ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025

ირაკლი კობახიძე: გაგებით ვერ მოვეკიდებით პრაქტიკას, როცა უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ

გაგებით ვერ მოვეკიდებით ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, უცხოელი დიპლომატები აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში.

მისივე თქმით, „ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და წარმომადგენლობითი დემოკრატიის უმთავრეს ორგანოს, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი-არა“.

„საქართველო აფასებს და უფრთხილდება ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტის – ევროკავშირში ინტეგრაციის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ელჩებთან თანამშრომლობა და მათი მოსაზრებების მოსმენა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. ჩვენ ვაფასებთ მოქმედი ელჩების ყველა მხარდამჭერ ნაბიჯსა და განცხადებას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამყარებისკენ არის მიმართული. შესაბამისად, მათ ყველა საფუძვლიან რჩევასა და რეკომენდაციას მომავალშიც განსაკუთრებული გულისხმიერებით მოვეკიდებით.

საქართველოში უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, უცხოელი დიპლომატები კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში.

ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და წარმომადგენლობითი დემოკრატიის უმთავრეს ორგანოს – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჩანაცვლების ეს პრაქტიკა დიპლომატიის სტანდარტებს არ შეესაბამება, ოპოზიციის პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსების სიმწირის გათვალისწინებით, ჩვენ მას გარკვეულწილად გაგებით შეგვიძლია მოვეკიდოთ.

თუმცა, გაგებით ვერ მოვეკიდებით ასევე ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ.

გასული დღეების განმავლობაში, მოვისმინეთ რამდენიმე უცხოელი დიპლომატის კრიტიკული განცხადებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების გზავნილები, ეს განცხადებებიც მოკლებული იყო ყოველგვარ არგუმენტებს და დასაბუთებას.

მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობა და საჯაროობა მანკიერების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. უსაფუძვლო კრიტიკას, რომელსაც უცხოელი დიპლომატებისგან ხშირად ვისმენთ ხოლმე, საზოგადოება შესაბამის ქვეყნებზე განაზოგადებს, რაც სერიოზულ რისკებს შეიცავს. ქართულ საზოგადოებას უნდა შევუნარჩუნოთ ნდობა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რაზე ზრუნვაც ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა.

ელჩები პერიოდულად ითხოვენ შეხვედრებს დახურულ რეჟიმში. შეხვედრებზე არასდროს გვითქვამს უარი და დახურული შეხვედრებისთვის სამომავლოდაც მზად ვართ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაუმჭვირვალე პოლიტიკური დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ“,- აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თამარ ჩიბურდანიძე: დაველოდებით, ამერიკული FARA თუ შეუქმნის საფრთხეს კანონის უზენაესობას ამერიკაში, ბრიტანეთსა თუ სხვა ქვეყნებში და მერე ვიმსჯელებთ საზოგადოება ამაზე. აბა ჩვენზე „დემოკრატიულ“ ქვეყნებს...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ გააუქმოს ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონი, რადგან მათი შეფასებით, ამ კანონის მოქმედება კანონის უზენაესობას საფრთხეს უქმნის სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ასახული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საფრთხე შეუქმნა უკვე მოქმედ ქვეყნებში კანონის უზენაესობას FARA-მ.„გასაგებია ვენეციის კომისიის „კეთილი“ რჩევა, მაგრამ სახელმწიფო ფაქტებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს. ამ დასკვნას აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა რამდენიმე ქეისი მაინც იმ ქვეყნებიდან, სადაც დაიბადა ეს კანონი და წლებია წარმატებით ფუნქციონირებს. შეუქმნა თუ არა საფრთხე კანონის უზენაესობას FARA -მ წარმოშობის ქვეყანაში ან სხვაგან?როდესაც ამ კითხვას ვსვამთ, მაგალითისთვის მოჰყავთ რუსეთი, არადა, რუსეთი ამ შემთხვევაში მაგალითად არ გამოადგებათ, რადგან იქ ამერიკული FARA არ მოქმედებს. იქ მოქმედებს ამ კანონის იდეაზე შექმნილი საკუთარი კანონი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ამერიკულისგან. რუსული კანონის დედანი არ არის ამერიკული კანონი.საქართველოში კი ძალაში შესულია ამერიკული FARA -ს დედნის მიხედვით შექმნილი კი არა, არამედ, კალკირებული პროექტი. საქართველოს მსგავსად, სრული კალკირება არ გაუკეთებიათ არც ბრიტანეთს, არც საფრანგეთს, არც კანადას, ავსტრალიას და ა.შ. თუმცა, იქ ვენეციის კომისიას არ გაუგზავნია მოთხოვნა ამ კანონის აკრძალვასთან დაკავშირებით. მაშინ რა ხდება? ჩვენ „სხვა რანგის“ ქვეყანა ვართ, ვისაც შეიძლება ასე ხელაღებით ბრძანებები უგზავნო? არა ბატონო, ასე აღარ არის. პატივისცემა და თანამშრომლობა გვესმის მხოლოდ ორმხრივი.ჯერ დაველოდებით, ამერიკული FARA თუ შეუქმნის საფრთხეს კანონის უზენაესობას ამერიკაში, ბრიტანეთსა თუ სხვა ქვეყნებში და მერე ვიმსჯელებთ საზოგადოება ამაზე. აბა ჩვენზე „დემოკრატიულ“ ქვეყნებს ხომ არ დავასწრებთ? უხერხულია, ზედმეტ ამბიციაში ჩაგვითვლიან,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა

ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა.სახლ-მუზეუმი დღეს საზეიმოდ გახსნეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, კულტურის მინისტრმა, თიკა რუხაძემ და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.„შენობა იყო ავარიული და მძიმე მდგომარეობაში, ეზო კი მოუწესრიგებელი. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული სივრცე სრულად განვაახლეთ და მოვაწესრიგეთ. გასულ წელს შენობის რეაბილიტაცია-გამაგრების სამუშაოები დავასრულეთ. გარდა ამისა, მომიჯნავედ არსებული ფართები კერძო მესაკუთრეებისგან გამოვისყიდეთ. ამის შემდეგ დაიწყო კეთილმოწყობის სამუშაოები. დღეიდან დამთვალიერებელს სახლ-მუზეუმში სტუმრობა შეუძლია. ძალიან მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის თანამონაწილე ვარ. ზოგადად ჩვენ მუზეუმებს, მედიათეკებს, ბიბლიოთეკებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. ასევე, მულტიფუნქციური კომპლექსების აშენება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან  მსგავსი სივრცეები ქალაქში რაც შეიძლება მეტი უნდა არსებობდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერიის ინფორმაციით, მუზეუმის არსებობის განმავლობაში, პირველად ჩატარდა მისი სარემონტო და ინფრასტრუქტურული განახლება, რადგან შენობა და ექსპოზიციური სივრცეები თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ პასუხობდა.რეაბილიტაციის შედეგად, მუზეუმის ფართობი საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო ინტენსიური მუშაობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექსპოზიციის მოსაწყობად. მუზეუმი აღიჭურვა უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას იძლევა, უკეთ წარმოჩნდეს მერაბ კოსტავას ცხოვრება, მოღვაწეობა და მისი როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ასევე შეიქმნა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე და ფონდსაცავი, რაც მუზეუმში დაცული 20 000-ზე მეტი ექსპონატის სათანადო შენახვას უზრუნველყოფს.გარდა ამისა, რეაბილიტაციის ფარგლებში კეთილმოეწყო მუზეუმის ეზო, რომელიც გაფართოვდა და დამთვალიერებლისთვის კომფორტულ სივრცედ გადაიქცა. მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ 1 740 000 ლარი შეადგინა.თბილისის მერთან ერთად, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი მერის მოადგილეებმა ანდრია ბასილაიამ და კახა აბულაძემ, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიგა დაიაურმა, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წევრებმა დაათვალიერეს“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

გიორგი შარაშიძე: არაფერი გვაქვს საერთო იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პასუხისმგებლობას არ იღებენ, ახალ სცენარებს ალაგებენ, მათთან არანაირი კავშირი არ გვექნება, დიდი ხანია, ხაზი გადავუსვით

ჩვენი პარტია პირველივე წუთიდან გაემიჯნა ამ იდიოტობას და მავნებლობას, არამხოლოდ მშვიდობიანი დამხობის სცენარს, არამედ ბოიკოტს და ამისთვის 4 ოქტომბრის არჩევნებზე საკმარისი მსხვერპლი გავიღეთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაძემ განაცხადა.მისი თქმით, მომხდარმა პარტია გააძლიერა და მისი წევრები დაარწმუნა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება სწორი იყო.„გარკვეული დარტყმა საკუთარ თავზე მივიღეთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სწორი იყო და ასეც გავაგრძელებთ. არაფერი გვაქვს საერთო იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან იმ ადამიანებს, ვინც გააუბედურეს საკუთარი უპასუხისმგებლობის გამო. მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ. ჩვენს პოლიტიკურ ძალას მათთან არასდროს, არანაირი კავშირი არ ექნება, ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, დიდი ხანია, მათ ხაზი გადავუსვით. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ამ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა და გვესმის, რომ ამისთვის კიდევ ბევრი მსხვერპლის გაღება მოგვიწევს, მაგრამ მზად ვართ, ეს გამოწვევა მივიღოთ ამომრჩეველთან ერთად, რომელიც ხედავს, რომ ბოიკოტის კამპანია შეცდომა და მავნებლობა იყო, აღარაფერს ვამბობ მშვიდობიან დამხობაზე. მიხვდებიან, რომ არჩევანი უნდა გააკეთონ არა ისეთ უპასუხისმგებლო პარტიებზე, რომელთა გამოც მოხდა ყველაფერი, არამედ ჩვენი პოლიტიკური ძალის მსგავს გონიერ, ზომიერ, პასუხისმგებლიან, პრაგმატულ, რაციონალურ პოლიტიკურ ძალაზე“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

,,დიდად ვწუხვართ მცხეთა-თბილისის სამღვდელოების გამორჩეული წარმომადგენლის, კლდისუბნის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მიქაელ კაპანაძის გარდაცვალების გამო.იგი იყო მრავალი სიკეთით დაჯილდოებული მოძღვარი; მრევლის ნამდვილი სულიერი მამა და თავისი ოჯახითაც გამორჩეული პიროვნება.ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მეუღლეს, შვილებს, სულიერ შვილებს, ნათესავებსა და ყველა გულშემატკივარს, მიმადლოს მშვიდობა და დეკანოზ მიქაელის სახელზე ლოცვითა და აღსრულებული კეთილი საქმეებით შეწევნის ძალა.ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი16.10.2025''- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კახა კალაძე – არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს, მათ გაეცემათ შესაბამისი პასუხი

საქართველოში არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს და მათ შესაბამისი პასუხი გაეცემათ, – ამის შესახებ დღეს მედიასთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი სარჩელის თაობაზე საუბრისასგანაცხადა.მისი თქმით, ასეთი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში არ არის.„არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს ქვეყანაში, რომლებიც არიან მოღალატეები, ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესებს და ასრულებენ გარედან მითითებებსა და დავალებებს. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში არ არის. მათ გაეცემათ სათანადო პასუხი და, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები