ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მიხედვით, მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის საქართველო მე-10-11 ადგილზეა. ამის შესახებ Facebook-ზე ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე წერს.
„ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტი ყოველდღიურად აქვეყნებს განახლებულ მონაცემებს – ქვეყნების რეიტინგს COVID-19-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე. შეფასება კომპლექსურია და ეფუძვნება სულ 19 ინდიკატორს, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს სამთავრობო პოლიტიკის ინდიკატორებად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ინდიკატორებად (მათ შორის მოქალაქეთა შემოსავლებზე ზრუნვა და სხვ.) და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკის ინდიკატორებად (ტესტირება, პაციენტთა ნაკადების მართვა, ვაქცინაცია და სხვ.).
ა.წ. 15 იანვრის მდგომარეობით საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია უაღრესად საპატიო მე-10-11 ადგილი (საბერძნეთთან ერთად). ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან საქართველოზე წინ არიან მხოლოდ გერმანია, ირლანდია და იტალია“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.