ირაკლი კობახიძე: გაგებით ვერ მოვეკიდებით პრაქტიკას, როცა უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ

Read Time:1 Minute, 58 Second

გაგებით ვერ მოვეკიდებით ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, უცხოელი დიპლომატები აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში.

მისივე თქმით, „ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და წარმომადგენლობითი დემოკრატიის უმთავრეს ორგანოს, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი-არა“.

„საქართველო აფასებს და უფრთხილდება ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტის – ევროკავშირში ინტეგრაციის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ელჩებთან თანამშრომლობა და მათი მოსაზრებების მოსმენა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. ჩვენ ვაფასებთ მოქმედი ელჩების ყველა მხარდამჭერ ნაბიჯსა და განცხადებას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამყარებისკენ არის მიმართული. შესაბამისად, მათ ყველა საფუძვლიან რჩევასა და რეკომენდაციას მომავალშიც განსაკუთრებული გულისხმიერებით მოვეკიდებით.

საქართველოში უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, უცხოელი დიპლომატები კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში.

ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და წარმომადგენლობითი დემოკრატიის უმთავრეს ორგანოს – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჩანაცვლების ეს პრაქტიკა დიპლომატიის სტანდარტებს არ შეესაბამება, ოპოზიციის პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსების სიმწირის გათვალისწინებით, ჩვენ მას გარკვეულწილად გაგებით შეგვიძლია მოვეკიდოთ.

თუმცა, გაგებით ვერ მოვეკიდებით ასევე ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ.

გასული დღეების განმავლობაში, მოვისმინეთ რამდენიმე უცხოელი დიპლომატის კრიტიკული განცხადებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების გზავნილები, ეს განცხადებებიც მოკლებული იყო ყოველგვარ არგუმენტებს და დასაბუთებას.

მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობა და საჯაროობა მანკიერების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. უსაფუძვლო კრიტიკას, რომელსაც უცხოელი დიპლომატებისგან ხშირად ვისმენთ ხოლმე, საზოგადოება შესაბამის ქვეყნებზე განაზოგადებს, რაც სერიოზულ რისკებს შეიცავს. ქართულ საზოგადოებას უნდა შევუნარჩუნოთ ნდობა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რაზე ზრუნვაც ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა.

ელჩები პერიოდულად ითხოვენ შეხვედრებს დახურულ რეჟიმში. შეხვედრებზე არასდროს გვითქვამს უარი და დახურული შეხვედრებისთვის სამომავლოდაც მზად ვართ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაუმჭვირვალე პოლიტიკური დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ“,- აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა გვარამია: სოფლის კლუბის აფიშა დასავლური ქვეყნების ელჩების დებატებში გამოწვევის ანონსით – ეგეთი არ უქნია ვარდიკო ნადიბაიძეს
Next post დიმიტრი ხუნდაძე: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს ხალხის მოგროვებას უჯობთ კითხვები და პასუხები მოაგროვონ