილს და მის სისხლიან რეჟიმს, შენიღბული ფორმით, აგენტურის კოალიციის სახით ხელისუფლებაში დაბრუნებაში; ხოლო, აგენტურის კოალიციის მთავარი მიზანი, ჩვენთვის ცნობილია: უცხო ძალების დავალების შესრულება, სანქციებზე მიერთება, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას ნიშნავს. მათი მიზანია, საქართველოს ომში ჩართვა, მეორე ფრონტის გახსნა, ჩვენი ქვეყნის მეორე პოლიგონად გადაქცევა, რაც ნიშნავს საქართველოს ავღანეთიზაციას, უკრაინიზაციას, ეს ნიშნავს ქვეყნის სრულ დანგრევას, სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, ჩვენი ახალგაზრდების ომში წაყვანას და ჩვენი ხალხის განადგურებას. სწორედ ამიტომ, მეგობრებო, 26 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვიდეთ არჩევნებზე, უნდა გადავდოთ ყველაფერი და ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არჩევანი ძალიან მარტივია – იქნება ომი ან იქნება მშვიდობა.

„ვინც ხმას მისცემს აგენტურის კოალიციაში შემავალ ოთხ პარტიას, ის ავტომატურად ხმას მისცემს, სისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას, მეორე ფრონტის გახსნას, ომის დაწყებას, საკუთარი შვილების ომში გაგზავნას, ხმას მისცემს ქვეყნის დანგრევას, ხოლო, ვინც ხმას მისცემს „ქართულ ოცნებას“, ის ხმას მისცემს მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას, საკუთარი შვილების და ოჯახების კეთილდღეობას, ღირსეულ ევროპულ მომავალს ერთიან საქართველოში. 26 ოქტომბერს, არა უნდა ვუთხრათ აგენტურას, არა უნდა ვუთხრათ მათ მფარველებს, არა უნდა ვუთხრათ ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს და ლგბტ პროპაგანდას, არა უნდა ვუთხრათ უცხო ქვეყნების ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში, არა უნდა ვუთხრათ უცხოელი პოლიტიკოსების თავხედურ ჩარევას ქართულ პოლიტიკაში და არჩევნებში. და ბოლოს და ბოლოს, ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ეს საქართველოა, ეს ქვეყანა ჩვენია, საქართველო ჩვენია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის არის საქმე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც საქართველო-რუსეთის 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეხება.აღნიშნული საქმის ფარგლებში სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა.საქმე ძირითადად ეხებოდა განმცხადებლების საჩივრებს 2008 წლის 9-დან 11 აგვისტომდე პერიოდში სამი ქართველი სამხედრო ტყვის წამებისა და მკვლელობის შესახებ. ასევე, 2008 წლის 9-დან 19 აგვისტომდე პერიოდში სხვა გადარჩენილი სამხედრო ტყვეების სავარაუდო წამებას.სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლები დაარღვია.„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა: მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება და გამოძიება) დარღვევა ბატონი უშანგი სოფრომაძის, ბატონი კახაბერ ხუბულურის და ბატონი გიორგი ანწუხელიძის პატიმრობაში გარდაცვალებით. მე-3 მუხლის (არასათანადო მოპყრობა და გამოძიება) დარღვევა უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, გიორგი ანწუხელიძის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა ქუტაშვილის, მალხაზ მელაძის და კახაბერ ზირაქაშვილის წამებით“, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.ამასთან, სასამართლომ რუსეთს დაავალა, რომ გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში გადაიხადოს კომპენსაცია არამატერიალური ზიანისთვის. კერძოდ: 65 000 ევრო უშანგი სოფრომაძის ოჯახს; 65 000 ევრო კახაბერ ხუბულურის ოჯახს; 65 000 ევრო გიორგი ანწუხელიძის ოჯახს; 40 000 ევრო კი თითოეულ დანარჩენ მომჩივანს.სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ შეიტანა.

ლიეტუვის მთავრობა გადადგა

ლიეტუვაში მთავრობა გადადგა. ადგილობრივი მედიის თანახმად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინიენემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, რაც ნიშნავს, რომ ასევე გადამდგარია სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობაც.ლიეტუვის მე-20 მთავრობამ 23 ივნისს ბოლო სხდომა გამართა, რომელზეც მინისტრებმა ერთხმად დაამტკიცეს გადადგომის შესახებ რეზოლუცია.„ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენ ბევრი რამე გვაქვს საამაყო. თითოეულმა თქვენგანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობასა და ჩვენი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში. დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გადავდგეთ თანამდებობიდან და მთავრობის უფლებამოსილებები რესპუბლიკის პრეზიდენტს დავუბრუნოთ“, – განუცხადა რუგინიენემ თავის მინისტრებს.მან უარყო მოსაზრება, თითქოს საკუთარი პარტიის მსხვერპლი გახდა და განაცხადა, რომ გარდამავალი პერიოდი ნორმალური პოლიტიკური პროცესია.მიმდინარე საპარლამენტო ვადის განმავლობაში, ეს ლიეტუვაში მთავრობის ვადამდელი შეცვლის მეორე შემთხვევაა.

გურამ მაჭარაშვილი – დაპირისპირება და ქვეყნის ღალატი „ნაცმოძრაობის“ ბუნებაა, საქმე ისე მიდის, შეიძლება, ეს ხალხი ჩვენი გასაშველებელი გახდეს, მათი ქმედებები კრიმინალში რომ არ გადაიზარდოს

პარტიული დემოკრატია, როცა სააკაშვილმა ერთი ტაშის დაკვრით მათივე წესებით არჩეულ პარტიის თავმჯდომარეს უთხრა, რომ გათავისუფლებულია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, მეორე თავმჯდომარედ ჯერ არ დაუნიშნავს და უკვე აკრიტიკებს.„საქმე ისე მიდის, შეიძლება, ეს ხალხი ჩვენი გასაშველებელი გახდეს, რომ მათი ქმედებები კრიმინალში არ გადაიზარდოს. სააკაშვილი თავის თავს ხან ნელსონ მანდელას ადარებს, ხან დავით აღმაშენებელს, ხან გიორგი მე-12-ს. საპყრობილეში ასეთი აზრები ადამიანებს მოსდით, რადგან საქმე არაფერი აქვთ. სააკაშვილის მსგავს ადამიანს განდიდების მანია ყოველთვის ექნება. მისი ამომრჩეველი უნდა დაფიქრდეს, ვისთან გვაქვს საქმე და ეს ხალხი ამბობს, რომ კოალიციურ მთავრობას შექმნის. შემდეგ ამბავი ატყდება, ნანული იყოს პრემიერ-მინისტრი, თუ თინიკო. შემდეგ ისინი ბელადის გადაწყვეტილებას დაელოდებიან. საქართველოს საზოგადოებისთვის ეს შეთავაზება აქვთ? ევროკავშირის ელჩი ამ პარტიაზე ამბობდა, პროევროპული პარტია არისო? კითხვებს უპასუხონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის, ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას

ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას, როგორც ეფექტიანი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2025 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის მთავარი ამოცანაა სახელმწიფო პროგრამების, პროექტებისა და შესყიდვების შედეგიანობის შეფასება, შესრულების მონიტორინგი და სახელმწიფო რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა.„ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას, როგორც ეფექტიანი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს.ამ მიმართულებით განხორციელებული მონიტორინგისა და ანალიზის მიხედვით, 2025-2026 წლებში პირდაპირი ეკონომიკისა და ტენდერების ოპტიმიზაციის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 390 მილიონზე მეტი დაიზოგა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, ეფექტიანობისა და რესურსების ოპტიმალური მართვის პრინციპები ფართოდ ინერგება სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სფეროშიც.„მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2025 წლიდან განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად მიღებულმა ჯამურმა დანაზოგმა 845 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის როგორც ადმინისტრაციული და საკადრო ხარჯების, ისე პროექტებისა და შესყიდვების ოპტიმიზაციის გზით. მათ შორის, 2 422 საშტატო ერთეულის ოპტიმიზაციის შედეგად მიღებულმა წლიურმა დანაზოგმა 60 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან სხვადასხვა პროექტების, სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელშეკრულებო პირობების გადახედვისა და გაუმჯობესების შედეგად დამატებით 785 მილიონი ლარის ეკონომია გახდა შესაძლებელი.პრაქტიკული ნაბიჯების პარალელურად, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც გააძლიერა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭირვალობა, კონკურენტუნარიანობა და ეფექტიანობა. ახალი მექანიზმები ხელს უწყობს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის უფრო აქტიურ მონაწილეობას, ისე სახელმწიფო სახსრების უფრო პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ მართვას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – მოქალაქეებს დღეს შესაძლებლობა აქვთ, 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საჯარო რესურსების ეფექტიან მართვას

მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც მოქალაქეებსა და ბიზნესს ასამდე სერვისს სთავაზობს და წარმოადგენს თანამედროვე, ეფექტიან და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ მომსახურების მოდელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრულ ტრანსფორმაციას.„ბოლო წლებში დაინერგა ელექტრონული ცნობების გაცემა, საერთაშორისო მართვის მოწმობის მიღების შესაძლებლობა, ასევე სატრანსპორტო საშუალებების დისტანციური გადაფორმების სისტემა, რაც მოქალაქეებს მნიშვნელოვანი სერვისებით სარგებლობის საშუალებას სახელმწიფო უწყებაში მისვლის გარეშე აძლევს.საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ციფრულ ტრანსფორმაციას. ჩვენი ამოცანაა, ეს პროგრესი მოქალაქეებისთვის უფრო სწრაფ, უსაფრთხო და მარტივ სახელმწიფო სერვისებად გარდავქმნათ. დღეს მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ, ხოლო საჯარო სექტორში აქტიურად ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მექანიზმები.მოქალაქეზე ორიენტირებული და ინოვაციური სერვისების განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საჯარო რესურსების ეფექტიან მართვას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას“, – აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები