ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026

ირაკლი კობახიძე – მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ

200-ზე მეტ პირს შეეხო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეს არის საკმაოდ მაღალი სტატისტიკა, როდესაც საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულებს. რაც შეეხება ნარკოდანაშაულებს, 2500-მდე პირია ამ შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლოგიკურია კითხვა, რამდენად ეფექტური იყო მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა და ამაზე პასუხია, რომ არ იყო.

„რომ ყოფილიყო ეფექტური მუშაობა, ბუნებრივია, ეს ადამიანები უფრო ადრე იქნებოდნენ დაკავებული და დაპატიმრებული. თუმცა, ამ შემთხვევაში წინ უნდა გავიხედოთ. რაღაც ეტაპზე არ იყო ეფექტური შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა, მიზეზი კორუფცია იყო თუ სხვა რამ იყო, ამას ბუნებრივია, შესაბამისი უწყებები დაადგენენ, მაგრამ რაც შეეხება ეფექტურობას, აქ იყო სერიოზული ჩავარდნა. თუმცა, აქაც წინ ვიხედებით. ისევე, როგორც ნარკოტიკული დანაშაულის შემთხვევაში, მიგრაციაც ხშირად გვიხსენებია. ათი წლის განმავლობაში რამდენიც იყო გაძევებული არალეგალი მიგრანტი, იმდენი არასრულ ერთ წელიწადში გააძევა შსს-ს ახალმა ხელმძღვანელობამ. ორგანიზებული დანაშაული – აქაც იყო სერიოზული პრობლემები თბილისში, თუმცა არა მარტო. აქაც გადამჭრელი ზომები მიიღო შსს-ს ახალმა ხელმძღვანელობამ. რაღაც ეტაპზე იყო სერიოზული ჩავარდნები, თუმცა ეს ყველაფერი გამოვასწორეთ შსს-ს ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად და მთავარი ეს არის. ავიღოთ ნებისმიერი თემა, ქოლცენტრი იქნება, ნარკოტიკული დანაშაული თუ ნებისმიერი სხვა თემა, კონკრეტული ფაქტები გვითხარით. რაც შეეხება კონკრეტულ ქოლცენტრს, რომელიც დაკავშირებული იყო კონკრეტულ დანაშაულთან, რა თქმა უნდა, ეს ქოლცენტრი არ არსებობს. ჩვენი ღიაობა ამით არის გამოხატული – გვითხარით ერთი კონკრეტული ფაქტი და მერე ვნახოთ, გვექნება თუ არა ამ ფაქტზე რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, რაც შეეხება სასამართლოს მიმართ ნდობას, სასამართლოს მიმართ ნდობა იზომება სოციოლოგიური კვლევებით და ამ კვლევების თანახმად, მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი ენდობა საქართველოში სასამართლოს.

„მოიტანეთ ნებისმიერი სასამართლოს საქმე, სადაც გაქვთ კითხვები სამართლიანობასთან დაკავშირებით, ერთად განვიხილოთ და ვიმსჯელოთ. როცა ეს მთელი კამპანიები წამოიწყეს კლანთან დაკავშირებით და ა.შ., მაშინაც ვეუბნებოდით. დარწმუნებული ვარ, პრობლემური საქმეები, რა თქმა უნდა, იქნება სასამართლოში, მაგრამ როდესაც ბრალს გვიყენებენ პოლიტიკურად სასამართლოსთან დაკავშირებით, უსამართლობასთან დაკავშირებით, მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, ზეპირად კი ნუ გველაპარაკებით, როგორც აქ მიდის საუბარი, რომ რაღაც ყალბი ბრძოლაა და ა.შ., კონკრეტული საქმეები მოგვიტანეთ, სადაც ფიქრობთ, რომ არასამართლიანად გადაწყდა დავა. ნული საქმე. ამას ხედავს საზოგადოება და ამიტომ არის, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა, მიუხედავად ამხელა შტურმისა, მიუხედავად ამხელა შეტევისა, არის 50 პროცენტზე მაღალი. ეს არის მთავარი, რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ – მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. თუ არა და საზოგადოება დაინახავს, რამდენად მართალია ის პროცესი, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორად გოგიტა თოდრაძე ახალი ვადით დაინიშნა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორად გოგიტა თოდრაძე ახალი ვადით დაინიშნა. თოდრაძე აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსის წესით შეირჩა.საკონკურსო პროცესი ჩაატარა საქართველოს მთავრობის 2026 წლის 16 მარტის №110 დადგენილებით შექმნილმა კომისიამ, რომელმაც კანდიდატების შეფასების შედეგად გოგიტა თოდრაძე შეარჩია და მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგინა.გოგიტა თოდრაძე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. მას მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის (სტატისტიკის) და სამართლის მიმართულებით. 2006 წლიდან ფლობს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხს.მას აქვს საქსტატში მუშაობის თითქმის 25-წლიანი გამოცდილება. კარიერა დაიწყო 2002 წელს მოსახლეობის აღწერის სამმართველოში ეკონომისტის პოზიციაზე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სოციალური ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, თბილისის სტატისტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილედ და უფროსად. 2006-2016 წლებში იყო ბიზნესსტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, 2016-2018 წლებში — აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ხოლო 2018 წლიდან — აღმასრულებელი დირექტორი.გოგიტა თოდრაძე აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სტატისტიკურ საქმიანობაში. 2017 წლიდან მონაწილეობს გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებში. 2019-2022 წლებში იყო გაერო-ს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრი.2018 წელს არჩეულ იქნა გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს წევრად, ხოლო 2020-2022 წლებში იმავე ბიუროს თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. 2025 წლის ივნისიდან არის UNECE-ს ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის (CES) ბიუროს წევრი და ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2025 წლის სექტემბერში აირჩიეს საერთაშორისო სტატისტიკის ინსტიტუტის (ISI) წევრად.გარდა ამისა, გოგიტა თოდრაძეს აქვს 15-წლიანი უწყვეტი პედაგოგიური გამოცდილება. 2009 წლიდან კითხულობს ლექციებს სტატისტიკის მიმართულებით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 2017 წლიდან არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2022 წლიდან — კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ოთხი წლის ვადით ინიშნება. გოგიტა თოდრაძე ახალი ვადით უფლებამოსილების შესრულებას 2026 წლის 3 მაისიდან შეუდგება.

ისრაელ კაცი – თეირანს შეუძლია, აირჩიოს მომავლისკენ მიმავალი ხიდი ან იზოლაციისა და განადგურების უფსკრული

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანი რთული არჩევანის წინაშე დგას.მისი თქმით, თეირანს შეუძლია, აირჩიოს „მომავლისკენ მიმავალი ხიდი ან იზოლაციისა და განადგურების უფსკრული“.„ირანი მეორეს თუ აირჩევს, სწრაფად აღმოაჩენს, რომ სამიზნეები, რომლისთვისაც აქამდე არ დაგვირტყამს, ბევრად უფრო მტკივნეულია, ვიდრე ისინი, რასაც უკვე დავარტყით“, – აღნიშნა ისრაელ კაცმა.„ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრი შეეცადა, ლიბანში მებრძოლი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანთან უფრო ფართო კონფრონტაციის ნაწილად წარმოეჩინა.

მარტა კოსი – ჩვენ არ გვაქვს საშუალება, მივიღოთ ახალი წევრი სახელმწიფო, რომელიც დაგვასუსტებს

ჩვენ ვერ მივიღებთ ახალ წევრს, რომელიც ევროკავშირს დაასუსტებს, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე განაცხადა.„არ გვაქვს საშუალება, მივიღოთ ახალი წევრი სახელმწიფო, რომელიც დაგვასუსტებს. ჩვენ არ ვართ მეგობართა ჯგუფი, ჩვენ ღირებულებათა საზოგადოება ვართ.  როდესაც გადაწყვეტ, რომ გინდა, იყო ამ ღირებულებათა საზოგადოების და მისი ყველა სარგებლის ნაწილი, უნდა მოიქცე შესაბამისად“, – აღნიშნა მარტა კოსმა.მისი თქმით, ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუ არ აკმაყოფილებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, ანტიკორუფციული საქმიანობა, მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება.„გვადანაშაულებენ, თითქოს ჩვენი დემოკრატია არ არის ნამდვილი და ჩვენი ცივილიზაცია დაღმასვლას განიცდის. ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილად არ არის დაღმასვლა. უბრალოდ შეხედეთ არჩევნებს უნგრეთში. ვფიქრობ, ეს სრულყოფილი დასკვნაა“, – აღნიშნა მარტა კოსმა.

გიორგი სარდალაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა – ქართველი ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა.ხვალ, 17 აპრილს, ტურნირზე მედლებისთვის ხუთი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს – კაცთა შორის 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი და მიხეილ ბახბახაშვილი, ხოლო ქალებში ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე – 57 კგ) და ნინო წიკლაური (63 კგ).წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს კი 16:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

კახა კალაძე – ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მოაქვს მშვიდობას

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზად არის. ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან პროგნოზთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.„საქართველოსთან მიმართებით რაც პროგნოზებიც არის, ეს შემთხვევითი არ არის. ამას აქვს თავისი ახსნა. როდესაც საუბარია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, წინსვლაზე, ეს ყველაფერი მოაქვს მშვიდობას. რა ფასად დაუჯდა საქართველოს მშვიდობის შენარჩუნება, საზოგადოების დიდი ნაწილი კარგად ხედავს და აფასებს. მიუხედავად იმ ყველაფრისა, ჩვენ გვქონდა და გვაქვს ძალიან მტკიცე, პრინციპული პოზიცია, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესები უნდა იყოს დაცული და ვერავინ მოგვხვევს თავს, ვერ გვიბრძანებს, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, სანქციებს შევუერთდეთ, რომელიც დამაზიანებელი და დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული ეკონომიკისთვის. შესაბამისად, მშვიდობის შენარჩუნებით სახეზეა ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად იზრდება, წინ მიდის, უფრო მეტი შესაძლებლობები ჩნდება. ეს მოგცვემს შესაძლებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ის ადამიანები, ის ოჯახები, რომელთაც დღეს ჯერ კიდევ უჭირთ, მიიღებს ის ბენეფიტი, რაც ეკონომიკურ განვითარებას მოაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები