ოთხშაბათი, სექტემბერი 23, 2026

თენგიზ ცერცვაძე: საკმარისია, ხმა ამოვიღოთ პანდემიის წარმატებით მართვაზე, რომ ვაი ტელევიზიები და ექსპერტები ისე შეიცხადებენ, გეგონებათ, ტაბუდადებულ თემას შევეხეთ, ყველანაირად ცდილობენ, მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ „ლუზერები“ ვართ

საკმარისია, ხმა ამოვიღოთ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის წარმატებით მართვაზე და/ან რომელიმე ქვეყანას შევედაროთ, რომ ვაი ტელევიზიები და ვაი ექსპერტები ისე შეიცხადებენ, გეგონებათ, რაიმე ტაბუდადებულ თემას შევეხეთ და მკრეხელობა ჩავიდინეთ. ყველანაირად ცდილობენ, მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ „ლუზერები“ ვართ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი, სახელწოდებით „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“.

„2 მარტს, „ღამის მთავარში“ ეკა კვესიტაძე შეეცადა, მაყურებლები დაერწმუნებინა, რომ „დღეის შემდეგ მათთვის ახლობელი თითოეული ადამიანის „კოვიდ-19“-ით გარდაცვალება ხელისუფლების ბრალია და არა კორონავირუსის?!“ მანვე განაცხადა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია დიდი ხანია, დაიწყეს, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევები დრამატულად არის შემცირებული (დიდი ტყუილი), ხოლო ლოკდაუნები მოხსნილია (კიდევ ერთი ტყუილი), ამავე დროს „ტვ პირველმა“ განათავსა ჯანდაცვის მინისტრის ფოტოები წარწერით, რომ ბოლო 24 საათში 10 გარდაცვლილი არის შეუსრულებელი დაპირების საფასური?! და ადამიანების სიცოცხლით თამაში. ეს არის უპრეცედენტო დემაგოგიისა და უზნეობის მაგალითი ამ ტელევიზიების მხრიდან.

სადმე გინახავთ, ან მოგისმენიათ, რომ მსოფლიოს რომელიმე ტელევიზიას მსგავსი განცხადება გაეკეთებინოს? რა, 2 მარტს რომ ვაქცინა შემოგვეტანა, იმ დღეს ის 12 ავადმყოფი აღარ მოკვდებოდა? მე კარგად ვიცნობ ამ ტელევიზიებს, მაგრამ არ მეგონა, იმ დონემდე თუ დაეშვებოდნენ, რომ გარდაცვლილი ადამიანებით მანიპულირებას და სპეკულირებას გაბედავდნენ. მინდა, მივმართო საზოგადოებას იულიუს ფუჩიკის სიტყვებით, რომლითაც იგი მსოფლიოს ფაშიზმის მოახლოების საფრთხეზე აფრთხილებდა „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“.

ახლა ვნახოთ, როგორია სინამდვილე: ზუსტად იმავე 2 მარტს, როცა საქართველოში „კოვიდ-19“-ით 12 ავადმყოფი გარდაიცვალა, ისრაელში გარდაიცვალა 30 ავადმყოფი, ბრიტანეთში – 343, გერმანიაში – 401, აშშ-ში – 1989 ავადმყოფი და ა.შ. გამოდის, რომ ამ ქვეყნებისა და კიდევ სხვა ძალიან ბევრი ქვეყნის ხელმძღვანელები მკვლელები არიან და უნდა გასამართლდნენ? რაც შეეხება „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ვითომდა დრამატულად შემცირებას, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში სტაბილურად ფიქსირდება „კოვიდ-19“-ით 400-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა, მაშინ, როდესაც ისრაელში – 3 000-დან 5 000-მდე ახალი შემთხვევა, ბრიტანეთში – 6 000-დან 7 000-მდე ახალი შემთხვევა, გერმანიაში – 6 000-დან 11 000-მდე ახალი შემთხვევა, აშშ-ში – 55 000-დან 69 000-მდე ახალი შემთხვევა და ა.შ. რაც შეეხება შეზღუდვებს და ლოკდაუნებს, ისინი ამერიკისა და ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე საქართველოში. ხოლო ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობასა და ჯანდაცვის მინისტრს, გმირ ექიმებთან ერთად, მხოლოდ მადლობა ეკუთვნით იმისთვის, რომ გაცილებით მწირი რესურსებითა და ვაქცინის გარეშეც კი მოახერხეს ახალი შემთხვევების და განსაკუთრებით გარდაცვალების შემთხვევების მინიმიზაცია და გადაარჩინეს ათასობით უმძიმესი ავადმყოფის სიცოცხლე, რაც იმედს იძლევა, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის შემდეგ (სავარაუდოდ მარტის მეორე ნახევარში) „კოვიდ-19“-ის ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება.

4 მარტს „მთავარმა არხმა“ გადაცემა „მთავარში“ გაუშვა სიუჟეტი, სადაც ჯერ გამოიგონა, რომ „ცერცვაძე ვაქცინაციის ეფექტიანობას ეჭვის ქვეშ აყენებს?! (ცხადია, მსგავსი არსად არაფერი მითქვამს). ხოლო შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად მოვლენილ სახეს, გიორგი ჩალაძეს ათქმევინა, რომ მე ფსიქიკური პრობლემები მაქვს?! დიახ, ჩალაძე და კვესიტაძე თვლიან, რომ მე ფსიქიკური პრობლემები მაქვს. როგორ მოგწონთ? ადრე ჩალაძე ჩემს ციხეში ჩასმასაც ითხოვდა, რადგან ყელში ვყავართ გაჩხერილი და ხელს ვუშლი, რომ ქვეყანაში აპოკალიფსის სურათი დახატონ. ერთი სული აქვთ, რომ ქვეყანაში ბევრი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული და ბევრი გარდაცვლილი იყოს, რომ ხალხი ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ აამხედრონ. სხვათა შორის, ეს ის ჩალაძეა, რომელიც ერთი კვირაა, ატყუებს მოსახლეობას, რომ მას შეუძლია, დღესვე შემოიტანოს ქვეყანაში ვაქცინის ერთი მილიონი დოზა?! მაგრამ მთავრობა ამის ნებას არ აძლევს?! მე ვურჩევ ტელემაყურებლებს, ყურადღებით ადევნონ თვალი ჩალაძის პერსონას, რათა იცოდნენ თუ რა ტიპის ადამიანები შეიძლება მოვიდნენ ხელისუფლებაში, თუ ისინი სწორ არჩევანს არ გააკეთებენ. „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“.

რაც შეეხება სიმართლეს, ყველამ იცის, რომ მე „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ვარ და ჩემი ეს პოზიცია ათეულობით ტელეინტერვიუში და პოსტში მაქვს დაფიქსირებული. ხოლო იმას, რომ ვაქცინა პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება ვერ იქნება, მთელი მსოფლიო აღიარებს. ცოტა ხნის წინ ეს თავის გამოსვლაში ჯანმოს გენერალურმა დირექტორმაც დაადასტურა. ასე რომ არ იყოს, ევროპისა და ამერიკის ყველა ქვეყანაში, ისევე, როგორც ისრაელში, აღარ იქნებოდა საჭირო ლოკდაუნები და მკაცრი შეზღუდვები, არ იქნებოდა სავალდებულო პირბადეების ტარება და სოციალური დისტანცირება. მილიონები და მილიარდები არ დაიხარჯებოდა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტის შექმნაზე და ა.შ.

კიდევ ერთი რამ. საკმარისია, ხმა ამოვიღოთ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის წარმატებით მართვაზე და/ან რომელიმე ქვეყანას შევედაროთ, რომ ეს ვაი ტელევიზიები და ვაი ექსპერტები ისე შეიცხადებენ, გეგონებათ, რაიმე ტაბუდადებულ თემას შევეხეთ და მკრეხელობა ჩავიდინეთ. მიზეზი – როგორ შეიძლება ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობის პირობებში ქვეყანაში რაიმე კარგი და წარმატებული ხდებოდეს. მაშინ რევოლუციური მუხტი საიდან მოვიტანოთ? ისინი ყველანაირად ცდილობენ, მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ „ლუზერები“ ვართ.

გასაგებია, რომ ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ეკონომიკურად ჩვენზე ბევრად ძლიერები არიან და მთლიანობაში ბევრად ძლიერი ჯანდაცვის სისტემაც აქვთ, მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ სეგმენტებში ჩვენ უფრო წარმატებულები ვიყოთ. ასე მაგალითად, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ფაქტია, რომ საქართველოს აქვს ევროპის 45 ქვეყანაზე დაბალი კოვიდსიკვდილობის პროცენტი (ე.წ. CFR) და ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, კოვიდსასტუმროში) გარდაცვლილთა ძალიან დაბალი რიცხვი (სულ 41 შემთხვევა). მაშინ, როდესაც ევროპისა და ამერიკის სხვა ქვეყნებში ჰოსპიტალს გარეთ ასობით და ათასობით „კოვიდ-19“-ით ავადმყოფია გარდაცვლილი. ეს ძალიან სერიოზული მაჩვენებელია იმის დასტურად, რომ საქართველოში „კოვიდ-19“-ით პაციენტების ნაკადები კარგად იმართება. ისიც ხომ ფაქტია, რომ ამერიკის CDC-იმ, კომპანია Gilead-მა და მსოფლიო ჰეპატოლოგიის ლიდერებმა C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში პირველ სამოდელო ქვეყნად სწორედ საქართველო აირჩიეს და არა შვედეთი, გერმანია, ავსტრია, ისრაელი ან აშშ. ისიც ფაქტია, რომ საქართველო ძალიან დიდი ალბათობით იქნება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც 2025 წლისთვის დაამარცხებს 21-ე საუკუნის ორ მთავარ გამოწვევას: C ჰეპატიტს და აივ/შიდსს.

ასე, რომ ჩემო თანამემამულეებო! იყავით ფხიზლად, მაგრამ იმედიანად!“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეთრმა სახლმა აშშ-ს, დანიასა და გრენლანდიას შორის უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნა

თეთრმა სახლმა აშშ-ს, დანიასა და გრენლანდიას შორის უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნა. შეთანხმებას ხელი მოეწერა 22 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.როგორც ტექსტშია აღნიშნული, შეთანხმება ითვალისწინებს გრენლანდიაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის მნიშვნელოვან გაფართოებას.ამასთან, „ვაშინგტონს შეეძლება პიტუფიკის სამხედრო ბაზის მოდერნიზება და იქ არსებული საქმიანობის გაფართოება, ასევე – ნარსარსუაკსა და მესტერსვიგში დამატებითი თავდაცვითი ზონების შექმნა. თუმცა, ამ ნაბიჯების კონკრეტულ პირობებსა და ტექნიკურ დეტალებზე მხარეებს ცალკე შეთანხმება მოუწევთ. მხარეებს ასევე შეეძლებათ, შეთანხმდნენ გრენლანდიაში სხვა ამერიკული თავდაცვითი ობიექტების შექმნაზე. ამერიკელ სამხედროებს ექნებათ უფლება, თავისუფლად გადაადგილდნენ გრენლანდიის თავდაცვით ზონებს შორის ხმელეთით, ზღვითა და საჰაერო გზით. ამერიკულ თვითმფრინავებს შეეძლებათ გრენლანდიის ტერიტორიაზე გადაფრენა და დაშვება, ხოლო აშშ-ის გემებს – გრენლანდიის ტერიტორიულ წყლებში გადაადგილება.შეერთებულ შტატებს ექნება უფლება, შეშფოთება გამოთქვას თავდაცვითი ზონის სიახლოვეს ნებისმიერი შენობის, ობიექტის ან ნაგებობის მშენებლობასთან ან მისი დანიშნულების შეცვლასთან დაკავშირებით, თუკი ეს თავდაცვითი ზონის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ეს უფლებები უნდა განხორციელდეს ისე, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული გრენლანდიის საზოგადოებისა და გრენლანდიური ცხოვრების წესის ინტერესები, მათ შორის ნადირობა, თევზაობა და სხვა ტრადიციული, კულტურული, ისტორიული თუ სამომავლო საქმიანობა. მხარეები ასევე ითანამშრომლებენ გრენლანდიაში ჯაშუშობის წინააღმდეგ ბრძოლაში.შეთანხმება ითვალისწინებს ნატო-ს როლის გაზრდას არქტიკაში, განსაკუთრებით სამხედრო დაგეგმვის, სამხედრო ყოფნის, წვრთნების ჩატარებისა და სადაზვერვო მონაცემების ერთობლივი მოპოვების მიმართულებით. დანია ასევე იღებს ვალდებულებას, გააგრძელოს არქტიკაში საკუთარი სამხედრო ყოფნისა და შესაძლებლობების გაძლიერება.გარდა ამისა, შეთანხმება ზღუდავს გრენლანდიაში მესამე ქვეყნების სამხედრო და ეკონომიკურ ყოფნას. ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს ეკრძალებათ გრენლანდიაში საკუთარი სამხედრო ობიექტების შექმნა ან მუდმივი სამხედრო კონტინგენტის შენარჩუნება, თუ ამის შესახებ შეთანხმების მონაწილეთა თანხმობა არ ექნებათ.ასევე შეზღუდვები შეეხებათ იმ სახელმწიფოებსა და ინვესტორებსაც, რომლებიც არ არიან ნატო-ს წევრი, ნატო-ს პარტნიორი ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. მათ შეეზღუდებათ კონტროლის მოპოვება ან მნიშვნელოვანი გავლენის დამყარება სტრატეგიულ სექტორებში, განსაკუთრებით კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების სფეროში. აღნიშნული შეთანხმება უვადოა.იმ შემთხვევაში, თუ გრენლანდია მომავალში დამოუკიდებლობას მოიპოვებს, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო ნატო-ს შემადგენლობაში დარჩეს და გადაიბაროს ის უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც ამ შეთანხმებით ამჟამად დანიას ეკისრება“, – აღნიშნულია ტექსტში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ასევე ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი დაესწრნენ

„დღეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის. მიმდინარე რეფორმა თავისი მასშტაბითა და შინაარსით ეხება იმ ფუნდამენტურ საკითხებს, რომლებიც განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს ქართული უნივერსიტეტები მომავალში, რა როლი უნდა შეასრულონ ქვეყნის განვითარებაში და როგორ უნდა უპასუხონ თანამედროვე მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და შრომის ბაზრის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის განხილვა არ შემოიფარგლოს მხოლოდ ახალი რეგულაციების შეფასებით. უნივერსიტეტი ცოცხალი აკადემიური ორგანიზმია, რომლის განვითარებაც დაკავშირებულია ადამიანებთან - პროფესორებთან, მკვლევრებთან, სტუდენტებთან, ადმინისტრაციულ პერსონალთან და, შესაბამისად, ნებისმიერი სისტემური ცვლილების მთავარი საზომი საბოლოოდ უნდა იყოს ის, თუ რამდენად ქმნის ის უკეთეს პირობებს ცოდნის გადაცემისთვის, სამეცნიერო კვლევისთვის, ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ზრდისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარი თემა საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპი, მისი ძირითადი პრიორიტეტები, არსებული გამოწვევები და განვითარების სამომავლო პერსპექტივები იყო. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია; ასევე, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციისა და მისი თავმჯდომარის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, სპეციალური მოწვევით - ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) პრეზიდენტი ჟოზეპ მ. გარელი და ამავე ასოციაციის გენერალური მდივანი ამანდა კროუფუტი. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ შეხვედრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ უნივერსიტეტები ცვლილებების ხარისხიანად, თანმიმდევრულად განხორციელებას. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ რეფორმის პროცესში ერთმანეთთან ორგანულად იყოს დაკავშირებული განათლება, მეცნიერება და ინოვაცია. თანამედროვე მსოფლიოში უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობას მხოლოდ სტუდენტთა რაოდენობა ან საგანმანათლებლო პროგრამების მოცულობა აღარ განსაზღვრავს. უნივერსიტეტის წარმატებას სულ უფრო მეტად განაპირობებს მისი კვლევითი პოტენციალი, საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში ჩართულობა, ტექნოლოგიების განვითარებაში მონაწილეობა და ცოდნის კომერციალიზაციისა და ინოვაციურ პროდუქტად გარდაქმნის შესაძლებლობა. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს, ვუმასპინძლოთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს ბატონ გივი მიქანაძეს, მინისტრის მოადგილეს ბატონ ზვიად გაბისონიას და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტს ჟოზეფ მ. გარელსა და გენერალურ მდივანს ამანდა კროუფუტს. მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და კოლეგებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში საერთაშორისო გამოცდილებისა და ევროპული აკადემიური პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის. ვფიქრობ, უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი და მიმდინარე ცვლილებები დროული და მნიშვნელოვანია, ხოლო საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს, ამ მიმართულებით აღებული აქვთ სწორი და თანმიმდევრული გეზი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული უმაღლესი განათლების ხარისხის, კონკურენტუნარიანობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კიდევ უფრო გაძლიერებას. მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად უნდა განვიხილოთ უმაღლესი განათლების ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. ხარისხი არ არის მხოლოდ აკრედიტაციის პროცედურის ან კონკრეტული ინდიკატორების შესრულება. ხარისხი არის უნივერსიტეტის ყოველდღიური კულტურა - სწავლების ხარისხი, კვლევის დონე, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარება, სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო თანამშრომლობა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალი ცოდნის შექმნისა და მისი ტრანსფერის შესაძლებლობა. ამ ჭრილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენლების მონაწილეობა დღევანდელ კონფერენციაში სწორედ ამ შესაძლებლობას უსვამს ხაზს. ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარება, ინსტიტუციური თანამშრომლობა, აკადემიური და სტუდენტური მობილობა, ერთობლივი კვლევები და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები ის მიმართულებებია, რომლებიც ქართული უმაღლესი განათლების ხარისხის შემდგომ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. თუ სახელმწიფო ინსტიტუტები, უნივერსიტეტები და აკადემიური საზოგადოება ერთობლივად ვიმუშავებთ, შევძლებთ ისეთი უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საქართველოს ახალგაზრდებს მისცემს თანამედროვე ცოდნის მიღების, კვლევისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, ხოლო ქვეყანას - კარგად მომზადებულ ახალგაზრდა სპეციალისტსა და მკვლევარს. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა იცვლება დღეს, არამედ იმაზეც, თუ როგორი გვინდა იყოს ქართული უნივერსიტეტი ხვალ და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხედვა რეალობად იქცეს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რომელმაც ყურადღება უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპზე, მის ძირითად მიმართულებებსა და იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე გაამახვილა, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემის შემდგომ განვითარებასა და ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას მიესალმნენ და საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მზადყოფნა დაადასტურეს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) პრეზიდენტმა ჟოზეპ მ. გარელმა და გენერალურმა მდივანმა ამანდა კროუფუტმა. როგორც ჟოზეპ მ. გარელმა აღნიშნა, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებასა და ევროპულ აკადემიურ სივრცესთან თანამშრომლობის გაძლიერებას. მისი თქმით, უნივერსიტეტების წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევები მოითხოვს გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიური საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. EUA-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც უნივერსიტეტების ავტონომიას, ხარისხის უზრუნველყოფას, კვლევისა და სწავლების განვითარებას, ასევე ინტერნაციონალიზაციის და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ენიჭება. მისი თქმით, ასოციაცია მზად არის, საქართველოს უნივერსიტეტებს უმაღლესი განათლების შემდგომი განვითარების პროცესში საკუთარი გამოცდილება და საერთაშორისო შესაძლებლობები გაუზიაროს. ერთი წლის განმავლობაში უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობაზე, მის პრიორიტეტებზე, არსებულ გამოწვევებსა და განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ვრცლად ისაუბრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ. მინისტრის მოადგილის გამოსვლის შემდეგ, უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპისა და მის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს და თავიანთი მოსაზრებები და ხედვები წარმოადგინეს.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უპრეცედენტო ვადით, 2029 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ სასანქციო სიიდან ამოიღო ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრინდმანი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2029 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ სასანქციო სიიდან ამოიღო რუსი ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრინდმანი.ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.კერძოდ, აღინიშნება, რომ საფრანგეთმა წარმატებას მიაღწია ევროკავშირის სასანქციო სიიდან ალიშერ უსმანოვის ამოღებაში, რაც აზერბაიჯანთან პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების ნაწილია. მეორე რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი მას შემდეგ ამოიღეს სასანქციო სიიდან, რაც სლოვაკეთმა დაბლოკა მის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება.უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების შედეგად მათი აქტივები აღარ იქნება გაყინული და სამოგზაურო აკრძალვა მოეხსნებათ.Euronews-ის თქმით, უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღებით გამოწვეული უკმაყოფილების კომპენსირების მიზნით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ინდივიდუალური სანქციების ვადა უპრეცედენტო ვადით - 36 თვით - გაახანგრძლივა. აქამდე, ამ ზომების განახლება ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხდებოდა, რაც წევრ სახელმწიფოებს რეგულარულ შესაძლებლობას აძლევდა, დათმობები მოეთხოვათ.

დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინის შეთანხმებას იმაზე სწრაფად მივაღწევთ, ვიდრე ხალხს ჰგონია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.ტრამპის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მჭიდრო მუშაობა ორივე ქვეყნის ლიდერებთან კონფლიქტის სწრაფად გადასაჭრელად. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ბრძოლის ველზე არსებულ კატასტროფულ დანაკარგებზე და აღნიშნა, რომ ყოველთვიურად ათასობით ჯარისკაცი იღუპება. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირას, სენატორ ლინდსი გრემის პატივსაცემად, ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ ახალ კანონს, რომელიც მას უზარმაზარ სატარიფო უფლებამოსილებებს ანიჭებს და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოყენებასაც გეგმავს.„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. ეს მოხდება, ვფიქრობ, იმაზე სწრაფად, ვიდრე ხალხს ჰგონია.ვაგრძელებთ რუსეთსა და უკრაინას შორის კატასტროფული ომის დასრულების გზების ძიებას, რომელიც, როგორც აღვნიშნე, ყოველთვიურად ათასობით და ათასობით ადამიანს კლავს. გასულ კვირას, სენატორ ლინდსი გრემის პატივსაცემად, ხელი მოვაწერე კონგრესის მიერ მიღებულ ახალ ძლიერ კანონს, რომელიც უზარმაზარ ახალ სატარიფო უფლებამოსილებებს მანიჭებს და, თუ საჭირო გახდა, მომიწევს მათი გამოყენება. დროა, მკვლელობები შეწყდეს“,- განაცხადა ტრამპმა.გარდა ამისა, ტრამპმა ხაზი გაუსვა პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ გაწეული სამუშაოსა და ძალისხმევას, რომლის ფარგლებშიც მრავალი დევნილი უკრაინელი და რუსი ბავშვი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდა.

ყურძნის ფასის გაზრდაზე მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ ფერმერებმა ყვარელში პროტესტი შეწყვიტეს და ქარხანაში მოსავლის ჩაბარება დაიწყეს

ყურძნის ფასის მომატების შემდეგ, მევენახეებმა ყვარლის ქარხანაში მოსავლის ჩაბარება დაიწყეს.როგორც კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ განაცხადა, მთავრობამ შუალედური გადაწყვეტილება მიიღო - გათვალისწინებულია ხალხის ინტერესებიც და ღვინის ხარისხის შენარჩუნების საკითხიც.„ძალიან კარგი პოზიციებია შეთავაზებული მოსახლეობასთან. ვფიქრობ, მოსახლეობა კმაყოფილებით შეხვდა. ხედავთ, რომ ქარხანა გაიხსნა, მიმდინარეობს ჩაბარების პროცესი. მთავრობა არასდროს ყოფილა ხალხისგან შორს, არც დღეს არის. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ხალხზე ორიენტირებისთვის, მათი ყოფის შესამსუბუქებლად,“ - განაცხადა კალმახელიძემ.მთავრობის გადაწყვეტილებას აფასებენ მევენახეებიც. მათი ნაწილისთვის ფასთა ცვლილება მისაღებია, ნაწილი კი გადაწყვეტილებით კმაყოფილია.„აქამდე არ იყო მისაღები, ახლა მისაღებია. მოვიტანე ყურძენი, შაქარი იყო 21-ზე ზემოთ. ჩავაბარე 1.5 ლარად. დღევანდელ გადაწყვეტილებას ვეთანხმები. რაც ვიცი, ამ გადაწყვეტილებას ყველა ეთანხმება და კმაყოფილები არიან,“ - აღნიშნა მევენახემ, დათო დათუნაშვილმა.,,ფასები, რაც ჩვენ გავიგეთ, ხალხის ნაწილისთვის მისაღებია, ნაწილისთვის მიუღებელია, როგორც მე შევამჩნიე,“ - აღნიშნა კიდევ ერთმა მევენახემ.ცნობისთვის, მევენახეების პროტესტის შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს, ფასი კი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზრდება. კერძოდ, მაღალკონდიციური ყურძნის შემთხვევაში, 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავი 1.50 ლარი ეღირება, 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი კი 1.30 ლარი. დაბალკონდიციური ყურძნის შემთხვევაში, 16-დან 20 გრადუსამდე საფერავის ფასი 1 ლარი იქნება, 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელის და სხვა დანარჩენი ყურძნის კი 90 თეთრი. მევენახეები ყვარელსა და გურჯაანში, ღვინის საწარმოებთან აქციას ორი დღის განმავლობაში მართავდნენ და ყურძნის ფასს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები დაკრეფილ მოსავალს არ აბარებდნენ.

ბოლო სიახლეები