შაბათი, ივნისი 27, 2026

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის წარმომადგენლებს მივმართავ, როგორ აფასებთ ძალადობას კოპენჰაგენში, როდესაც მშვიდობიან დემონსტრანტებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს?

ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს მივმართავ, როგორ აფასებთ ძალადობას კოპენჰაგენში, როდესაც მშვიდობიან დემონსტრანტებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს? – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილში, რომლითაც ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას მიმართავს.

როგორც წერილში პრემიერი აღნიშნავს, „საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც ის ძალადობა, რომელიც კოპენჰაგენში ვიხილეთ, ისე ის ფაქტი, რომ ევროკავშირი აღარ იცავს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც დაეფუძნა“.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა, ქვეყანა, სადაც ადამიანის ღირსება, ჰუმანიზმი, თავისუფლება და ეროვნული თვითმყოფადობა არა დეკლარირებული პრინციპები, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული, სისხლხორცეული ღირებულებებია.

ისტორიულად, კულტურულად და ღირებულებითად საქართველო ევროპული სივრცის ნაწილია, ამავდროულად კი – ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რომელიც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიისწრაფვის. სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ცალმხრივად, თქვენი ინიციატივით, შეწყდა პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყანასთან, რის შემდეგაც არაერთხელ იქნა უარყოფილი ჩვენ მიერ შეთავაზებული დისკუსიისა და თანამშრომლობის ფორმატები. ამგვარი ვითარების გათვალისწინებით, იძულებულნი ვართ, ღია წერილით, საჯაროდ მოგმართოთ.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ფორმალური ინტეგრაციის სურვილით არ არის განპირობებული. ჩვენი ხალხისთვის ევროპა, პირველ რიგში, ღირებულებითი სივრცე, ჩვენი წინაპრების ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც ქრისტიანულ მორალს, თავისუფლებას, თანასწორობას, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება.

ჩვენთვის ევროკავშირი საერთო, ევროპული ცივილიზაციური სივრცეა, გაერთიანება, რომელიც არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას, ევროპელ ლიდერს თუ ევრობიუროკრატს, არამედ ევროპელ, მათ შორის, ქართველ ხალხს ეკუთვნის.

ამ ფონზე, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, გვაქვს კითხვები იმ შემაშფოთებელ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც შუაგულ ევროპაში, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა და რომლებსაც, ვფიქრობთ, არაფერი აქვს საერთო არც ევროპასთან და არც ევროპულ ღირებულებებთან.

ქალბატონო ურსულა, ბატონო ანტონიო, ქალბატონო რობერტა, მოგმართავთ კითხვით თქვენ, როგორც ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს: როგორ აფასებთ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს?

იმ უმძიმესმა კადრებმა, სადაც ვიხილეთ, თუ როგორ საშინლად არბევს პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს, საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად დაანახა შემაშფოთებელი რეალობა – თუკი წლების განმავლობაში ევროპა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, აგრეთვე სხვა ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის ეტალონად მიიჩნეოდა, დღეს სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება საპირისპირო ტენდენცია. არსებული ვითარება აჩენს საფრთხეს, რომ ევროპა, შესაძლოა, იქცეს არა ამ ღირებულებების დაცვის, არამედ მათი უგულებელყოფისა და უხეში დარღვევის ეტალონად.

საქართველოსთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია, კატეგორიულად მიუღებელია როგორც ის ძალადობა, რომელიც კოპენჰაგენში ვიხილეთ, ისე ის ფაქტი, რომ ევროკავშირი აღარ იცავს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც დაეფუძნა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, თქვენ მიმართ ჩნდება კითხვები, მათ შორის კითხვები იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა ასეთი ძალადობრივი ქმედებები იმ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტებს, რომელთა ერთგულებასაც ევროკავშირი მუდმივად უსვამს ხაზს და რომლისკენაც მსოფლიოს ქვეყნები მიისწრაფოდნენ?

როგორც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, როგორ ფიქრობთ, სად მიჰყავს ევროპა იმ პროცესებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლას, ეკონომიკურ სტაგნაციას, მიგრაციულ კრიზისს, ისტორიული მეხსიერების დაკნინებას, ეროვნული და სქესობრივი იდენტობების შესუსტებას და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის რღვევას უკავშირდება? როგორ აღმოჩნდა ევროპა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის განვითარების, თავისუფლებისა და დემოკრატიის მაგალითად მიიჩნეოდა, ასეთ ღრმა ღირებულებით კრიზისში და ზოგადად, საით მიჰყავს ევროკავშირი ამ გზას?

სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტია, რომ დღეს ევროკავშირი ხშირად უგულებელყოფს საზოგადოების ბუნებრივ, კულტურულ და ისტორიულ საფუძვლებს. ჩნდება განცდა, რომ ევროპული სივრცე თანდათან შორდება იმ პრინციპებს, რომლებმაც ის მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სიმბოლოდ აქცია.

საქართველო, ევროპული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, თქვენგან მკაფიო პასუხს ელის: რა გეგმა აქვს ევროკავშირს, რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები გაერთიანების შიგნით და რა იქნება ამ შემაშფოთებელი პროცესების საბოლოო შედეგი, პროცესებისა, რომლებზეც არა მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების მოსახლეობა თუ პოლიტიკური ლიდერებიც საჯაროდ საუბრობენ?“ – ნათქვამია პრემიერის ღია წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა გიორგი გახარიას სახელსა და გვარს, არ ვიცი, რა ვალი აქვთ, რომ თავს ასე იკნინებენ

ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს ჰგონიათ, რომ ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის გიორგი გახარია და მისი ბედი. თავადაც კარგად ხვდებიან ალბათ, რამდენად აცდენილი არიან საზოგადოების საკითხებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტში დღეს მომხდარ ფიზიკური დაპირისპირებას.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს, აფასებს და საბოლოო განაჩენი გამოაქვს არჩევნების თუ ზოგადად რეაქციის გზით.„სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა ერთ გვარს. არანაირი საკითხი არ აინტერესებდათ, ყველა კითხვა და საკითხი მიემართებოდა ერთ სახელს და გვარს, გიორგი გახარიას. ბოლოს გიორგი შარაშიძე მისი პორტრეტითაც გამოვიდა, ფურცელი, რომელიც ააფრიალა – გიორგი გახარიას ფოტო. გქონდეს შესაძლებლობა, იყო პარლამენტის წევრი, მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრის მოხსენების განხილვაში, შენ ამომრჩევლებს ესაუბრო და ჰგონიათ, რომ ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის გიორგი გახარიას ბედი. ეს არის, როდესაც დავალება აქვთ მიღებული. სადამდეც მიიყვანეს დღევანდელი სხდომა, თავადაც ნახეს, უმსგავსო საქციელია, რაც ვიხილეთ ფრაქციის ერთ-ერთი წევრის მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმაცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე სიტყვით გამოდიოდა.შარაშიძემ პრემიერ-მინისტრის მისამართით განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან“.შარაშიძის სიტყვით გამოსვლისას, სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძესა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრ გიგა ფარულავას შორის, რაც სხვა დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ანსამბლ „ორერას“ ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი გარდაიცვალა

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი, გენო ნადირაშვილი.ინფორმაციას „საქართველოს ძველი ფილარმონია“ ავრცელებს.„საქართველოს ძველი ფილარმონია“ ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 89 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ბატონი გენო ნადირაშვილი და ღრმა სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს“.გენო ნადირაშვილი ანსამბლ „ორერას“ პირველი თაობის წარმომადგენელი და სოლისტი იყო. 2018 წელს, ფილარმონიის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა.

ბერდია სიჭინავა – ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს პარლამენტში ხდებოდა

ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული. ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდებოდა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.მისივე თქმით, „სისტემური ძალადობა „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა“.„მოვისმინეთ ანგარიში ღირსებააყრილი, მატყუარა, არაკომპეტენტური პრემიერ-მინისტრის, რომელიც სიმართლეს ვერ უსწორებს თვალს და სიმართლესთან ბრძოლა საქართველოს პარლამენტში საკუთარი ქოცური ზონდერული დაჯგუფების მეშვეობით, ძალადობით გადაწყვიტა. ამ პერიოდის განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ ძალადობას,  სიძულვილის ენას ებრძვიან. დღეს კი მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ ძალადობა „ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა და ძალადობა არის საფირმო ნიშანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის, რომელიც ნოემბერ-დეკემბრიდან ფიზიკურად უსწორდება სტუდენტებს, ახალგაზრდებს ქიმიურად წამლავს. ამისი არაერთი საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებაც არსებობს. სისტემური ძალადობა „ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა. დღეს ირაკლი კობახიძემ საბოლოოდ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერ-მინისტრად. ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამაყობდით იმ ოლიმპიური ჩემპიონებით, რომლებსაც უამრავი სიხარული მოუტანიათ თითოეული ჩვენგანისთვის. სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ოლიმპიური ჩემპიონები ქოცზონდერებად გადააქცია. ვნახეთ, როგორი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ხდებოდა საქართველოს პარლამენტში. ძალადობის ფაქტებმა საქართველოს პარლამენტში შეაღწია და ეს სიმპტომია. ფაქტია, ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული. მათ შორის ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდებოდა.მადლობა თანაგუნდელებს, რომლებიც ღირსეულად, სიმართლით იბრძოდნენ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის. ცდილობენ, შემოგვასაღონ, თითქოს ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა განახორციელა თავდასხმა მათი პოლიტიკური გუნდის მისამართით, თურმე გიგა ფარულავა ფიზიკურად გაუსწორდა სამ ოლიმპიურ ჩემპიონს და სამ თუ ოთხ სპორტსმენს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.კითხვაზე, „როდესაც სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობთ, რას გულისხმობთ, სარჩელის შეტანას აპირებთ?“, ბერდია სიჭინავამ უპასუხა:„ვისთან შევიტანოთ, გიორგი გვარაკიძესთან? წელიწად-ნახევარია, იძიებენ საქმეს გიორგი გახარიას თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის მოდული, როგორ საქმიანობს სამართალდამცავი სისტემა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. ვისი პასუხისმგებლობის საკითხზე უნდა ვისაუბროთ. მე ვამბობ, რომ პროფესიული, პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება“.

შიო მესამე – ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ, პატარა ხიზირმა მეგობრის გადასარჩენად გაიღო სიცოცხლე და იქცა ნამდვილი ვაჟკაცობისა და გმირობის ნიმუშად

ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ. ხიზირის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო მესამის სამძიმრის წერილშია ნათქვამი, რომლითაც ხასან და მადინა დერბიჩევებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.„პატარა ხიზირმა მეგობრის გადასარჩენად გაიღო სიცოცხლე და იქცა ნამდვილი ვაჟკაცობისა და გმირობის ნიმუშად. ამ საერთო ტკივილმა ჩვენი გულები გააერთიანა და, მწუხარებასთან ერთად, კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რა ძალა აქვს ადამიანთა თანადგომას და ერთობას.მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა. გვჯერა, ხიზირის თავდადებული საქციელი და ნათელი ხსოვნა მრავალი ადამიანის გულში დარჩება მოყვასის სიყვარულისა და თავგანწირვის გამორჩეულ მაგალითად. უფალმა მოგმადლოთ ნუგეში, მხნეობა და სულიერი ძალა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ირაკლი კობახიძე: მინდა, მადლობა გადავუხადო დედა ეკლესიას, რომელიც დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ის, რომ დღეს ჩვენი ხალხი არის ასეთი მტკიცე ეროვნული ინტერესების დაცვაში.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ეკლესიას, ჩვენს დედა ეკლესიას, რომელიც დგას ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა წუმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს, ასევე საპატრიარქოს თითოეულ წარმომადგენელს.„დღეს არ შეიძლება, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლიერება არ გამოვხატოთ უწმინდესისა და უნეტარესი პატრიარქის ილია მეორის მიმართ.ის, რომ დღეს ჩვენი ერი, ჩვენი ხალხი არის მტკიცე, ასეთი მტკიცე საკუთარი ეროვნული იდენტობის, ეროვნული ინტერესების დაცვაში, არის იმ ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის დამსახურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აჩუქა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და მინდა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო მის მიმართ. მე მინდა მადლიერება გამოვხატო უწმინდესისა და უნეტარესი შიო მესამის მიმართ, რომელიც აგრძელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. დღეს, ამ ურთულესი გლობალური და ეროვნული გამოწვევების ფონზე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთად დგომა. და რა თქმა უნდა, მე მინდა თქვენ გადაგიხადოთ მადლობა, საპატრიარქოს თითოეულ წარმომადგენელს, თქვენ უწმინდესო და უნეტარესო, უდიდესი თანადგომისთვის ქართული სახელმწიფოს მიმართ. უღრმესი მადლობა თქვენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები